“10 ბავშვიდან, საშუალოდ, 3-4 მოსწავლე თუ შემოვა გაკვეთილზე”- ციფრული უთანასწორობა პანდემიის პირობებში

ჟურნალისტი: ანა ჭეიშვილი

ილუსტრატორი: თინა ჩერტოვა

22.09.21

15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი ქართველმა მოსწავლეებმა ისევ დისტანციურად დაიწყეს. 2020 წლის მარტიდან, ანუ პანდემიის დაწყებიდან უკვე მე-4 სემესტრია ბავშვები გაკვეთილებს ონლაინ ერთვებიან. 

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების მაღალი სტატისტიკის გამო, განათლების სამინისტრომ საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლება 4 ოქტომბრამდე გადადო. ამ გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვების დიდ ნაწილს ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების საშუალება არ აქვთ.

“ამ პროცესში ყველა ბავშვი დაიჩაგრა, თუმცა განსაკუთრებით ის მოსწავლეები დაზარალდნენ, რომლებიც დაბალშემოსავლიან ოჯახებში ცხოვრობენ. საქართველოში არის სოფლები, სადაც ინტერნეტთან წვდომა პრობლემაა,”გვეუბნება თამარ მოსიაშვილი, განათლების სპეციალისტი და ყოფილი პედაგოგი. “ამას ციფრულ უთანასწორობას ეძახიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ციფრული ტექნოლოგიები ვითარდება და ხელმისაწვდომია, მაგრამ არა ყველასთვის.”

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (“IDFI”) ახლანდელი კვლევის -“განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19-ის პანდემიის პირობებში”- მიხედვით, პანდემიის დაწყებისას, დაახლოებით, 35.000 ბავშვს დისტანციური სწავლებისთვის საჭირო ტექნოლოგიაზე ხელი არ მიუწვდებოდა. მაგალითად, 2020 წელს, შინამეურნეობების მხოლოდ 62%-მა აღნიშნა, რომ სახლში კომპიუტერი ჰქონდათ.

“ინტერნეტთან წვდომა გამოწვევაა, განსაკუთრებით რეგიონებში,”ამბობს გივი ადეიშვილი, IDFI-ის კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

“სოციალურად დაუცველი მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა. მხოლოდ ინტერნეტის ქონაც არ არის საკმარისი, აქ ლაპარაკია ინტერნეტის სიჩქარეზეც. თუ ოჯახში ერთზე მეტი მოსწავლეა და ყველა წევრს არ აქვს საკუთარი კომპიუტერი, ან შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა რომ განათლება მიიღოს, პრობლემაა. მაგალითად, სამშვილიან ოჯახს შეიძლება სამი კომპიუტერი სახლში არ ჰქონდეს, ამიტომ იძულებულები არიან ტელეფონი, ან ტაბლეტი გამოიყენონ, რაც ცხადია, რომ ხარისხიან სასწავლო პროცესს ვერ უზრუნველყოფს.

კვლევამ აჩვენა, რომ ამ თვალსაზრისით ყველაზე მძიმე მდგომარეობაა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. განსაკუთრებით საგულისხმოა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სოფლები. 

თათია მურუსიძე ამბროლაურის რაიონის მე-2 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის:

“მიუხედავად იმისა, რომ ამბროლაურში რამდენიმე ინტერნეტ პროვაიდერია, ყველა ოჯახს მაინც არ აქვს ინტერნეტი. ხოლო მათ, ვისაც წვდომა აქვთ, ძირითადად, მობილურ ინტერნეტზე არიან დამოკიდებულები. ეს სრულფასოვანი სასწვალო პროცესის გარანტიას, ცხადია, ვერ იძლევა. სტატისტიკას რომ შევხედოთ, 10 ბავშვიდან საშუალოდ, მხოლოდ 3-4 მოსწავლე ახერხებს ონლაინ გაკვეთილზე დასწრებას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ, რადგან მათი მშობლები პარალელურად მუშაობდნენ. თუ მშობელი არ დაეხმარებოდათ, დამოუკიდებლად ვერ ერთვებოდნენ,”-გვეუბნება თათია.

 

“მე მაგალითად, მე-3 კლასში 21 მოსწავლე მყავს. მათგან მხოლოდ 14-15 შემოდიოდა ონლაინ გაკვეთილზე. მთავარი პრობლემა ინტერნეტი და შესაბამისი ტექნიკა იყო.”

15 სექტემბერს, პირველი გაკვეთილი თათიამ ინტერნეტისა და სხვა ტექნიკური ხარვეზების გამო, სასწავლო გეგმის შესაბამისად ვერ ჩაატარა. 

“დღეს სამი გაკვეთილი მქონდა. სხვათაშორის, ბავშვების ჩართულობით კმაყოფილი ვარ. ცოტა გამიკვირდა კიდეც, ნახევარზე მეტი ესწრებოდა,”გვიზიარებს თათია. 

სალომე გელაშვილი თათიას მოსწავლეა. ის მე-12 კლასშია. სწავლის პირველ დღეს ყველაზე რთული მისთვის და-ძმასთან ინტერნეტის გაყოფა აღმოჩნდა. ისინიც სკოლის მოსწავლეები არიან.

“ოჯახში სამნი ვართ. გაკვეთილები სამივეს ერთდროულად გვეწყება. ინტერნეტი, Teams-ის პროგრამასთან ერთად სულ პრობლემაა.  ხარვეზებით მუშაობს. მოსწავლეების დასწრებას რაც შეეხება, წელსაც, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებმა ბავშვებმა ვერ მოახერხეს შემოსვლა. შარშანაც ასე იყო. ხშირად, მასწავლებლებიც კი ვერ ახერხებდნენ გაკვეთილების ჩატარებას,”- ამბობს სალომე.

დაბალი სიჩქარის ინტერნეტთან ერთად, ინტერნეტის ფასი და შესაბამისი ტექნიკაც დამატებითი გამოწვევაა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.

კარლო ცუცქირიძე მე-11 კლასშია და ჭიათურაში ცხოვრობს. ამბობს, რომ ძალიან გაუჭირდა ტელეფონით გაკვეთილებზე ჩართვა. როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისთვის საჩუქრად საქართველოში დამზადებული ლეპტოპი უნდა გადაეცა, თუმცა, საჩუქარი კარლოს დღემდე არ მიუღია. Chai Khana-მ ამ ამბის განათლების სამინისტროსთან გადამოწმება სცადა, თუმცა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო. სამინისტროს ნაცვლად, კარლოს ლეპტოპი საქველმოქმედო პროექტის “ჩართეს” ორგანიზატორებმა გადასცეს და ინტერნეტის ყოველთვიური პაკეტიც დაუფინანსეს. 

“წელს მაჩუქეს კომპიუტერი. მანამდე ძალიან ვწვალობდი, ტელეფონით ვერთვებოდი გაკვეთილებზე და ხშირად არც გამომდიოდა. თავიდან არ ვიცოდი, როგორ ჩამერთო და დავრეგისტრირებულიყავი Teams-ის პროგრამაში. ზოგჯერ მასწავლებლის ხმა არ მესმოდა. მოკლედ, ძალიან გამიჭირდა,” გვითხრა კარლომ.

Charte.ge-მ დაარსების დღიდან (2017) 1403 სტუდენტს გადასცა კომპიუტერი საჩუქრად და ჩაურთო ინტერნეტი. დიდხნიანი მოლაპარაკების მიუხედავად, განათლების სამინისტრომ Chai Khana-ს უარი უთხრა ინტერვიუზე. ვცდილობდით გაგვერკვია, რა სტრატეგია ჰქონდა და როგორ გეგმავდა განათლების სისტემა მოსწავლეებისა და მასწავლებლების დახმარებას ახალი სასწავლო წლიდან.

სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მან საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან (შპს “მაგთიკომი”, შპს “ვიონ საქართველო”, სს “სილქნეტი) ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ისინი საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მაღალხარისხიან ინტერნეტ პაკეტს 10 ლარად მიაწვდიან.  ეს სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2.5-ჯერ ნაკლებია. 

განათლების ექსპერტების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს სამინისტროს გადაწყვეტილებას 569.136.16 ლარი, ანუ ნახევარ მილიონზე მეტი, ახალ საგანმანათლებლო პროექტ “ტელესკოლაზე” დაეხარჯა. ამ პროექტის მიზანი იყო იმ ბავშვებისთვის შეევსო დანაკლისი, რომლებსაც ინტერნეტი არ ჰქონდათ. თამარ მოსიაშვილს ეეჭვება, რომ პროექტმა ამ გამოწვევას უპასუხა.

“მე ვიტყოდი, რომ ეს წარუმატებელი პროექტი იყო. იმ მძიმე სიტუაციაში, როდესაც შეიძლებოდა რესურსების მობილიზება, ფული არაეფექტიანად დაიხარჯა,” გვეუბნება თამარი. 

“სახელმწიფომ უნდა იზრუნოს იმ ბავშვებზე, რომლებსაც ციფრული უთანასწორობის გამო განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. წელსაც იგივე განმეორდება. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ისევ დუმილია. კონკრეტული ინიციატივები ახლაც არ ჩანს.”

Chai Khana-მ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კითხვებით წერილობით მიმართა. გვაინტერესებდა,  ხომ არ არსებობდა კვლევა, ან შეფასების დოკუმენტი იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა “ტელე-სკოლის” გაკვეთილებმა სასწავლო პროცესზე პანდემიის პირობებში; საშუალოდ, რამდენი მოსწავლე და მასწავლებელი ჩაერთო საქართველოს მასშტაბით? შეკითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევაში ვკითხულობთ, რომ პანდემიის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა 55 მილიონი ლარის დანაკარგს მიიღებს. “ჩვენ უნდა შევამციროთ ეს ზარალი. რეკომენდაციები უნდა შევიმუშაოთ. დისტანციური სწავლების გაიდლაინი უნდა გავაუმჯობესოთ, გაკვეთილების ხანგრძლივობა გავზარდოთ; რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სახელმწიფომ ტექნოლოგიებთან და ინტერნეტთან წვდომა უნდა უზრუნველოყოს,”გვიხსნის კვლევის ავტორი, გივი ადეიშვილი.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. ამ გამოცემაში Chai Khana იკვლევს რა გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ურთიერთობებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მობილურ აპლიკაციებს, ტაბლეტებს, კომპიუტერებს; ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თითქოს წარმოუდგენელია უკვე  არსებობა. თქვენი კონტრიბუციით ავტორებს ამ ამბების მოყოლაში ეხმარებით. 
გააკეთე დონაცია