30 გაცრეცილი ზამთარი - ადგილი, რასაც სახლს ვეძახით

ავტორი: გიორგი როდიონოვი

09.02.22

9 წლის ვიყავი პირველად სიტყვა “ინვესტორები” რომ გავიგე. ზამთარი იყო. მახსოვს ისე ციოდა, ბავშვებს მასწავლებლები სკოლიდან ადრე გვიშვებდნენ, კლასს ვერ ვათბობდით.

ჩემი სახლი ისანში იყო. არც იქ მქონდა გათბობა. ისანი ისტორიული უბანია, ქალაქის ცენტრიდან არც ისე შორს. ერთადაერთი, რაც სითბოს გამოსცემდა სახლში, ჩემი ფუმფულა კატა იყო, რომელიც  საბნის ქვეშ გახვეული ფეხებს მითბობდა. 

მხოლოდ მე არ ვიყავი გამონაკლისი. ასე იყვნენ დანარჩენები ჩემს კორპუსშიც, მთელ ქალაქშიც და საერთოდ, ქვეყანაში. 1999 წელი იყო, ის პერიოდი, როცა კორუფციის, არაეფექტიანი მმართველობისა და არაკომპეტენტურობის ერთობლიობა უშუქობასა და სიცივეს ნიშნავდა ავტომატურად. 

ჩემთვის და მთლიანი სამეზობლოსთვის მოქალაქეების მიმართ მთავრობის გულგრილობამ უფრო პერსონალური ხასიათი მიიღო. ეს ყველაფერი 110 წლის შენობამ აირეკლა, რომელსაც ჩვენ სახლს ვეძახდით. ის ნელა, მაგრამ ჩვენ თვალწინ ინგრეოდა. 

ცოტა დროს გავუსწრებ. იმ საბედისწერო დღეს, როცა ინვესტორებზე პირველად გავიგე, სკოლიდან ახალდაბრუნებულს საჭმელი უფრო მაფიქრებდა, ვიდრე სიცივე. 

დედაჩემი სამსახურში იყო. საკუთარ თავზე თვითონ უნდა მეზრუნა. ყველაზე მაცდუნებელი არჩევანი, რომელიც აკრძალული მქონდა შაქარმოყრილი პურის ნაჭერი იყო.  შაქარი ძვირი ღირდა მაშინ, ამიტომ დედაჩემმა ქილა, სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, გადამალა. მაღლა იყო, ადვილად ვერ მიწვდებოდი. სამი სკამი დამჭირდა, რომ რაღაცნაირად ჩამომეღო. მე და ქილა კი გადავრჩით, მაგრამ როგორც კი იატაკზე დავდგი ფეხი, ზარის ხმამ და კარზე ძლიერმა ბრახუნმა ფანჯრები ძველი ხის ჩარჩოებიდან კინაღამ ამოაგდო და უცებ ჩემი დესერტიც ხელიდან გამივარდა. შაქრის ფასდაუდებელი გრანულები იატაკზე წამში მიმოიფანტა.

კარს რომ ვაღებდი, დაფანტულ შაქარზე უფრო ვდარდობდი, ვიდრე შენობის ფანჯრების ბედზე. გარეთ ჩემი მეგობარი დათო აღმოჩნდა. გაყინული მდინარე მტკვრის სანახავად მეპატიჟებოდა. ეს იყო წყლის უზარმაზარი მასა, რომელიც ქალაქს ორად ჰყოფდა.

არ ვიცი დაემთხვა, თუ წინასწარ ასე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მტკვარი დიდი ხანია ქალაქს განვითარების თვალსაზრისითაც ორად ჰყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულად, ქალაქის ცენტრად მდინარის ორივე სანაპირო მოიაზრება, თანამედროვე ქვეყნის ისტორიაში, უფრო კონკრეტულად კი, თბილისის უახლეს ისტორიაში, ვხედავთ, რომ მარცხენა სანაპირო, რომელსაც ისანიც ეკუთვნის, გაცილებით დაჩაგრული და მიუხედავია, ვიდრე მარჯვენა სანაპირო. ეს უკანასკნელი მთავარ პროსპექტსა და ყველაზე პრესტიჟულ უბნებს აერთიანებს, რომლებიც ყოველწლიურად ვითარდებიან. 

ისნის მსგავსი უბნები, რომლებშიც არაერთი ისტორიული შენობაა თავმოყრილი, მათ შორის, პირველი დიდი სამხედრო საავადმყოფო სამხრეთ კავკასიაში, გარეუბნად ჩაითვალა. სინამდვილეში, გეოგრაფიულად ის გაცილებით უფრო ახლოა ქალაქის ისტორიულ ცენტრთან, ვიდრე, მაგალითად “ვაკე” და “საბურთალო”.

ეს ყველაფერი ისევ “ინვესტორთან” მაბრუნებს.

მე და დათო ჩვენი თავგადასავლიდან სახლში ვბრუნდებოდით. ამ დღეს მტკვრის გაყინული ტბორებიდან პატარა თევზი გამოვიხსენი. მოულოდნელად ჩემმა დამ დიდი აღფრთოვანებით გვაცნობა, რომ ჩვენს გადასარჩენად ინვესტორები მოდიოდნენ. სიხარულისგან ოთხს შემოურბინა და ჩანთაში თავისი ნივთების ჩაწყობა დაიწყო. დაბნეული ეზოში გავედი, იქნებ იქ მაინც გამეგო ამ მღელვარების მიზეზი. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ჩვენი შენობა ისტორიულია. ძველი ტრადიციით აშენებული, სადაც სახლებს გრძელი საერთო აივნები ჰქონდათ და ეს აივნები საერთო ეზოს გადაჰყურებდნენ. ჩემს მეზობლებსაც თითქოს შეატყობდით გულში დამალულ, დიდხნიან მოლოდინს. ამბის მომტანი ახალგაზრდა, კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი კიდევ უფრო აფერხებდა პროცესს. 

არ ჰგავდა პრობლემის მომგვარებელ ადამიანს. მით უფრო მესიას, რომელსაც დანგრევის პირას მისული, ცივი და ძველი შენობიდან ჩვენი დახსნა შეეძლო.

მაგრამ მისგან რამდენიმე საკვანძო სიტყვის მოსმენა - ცოტა კრძალვით ანაზღაურების ხსენება და თანამედროვე ბინა ახალ კორპუსში სხვა უბანში - საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე და ჩემს მეზობლებს იმედგაცრუების ახალი ტალღა მძაფრად შეგვეგრძნო.

ის საბედისწერო დღე ყველაზე თბილი იყო იმ ზამთარს. მე და ჩემი და აქეთ-იქით დავრბოდით; რაც ხელში მოგვხვდა, ყველაფერი ჩავალაგეთ. სიხარულისგან ვხტუნავდით. დილას უკვე მზად ვიყავით გადასასვლელად. თუმცა, დედაჩემი არ ჩქარობდა, დაწყებულიც კი არ ჰქონდა ნივთების ჩალაგება. ჩვენს ოჯახში მხოლოდ მან არ დაიჯერა ინვესტორის დაპირება.

წლების მანძილზე ყოველთვის ნახავდით ერთ ან ორ ადამიანს, რომლებსაც არ ხიბლავდათ ძველი მშობლიური სახლის ახალ კორპუსში გაცვლის იდეა.

ჩვენი უბნის ქსოვილი, პატარა სამეზობლო მთლიანად ირეკლავს ყველა იმ ტრადიციას, რომელმაც ეს არამტკიცე, უკვე მორყეული შენობა შექმნა და რომელსაც ჩვენ სახლი დავარქვით. აქ არიან ეთნიკური რუსები, სომხები, ქართველები -ეს ხალხი თბილისურ ეზოში ერთად გაიზარდა; საერთო სივრცეს, რესურსებს, ყოველდღიურ რუტინას იზიარებდა. ალბათ, ზუსტად ისე, როგორც მათი უფროსი თაობა. მერე  გიგანტური კორპუსები გამოჩნდა, დახურული აივნებითა და დამოუკიდებელი შესასვლელებით. 

ტრადიციულ თბილისურ ეზოებს იმ დროიდან ვხვდებით, როცა სამხრეთ კავკასიელი ხალხი ინდივიდუალური გასაჭირის მიუხედავად, საერთო ცხოვრებითაც ცხოვრობდა.

როდესაც ამ გამოცემისთვის მუშაობა დავიწყე პატარა მოკვლევა ჩავატარე სამეზობლოში. მაინტერესებდა, წლების შემდეგ, ანუ ინვესტორისგან პირველი დაპირების შემდეგ,  ჰქონდათ თუ არა სურვილი თავიანთი წილი მიწა ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში გაეცვალათ. 

ჩვენს ლაპარაკს ჩემმა მეზობელმა მარიცამ მოკრა ყური. მაშინვე ფანჯრიდან გამოიხედა, რომ ამბავი მოეკითხა, რამე ხომ არ იყო ახალი ინვესტორთან ბოლო შეხვედრის შემდეგ. 

“მარიცა, რა არის შენი საყვარელი მოგონება რაც ამ შენობას და სახლს უკავშირდება? ყველაზე მეტად რა მოგენატრება? - ვეკითხები. მარიცა ამ სახლშია დაბადებული და 71 წელია აქ ცხოვრობს. 

ცოტა დაბნეულმა შემომხედა, თითქოს რაღაც უცნაური და მოულოდნელი ვიკითხე.

“კარგი რა გიო ჯან, მეხუმრები? ამ სახლთან დაკავშირებით კარგი მართლა არაფერი მახსენდება.”

“როგორ შეიძლება ამდენი წელი ერთ სახლში გაატარო და გასახსენებლად არაფერი შემოგრჩეს?- ვუბრუნებ შეკითხვას იმ იმედით, რომ ახლა მაინც მივიღებ დადებით პასუხს.

“არაფერი! აქ ვინც ცხოვრობდა, უმეტესობამ გვარი შეიცვალა, ან საერთოდ დატოვა აქაურობა,”მპასუხობს მარიცა.

ძნელია ჩემი მეზობლები უკეთესი ცხოვრების სურვილის გამო დაადანაშაულო. ან ის გაგიკვირდეს, რომ კარგი საცხოვრებელი პირობები უნდათ; თანამედროვე კორპუსი, რომელსაც შესაბამისი კომფორტიც მოჰყვება. პრინციპში, ვის არ ენდომებოდა?!

მე ის ფაქტი მაწუხებს, რომ მიუხედავად ისტორიული უბნების განახლებისა, რესტავრაციისა, რომელიც ძირითადად მაინც სანაპიროს მეორე მხარეს მიმდინარეობს, ჩვენს უბანსა და სახლზე არავინ ზრუნავს. არც ის ადარდებთ, რომ მალე შეიძლება დავიწყებას მიეცეს ყველა ის ტრადიცია, რომლებზეც ისანში თბილისელების რამდენიმე თაობა გაიზარდა. 

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ქალაქი ცდილობს თავისი თავი ტურისტებისთვის მოსაწონ, კომპაქტურ, ადვილად გადასაადგილებელ სივრცედ შეფუთოს. ყველაფერი რაც ცენტრალურ ტურისტულ მარშუტს სცდება, პრიორიტეტების სიის ბოლოშია. მათ ყველაზე ბოლოს აღადგენენ და გადაარჩენენ. ისანი, რომელიც “ძველ ქალაქს” ეკუთვნის (ყოველ შემთხვევაში, თბილისის მერიის ახალ რუკაზე ასეა მონიშნული), დანგრევის  პირას მისულ ბევრ შენობას აერთიანებს. ფაქტია, რომ არც დრო და არც პოლიტიკური ნება არსებობს იმ შენობების გადასარჩენად, რომლებიც ვიწროდ განსაზღვრული “ტურისტული ზონის” მიღმაა. როგორც ჩანს, თანამედროვე თბილისის შექმნაში მონაწილეობის ფანჯარა იხურება და ქალაქის ისტორია ერთ პატარა უბანში სწრაფად ქრება. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია