ომი უკრაინაში: რას ფიქრობენ აფხაზები

ავტორი: ლელა ჯობავა, , ილუსტრატორი: თინა ჩერტოვა
21.04.22

აფხაზები პირველად გერმანიაში, არტ-პროექტით გავიცანი. ჩემი დაბადების დღე იყო, 19 წლის გავხდი. ანა, ერთ-ერთი მონაწილე აფხაზეთიდან, გვერდით დამიჯდა. მოგზაურობაზე ვლაპარაკობდით და ერთმანეთს პასპორტში ჩარტყმულ ბეჭდებს ვაჩვენებდით. შევამჩნიე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალიან ნერვიულობდა. ალბათ, ფიქრი იმაზე, რომ ქართველებსა და აფხაზებს ათეული წელია უკვე კონფლიქტი გვაქვს, მეგობრობას ვერ აბედინებდა. რაღაც დროში ეს განცდა დაძლია და შემოგვიერთდა. 

ჩემს პასპორტში ამდენი ქვეყნის ბეჭედი რომ დაინახა, მითხრა, რომ ეს მისთვის პირველი მოგზაურობა იყო საზღვარგარეთ. რუსული პასპორტით უწევდა საზღვრის დატოვება, აფხაზური დოკუმენტებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ვერც სხვაგან, ვერ წავიდოდა, რადგან აფხაზეთი არც საქართველოს და არც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებული არ არის.

რთული იყო ჩემთვის იმის გაგება, რასაც ანა იზოლაციაში განიცდიდა. მაშინ კარგად ვერ გავიაზრე, საიდან ვიყავი და რატომ იყო ქართული პასპორტის ქონა პრივილეგია აფხაზი მონაწილეებისგან განსხვავებით.

ეს ხუთი წლის წინ იყო. დღეს ჩემი აფხაზი მეგობრებისთვის სიტუაცია ბევრად უფრო რთულია. გარდა იმ გაურკვევლობისა, რომელიც თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა,  აფხაზეთის ხელმძღვანელობამ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ძალიან გაართულა ღონისძიებების ორგანიზება და საზღვარგარეთ სემინარებზე დასწრება. მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში, სოხუმმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ყველა უცხოურ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას  სამუშაოს შესასრულებლად სპეციალური თანხმობა სჭირდებოდა. ეს გადაწყვეტილება 2020 წლის ნოემბერში,  სოხუმისა და მოსკოვის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის პროგრამას მოჰყვა. ის აიძულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, დარეგისტრირდნენ როგორც “უცხო ქვეყნის აგენტები.”

400-ზე მეტმა აფხაზმა სოხუმს გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდა. ხელმოწერილ მიმართვაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს ინიციატივა აფხაზეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის უფრო მეტ ბარიერს გააჩენდა და უკვე არსებულ იზოლაციას კიდევ უფრო გაამძაფრებდა. საქართველო და საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი აფხაზეთს არ აღიარებს. 

წლების განმავლობაში ვცდილობდი ჩემს აფხაზ მეგობრებთან მჭიდრო კავშირი შემენარჩუნებინა. აქამდე ჩვენი მიმოწერა მსუბუქი იყო - ძირითადად, ყოველდღიურ რუტინასა და გეგმებს ვუზიარებდით ერთმანეთს. მაგრამ თებერვლიდან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩვენი კომუნიკაცია შეიცვალა. ომმა თითქოს ძირეულად შეცვალა ბალანსი რეგიონში. მე არ ვიცი, რას უნდა ველოდო ჩვენი მთავრობისგან; არც ის ვიცი, რა უნდა ვუპასუხო თუ მკითხავენ, დაიწყება თუ არა ჩვენ შორის ომი.

გუშინ დედაჩემმა, რომელიც უკრაინელია, მითხრა, რომ სამსახურიდან აიძულეს სოხუმის სტადიონზე რუსეთის მხარდასაჭერ აქციაზე წასულიყო. ალბათ, გახსოვს, ნათქვამი მაქვს შენთვის, რომ ბიძაჩემი 2014 წელს დონეცკის ოლქის დაცვის დროს დაიღუპა. მერე 52 წლის დედას გულის შეტევა დაემართა. უკრაინის ამბავმა ომის ჭრილობები  თავიდან განაახლა. ახალგაზრდა დედაჩემი დააბერა.  ძლივს გამოვიდა დეპრესიიდან და ცხოვრებაც ნელ-ნელა გააგრძელა და უცებ, რა ხდება? სამსახურიდან ეუბნებიან, რომ რუსეთს უნდა დაუჭიროს მხარი. საშინელებაა! ლელა, ვერ წარმოიდგენ, როგორი საბრალოები და უძლურები ვართ.”

ამ დღეებში სულ შენს სიტყვებსა და საქციელზე ვფიქრობ. რას გრძნობ და როგორ არ გძულს აფხაზები იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარე. მეც შეიძლება ქართველებთან ურთიერთობა მქონოდა. შენი რჩევით, როცა რაღაც მაინტერესებს, ვცდილობ, ალტერნატიულ მედიას გავეცნო. მივხვდი, რომ აფხაზეთში ჩვენ რუსეთის პროპაგანდის მნიშვნელოვანი გავლენა გვაქვს. ამან შეიძლება საშინელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მე მართლა ვფიქრობდი საქართველოში წამოსვლაზე. რამდენიმე დღით მაინც. ზუსტად ამ დროს ვიდეო გავრცელდა Youtube-ზე, სადაც პარტიზანული ჯგუფი მოსახლეობას აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებისკენ მოუწოდებდა ომის გზით. ლელა, იცი, მაშინვე კომპიუტერი გამოვრთე და ხმამაღლა ტირილი დავიწყე. მერე დედაჩემიც მოვიდა და ორივე საშინელმა სასოწარკვეთამ მოგვიცვა. მზიანი დღე იყო, მაგრამ სანაპიოროზე არ გავსულვართ. საქართველოში წასვლას ჯერ ვერ ვბედავ. იმედი მაქვს, რომ ეს ბრაზი და შიში მალე გაივლის. თავს გაუფრთხილდი.”

მეც ვნახე ვიდეო და ზუსტად ვიცი, რა ემოციებს გამოიწვევდა ის აფხაზებში. ამან მეც შემაშინა და ძალა გამომაცალა. ამიტომ, ჩემი მეგობრის წერილს არ ვუპასუხე.

შიში და უძლურება. სხვანაირად როგორ გითხრა, არ ვიცი. საქართველო ჩვენთვის ისეთივე აგრესორია, როგორიც რუსეთია საქართველოსთვის. ისიც ვიცი, რომ ეს მდგომარეობა ხელოვნურად შეიქმნა. მაგრამ, წარმოიდგინე, როგორი მოსასმენი იქნებოდა ეს ვიდეო უკრაინის ომის ფონზე ჩემი ხალხისთვის? ჩვენი ერთადერთი ინტერესი გადარჩენაა. პატარა ერი ვართ. ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლა საზიანო იქნება ჩვენთვის.”

დამიჯერე, აფხაზები არ არიან ბედნიერები იმით, რაც უკრაინაში ხდება. ომის დროს დიდი დანაკარგი გვქონდა. თუ აფხაზი ჯარისკაცები უკრაინაში საბრძოლველად გამოიძახეს, მასობრივ საპროტესტო აქციებს მოვაწყობთ. ვინ მისცემს ნებას შვილებს სხვის მიწაზე იბრძოლონ? არც უკრაინელების და არც რუსების მოკვლა მინდა. არავის მოკვლა არ მინდა. მშვიდად ცხოვრება მინდა, ან ერთად, ან ცალ-ცალკე. ეს ომი გვაიძულებს წარსულის შეცდომებზეც ვიფიქროთ და მომავალზეც. ჯერ კი ძალიან ადრეა, ალბათ, ამაზე ლაპარაკი. მოსკოვმა გვითხრა, რომ აფხაზებს დაფინანსებას შეუმცირებს, რაც ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. მძიმე დრო გველის. ყველაფერი უკვე გაძვირდა: საწვავი, საკვები, ქირა. ნეტა რა იქნება? არ ვარ პესიმისტი, მაგრამ მომავალზე ფიქრი მაშინებს. არაფრის თქმა შემიძლია. იმედი მაქვს, რომ ჩამოხვალ მალე აფხაზეთში და მშვიდობა იქნება სამყაროში.

დისქლეიმერი: ეს ფოტო-პროექტი აფხაზეთთან მიმართებაში არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა: “დე ფაქტო,” “არაღიარებული,” “ნაწილობრივ აღიარებული.” ის არ გულისხმობს Chai Khana-ს პოზიციას მის სტატუსზე.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია