მეშახტეების ქალაქი | ტყიბული ნათელა გრიგალაშვილის ფოტო-პროექტში

ფოტოგრაფი: ნათელა გრიგალაშვილი

04.05.22
თემა:

ტყიბული პატარა ინდუსტრიული ქალაქია დასავლეთ საქართველოში, დაახლოებით, 14000 მოსახლით. აქ ქვანახშირს მე-19 საუკუნიდან მოიპოვებენ. ქალაქის ცხოვრება დღესაც ქვანახშირზეა მიბმული. ამჟამად ტყიბულში 2 შახტა მუშაობს, სადაც ჯამში, 1200 ადამიანია დასაქმებული. ადგილობრივებისთვის ეს შემოსავლის ძირითადი წყაროა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა დაინგრა. შახტების გაჩერებამ მაშინ ქალაქის სრული სოციალური და ეკონომიკური პარალიზება გამოიწვია. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ტყიბული დატოვა და ოჯახების სარჩენად საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში გადავიდა. ბევრი მათგანი, უმეტესად კი ქალები, საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოდ. ძირითადად, თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში. მიტოვებულმა სახლებმა და დაცლილმა შენობებმა ნელ-ნელა დაშლა დაიწყეს

1992 წლის შემდეგ, გაჩერებულ შახტებში ქვანახშირის მოპოვება 2006 წელს განახლდა. მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებლად და სამუშაოდ ტყიბულში დაბრუნდა.

ამ ფოტო-პროექტით ნათელა გრიგალაშვილი ერთ დროს მდიდარ და აყვავებულ სამთო ქალაქს აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ლამაზ მთებს შორის მოქცეული ტყიბულის ცენტრი ცოტა ხნის წინ განაახლეს, ქალაქის ქუჩები შებინდებულზე  ცარიელია. რაღაცნაირი სიჩუმეა გარშემო. ახალგაზრდების უმრავლესობას სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში სწავლის გაგრძელება უნდა. დაბრუნდებიან თუ არა ტყიბულში, არ იციან. პერსპექტივას ვერ ხედავენ

ტყიბულში, საქართველოს სხვა პატარა ქალაქების მსგავსად, ოჯახების მთავარი საზრუნავი წლიდან წლამდე თავის გატანაა.

აქ ვერაფერს იზამ, ერთადერთი გასაქანი შახტაა“- ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად ეუბნებოდნენ ნათელა გრიგალაშვილს ტყიბულში

ტყიბულის ხედი ცხრაჯვარიდან.
ცხრაჯვარი ტყიბულთან ახლოს, ნაქერალას უღელტეხილთან მდებარე მთაა ზღვის დონიდან 1570 მეტრზე. ადრე ქალაქს ის საბაგირო გზით უკავშიდებოდა. მეშახტეებისთვის და მათი ოჯახებისთვის სანატორიუმი მუშაობდა. ახლა იქ ტურისტული კომპლექსის მშენებლობას გეგმავენ. ტყიბულელები ტურიზმის განვითარებას მხარს უჭერენ. სჯერათ, რომ ეს ადგილობრივებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ტყიბული. ხედი ნიკნეულის უბნიდან.

სვეტლანა გორგიძე, 81 წლის, პენსიონერი. 40 წელი იმუშავა ტყიბულში, ლენინის სახელობის შახტის საშახტო კომიტეტის ხაზინადრად. ორი შვილის დედა, სამი შვილიშვილისა და ხუთი შვილთაშვილის ბებიაა. მეუღლე რომ გარდაეცვალა, შვილები მცირეწლოვანი ჰყავდა. მარტოხელა დედობა გაუჭირდა.  

დიდი თოვლი იცოდა აქ, ადრე კილომეტრებს ფეხით გავდიოდი. ბავშვებს ხან სკოლაში ვტოვებდი, ხან ბაღში, მე კიდე სამსახურში გავრბოდი, არ უნდა დამეგვიანა. ძალიან მიყვარს ტყიბული. აქ გავიზარდე. ადრე აქაურობა სულ სხვანაირი იყო. უფრო ხალხმრავალი. სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩამოდიოდნენ ტყიბულში სამუშაოდ და საცხოვრებლად. ქალაქიც უფრო სუფთა და მოვლილი მახსოვს.”

თეატრი და მისი მიმდებარე ტერიტორია ტყიბულელი ახალგაზრდების საყვარელი ადგილია. თუ ახალგაზრდებთან შეხვედრა გინდა, თეატრთან უნდა მოხვიდე. ზაფხულში განსაკუთრებით ბევრს ნახავთ კიბეებსა და ფანჯრის რაფებზე ჩამომსხდრებს. მხოლოდ ეს სივრცე აქვთ გართობისთვის და კომუნიკაციისთვის. უყვართ ეს ადგილი, თუმცა სხვაგან ისედაც ვერსად შეიკრიბებიან. ქალაქში არც კაფეა, არც ახალგაზრდული ცენტრი.

“ამდენი მიტოვებული შენობაა ტყიბულში, ნუთუ არ შეიძლება ერთი მაინც ჩვენი შეხვედრებისთვის გაკეთდეს? ისეთი სივრცე, სადაც კონცერტებსაც ჩავატარებდით და დისკუსიებსაც მოვაწყობდით. წელს რა მაგარი ახალი წელი გვქონდა, იცით? ძალიან ლამაზი ნაძვის ხე და კონცერტი. ასეთი ქალაქში სხვა არ მახსენდება. ახალი მერი გვყავს, იქნებ შეიცვალოს რამე,”მეუბნებიან ახალგაზრდები.

საცხოვრებელი კორპუსი ტყიბულის შესასვლელში. 

ბოლო პერიოდში ქალაქის ცენტრში ბევრი რამ შეიცვალა. ძველი კორპუსების ფასადები გარემონტდა, თუმცა გარეუბნებში ყველაფერი ძველებურად არის, ხელუხლებელი.  

კობა მამამისის მსგავსადპროფესიით მზარეულია. მზარეულობამდე, ბევრი რამე სცადა. მშობლებთან ერთად მართავდა რიტუალების დარბაზს, სადაც ტყიბულელები ქორწილებსა და ქელეხს იხდიან. პანდემიის დაწყებიდან მალევე, იძულებული გახდა დაეკეტა. გამოსავალი იპოვა. საკუთარ ეზოში სახელოსნო მოაწყო. თავისსავე აწყობილ დაზგებზე მეორადი პლასტმასის ნივთებს ამუშავებს. მიღებულ გრანულებს კი ქუთაისში, ერთ-ერთ საწარმოში აბარებს

კობას ცოლი ძიძად მუშაობს. უფროსი შვილი, მარიამი მე-11 კლასშია. მარიამს ძალიან უნდა, სწავლის პარალელურად, იმუშაოს და მშობლებს დაეხმაროს. სკოლის შემდეგ, სწავლის გაგრძელებაზე ოცნებობს.


ვოვა ახვლედიანი, პარიკმახერი, 61 წლის. 16 წლის იყო, მუშაობა რომ დაიწყო. 46 წელია ამ საქმეს ემსახურება. ბევრი რამის მომსწრეა ტყიბულში. ამბობს, რომ დღესაც ბევრი კლიენტი ჰყავს, მასთან ჩაწერაზე, რიგი დგას. ვოვას ყველა იცნობს ქალაქში. 

“ტყიბული მეშახტეების ქალაქია და ჩემი კლიენტებიც მეშახტეები არიან. მიყვარს ხალხს რომ ვალამაზებ, ეგ არის ჩემი საქმე. ნელი ტემპით მიდის აქ ცხოვრება. შახტაც რომ არ იყოს, ალბათ დაიცლებოდა აქაურობა. თანდათან თითქოს ლამაზდება ტყიბული, ვნახოთ, კარგზე მინდა ვიფიქრო.”

ტყიბულში ქართული ხალხური ცეკვა ძალიან პოპულარულია. ტრადიციული ცეკვების შემსწავლელი რამდენიმე ცენტრია ქალაქშიანსამბლიც ჰყავთ. არიან მოცეკვავეები, რომლებიც პარალელურად, შახტაშიც მუშაობენ. საღამოს, სამუშაო ცვლის შემდეგ, რეპეტიციაზე მიდიან ხოლმე.

ფირანი გუბელაძე, 23 წლის. მეშახტე და ანსამბლ “ცხრაჯვარის” მოცეკვავე. ფირანი მეშახტეების ოჯახში გაიზარდა. ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და ოთხი წელია უკვე “საქნახშირში” მუშაობს. შახტაში საგზაო დაცვის მონიტორინგის სამსახურის მექანიკოსის მოადგილეა.
ლუიზა ლაფერაძე, მხატვარი, აქტივისტი. ლუიზა ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. მოგვიანებით თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. პანდემიის დროს ისევ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა დედასთან. ბევრი რამის შეცვლა უნდა ტყიბულში და ამისთვის ენერგიას არ იშურებს. ამბობს, რომ ბევრი უნიკალური შენობაა გადასარჩენი და ქალაქმა ძველი იერსახე უნდა შეინარჩუნოს.
იუზა ამბროლაძე, 70 წლის. პროფესიით მზარეული. ორმოცდაათი წელია თავისი პროფესიით მუშაობს. ჰყავს ორი ვაჟი და ორი შვილიშვილი. პანდემიის დროს ოჯახს გაუჭირდა, მაგრამ მაინც იპოვეს გამოსავალი. მცირე ფართი იქირავეს და გოჭების შესაწვავად შეკვეთებს იღებენ.
ახალი წელი ამბროლაძეებთან. საგვარეულოს საახალწლო ტრადიცია აქვთ: ძველით ახალ წელს ერთ ოჯახში იკრიბებიან, 31 დეკემბერს კი ქუთაისში, მეორე ოჯახში. “წლებია ასე ვიქცევით. მთავარია, ნათესავებმა ეს ურთიერთობა და კავშირი შევინარჩუნოთ. არ დავკარგოთ ბმა იმ მიწასთან, საიდანაც ჩვენი წინაპარი წამოვიდა.”
ნათია ჩაფიძე, 34 წლის. ნათიას მამა მეშახტეა. როდესაც შახტა პირველად დაიხურა, მამამისმა ტყიბული დატოვა და სამუშაოს ძებნა სხვა დიდ ქალაქებში დაიწყო. დედა 13 წელია ემიგრაციაშია თურქეთში. რესტორანში მუშაობს იქ მზარეულად. შახტის ამუშავების შემდეგ, ოჯახი ტყიბულში დაბრუნდა. ნათიას ორი მცირეწლოვანი შვილი და ქმარი ჰყავს, რომელიც ასევე შახტაში მუშაობს. თვითონ ტყიბულის სპორტ სკოლის დამლაგებელია.

ლენინის უბანი

ტყიბულში ლენინის და სტალინის უბნებია. მართალია, ოფიციალურად სახელები შეცვლილია, მაგრამ ხალხში დღემდე მაინც ასეა შემორჩენილი. ორივე ქალაქის გარეუბანიააქ ინფრასტრუქტურა მოშლილია. ზოგიერთი კორპუსი საერთოდ დაცარიელებული. ნაწილი ინგრევა, კარ-ფანჯარაც კი არ აქვს. შეიძლება, მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოში ერთი ან ორი ოჯახი ცხოვრობდეს მხოლოდ. ადმინისტრაციული შენობებიც მიტოვებულია.

ტყიბულის ცენტრთან ორივე უბანს ავტობუსი აკავშირებს.

მაია შაოშაძე პროფესიით მარკშეიდერია.

მაია უკვე ორმოცი წელია შახტაში მუშაობს და ერთადერთი მეშახტე ქალია, ვინც შახტაში სამუშაოდ 359 მეტრის სიღრმეზე ჩადისმაიას ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს.

მეშახტე მურად ჩაფიძე და მისი მეუღლე ირინე დიდბარიძე.

მურადმა ორმოცი წლის წინ დაიწყო შახტაში მუშაობა. შვილები ტყიბულში გაზარდეს

შახტა რომ დაიხურა, სხვა ტყიბულელი ოჯახების მსგავსად, ქალაქი დატოვეს და სამსახურის ძებნა თბილისში დაიწყეს. მურადი პროდუქტებით ვაჭრობდა. ირინა 13 წელი თურქეთში  მუშაობდა. შახტის ამუშავების შემდეგ, ისევ ტყიბულში დაბრუნდნენ. თურქეთიდან ჩამოსვლის შემდეგ, ირინა უმუშევარია.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია