სენაკის სამუსიკო სკოლის მემკვიდრეობა

ფოტოგრაფი: გელა მეგრელიძე

02.06.22

ბევრი ჩვენგანისთვის ნაცნობია შეგრძნება, როცა მრავალი წლის შემდეგ, შემთხვევით, სკოლის სივრცეში მოხვდები, სადაც ოდესღაც სწავლობდი, გაკვეთილებს ესწრებოდი, დერეფნებში დარბოდი,  ანდა  დიდი ხნის მერე  იმ ბინაში შეაბიჯებ, სადაც ბავშვობაში გიცხოვრია,  უცებ გეჩვენება, რომ კიბის საფეხურები გეჩურჩულებიან, ფანჯრები გეფერებიან, დერეფნის ჭერი თავზე გისვამს ხელს, სურათები, რომლებსაც  ადრე ვერც ამჩნევდი და  მათი ბოლო ნახვის შემდეგ, ალბათ, არც აღარასდროს გაგხსენებია, კედლებიდან გიღიმიან.  კედლები გელაპარაკებიან  და ჩამოცვენილი ბათქაშით გიკრავენ თვალს. გულში საოცრად ტკბილი სევდა გაწვება, ნათელი, ბავშვური სიხარულებით გაჟღენთილი, მოცარტისეული. გახსენდება პატარა აღელვებები და აუხდენელი ნატვრები, რომლებზეც მას მერე არც აღარასდროს გიფიქრია და მეტი  არც აღარასდროს  გინატრია.

თუ დერეფანში რომელიმე მასწავლებელს წააწყდები, ბეჭებში ოდნავ მოხრილს, ან კიბის  უჯრედში ნელა ამომავალ მეზობელს, ეს თბილი სევდა გიათკეცდება. თურმე როგორ მოგნატრებია!

ქვეყანაზე  ისეთი სივრცეებიც  არსებობს, სადაც არასდროს ვყოფილვართ; შიგნით მოარულ ადამიანებს არასდროს შევხვედრილვართ, მაგრამ იქ მოხვედრისას მაინც იგივე შეგრძნებები გვეუფლება. ისინი ასეთი ენერგიის მატარებლები არიან, დროისა და დროებებს შორის გადებული ხიდებივით, მათი შემაერთებლები.

სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა სენაკის სამუსიკო სკოლაში რომ მოვხვდი. სენაკში ლამზირას ვსტუმრობდი, ისიც მუსიკის მასწავლებელია და  აგერ უკვე 45 წელიწადია ამ სკოლაში ასწავლის. თავისთან წამიყვანა, ჩემს გოგოებს გაგაცნობო. მივედით სკოლაში და  ვხედავ:

გაკვეთილის წინ აღელვებული  ბავშვები ნოტებით, ვიოლინოს ფუტლიარით ან გიტარით ხელში, კიდევ უფრო აღელვებული მშობლები, დაბინდულ დერეფანში კლასებიდან გამოსული ჟღარუნა პიანინოს ხმები, კედლებიდან მკაცრად მომზირალი, ძველ ჩარჩოებში ჩასმული ბახი და ბეთჰოვენი.  და რაც მთავარია, მასწავლებლები - ლამზირას “გოგოები.” უკვე ხანში შესული, ძველი ყაიდის, ყოველთვის ლამაზად გამოწკეპილი მუსიკის მასწავლებლები. მათ გარეშე არც ეს სკოლა იარსებებდა, არც მუსიკის ხმები, და ალბათ, არც ბახი და  ბეთჰოვენი ჩვენს ცხოვრებაში.

საბჭოთა წყობამ  ფასეული  ცოტა რამ შექმნა ქვეყანაში, მითუმეტეს ისეთი,  რამაც ამ წყობის დანგრევის  შემდეგ, ოცდაათწლიან კატაკლიზმებს  გაუძლო. ერთ-ერთი ასეთი  იყო ბავშვთა მუსიკალური  სკოლებისა და სასწავლებლების ქსელი. სამუსიკო სკოლები,  ქვეყნის მასშტაბით, ყველა პატარა ქალაქსა და დაბაში არსებობდა, და ყველას შეეძლო იქ უფასოდ სწავლა. ცენტრალიზებული განათლების სისტემა ამის შესაძლებლობას იძლეოდა. საბჭოეთში სასწავლებლებისა და კონსერვატორიების კურსდამთავრებულები სამუშაოდ პერიფერიებში ნაწილდებოდნენ და სკოლები ასე კომპლექტდებოდა კვალიფიციური პედაგოგებით. ასე მოხვდა, მაგალითად, დედაჩემი თბილისის კონსერვატორიის დამთვრების შემდეგ 5 წლით ფოთის მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად. ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლობა დიდად შემოსავლიანი არასდროს ყოფილა, არც საბჭოეთის დროს და არც მას მერე,  მაგრამ განათლების მაშინდელი ცენტრალიზებული სისტემა მუსიკის პედაგოგის შტატს უპირობოდ უზრუნველჰყოფდა. 

საბჭოეთის დანგრევისთანავე მუსიკალური  სკოლების ეს ქსელიც ჩამოიშალა. სკოლების დაფინანსება შეწყდა, სასწავლებლები გაუქმდა, შენობების უმრავლესობა პრივატიზირდა, ან კერძო სკოლად გადაკეთდა და გაძვირდა, ან მუსიკალური კერის ფუნქცია დაკარგა და მოგვიანებით  კომერციულ ფართებად გაიყიდა. 

მხოლოდ ერთეულებმა შეინარჩუნეს პირვანდელი ფუნქცია და დანიშნულება.

სწორედ ასეთი  სკოლაა სენაკის სამუსიკო სკოლა, დასავლეთ საქართველოს ამ პატარა ქალაქ - სენაკში. სკოლა  1927 წელს დაარსდა  და ბევრი ათეული წლის განმავლობაში 400-500 მოსწავლეს ითვლიდა.  90-იანების უმწვავეს კრიზისში,  მაშინ, როცა მუსიკალური  სკოლები ერთმანეთის მიყოლებით იხურებოდა, სენაკის  სკოლის მასწავლებლებმა მისი გადარჩენა საკუთარი რესურსებით შეძლეს.

“სწავლის საფასურს წლების განმავლობაში ჩვენ თვითონ ვკრეფდით მოსწავლეებისგან,” -მიყვება ლამზირა. “ ფული ქვეყანაში არ იყო და ხელფასებს ჩვენ ვინ მოგვცემდა?!.. ჰოდა ვკრეფდით ფულს, მერე მე სახლში მომქონდა. ჩემი ქმარი ინსპექციაში მუშაობდა  და  მე  მანდობდნენ ხოლმე, შენთან უსაფრთხოდ იქნებაო. ფულის სკოლაში დატოვების გვეშინოდა, არეული დრო იყო. ჰოდა, ვაგროვებდით ასე და  თვის ბოლოს ჩვენ თვითონ ვარიგებდით კუთვნილ ხელფასებს. მორჩენილ თანხას სახელმწიფოს ვაბარებდით. ასე გავძელით. ერთი დღე არ შეგვიჩერებია სწავლის პროცესი, ერთი გაკვეთილი არ გაგვიცდენია.”

სკოლა დღესაც  არსებობს, 95 წელიწადია. იმ პერიოდის ზოგიერთი მასწავლებელი დღესაც ასწავლის. მიზერული ხელფასის მიუხედავად, ყოველ დღე დადიან სკოლაში  და ბავშვებს  მუსიკას აზიარებენ.

თუ მოსწავლე კარგად უკრავს, გაკვეთილი ღია კარშიც შეიძლება ჩაატარო. არც მსმენელი მოგაკლდება და არც მაყურებელი.

რუსუდან მილიუტინი უფროსი მასწავლებელია.  გაკვეთილების გარდა უამრავი საორგანიზაციო პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. 17 წლის სტუდენტი იყო სკოლაში მუშაობა რომ დაიწყო და 55 წელიწადი ამ შენობაში  გაატარა.

ინეზა მაშავა 1975 წლიდან ამ სკოლაში მუშაობს. თუ გაკვეთილებს შორის ფანჯარა აქვს, ან მისი მოსწავლე აგვიანებს,  კლასში ზის და თვითონ მუზიცირებს.

გრიალა სამინავა სოლფეჯიოს პედაგოგია. ამ კლასში უკვე ბევრი ათეული წელია ასწავლის.

მოსწავლეებს ხშირად და-ძმა ახლავთ თან. გარეთ, დერეფანში რომ არ მოიცადონ, ლამზირას გაკვეთილს ისინიც ესწრებიან. ამ დროს პატარა და დიდი, ყველა ერთად იყრის თავს.

ნაილი ქვარცხავას სულ ცოტა ხნის წინ შვილი გარდაეცვალა. მგლოვიარეა, მაგრამ სკოლაში მაინც დადის. კოლის  პედაგოგია 1975 წლიდან.

მუსიკის გაკვეთილზე მხოლოდ ფორტეპიანოზე დაკვრას არ სწავლობენ. როცა მასწავლებელი მუსიკის ხელოვნებაზე ესაუბრება, ბავშვებიც და მშობლებიც ინტერესით უსმენენ.

სკოლის  მასწავლებლები მხოლოდ პედაგოგები არ არიან.
ტრიო “სენაკი” ჯერ კიდევ სამოცდაათიან წლებში წერდა გრამფირფიტებს და ქვეყნის ყველა დიდ სცენაზე მღეროდა.

ნესტან ფირცხალავა თითქმის 50 წელიწადია სკოლაში ასწავლის.

ნატა კორშია თავის პატარა ვიოლინოზე სულ ცოტათი  დიდია, მაგრამ ძალიან მონდომებულია. მუსიკოსობა უნდა და ბევრს მეცადინეობს.

ალა ლუკიანცევამ  48 წელიწადი გაატარა სენაკის სამუსიკო სკოლაში. 
ლამაზი, ახალგაზრდა, შავგვრემანი გოგო ვიყავი აქ მუშაობა რომ დავიწყეო,  მეუბნებოდა.

ლამზირა ხურცია სამსახურში  მთელი სკოლის სული და გულია.
სახლში კი, შვილიშვილების საყვარელი ბებია.

დალი ფაჩულია გაკვეთილისთვის ემზადება. 50 წელიწადია სკოლის პედაგოგია.

90-იანი  წლებიდან სენაკის სამუსიკო სკოლას  გიტარისა და ხალხური საკრავების კლასი დაემატა. შესაბამისად, ახალი მასწავლებელიც. ლალი გოგია  25 წელიწადია აქ ასწავლის.

სიყვარულის  გარეშე არაფერი  გამოდის, არც მუსიკა და არც მასწავლებლობა.


ეს ფოტო ესსე მომზადებულია ფოტოგრაფ ჰება ხამისთან გავლილი ტრენინგ-კურსის ფარგლებში, ტომსონ როიტერსის ფონდის მხარდაჭერით.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია