ბარახოლკა: მეორე შანსი

ავტორი: მარიამ გიუნაშვილი

04.07.22
გამოცემა: შრომა
თემა: ქალაქი

მეორადი სათამოშო მანქანებიდან დაწყებული, ანტიკვარული ჭიქებითა და ვინტაჟური ტანსაცმლით დამთავრებული, თბილისში ბარახოლკას ბაზრობა მოულოდნელად აღმოჩენილი ძვირფასეულობის ადგილად იქცა. ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ის ადამიანებს ვაჭრობით ფულის გამომუშავების არაფორმალურ გზას სთავაზობს. 

დროთა განმავლობაში, 9500 კვადრატული მეტრის ფართის მესაკუთრეები შეიცვალნენ, ბაზრობაზე გასაყიდი ნივთების ფასიც გაიზარდა, ვაჭრობის მარეგულირებელი წესებიც შეიცვალა,  შესაბამისად, გამყიდველების სოციალური მდგომარეობა გაუარესდა. 

ქალაქის გარეუბანში, ბარახოლკა (სახელი რუსული სიტყვის -ბარახლო- მიხედვით, ძველ, უსარგებლო ნივთებს ნიშნავს) საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ბუნებრივად შეიქმნა. კრიზისულ წლებში ხალხი ფულის გამომუშავების გზებს ეძებდა. ეს ტერიტორია, რომელიც მაშინ საბჭოთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ცენტრი იყო, მთავრობას ეკუთვნოდა. ამიტომ, თავდაპირველად, ბაზრობაზე ნივთების გაყიდვა არაფორმალურად დაიწყეს: ყველა სოციალური ფენის ადამიანი მოდიოდა და საბნებში გახვეული თავისი ხარახურა მოჰქონდა. 

დღეს ის ყველანაირ მყიდველს იზიდავს. მასაც, ვინც სარფიან გარიგებას ეძებს და გაჭირვებულ ადამიანსაც, რომელიც თავის ნივთებს მხოლოდ პურის ფულისთვის ყიდის. 

მეგობარი მეგობარს ეტყვის - და ძირითადად, ასე იგებენ, რომ ჩვენ გასაყიდად ვყიდულობთ ნივთებს. ინტერნეტშიც მაქვს რეკლამა. ზოგჯერ თვითონ მოდიან და მიტოვებენ ნივთებს, ზოგჯერ მე დავდივარ სახლებში და ვარჩევ,“ გვეუბნება 59 წლის გულნაზი ქათამაძე, რომელიც უკვე 15 წელია ბარახოლკაზე ვაჭრობს. ‘თავიდან როგორც მყიდველი ისე მოვედი აქ და მერე გადავწყვიტე გამყიდველი გავმხდარიყავი. ახლა ორი მაღაზია მაქვს.“

„ადამიანებს, რომლებსაც საჭმლის და წამლის ფული არ აქვთ, ძველი ნივთები მოაქვთ და გვაბარებენ, რომ იმ დღეს მაინც იყიდონ პური,“ გვეუბნება 57 წლის დალი, რომელიც ბაზრობაზე უკვე 2 წელიწადია ვაჭრობს.

ზოგჯერ არც იციან იმ ნივთის ღირებულება და მხოლოდ მინიმალურს ითხოვენ სანაცვლოდ. თუ ვხედავთ, რომ ადამიანს მართლა უკიდურესად უჭირს, უფრო მეტს ვუხდით ხოლმე, ვიდრე ითხოვს.”

ეს ტერიტორია მნიშვნელოვნად განსხვავებულია 90-იანი წლების ბაზრობისგან. 2000 წელს, კერძო კომპანია  შპს „ისანმა“ ეს ადგილი შეიძინა და სავაჭრო პროცესის რეგულირება თვითონ დაიწყო. ადგილის დაქირავება 20 თეთრიდან იწყებოდა. თუმცა, წლების განმავლობაში, რეგულაციები და ფასები გაიზარდა. ხელისუფლებამ მოვაჭრეებს გაყიდვების დასარეგისტრირებლად სალარო აპარატები მოსთხოვა და „ისანმაც“ ქირის გადასახადი სამუშაო დღეებში - 2 ლარამდე, ხოლო შაბათ-კვირა - 4 ლარამდე გაზარდა. 

დახლების ქირაობა შესაძლებელია დღიურად. ზოგიერთ გამყიდველს, რომელიც ბარახოლკაში კვირაში რამდენიმე დღე მოდის, თავისი ადგილი აქვს. სხვები, უბრალოდ, ნებისმიერ თავისუფალ დახლს იკავებენ.

დახლებისგან განსხვავებით, ჯიხურები თვიურად ქირავდება და უფრო მეტიც ღირს. ვისაც თავისი ჯიხური აქვს, საქონელსაც ადგილზე ტოვებს. ხოლო, ვინც დახლს ქირაობს, დღის ბოლოს ყველა ნივთი თან უნდა გაიყოლოს ან იქვე მდებარე საწყობში შეინახოს, რომელიც ფასიანია.

„დიდი ხანია ქირის ფასი არ გაგვიზრდია, რადგან ვიცით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემებია და მოვაჭრეები მეტს, ალბათ, ვერც გადაიხდიან. მათზე ფინანსური ზეწოლა არ გვინდა,“ამბობს მამუკა ორკოშნელი,  ბარახოლკას ადმინისტრაციის უფროსი.

ამის მიუხედავად, მოვაჭრეებს მაინც უჭირთ ქირის ფული გამოიმუშავონ.

მათგან უმრავლესობა პენსიაზე გასული მუსიკოსი, ექიმი და სხვადასხვა პროფესიის ადამიანია, რომელიც მიზერული პენსიის (თვეში 200 ლარის) შესავსებად ვაჭრობს. მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას ბაზარი სავსეა მყიდველებით, გაყიდვები მაინც არასტაბილურია. კლიენტებიც ყველაზე იაფასიან პროდუქტს ეძებენ. 

ანდრიაშვილების სამი თაობა. 23 წლის გოჩა, 45 წლის ნიკოლოზი, და 60 წლის კარინა. გოჩა ყველაზე ახალგაზრდა მოვაჭრეა ბარახოლკაზე. ნიკოლოზი და კარინა ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც აქ მუშაობა დაიწყეს. 

მოვაჭრეები ზოგჯერ კრიმინალების მსხვერპლებიც ხდებიან, რომლებიც ცდილობენ მოპარული ნივთები მიჰყიდონ. უსაფრთხოების მიზნით, შპს „ისანმა“ ტერიტორიაზე ვიდეო კამერები დააყენა. მოვაჭრეები ახლა უფრო მეტი ინფორმაციის გარკვევას ცდილობენ, ვიდრე მეორად ნივთებს შეიძენენ.

 „25 წელია უკვე აქ ვმუშაობ და მოპარული ნივთების შემოსაღების რამდენიმე შემთხვევა მქონდა. დიდი ზარალიც ვნახე ამის გამო. როცა პოლიცია მოდის, მათ მიაქვთ ეს ნივთი და შენს გადახდილს არავინ გინაზღაურებს მერე. ამის გარდა, გამოძიების მიზნით, 5-6 საათის გატარება პოლიციის განყოფილებაში  გვიწევს, რასაც მთელი ჩვენი ენერგია ეწირება ხოლმე,“ამბობს 66 წლის ნადია. 

შალვა, რომელიც 6 წელია ბარახოლკაზე ვაჭრობს, იხსენებს, როგორ მივიდა მასთან უცხო ადამიანი და 800 ლარად 13 თასი მიჰყიდა. გაიტანა გასაყიდად  და მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ თურმე მოპარული იყო.  მეპატრონემ იცნო და პოლიციაში დარეკა. პოლიციამ ყველა თასი წაიღო და ქურდიც დაიჭირა. შალვამ თავისი გადახდილი ფული მთლიანად დაკარგა.

მოვაჭრეები პანდემიამაც დააზარალა. რეგულაციებმა შეუძლებელი გახადა ბაზრობაზე ვაჭრობა. მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო ნივთები ონლაინ გაეყიდა.  დარეგისტრირებულმა მოვაჭრეებმა ერთჯერადად, დახმარების სახით, 300 ლარი მიიღეს მთავრობისგან. არაფორმალურად ვინც ვაჭრობდა, მათ ვერაფერი. ლოქდაუნის დროს, ადმინისტრაცია ქირის გადახდას მოვაჭრეებს არ სთხოვდა.

დღეს ვაჭრობა ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ბარახოლკა  შაბათ-კვირა სავსეა  მოვაჭრეებით და მყიდველებით.

ეს ადგილი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბაზრობა, სადაც ხალხი ნივთების შესაძენად მოდის,“ გვეუბნება დალი, რომელსაც სჯერა, რომ ონლაინ ვაჭრობის ტენდენცია ბარახოლკაზე გავლენას ვერ მოახდენს.

ამ უცნაურ ნივთებში რაღაც უნიკალურის აღმოჩენის პროცესი განსაკუთრებულია. ამ შეგრძნებას ონლაინ შოპინგი ვერასოდეს ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, აქ ხალხი ზოგჯერ მხოლოდ კომუნიკაციისთვის მოდის. არაფრის ყიდვას არ გეგმავენ. თავიანთ ამბებს გვიზიარებენ უბრალოდ, ჩვენ მათი აუდიტორია ვართ. ერთხელ უცხო ადამიანისგან საჩუქარი მივიღე. არადა, მანამდე მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი და მაშინაც ცოტა ხნით გამოველაპარაკეთ ერთმანეთს. საჩუქრით რომ მოვიდა, მითხრა - მაშინ შენ ჩემი სიცოცხლე გადაარჩინე, რომ მომისმინეო.“


ფოტო-პროექტი მომზადებულია Chai Khana-ს fellowship-ის პროგრამის ფარგლებში. გაზაფხული, 2022

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია