loading

მოვკვდე, თუ ვიცოცხლო ქვეყნისთვის? | გაქცევა რუსეთიდან

მოვკვდე, თუ ვიცოცხლო ქვეყნისთვის? | გაქცევა რუსეთიდან მოვკვდე, თუ ვიცოცხლო ქვეყნისთვის? | გაქცევა რუსეთიდან

ჩეჩნეთის ომის დროს, რკინიგზის სადგურზე ხუთი თეთრი მაცივრიანი ვაგონი იდგა. მათ დღე-ღამის განმავლობაში იცავდნენ. ეს იყო ბორბლებიანი მორგები, რომლებშიც რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების ამოუცნობი ცხედრები ესენა. პირდაპირი დარტყმების ან წამების შედეგად, ბევრ ცხედარს სახე აღარ ჰქონდა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, მეთაურმა შჩერბაკოვმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არც ერთი ჯარისკაცი არ დარჩენილიყო ამოუცნობი. რკინიგზის ლიანდაგებთან მდებარე პატარა სახლში ტელევიზორი იდგა. დაკარგული ჯარისკაცების დედები და მამები იქ ისხდნენ, როგორც მოსაცდელ ოთახში. ოპერატორი ეკრანზე ცხედრების ფოტოებს აგზავნიდა. სათითაოდ. 

458-ჯერ. 

ამდენი ჯარისკაცი იწვა ამ ვაგონების თაროებზე მინუს 15 გრადუსზე, ომიდან სიკვდილისკენ მიმავალ ბოლო მატარებელში. დედები, რომლებიც შვილებს  ჩეჩნეთის მთებსა და ხეობებში ეძებდნენ, ეკრანზე შვილის სახის დანახვისას ყვიროდნენ:

„ეს ის არ არის! ის არ არის, არა!“

ესაა ფრაგმენტი „ნოვაია გაზეტას” რედაქტორის დმიტრი მურატოვის სიტყვიდან, რომელიც მან ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქვა, ერთი წინადადება კარგა ხანს შემომრჩა მეხსიერებაში: 

„დღევანდელი იდეოლოგები ქადაგებენ იდეას, რომ მოკვდე შენი ქვეყნისთვის და არა იცოცხლო შენი ქვეყნისთვის”.

მურატოვმა, ფილიპინელ ჟურნალისტთან მარია რესასთან ერთად, ნობელის პრემია 2021 წელს აიღო, ერთი წლით ადრე, სანამ რუსეთი უკრაინაში ომს დაიწყებდა. მაგრამ თავის სიტყვაში მან ეს ომიც იწინასწარმეტყველა. 

„ჰიბრიდულმა ომმა და Boeing MH17-ის ტრაგიკულმა, მახინჯმა და კრიმინალურმა ისტორიამ გაანადგურა ურთიერთობები რუსეთსა და უკრაინას შორის და არ ვიცი, შეძლებენ თუ არა მომავალი თაობები მათ აღდგენას […] გარდა ამისა, ზოგიერთი შეშლილი გეოპოლიტიკოსის გონებაში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი აღარ  წარმოადგენს შეუძლებელ მოვლენას. მაგრამ მე ვიცი, რომ ომები სრულდება მკვდრების იდენტიფიცირებითა და ტყვეების გაცვლით”. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ პერიოდში ადამაინები ცვლიდნენ ამბებს, თუ როგორ შეიფარეს სახლებში უკრაინელი ლტოლვილები. 

ვრცელდებოდა სოლიდარობის  სულისშემძვრელი ისტორიები, ზოგიერთი მათგანი მალევე დასრულდა, ზოგიერთმა უფრო დიდხანს გასტანა. 

ერთი ისტორია დედაჩემის მეგობარმა ომიდან 4 წლის თავზე გამიზიარა, მანაც შეიფარა ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ოღონდ რუსი. 

მაშინ საქართველო, უკრაინელ ლტოლვილებთან ერთად, რუსეთში საყოველთაო მობილიზაციას გამოქცეული მოქალაქეების თავშესაფარიც იყო. 

ასეთი იყო ბიჭი სახელით ნიკი.  

ოღონდ, ეს სტატიისთვის მოფიქრებული ფსევდონიმი არ არის, ეს არის მისი ახალი სახელი, რომელიც  სახლიდან წამოსვლის შემდეგ თავად დაირქვა და ამავე სახელით აგრძელებს ცხოვრებას.

,,რუსეთმა უკრაინაში ომი რომ დაიწყო, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ ამ ქვეყნიდან წავსულიყავი, მაგრამ მაბრკოლებდა ერთი რამ: სადაც არ უნდა წავსულიყავი, იქ ვიღაცის ადგილი უნდა დამეკავებინა, მაგალითად იმის, ვინც ბომბებს და სიკვდილს გაურბოდა”. 

ნიკისთან ინტერვიუ იმიტომ არ გადამიწყვეტია, რომ  ხმამაღლა ამბობს - „არა ომს”, ან იმიტომ, რომ აღიარებს - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. 

,,მობილიზაცია რომ გამოცხადდა, პირველ დღეს სიცხემ ამიწია, კარგად ვერ ვიაზრებდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემს თავს”, მიყვება ნიკი.

ნიკის ჯარი აქვს მოხდილი, ეს რომ მითხრა, სახეზე გაოცება შემეტყო, ამიტომ დამიზუსტა:

,,ჰო, რაღაც მომენტში, ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემგან მაგარი კაცი გამოეყვანათ”. 

მე როგორც იმ ქვეყნის შვილს, სადაც თაობებს აჯერებდნენ რუსეთის უძლეველობას, ცხადია, მაინტერესებდა, რა ხდება ჩრდილოელი მეზობლის ძლევამოსილების ინკუბატორში.  

ნიკი იხსენებს, რომ მისთვის, როგორც თმაშეღებილი და საყურიანი ბიჭისთვის, ჯარი უმძიმესი გამოცდილება იყო. მაგრამ ისიც მითხრა, რომ რუსეთის ჯარში ერთხელაც კი არ სჭერია ხელში იარაღი, სროლაზე რომ აღარფერი ვთქვათ.

ცოტა ხანში მისით ჯარის ადმინისტრაცია დაინტერესდა. წლების განმვალობაში მტვერდადებული კომპიუტერის ჩართვა, შემოსული პროდუქციის ელექტრონულად აღრიცხვა, უბრალო უნარებად არ ითვლებოდა ჯარში, ამიტომაც მატერიალური უზრუნველყოფის სამსახურში დაასაქმეს. 

ასე იყო თუ ისე, ნიკის სამხედრო ბარათი უჯრაში ედო, ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ის ომში გაეწვიათ. 

,,ომი რომ დაიწყო, ნათესავებთან აღმოვჩნდი მორიგ სადილზე,

დედაჩემი და მისი ქმარი, ხმამაღლა განიხილავდნენ ყველაფერს, რასაც ტელევიზორში უყურეს, რაღაცნაირი მსუბუქი შეშფოთებით უზიარებდნენ ერთმანეთს, რომ ახლა უკრაინელები ჩამოვიდოდნენ და მათ სამუშაო ადგილებს დაიკავებდნენ “.

,,იცი, რა მაღიზიანებდა? 

მართლა სჯერათ, რომ ვინმეს ამ პლანეტაზე მათი ცხოვრებით უნდა ცხოვრება, მათ სახლებში შესახლება და მათ სამსახურებში დასაქმება, ან რომ ვინმე მათ სტავროპოლის მხარეში ამ საცოდავ ყოფაში შეეცილებათ”. 

ნიკი რუსეთის საკურორტო ქალაქ ჟელეზნოვოდსკიში ცხოვრობდა და როგორც თვითონ ჰყვება, 3 სრული დღე დასჭირდა ჟელეზნოვოდსკიდან საქართველოში ჩამოსასვლელად ლარსის გავლით. 

რამდენიმე ადამიანმა დაიქირავა ერთი მანქანა, ფულის დიდი ნაწილი გზად ქრთამებში დაუხარჯავთ, საქართველოში უკვე ცარიელი ჯიბეებით ჩამოვიდნენ. თანამგზავრებთან კი დამეგობრდა, მაგრამ საბოლოოდ, ყველა თავის ბედს ეწია. ნიკის თქმით, ერთ კვირაში უკვე არც საჭმლის და არც ბინის ფული აღარ ჰქონდა.

,,ვინ შეიფარებს რუსს საქართველოში? შემეძლო მეთქვა, რომ უკრაინელი ვარ, ეს ზრდიდა ჩემს შანსებს, მაგრამ ამორალურია, არა?”

ნიკი ქართველმა ქალმა თავის საზაფხულო აგარაკზე დააბინავა, იქ  გაატარა 7 თვე. 

ამ დროიდან ცხოვრება დაიყო დედასთან გაიშვიათებული სატელეფონო ზარებს შორის.

პირველი ზარი დედასთან

,,აინტერესებდა როგორ მოვეწყვე, ცხადია არ მოსწონდა, რომ ასეთი დისკომოფორტი ავირჩიე, მეუბნებოდა, რომ ჩემგან განსხვავებით, მისი არჩევანი იყო საკუთარ სახლში ცხოვრება და არა სადღაც შეხიზვნა”.

ნიკი პერიოდულად სხვადასხვა მოკლევადიან დასაქმებაზე მუშაობდა, რომ ცოტა ფული მოეგროვებინა, ძირითადად, ფიზიკურად შრომობდა. 

ჟელეზნოვოცკიში ადგილობრივი ხელოვნების სასახლის თანამშრომელი იყო, ერთხელ არჩევნებზეც კი მოუწია დამკვირვებლად მუშაობა, სამსახურმა დაავალა. 

,,ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა -  იქნება მომენტები, როცა დაკვირვების დროს,  უბრალოდ თავი უნდა მიატრიალო და სხვაგან გაიხედოო და ამაში ფულს გადამიხდიდნენ. ვერ შევძლებ-მეთქი, ვუთხარი”.

ვიღაცას შეიძლება ეს ძალიან ძვირად დაჯდომოდა, მაგრამ ნიკის ვარაუდით, მთლად სრულ ჭკუაზე მყოფად არ მიიჩნიეს, ფულის გაკეთების შესაძლებლობაზე რომ თქვა უარი, ამიტომაც თავი დაანებეს. 

მეორე ზარი დედასთან 

ამასობაში, დედამ ისევ დარეკა, ან შეიძლება თვითონ ნიკიმ დაურეკა, ზუსტად ვერ იხსნებს. 

რაც ახსოვს ის არის, რომ დედა შვებულებას გეგმავდა, ნიკიმ საქართველოში ჩამოსვლა შესთავაზა, რაც დედას ჭკუაში დაუჯდა. 

,,მახსოვს ჯარში რომ გამიშვა და რომ ვნახე იქ რაც ხდებოდა, მივწერე -  რაც გინდა ის ქენი, ნებისმიერ ფასად აქედან დამიხსენი-მეთქი!

ზოგადად, დედა შეტყობინებებს შლის, მაგრამ ამ ერთს  ინახავდა და მაჩვენებდა ხოლმე, როგორც ჩემი სისუსტის მტკიცებულებას”. 

2024 წელს ირინა სნეგოვსკაიამ, ჟურნალისტმა და პოეტმა, თავის ინსტაგრამ გვერდზე ლექსი გამოაქვეყნა. 

ლექსი ჰყვება ამბავს, თუ როგორ გადააწყდა რუსეთში დედა კერძო სამხედრო კომპანიის განცახდებას და თავის ვაჟს ომში წასვლა შესთავაზა, იპოთეკით დატვირთული ბინის ვალის გადასაფარად. 

ლექსის ქვემოთ კომენტარების ველში, მწვავე დისკუსია გაიმართა რუსი დედის ფენომენზე, მაგრამ აქვე სნეგოვსკაის გრიგორი გამოეხმაურა, რომელზეც ჟურნალისტმა მოგვიანებით რეპორტაჟი მოამზადა ,,ქარენთ თაიმისთვის”. 

,,რუსეთიდან წამოსვლამდე საყიდლებზე ვიყავით მე და ჩემი ცოლი, დედაჩემმა გაიგო, რომ ვემზადებოდით და დამირეკა - დაფიქრდი ომში წასვლაზე, იქნებ ცოცხალიც დაბრუნდეო”. 

გრიგორი იხსენებს, რომ ელდანაცემმა დედას უპასუხა, რომ ცუდი კავშირი იყო და აღარაფერი ესმოდა, ტელეფონი კი ცოლს მიაჩეჩა. 

მაგრამ, გრიგორის დედამ ეს წინადადება მეორედაც გაიმეორა. 

ირინა სნეგოვსკაიას მეორე რესპონდენტი სერგეი უყვება, რომ მორწმუნე დედა ჰყავს, რომელსაც ეკლესიაში ამბიონიდან ესმის, რომ ეს საღვთო ომია, ბრძოლა სატანიზმთან, სახლში დაბრუნებულს კი კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმერ სალავიოვი ეუბნება, რომ სიცოცხლის მნიშვნელობა გადაჭარბებულია, საქმე უნდა გაკეთდეს და რომ ყველა, ვინც ომში კვდება, სამოთხეში მოხვდება. 

სერგეი შეეცადა დედისთვის აეხსნა, რომ დიდი ალბათობით, პირველსავე კვირაში მოკვდებოდა. დედამ უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში ის გმირი გახდებოდა, მის შვილისშვილს, პატარა მიშკას,  გმირი მამა ეყოლებოდა, მისი ცოლი კი გმირის ამაყი ქვრივი იქნებოდა. 

იმ ზაფხულს ნიკის დედა საქართველოში არ ჩამოსულა დასასვენებლად. 

,,არ მკითხოთ, სად ამჯობინა წასვლა”, -  მეუბნება ნიკი. 

ნიკის დედამ იმ ზაფხულს ყირიმში დაისვენა, ზღვაზე. 

რა ფასი აქვს ახალგაზრდა ჯან-ღონით სავსე კაცის სიცოცხლეს რუსეთში? 

მაშინ, როცა ნიკე რუსეთიდან გამოიქცა, უკრაინაში საომრად წასვლის მსურველებს  ყველაზე გულუხვად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი” უხდიდა,  ასე იყო 2023 წლამდე, სანამ ევგენი პრიგოჟინი და მისი ორი პარტნიორი, ,,ვაგნერის” სამივე დამფუძნებელი “მოულოდენელად” ავიაკატასტროფაში დაიღუპებოდნენ.  

ვაგნერი იხდიდა, საშუალოდ, 240 000 რუბლს თვეში, რაც, დაახლოებით, 2600 ევრო იყო. 

გამოცემა Novaya Gazeta Europe-ის 2023 წლის გამოთვლებით, რუსი საკონტრაქტო სამხედროების ხელფასი თვეში, დაახლოებით, 204 000 რუბლს (1993 ევროს) შეადგენდა.

ყველაზე მეტი მაინც ის კომპენსაციაა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით ომში დაცემულთა ოჯახებზე გაიცემა, 5 მილიონი რუბლი, დაახლოებით, 70 000 დოლარი.

,,მაგრამ ჯერ უნდა დამტკიცდეს, რომ მოკვდი და მოკვდი ისე, რომ შენი ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის კრიტერიუმი დააკმაყოფილე”, - მიხსნის ნიკი. 

მართლაც, მაგალითად, 2024 წელს გამოცემა მედიაზონა წერდა, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოში შევიდა ათასობით სარჩელი, მათი ავტორები მეტწილად სამხედრო სარდლობა და მეთაურები არიან, რომლებიც ბრძოლებში დაღუპული ჯარისკაცების უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ან მკვდრებად ცნობას ითხოვენ. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ამ სასამართლოების შესახებ ფოსტით იგებენ და ხშირად ვერ არკვევენ, რა დაემართათ თავიანთ შვილებს, ძმებს თუ ქმრებს. 

დაკარგულად ან დაღუპულად ცნობა სარდლობას იმიტომ ეჩქარება, რომ რაც შეიძლება დროულად გაათავისუფლონ დანაყოფების სიები და ახალი ჯარისკაცების რეკრუტირება დაიწყონ.  

დაკარგულად გამოცხადებული მეომრის ოჯახებს თვიური ანაზღაურება უწყდებათ. 

თუ სამხედრო უბრალოდ „დაკარგულად“ არის გამოცხადებული და არა „დაღუპულად”, ოჯახს მისი სიცოცხლის საფასურის რამდენიმე მილიონი რუბლის მიღებაც არ შეუძლია, ამისთვის საჭიროა ცალკე სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანს ოფიციალურად გარდაცვლილად გამოაცხადებს.

ახალი კანონით კომპენსაციას ვერ იღებს ვერც იმ მეომრის ოჯახი, რომელიც ტყვედ ჩავარდნის საშიშროების წინ, თავს იკლავს. 

არადა, სწორედ ამისკენ მოუწოდებს მათ რუსული პროპაგანდა, როდესაც ამბობს, რომ სიცოცხლის გადაჭარბებით შეფასება არ ღირს. 

პარალელურად, რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც ტყვედ ჩავარდნილ ჯარისკაცებს 10-წლიანი პატიმრობით ემუქრება. 

„ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ იმიტომ უნდოდა დედას ომში წავსულიყავი, რომ იქ აუცილებლად მოვკვდებოდი და კომპენსაციას მიიღებდა, საკმაოდ დიდ ფულს”, - მეუბნება ნიკი. 

სიცოცხლის მონეტიზაცია, მისთვის პატარა თუ დიდი ფასის დადება, რუსეთის ოჯახებში სწორედ პროპაგანდის მეშვეობით ნორმალიზდა. 

ტელეკომპანია „რასია 1 -ზე” ჟურნალისტი თეთრი ლადას ფირმის ავტომობილში შუა ხნის მშობლებს დაემგზავრა მათი ვაჟის საფლავამდე. რეპორტაჟი აღწერს, როგორ შეიძინეს ნანატრი ავტომობილი მშობლებმა ჯარისკაცი შვილის სიკვდილის კომპენსაციით, მამა ინტერვიუში ჰყვება, რომ მის ბიჭს თეთრი ფერი უყვარდა… 

ასეთი რეპორტაჟები ბევრია, ჟურნალისტები ხან მაცივარს მიჰყვებიან ჯარისკაცის ქვრივის სახლამდე, ხან ველოსიპედს, რომელიც დაობლებულ ბავშვს აჩუქეს. 

ყველაზე გროტესკული მაინც ხორცის საკეპი კომბაინია, ეს კომბაინები “ერთიანი რუსეთის” რეგიონულმა წარმომადგენლებმა დაღუპული მეომრების დედებს ყვავილებთან ერთად მიართვეს, ეს ყვავილები და ხორცის კომბაინი ხელში დააჭერინეს და ფოტოები გადაუღეს. 

ამბავი რეზონანსული აღმოჩნდა, სკანდალზე საპასუხოდ კი გამოჩნდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი დედა ჰყვება, რომ ხორცის საკეპი მანქანა თავად სთხოვა ადგილობრივ მთავრობას და იმიტომაც აჩუქეს. 


ბოლო სატელეფონო ზარი დედასთან 

„შედარებით თბილად მელაპარაკებოდა, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, შეგრძნება მქონდა, რომ სახლში ვიღაც იყო. 

მერე მითხრა, რომ ჩემ შესახებ ყველა ინფორმაცია გადასცა FCB-ს, მათ შორის, ჩემი მისამართი, რომელზეც დიპლომები და საბუთები გამომიგზავნა. 

რომ ასე სჯობდა, ასე იყო საჭირო ოჯახისთვის. 

ტელეფონი რომ გავთიშე, ინას  დავურეკე,  ქალს, რომელმაც 7 თვე შემიფარა, ყველაფერი მოვუყევი.

ტელეფონიდან სიმბარათი ამოვიღე, გადავაგდე, ტელეფონიც გადავაგდე და წასვლამდე მისამართიც შევიცვალე. 

ეს იყო ინას ინსტრუქცია, რომელიც მექანიკურად შევასრულე, დიდხანს გავურბოდი ამ აზრს და ფიქრს, რომ 

საკუთარმა დედამ გამცა! 


P.S.

დღეს ნიკი საქართველოში აღარ ცხოვრობს.