ქართული ოცნების ომი და მშვიდობა
ჟურნალისტი: მარიამ ბოგვერაძე
აქა მშვიდობა და მშვიდობა გქონდეთ — მისალმებისას და დამშვიდობებისას ნასროლი ეს ორი ფრაზა საარჩევნო უბნებზე მყოფი დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ უბანზე ხმის მისაცემად „ქართული ოცნების” ამომრჩეველი მივიდა. საქართველოს უახლეს ისტორიაში ალბათ ყველაზე სწორხაზოვანი და ბრუტალური საარჩევნო კამპანია, რომლის ყველაზე ცხადი რეპრეზენტაცია ქალაქებსა და სოფლებში გაკრულ ბანერებზე გამოსახული ქართული ეკლესიების, სკოლების და საავადმყოფოების საპირწონედ, უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული შენობები გახდა, ყოველდღიურ ენაში ასე ფორმულირებულ შეკითხვად გადმოვიდა — აბა, ომი გინდა?
მმართველმა პარტიამ ჩათვალა, რომ ომსა და მშვიდობაზე დაფუძნებულმა საარჩევნო კამპანიამ იმუშავა, იმის მიუხედავად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს, პარლამენტში მარტო მყოფი „ქართული ოცნება” თავს გამარჯვებულად მიიჩნევს, შესაბამისად, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინაც უკვე გამოცდილ ნარატივს დაუბრუნდა, მათ ბანერებზე და ლიდერების რიტორიკაში კვლავ წინ წამოიწია სიტყვამ „მშვიდობა”.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის პარტიამ საქართველოში ომის საფრთხის ინსტრუმენტალიზაციას მიჰყო ხელი და ადამიანებში ომისადმი ბუნებრივად არსებული შიში ძალაუფლების განმტკიცებისთვის გამოიყენა. „ოცნებაში” აქტიურად აცხადებდნენ, რომ არა ივანიშვილი და მისი პარტია ხელისუფლებაში, საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა, რასაც ქვეყანას, მათი რწმუნებით, გარე ძალები აიძულებდნენ ე.წ. გლობალური ომის პარტიის სახით, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ქართული ოცნების” ლიდერების რიტორიკაში სახე იცვალა და „დიპ სტეიტად” დამკვიდრდა.
ზარებით „დიპ სტეიტი”, ოცნების ლიდერების რწმუნებით, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ერეოდა. მათივე მტკიცებით, გარეშე ძალები ქვეყანაში არსებულ ოპოზიციას აკონტროლებს, რათა მათი ხელით საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს. თუმცა მმართველ პარტიაში ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავენ, ვინ არიან ამ მისტიკური ძალების სათავეში.
რატომ შეიძლება იყოს აზრმოკლებული საქართველოში მეორე ფრონტი?
რუსეთის იმპერიული ამბიციების პირობებში, სამხედრო აგრესიის საფრთხე ყოველთვის იარსებებს, მით უფრო, ომის საფრთხე უკავშირდება ქვეყანას, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% და ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალითაა წარმოდგენილი. ამ მოცემულობით ხელსაყრელი ვითარება ომის საშიშროებაზე დაფუძნებული კამპანიისთვის ისედაც არსებობს, რომელიც სიმართლის ელემენტს შეიცავს — რუსეთისგან მომავალ პერმანენტულ საფრთხეს. რაც ამ მოცემულობას ემატება არის პოლიტიკური მდგენელი, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას აიძულებდნენ რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნას.
თუ განვიხილავთ სცენარს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მიზანი არსებობს, რამდენად შესაძლებელია საქართველომ ის ამოცანები შეასრულოს, რაც, როგორც წესი, ისტორიულად მეორე ფრონტს აქვს? მეორე ფრონტის არსი, ხანგრძლივი კონფლიქტის პირობებში, მოწინააღმდეგის ძალების დაყოფას და სხვადასხვა მიმართულებით გაბნევას გულისხმობს. ქვეყანა სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაწეული მინიმალური დანახარჯით, შეძლებს თუ ვერა რუსეთისთვის ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევას?
შედარებისთვის, სამხედრო დანახარჯებით საქართველო რეგიონის ორ ქვეყანას, სომხეთს და აზერბაიჯანს, ჩამორჩება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რომელიც ბოლოს 2023 წელს განახლდა, თავდაცვის დაფინანსებამ სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5% შეადგინა, აზერბაიჯანის მიერ სამხედრო შესაძლებლობებისთვის გამოყოფილი ფინანსები მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6%-ია, მაშინ, როცა საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით მხოლოდ 1.7%-ს შეადგენს. ბოლო 10 წლის ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2.1%-ზე მაღალი არც არასდროს ყოფილა.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის უკანასკნელი მონაცემებით კი, რომელსაც ნაწილობრივ დაეყრდნო მსოფლიო ბანკის სტატისტიკაც, 2024 წელს ამ მაჩვენებლით რეგიონში კვლავ სომხეთი ლიდერობს 5.5%-ით, აზერბაიჯანი მეორე ადგილზეა 5%-ით, საქართველო კი კვლავ ბოლო ადგილს იკავებს თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1.9%-იანი დანახარჯით.
თავდაცვისა და უსაფრთხოების მკვლევარი, ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის” წარმომადგენელი, გიორგი ანთაძე მიიჩნევს, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოს შემთხვევაში იქნება ძალიან ხანმოკლე „ავანტიურა” და ვერანაირ სამხედრო ლოგიკას ვერ დაექვემდებარება:
„ჩვენ ვერ შევასრულებთ მეორე ფრონტის ფუნქციას კლასიკური გაგებით. ხანგრძლივად აქ წინააღმდეგობა ვერ იქნება. ჩვენ არც ტერიტორია გვაქვს, არც რესურსები გვაქვს, არც ინფრასტრუქტურა, არავინ ამისთვის არ არის მზად,”- ამბობს ანთაძე.
„ქართულ ოცნებას” პირდაპირ არ დაუსახელებია, ვინ დგას იმ ძალების უკან, ვისაც საქართველოს ომში ჩათრევა სურს, თუმცა სტრიქონებს შორის, ისრები სწორედ დასავლეთისკენაა მიმართული. გარდა ამისა, რომ ეს რაციონალურადაც პარადოქსი იქნებოდა, რამდენადაც საქართველოს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო წინააღმდეგობის გაწევის რესურსი არ აქვს, ანთაძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს სურს ქვეყნის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, რაც აბსურდულად გამოიყურება:
„გამოდის, დასავლეთს სურს, რომ რეგიონი რუსეთს გადააბაროს. „ქართული ოცნება“ ისედაც ანტიდასავლური გზით მიდის, თუ [დასავლეთს სურს] საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში იყოს, რაღას წვალობს მაშინ ამდენს?! სულ არ სჭირდება ხელის განძრევა, ამ გზას ვადგავართ ისედაც, მისტიკაა”.
შესწევს თუ არა თავად რუსეთს პარალელური ომის ძალა?
როცა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ვაშინგტონი კიევის დაცემას ომის დაწყებიდან 72-დან 96 საათამდე ვარაუდობდა. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ სამდღიან ბრძოლას 15 000 უკრაინელი და 4 000 რუსი სამხედრო შეეწირებოდა. ბაიდენის ადმინისტრაციას პრეზიდენტს ზელენსკის ევაკუაციის გეგმაც მზად ჰქონდა.
ზელენსკის უკრაინა არ დაუტოვებია, როგორც მაშინ ამერიკული მედია წერდა, უკრაინის პირველმა პირმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ მას შეიარაღება სჭირდებოდა და არა ტრანსპორტირება. ომი კი ქვეყანაში უკვე მესამე წელია გრძელდება.
მოგვიანებით აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა აღიარეს კიდეც, რომ უკრაინის თავდაცვისუნარიანობა სათანადოდ ვერ შეაფასეს. აშშ-ის თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს (Defense Intelligence Agency) დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა, სენატის სადაზვერვო კომიტეტზე მოსმენისას განაცხადა, რომ მისი შეფასება რამდენიმე ფაქტორს ეფუძნებოდა, მათ შორის, მოსაზრებას, რომ უკრაინელები არ იყვნენ სათანადოდ მომზადებულები ომისთვის — „ამიტომ მე ეჭვქვეშ ვაყენებდი მათ სურვილს, ებრძოლათ. ეს ჩემი მხრიდან არასწორი შეფასება იყო, რადგან ისინი მამაცად და ღირსეულად იბრძვიან” — ამბობდა აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანი 2022 წლის მარტში.
ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე, რომელიც ამ თანამდებობას 2013-2021 წლებში იკავებდა, ახლა კი Chatham House-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის უფროსი მკვლევარია, მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის სამხედრო აგრესიის ყველაზე დაბალი რისკის ქვეშ ახლა, უკრაინაში წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დროსაა:
„რუსეთმა ამ ომში პირველად ამოცანებს ვერ მიაღწია, მათ შორის, ვერ მოახერხა კიევში რეჟიმის ცვლილება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის შესაძლებლობები ძალიან შემცირდა. რამდენს შეიძლება გასწვდეს მოსკოვი? ახლა პრიორიტეტების გადაფასება ხდება. პუტინს შეიძლება საბჭოთა კავშირის დონის ამბიციები აქვს, მაგრამ ამგვარი შესაძლებლობები მოსკოვს არ გააჩნია”.
საბანაძე მიიჩნევს, საქართველოზე რუსეთის თავდასხმის რისკი თავისი ინტერესების წინ წასაწევად ამ ომის პერიოდში ყველაზე ნაკლები იყო:
„შეიძლება პარადოქსულია, მაგრამ იმიტომ, რომ ახლა ამის რესურსები და დრო არ აქვს. ამას სჭირდება ძალების აქეთ გადმოსროლა, ძალების გადმოსროლა ერთი მიმართულებით, ნიშნავს მეორე მიმართულებიდან წამოღებას. მეორე ფრონტი ყველაზე ნაკლებად ახლა რუსეთს აწყობს”. - აღნიშნავს საბანაძე.
რუსეთისთვის უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანაკარგებით ყველაზე მძიმეა. ის 15-ჯერ აჭარბებს ავღანეთის ომში საბჭოთა არმიის და 10-ჯერ აღემატება ჩეჩნეთში რუსეთის 13-წლიან ომში მიღებულ დანაკარგს.
2025 წლის ივნისში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან უკრაინაში მილიონზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა, ან დაიჭრა. მონაცემები თანხვედრაშია ამერიკული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებთან, რომლის მიხედვითაც, ომს, დაჭრილების ჩათვლით, 950 000-ზე მეტი რუსი სამხედრო ემსხვერპლა. ამავე კვლევის მიხედვით, უკრაინის მსხვერპლი 400 000-ს აღწევს.
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სპეციალური წარმომადგენელი გენერალი კით კელოგი ამბობს, რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში:
„რუსეთი ფაქტობრივად მარცხდება ამ ომში. მათ შესაძლოა ჰქონდეთ გარკვეული წინსვლა და ამბობდნენ — წინ მივიწევთ დონბასის რეგიონში — მეტრობით წინსვლას თუ შევხედავთ როგორც წარმატებას, დიახ, ეს არის წარმატება, მაგრამ საფასური, რომელსაც ისინი ამისთვის იხდიან, უდიდესია. მათი პირველი ხაზის დანაყოფები, რომლებითაც შეეცადნენ კიევის დაკავებას თითქმის 4 წლის წინ, აღარ არსებობს. [რუსებს] ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავთ ფრონტზე დასაყენებლად. ისინი ვერ ახერხებენ მასშტაბური ოპერაციების ჩატარებას, რადგან უკრაინელები მათ დახოცავენ”.
ამ შეფასებებისა და მონაცემების ფონზე, ასევე ვხვდებით ცნობებს, რომ რუსულმა დრონებმა ნატოს წევრი ქვეყნების, პოლონეთის და ესტონეთის, საჰაერო სივრცეში შეაღწიეს, დრონების აქტივობის გამო, აეროპორტების მუშაობის დროებით შეჩერება მოუხდათ დანიასა და ნორვეგიას.
ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი გიორგი ანთაძე მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის მცდელობები გარკვეული ზეწოლის მექანიზმია და რუსეთი მუდმივად ცდილობს თამასის აწევას, მაგალითად, ბირთვული რიტორიკის შემოტანით. მით უფრო, არსებული ეკონომიკური კრიზისის და რეცესიის ფონზე, უკვე კრემლის პროპაგანდისტებიც ღიად საუბრობენ, რომ ომს ვერ იგებენ და სხვა გზების მონახვაა საჭირო:
„ცდილობს მზაობა აჩვენოს, რომ ყველაფერზეა წამსვლელი, რომ ნატოსი არ შეეშინდება. თან ასევე აჩვენებს ნატოს არც თუ ისე კარგ ფიზიკურ კონდიციას ამ ინციდენტებზე რეაგირების თვალსაზრისით. ამ მოცემულობით, [რუსეთი] დიდ კონფლიქტს ვერ დაიწყებს. ჯერ უკრაინაში დონეცკი ვერ დაუკავებია სრულად ამდენი წლის მანძილზე. უშუალოდ რუსები, „ზეტ პატრიოტები”, საუბრობენ ტელეგრამ არხების მეშვეობით, რომ ამ ომში გამარჯვება არის რთული, ან უკვე შეუძლებელი”.
მისი თქმით, ესკალაციის მცდელობა შეიძლება ასევე ემსახურებოდეს მასობრივ მობილიზაციაზე საუბრის დაწყებას და ამისთვის საინფორმაციო ნიადაგის შემზადებას:
„მობილიზაცია მათ სჭირდებათ ცალსახად, თუმცა ვინაიდან მობილიზაციის გამოცხადებას თავისი შიდა პოლიტიკურ რისკები გააჩნია, გადადგამს თუ არა პუტინი და კრემლი ამ ნაბიჯს, თქმა გამიჭირდება”.
დრონები — უკრაინის მთავარი იარაღი რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ
რუსეთი შესაძლოა განსაკუთრებულად არ ღელავდეს ცოცხალი ძალის დანაკარგზე, სწორედ ამიტომ უკრაინამ მიზანში ამოიღო რუსეთის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა — ბუნებრივი რესურსები. ამისთვის უკრაინა ადგილობრივად წარმოებულ დრონებს იყენებს.
ქვეყანა, რომელიც ომის დასაწყისში თითქმის სრულად იყო დამოკიდებული დასავლურ იარაღზე, ახლა პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, იარაღის 60%-ს ადგილობრივად აწარმოებს, მათ შორის, დრონებს, რომელთა მთავარი სამიზნე ახლა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და მილსადენებია. ნავთობისა და გაზის შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების მეოთხედს შეადგენს.
უკრაინულმა დრონებმა ბოლო პერიოდში დაარტყეს 10 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. მათ შორისაა რუსეთის ყველაზე დიდი ნავთობგადამამუშავებელი პორტი — პრიმორსკის პორტი, რომელსაც მოუწია თავდასხმის გამო ოპერირება დროებით შეეწყვიტა. პრიმორსკის პორტში რუსეთის ნავთობკომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალებია განთავსებული, სადაც დღეში 1 მილიონზე მეტი ბარელი ნავთობის ექსპორტია შესაძლებელი — რაც რუსეთის მთლიანი ნავთობწარმოების 10%-ზე მეტია.
ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოებზე დრონებით განხორციელებული შეტევების შედეგად, აგვისტოში 3.1 მილიონი ტონა ნავთობის წარმოება შეჩერდა. შედეგად კი, მხოლოდ ამ თვეში რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 17% გათიშეს. Reuters-ის გამოთვლით, სექტემბერში რუსეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის გაყიდვები შარშანდელთან შედარებით დაახლოებით 23%-ით შემცირდება.
უკრაინის ეფექტიანი წინააღმდეგობის პარალელურად, შეიცვალა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რიტორიკაც. ტრამპი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს რამდენიმე თვის წინ ოვალურ ოფისში ბრაზით ეუბნებოდა, რომ „მას კარტები აღარ დარჩა”, დღეს ამბობს, რომ უკრაინას ამ ომის არათუ მოგება შეუძლია, ასევე „თავდაპირველი საზღვრების დაბრუნება ძალიან რეალური ვარიანტია”.
მისი თქმით, რუსეთი სამ წელზე მეტია, წარუმატებლად იბრძვის, მაშინ, როცა სამხედრო თვალსაზრისით რეალურად ძლიერი სახელმწიფო ერთ კვირაში გაიმარჯვებდა — „ამიტომ რუსეთი ქაღალდის ვეფხვად გამოიყურება” — თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ რუსეთს და პუტინს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვთ და დროა, უკრაინამ იმოქმედოს.
რუსეთის ეკონომიკას უკრაინაში წამოწყებული ომი რომ ძვირი „უჯდება”, მოწმობს რიცხვებიც, მართალია 2023-24 წლებში ომისა და ამის გამო დაკისრებული საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკის ზრდა 4%-ს აღემატებოდა, თუმცა მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2025 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მხოლოდ 1%-ითაა ნავარაუდევი, 2026 წელს კი 1.6%-ით.
რუსეთის დასუსტებული პოზიციონირება სამხრეთ კავკასიაში და რეგიონის ბუნდოვანი მომავალი
„ვფიქრობ, პრეზიდენტი ერდოღანის დამსახურებაა სირიის ყოფილი ლიდერისგან [ბაშარ ალ ასადისგან] გათავისუფლების წარმატებული ბრძოლა. ის თავის დამსახურებად არ თვლის, მაგრამ სინამდვილეში ეს დიდი მიღწევაა”, - ამ სიტყვებით მიმართა ოვალურ ოფისში მყოფ მედიის წარმომადგენლებს დონალდ ტრამპმა, როცა 25 სექტემბერს ვაშინგტონში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს უმასპინძლა.
ერდოღანს ტრამპის ენთუზიაზმი არ გაუზიარებია, მეტიც, უხერხული სიჩუმით ისმენდა ამერიკის პრეზიდენტის კომპლიმენტებს, თუმცა დასავლურ მედიაშიც ღიად საუბრობენ, რომ პუტინის მთავარი მოკავშირის, ბაშარ ალ ასადის, დამხობას თურქეთი ორკესტრირებდა, უკრაინის ომში ჩართულმა რუსეთმა კი ამის შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთა. შედეგად, ახლო აღმოსავლეთზე რუსეთის გავლენის დასუსტებით პოზიციები სწორედ თურქეთმა გაიმყარა.
თურქეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამხრეთ კავკასიის რეგიონშიც. მისგან მხარდაჭერილმა აზერბაიჯანმა 2023 წლის 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღს შეუტია და კონფლიქტის დაწყებიდან 24 საათში ბაქომ რეგიონზე კონტროლი სრულად აღიდგინა. დამდგარი შედეგი აღიარა სომხეთმაც. მოსკოვის ქოლგის ქვეშ მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სომხეთის დასაცავად მისმა ისტორიულმა მოკავშირე რუსეთმა ბევრი ვერაფერი შეძლო.
2023 წლის მოვლენების შემდეგ სომხეთი ОДКБ-სგან დისტანცირდა — ჯერ წარმომადგენელი გაიწვია, მოგვიანებით კი საწევრო გადასახადის შეტანაზეც განაცხადა უარი. ფაშინიანი ორგანიზაციიდან სრულად გასვლასაც არ გამორიცხავს. რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.
მეორე მხრივ, ურთიერთობები დაიძაბა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორისაც. 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში კატასტროფა განიცადა აზერბაიჯანულმა სამგზავრო ბორტმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის ჩამოვარდნაში, რომელსაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთი ღიად დაადანაშაულა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთი გავლენის შემცირებაზე მიანიშნებს, გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით, თეთრ სახლში ხელმოწერილი სამმხრივი შეთანხმება აშშ-ს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის. ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის ერთობის მიღმა დარჩა ვლადიმერ პუტინი, რომელიც მანამდე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის მთავარი მედიატორი იყო.
რეგიონში რუსეთის გავლენების შესუსტების ნიშნებს ხედავს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, თუმცა რადიკალური ანტირუსული ნაბიჯების გადადგმას თურქეთისგან არ ელის:
„მიუხედავად საკუთარი ინტერესებისა, თურქეთს რუსეთის ძალიან დასუსტება და მისი ამ რეგიონიდან სრულიად გასვლა არ აწყობს. რუსეთი თურქეთისთვის ერთგვარი გეოპოლიტიკური სავაჭრო ფაქტორი და სიტუაციის დამაბალანსებელი ძალაცაა და აქედან გამომდინარე, რადიკალური ანტირუსული ნაბიჯების გადადგმისაგან თურქები, რამდენადაც შესაძლებელი იქნება, თავს შეიკავებენ” - აღნიშნავს ბაკურაძე.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის გავლენები სომხეთსა და აზერბაიჯანზე სუსტდება, „ჯეოქეისის” მკვლევარი გიორგი ანთაძე აღნიშნავს, რომ კავკასიის გასაღები ყოველთვის თბილისი იყო, თბილისზე კი მოსკოვს მზარდი გავლენა აქვს:
„პირველი რეაგირება აუცილებლად იქნება სომხეთში არჩევნებზე. საქართველოში კი სანამ პოლიტიკური სიტუაცია უცვლელია, რუსეთი მეტ-ნაკლებად მაინც აბალანსებს ამ რეგიონში არსებულ სიტუაციას”.- ამბობს ანთაძე.
რეგიონში ძალთა ბალანსის ცვლილების ფონზე, საქართველო დასავლეთისგან სრულად იზოლირებულია — ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამასთან, სომხეთი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს იწყებს მაშინ, როცა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დაკარგვის საშიშროება რეალურია. პარალელურად, საქართველოს ხელისუფლებისგან ყოველდღიურად ისმის ანტიდასავლური განცხადებები, მათ შორის, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაზე.
„2022 წელს ყველა და ალბათ „ქართული ოცნებაც“ ელოდა, რომ რუსეთი უკრაინას მალე დაამარცხებდა, კიევი დაემხობოდა და რეგიონში განსხვავებული გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნებოდა. ეს ომი კი რუსეთისთვის გაიჭედა. რუსეთისთვის მთავარი უკრაინაში წარმატებაა და სხვა მიზნებზე მას ძალა აღარ ჰყოფნის”.- ამბობს ნატა საბანაძე.