წყალტუბო|დავიწყებული სამოთხე

ფოტოგრაფი: გიორგი ბერძენიშვილი
26.10.22
გამოცემა: მომავალი

ერთი შეხედვით ძნელია დაიჯერო, რომ დაბა წყალტუბო ათეული წლის წინ საქართველოში ყველაზე ძვირფასი კურორტი იყო. თბილისიდან 240 კმ-ის დაშორებით, ხეობაში ჩაძირული ყურე, საბჭოთა პერიოდში ასობით ათას ტურისტს მასპინძლობდა. ამ დროს იყო მისი ‘ოქროს ხანა’.

ის აერთიანებდა ორ ათეულ სანატორიუმს, პანსიონატს, აბანოს, კვლევით ცენტრს. მოსკოვის მატარებლის საკუთარი ხაზიც კი ჰქონდა. წყალტუბო, რომელსაც უახლოესი ქალაქიდან 7 კილომეტრი აშორებდა, ტურისტებით ისეთი დატვირთული იყო და შესაბამისად, ისეთი მდიდარიც, რომ ადგილობრივები როგორც იხსენებენ, ფულს დათვლის ნაცვლად, სასწორით წონიდნენ.

“საბჭოთა კავშირში წარმოებულ ნებისმიერ ნივთს იპოვიდით აქ. ტყეში ხეებიც კი არაამქვეყნიური, იდუმალი იყო. ნიჭიერი პეიზაჟისტები მათ ცხოველებად გარდასახავდნენ - დათვებად და კურდღლებად,” იხსენებს 64 წლის რეზო მუშკუდიანი, წყალტუბოს მკვიდრი.

მისი მთავარი ღირსება ქიმიური ელემენტი რადონით გაჟღენთილი წყალი იყო, რომელიც მინერალური წყაროებიდან უხვად მოედინებოდა. “უკვდავების წყალს” ეძახდნენ და ყოველწლიურად, 22 სანატორიუმის ასობით ათას დამსვენებელს და საბჭოთა ელიტას მკურნალობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წყაროები და გარკვეულწილად, სანატორიუმებიც ადგილზეა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის წყალტუბოს დიდება მაინც წარსულშია.

ძველი საბჭოთა მოზაიკა სანატორიუმ 'აიაში'

დიდებული კავკასიონის მთების წინ დაბუდებული წყალტუბო, ქალაქ ქუთაისთან და სათაფლიას ნაკრძალთან არის ახლოს. როგორც ქართველი ისტორიკოსი ნიკო ბერძენიშვილი ამბობს, მისი უნიკალური წყაროები პირველად მე-7 - მე-9 საუკუნეში დააფიქსირეს, თუმცა კურორტად ეს ადგილი 1930-იან წლებამდე არ უღიარებიათ. ამ დროს საბჭოთა ხელისუფლებამ ეს ტერიტორია დიდი პარკისთვის შეარჩია. ათწლეულების განმავლობაში პარკის გარშემო უფრო მეტი სანატორიუმი, პანსიონატი, აბანო და კვლევითი ცენტრი გაშენდა. რადგან საბჭოთა ელიტაში სამკურნალო წყლებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, წყალტუბო წარმოების ცენტრადაც იქცა, მიწათმოქმედებიდან დაწყებული, სამთო მოპოვებით დასრულებული.

სამკურნალო წყლების გარდა, ადამიანებმა აქ სხვა სამყარო აღმოაჩინეს,” იხსენებს რეზო მუშკუდიანი, ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც სტუდენტობისას ერთ-ერთ სანატორიუმში მუშაობდა.

“ქალაქი სიყვარულით იყო სავსე… ბევრი რესტორანი მუშაობდა, კინოც იყო, გასართობიც, ყველა სანატორიუმს ერთი საცეკვაო დარბაზი ჰქონდა. მიმდებარე ქალაქებიდან საღამოს გასატარებლად წყალტუბოში გადმოდიოდნენ; ყოველ ღამე დაინახავდი ფეხით მოსეირნე ადამიანებს, რომლებიც გვიან ქუთაისში, ხონში და სხვა ქალაქებში ბრუნდებოდნენ.” 

მატარებლები ყოველდღიურად დადიოდნენ და იმაზე მეტი დამსვენებელი მოჰყავდათ სანატორიუმებში, ვიდრე ისინი დაიტევდნენ, ამიტომ ადგილობრივებს ხშირად ოთახების დაქირავებაც უწევდათ.

რეზო ამ დროს ისე იხსენებს, როცა ყველას საკმარისზე მეტი ჰქონდა - სამუშაო ადგილებიც იყო და ფულიც არავის უჭირდა. 

“მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდა აქ ხალხი ქსოვილების, ჭაღების, სანელებლების, კონსერვების, მურაბების, ჩაის, წვენის, კონიაკის, ღვინის, ფეხსაცმლის, სარეცხი ფხვნილებისა და კიდევ სხვა ათასი რამის საყიდლად,”ამბობს რეზო.

მიტოვებული ჩაის ფაბრიკა

“პროდუქტი იმდენი გვქონდა, აღარ ვიცოდით სად შეგვენახა. იმ მთის ძირს რომ ხედავთ, იქამდე იყო ჩაის პლანტაციები გადაჭიმული. მარტო წყალტუბოში ჩაის ოთხი ფაბრიკა მუშაობდა. ჩვენი ჩაი საუკეთესოდ ითვლებოდა. ძალიან ცნობილი და პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.”

საბჭოთა პერიოდის ძველი სატვირთო მანქანები ყოფილ ავტოფარეხში.

მერე ყველაფერი გაჩერდა. 

1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კურორტს სტუმრების ნაკადის შემცირება ძალიან დაეტყო. ამას 1992-1993 წლებში აფხაზეთი-საქართველოს ომიც მოჰყვა, 1200-მდე დევნილი ოჯახი სანატორიუმის შენობებმა შეიფარა. გამოსავალი, რომელიც დროებითი უნდა ყოფილიყო, 30 წელი გაგრძელდა.

ეს წლები მძიმე იყო როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დევნილებისთვის.

“არაფერი წამოგვიღია იქიდან, ხელცარიელები მოვედით და აქაურობაც ასეთივე დაგვხვდა. სიღარიბეში ჩაფლული, უმძიმესი სიტუაცია იყო, ხალხს შიოდა,” იხსენებს დალი ჟვანია, რომელიც ომის დროს აფხაზეთიდან გამოიქცა და წყალტუბოში  დასახლდა.

“არაფრის შესაძლებლობა არ იყო.”

რეზოს ეს დრო ახსოვს, როგორც პერიოდი, როცა ადგილობრივები და დევნილები ზუსტად ერთნაირი გამოწვევების წინაშე იდგნენ.

“ხალხი ბედნიერ და უზრუნველ ცხოვრებას იყო მიჩვეული და უცებ, ყველა უმუშევარი დარჩა. ადამიანები, რომლებიც სანატორიუმებში, სოფლის მეურნეობაში, ფაბრიკებში მუშაობდნენ, სამსახური დაკარგეს. მერე ბევრი წავიდა წყალტუბოდან. აღარ ღირდა უკვე გაჩერება. ამ ქალაქთან ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ. კი იყო ერთ დროს ძალიან ლამაზი, თუმცა, თავის გატანა და გადარჩენა ძალიან გაჭირდა.”

წლების განმავლობაში იცვლებოდა ქალაქი. ნელ-ნელა დაცარიელდა. 1989 წელს 17.400 მოსახლიდან 2014 წელს 11.281 იყო. მათგან თითქმის ნახევარი - 5000 - აფხაზეთიდან დევნილი. 

“როგორც კი საშუალება მიეცათ, ადამიანები ოჯახების სარჩენად საზღვარგარეთ წავიდნენ. მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ. ახალგაზრდები, ძირითადად, იტალიაში, საბერძნეთსა და გერმანიაში. სხვა შემთხვევაში, არც კი ვიცი რა მოხდებოდა აქ,”იხსენებს დალი.

ყველა მთავრობა წყალტუბოს აღორძინებას გეგმავს, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე დაპირებას თუ მოჰყვა კონკრეტული შედეგი. მაგალითად, 2012 წელს, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ოთხ წელიწადში წყალტუბო ევროპის საუკეთესო კურორტი გახდებოდა. მაგრამ, 2015 წლისთვის მხოლოდ ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ჩატარდა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში.

2021-2022 წლებში თითქმის ყველა დევნილ ოჯახს ბინა საკუთრებაში გადასცეს. შესაბამისად, დაიცალა ძველი სანატორიუმების შენობები, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ქართული ოცნების მთავრობის 2022 წლის გეგმისკენ, რომლის მიხედვითაც, ეს შენობები დიდი საინვესტიციო პროექტისთვის - წყალტუბოს ახალი სიცოცხლე -  ინვესტორებს უნდა მიჰყიდონ. ამ დროისთვის 14 სანატორიუმია აუქციონზე გატანილი, აქედან ორი უკვე გაიყიდა. 

“წყალტუბოს იმედი ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ძველი დიდების დასაბრუნებლად ბევრი ფულია საჭირო. ადგილობრივებს თუ დაასაქმებენ და აქ ხალხს დააბრუნებენ, აღდგენაც მაშინ დაიწყება. ახლა ქუჩები ცარიელია…აღარავინ დარჩა, მხოლოდ მოხუცები.”


ფოტო პროექტი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Chai Khana-ს პოზიციას.

 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია