ჩემი ენის საზღვრები ჩემი სამყაროს საზღვრებია

ავტორი: ლელა ჯობავა, , ილუსტრატორი: თინა ჩერტოვა
16.11.22
თემა: მომავალი

ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ, სიტყვები და გამონათქვამები, რომლებსაც ჩვენ მეტყველებაში ვიყენებთ, განსაზღვრავს ყველაფერს: ჩვენი კულტურიდან და ტრადიციებიდან დაწყებული, ურთიერთობებით დამთავრებული. ენა შეიძლება გამოვიყენოთ ხალხის, ერების, ეთნოსებისა და სუბეთნიკური ჯგუფების გაერთიანებისთვის, ან პირიქით, მათი დაშლისთვის.

ეს იმაზე ცხადად არსად იგრძნობა, როგორც ჩემს მშობლიურ ქალაქში - გალში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აფხაზეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მის სტატუსთან დაკავშირებული სისხილიანი ომის შემდეგ, რეგიონს დე ფაქტო  ხელისუფლების ლიდერები მართავენ. ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც მანამდე აფხაზეთში უმრავლესობას წარმოადგენდა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიქცა. 

1993 წელს, 31 სექტემბრის მერე, როცა ომი დამთავრდა, მოხუცების მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა აფხაზეთში. ძირითადად ისინი, ვინც სახლი ვერ დატოვა. ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წამოვიდა. 1994 წლის შემდეგ კი, როცა აფხაზეთში სიტუაცია შედარებით სტაბილური გახდა, ომის დროს დევნილმა გალელებმა სახლებში დაბრუნება დაიწყეს.

ზუსტი სტატისტიკის მოძიება რთულია, თუმცა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით,  40 000-დან 60 000-მდე ქართველი დაბრუნდა აფხაზეთში.  ეს რიცხვიც გამუდმებით იცვლება, რადგან მათი ნაწილი მუდმივად გალში არ ცხოვრობს. ისინი ჩადიან ქალაქში ან სოფლებში, რომ სახლზე იზრუნონ და საფლავებს მოუარონ.  

რთულია იმის დადგენაც, ზუსტად რამდენი ქართველი ცხოვრობს დღეს გალში და გალის რაიონში. მძიმე სოციალური პრობლემების გამო, 90-იანი წლების ბოლოს აფხაზეთში დაბრუნებულმა ქართველების დიდმა ნაწილმა ისევ დატოვა აფხაზეთი. აფხაზური წყაროების მიხედვით, დაახლოებით, 30 000 ადამიანი ცხოვრობს დღეს გალში.  

როცა 2000-იან წლებში გალში ვიზრდებოდი, ქართველები ჯერ კიდევ თავისუფლად ლაპარაკობდნენ ქართულად. რაიონის ყველა სკოლაში ქართულად ასწავლიდნენ, სახლშიც მთავარი საკომუნიკაციო ენა ქართული იყო. მაგრამ, პანდემიის პერიოდში, როცა ორი წლის შემდეგ გალში ჩავედი, რადიკალური ცვლილებები შევამჩნიე. ჩემი ბავშვობის ქალაქი სხვანაირი იყო - განწყობა და ატმოსფერო ძალიან დამძიმებული. თავი უცხოდ ვიგრძენი. 

ნაცნობ ქუჩებში სეირნობისას, ახლად მოჭრილი ბალახის სურნელით გაჟღენთილი, რომელიც სხვათაშორის, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მოგონებაა, შევამჩნიე, რომ ადგილობრივები, ძირითადად, რუსულად ლაპარაკობდნენ. ბავშვებიც კი, ქართულად ან მეგრულად კი არა, რუსულად. ვერაფრით მივხვდი, როგორ დაუშვეს ეს მშობლებმა. ძალიან ცხადი იყო, რომ ქართულ ენას ყოველდღიურ კომუნიკაციაში აღარ იყენებდნენ. სამაგიეროდ, მოზარდები და ბავშვები თავიანთი აზრის გადმოსაცემად ქართულ, რუსულ და მეგრულ ენებს  ერთმანეთში ურევდნენ.

“ძალიან სევდიანი ამბები ხდება გალში,”ამბობს ანა, რომელიც გალში ცხოვრობს.

“ჩვენ ქართველებმა, ვინც აქ ვცხოვრობთ, დავკარგეთ ჩვენი იდენტობა და ენა. ერთადერთი, რაც გვაკავშირებს ის არის, რომ ერთმანეთს მეგრულად ველაპარაკებით. ხალხი ვერც ხვდება,  რატომ უნდა ილაპარაკოს ქართულად…”

ენათმეცნიერი დიანა კაკაშვილი ფიქრობს, რომ ენა არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი საზოგადოებაში მიკუთვნებულობის განცდის გასაძლიერებლად. 

“ენა და კულტურა ერთმანეთისგან განუყოფელია. ჩვენ ვერ ვიტყვით, ენა განსაზღვრავს კულტურას თუ კულტურა განსაზღვრავს ენას,” ამბობს დიანა. 

“ენაში მთელი ღირებულებებია ჩადებული. მისალმება რომ ავიღოთ მაგალითად, შევამჩნევთ, ვინ ამბობს “მშვიდობას” და ვინ ამბობს “გამარჯობას”. ეს კარგი ილუსტრაციაა იმისთვის, თუ როგორ შეიძლება ენა კულტურას ასახავდეს. თუ სოციალურ ჯგუფთან საერთო ენა არ მაქვს, ძნელია ამ ჯგუფთან მიკუთვნებულობის განცდა გამიჩნდეს.”

ანას ოჯახში ძალიან ცდილობენ სახლში ქართულ ენაზე ილაპარაკონ, განსაკუთრებით კი 5 წლის შვილთან.

“ბევრი მიფიქრია ენაზე, ეს ჩემთვის და აფხაზეთში მცხოვრები ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ აქ ქართულად იმიტომ კი არ ვლაპარაკობ, რომ ვინმეს რამე დავუმტკიცო, არამედ იმიტომ რომ მინდა ვიცოდე, ვინ ვარ. ადამიანი საკუთარ იდენტობას თვითშემეცნების გზით სწავლობს.”

თუმცა, იმის მიღწევა, რომ მისი შვილი მშობლიურ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდეს, საკმაოდ რთული ბრძოლაა.

1992-1993 წლების ომის შემდეგ, რაც აფხაზეთი დე-ფაქტო რესპუბლიკა გახდა, რეგიონში აფხაზური ენის პოპულარიზაცია დაიწყეს. აფხაზურ ენაზე რესურსების სიმწირის გამო, რუსული სკოლებშიც და მთავრობაშიც კომუნიკაციის მთავარი ენა გახდა. თუმცა, გალში რამდენიმე სოფელი მაინც იყო, სადაც ჯერ კიდევ ქართულად ასწავლიდნენ. 2015 წელს მიდგომა შეიცვალა და აფხაზეთის ხელისუფლებამ ყველა სკოლის სასწავლო პროგრამის რუსულ ენაზე გადაყვანა მოითხოვა. 

ახალი პოლიტიკის მიხედვით, გალის მუნიციპალიტეტის სკოლებში ქართული ლიტერატურის გაკვეთილს მხოლოდ ერთი საათი ეთმობა. მასწავლებლების უმრავლესობას ქართული განათლება აქვს, ამიტომ რუსულ სასწავლო გეგმაზე გადასვლა მათთვის, ისევე როგორც მოსწავლეებისთვის, რთული აღმოჩნდა. მაგალითად, მაღალი კლასის მოსწავლეები, რომლებიც მანამდე ყველა საგანს ქართულ ენაზე სწავლობდნენ, უცებ რუსულზე უნდა გადასულიყვნენ. შვიდი წლის შემდეგ ამის გავლენა აშკარაა.

ანა უშუალოდ ხედავს, როგორ აისახა ეს პოლიტიკა ახალ თაობაზე. ეს მისთვის განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა თავისი შვილი საბავშვო ბაღში მიჰყავს.

“ქართველი ბავშვების 80% ქართულად არ ლაპარაკობს. მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც ქართული ესმით, მაგრამ კომუნიკაციის ძირითადი ენა რუსულია, რადგან ქართულად ლაპარაკი აკრძალული აქვთ. ვფიქრობ, რომ აფხაზები ამ საკითხთან მიმართებით უფრო მოქნილები უნდა იყვნენ და ჩვენს ენაზე  ლაპარაკის შესაძლებლობას გვაძლევდნენ. ეს მათაც გაუადვილებდა საქმეს.”

განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე აღნიშნავს, რომ ენის საკითხი, განსაკუთრებით კი სწავლების საკითხი, დიდი ხანია სენსიტიური თემაა აფხაზებისთვის.

“ყოველთვის ეს არგუმენტი იყო ხოლმე: ქართველებმა ჩვენი აფხაზური სკოლები 1945-1953 წლებში გააუქმეს. თუ ეს პრობლემად მიგაჩნიათ, როგორ შეგიძლიათ ახლა მხარი დაუჭიროთ იმას, რაც გალში ხდება? როგორ შეიძლება ამ პოლიტიკის გატარება, თუ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევ, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო განვითარებას? ერთადერთი არგუმენტი ის იყო, რომ მეგრულისგან განსხვავებით, ქართული მოსახლეობისთვის მშობლიური ენა არ ყოფილა. ჩვენ ვამტკიცებდით, რომ სხვისი მშობლიური ენის შეზღუდვა ბარბაროსობაა. ამ საკითხზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია,”ამბობს შალვა ტაბატაძე.

“ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდა წარმოდგენა, შესაბამისად, არც პოლიტიკა და პროგრამა, როგორ უნდა დაეჭირა მხარი და გაეძლიერებინა მშობლიური ენა გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში. ისინი მხოლოდ იმაზე რეაგირებენ, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან ერთად აკეთებს.”

თუმცა, იყო წარმატებული ინიციატივებიც, რომელმაც დადებითი გავლენა იქონია. მაგალითად, გალელი ბავშვების საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხვა და  სამეგრელოში მათთვის უფასოდ ქართული ენის შესწავლა.

2011-2015 წლებში, 120 სკოლის მოსწავლე ესწრებოდა ყოველდღიურად ქართული ენის კურსებს. თუმცა, აფხაზეთის  გამკაცრებულმა პოლიტიკამ “საზღვრის” კვეთაზე, პანდემიის პარალელურად, თითქმის შეუძლებელი გახადა პროგრამის გაგრძელება.

შალვა ტაბატაძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაკარგა შანსი გალში მცხოვრებლებისთვის ამ მიმართულებით უფრო პრაქტიკული და ალტერნატიული გადაწყვეტილებები შეეთავაზებინა.

“2015 წლიდან, როცა ქართულად განათლების ბოლო წელი გამოცხადდა, გალში ონლაინ სწავლა მაშინვე უნდა დაწყებულიყო. დისტანციური სწავლება განათლების სისტემის მომავალია და ეს ინსტრუმენტი გალში აუცილებლად უნდა გამოგვეყენებინა,”ამბობს შალვა ტაბატაძე.

ასეთი პოლიტიკის არარსებობის შემთხვევაში, ანას მსგავსად სხვა მშობლებიც მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე არიან. ენათმეცნიერი დიანა კაკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ გავლენას თაობები სულ მალე იგრძნობენ.

“წარმოიდგინე რა რთულია, როცა შენს ენას კარგავ. რუსულ-მეგრულ-ქართული ენობრივი გარემო ბავშვის კულტურულ კუთვნილებაზე აუცილებლად იმოქმედებს.”

ანა ძალიან განიცდის, რომ ქართული ენა უკვე ქრება. “ამ ენაზე უკვე აღარ ლაპარაკობენ გალში,”გვეუბნება ანა.

“თუ ენაზე მზრუნველობა და სიყვარული ოჯახიდან არ მოდის, ეს სიყვარული ქრება და შენი იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელიც იკარგება. რამდენი ენაც არ უნდა ისწავლო, ის მაინც ვერ ჩაანაცვლებს მშობლიური ენის არცოდნას.”


სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული ყველა მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და Chai Khana-ს პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია