მოსწავლეები შიმშილის ზღვარზე - რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო სკოლებში კვებას?

ჟურნალისტი: მარიამ ჯაჭვაძე, , ილუსტრატორი: თინა ჩერტოვა
11.01.23

"Საკვები უნდა იყოს მაქსიმალურად მრავალფეროვანი, დღეში დაახლოებით 4-ჯერ ან 5-ჯერ უნდა მიირთვათ. სასურველია ერთსა და იმავე დროს; ყოველდღიურ მენიუში უნდა შედიოდეს რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული; სასურველია ხორციანი საკვები ორთქლზე იყოს დამზადებული. შაქარი, ტკბილეული, გაზიანი წყლები მაქსიმალურად შეზღუდეთ; არ არის რეკომენდირებული ცხარე საკვების, მაიონეზისა და კეტჩუპის დიდი რაოდენობით მიღება" - მე-6 კლასელებს ბუნებისმეტყველების გაკვეთილი აქვთ. ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთი სოფლის* საჯარო სკოლის Მასწავლებელი ვეფხია მანია ბავშვებს კვებისა და ჯანმრთელობის კავშირს უხსნის. Წიგნში ილუსტრირებული დილის საუზმით, ტკბილეულით, შუადღეს ხორცით და საღამოს ხილით,  ცდილობს ბავშვები ჯანსაღ კვებაზე და მის გავლენაზე დააფიქროს. Საშინაო დავალებასაც აძლევთ: შემდეგი გაკვეთილისთვის პრეზენტაცია უნდა მოამზადონ: რას ჭამენ დღის მანძილზე…

მომდევნო გაკვეთილზე აღმოვაჩინე, რომ კლასში ნახევარზე მეტი ხორცს მხოლოდ დღესასწაულზე ჭამს.  Სახლში კი, ძირითადად, ნახშირწყლებით - პური, ღომი, მაკარონი, კარტოფილი - იკვებებიან.  Ისეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი, გაკვეთილი შევწყვიტე.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) 2021 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) მშიერია. Საკლასო ოთახებში მშიერ ბავშვებს სწავლა უჭირთ. CTC-მ საჯარო სკოლებისგან ინფორმაცია გამოითხოვა, საიდანაც ვიგებთ, რომ საქართველოს საჯარო სკოლებში 62500-მდე სოციალურად დაუცველი მოსწავლეა, რაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 11%-ია. საერთაშორისო კვლევებისა და ეროვნული შეფასებების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევებს, დიდწილად, მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი განსაზღვრავს. Მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO) ადასტურებს, რომ დაბალანსებული კვება მოსწავლის ფიზიკური, მენტალური, ემოციური, კოგნიტური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

ახლაც ექიმთან მყავდა მოსწავლე ჩაყვანილი, მითხრა მამცივნებსო და შემეშინდა, სიცხე არ ჰქონდეს-მეთქი. Გასინჯა ექიმმა და არაფერი. დილით ჭამე? - ვეკითხები. Არა, არ მიჭამია - მპასუხობს.                Მაშინვე დავურეკე ბებიას, მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს სამუშაოდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა,” მეუბნება თეა ტალახაძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელსაც უკვე ჩვევად აქვს ყოველ დილით ბავშვებს საუზმის ამბავი გამოჰკითხოს.  Ბოლო გაკვეთილზე განსაკუთრებით უჭირს მასალის ახსნა, ამ დროს ბავშვები უკვე თავს და მუცელს იტკიებენ და ვეღარ უსმენენ. 

ერთ ცხელ შოთს  ვყიდულობ ხოლმე, რომ რამდენიმე მოსწავლემ გაინაწილოს.”

თეკლა ჭუმბურიძე თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა. სკოლა 9 კლასის ჩათვლით ახსოვს, მერე პანდემია დაიწყო და მე-10, მე-11 კლასი, ძირითადად, სახლიდან ესწრებოდა გაკვეთილებს. Სკოლაში ბუფეტიც ჰქონდათ. გრძელ ნაცრისფერ დახლზე ლობიანი, ფუნთუშა და ჰოთდოგი ელაგა. ყველაზე დიდ, 10-წუთიან დასვენებაზე, იქაურობა ბავშვებით სწრაფად ივსებოდა. ყველას ხელი ჰქონდა გაწვდილი, რომ მოესწრო და რაღაც აეღო. უნდა გაგმართლებოდა. ყველაზე ხშირად თეკლა და მისი მეგობრები მარილიან ჩხირებს ყიდულობდნენ, მაშინ ლარი ღირდა.

20 თეთრი ხომ არ გაქვს? ლარი ხომ არ შეგიძლია დამიმატო? ამ 20-20 თეთრით ხშირად ვაგროვებთ ლარნახევარს ლობიანისთვის. Ბურგერი გაგვიყვია რამდენიმე ბავშვს ლუკმებად… “მომაკბეჩინეო” უთქვამს ჩემთვის ჩემს მეგობარს.”

Საქართველოს მთავრობა საჯარო ბაღებში ბავშვების კვებას აფინასნებს, თუმცა საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფასო სასკოლო კვების პროგრამას ვერ სთავაზობს. ორი წელია მთავრობისგან გვესმის, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. 

2021 წელს Პრემიერმინისტრის ინიციატივით, უწყებათაშორისი Სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც რამდენიმე სამინისტრო: განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობის სააგენტო, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითრების სამინისტროები გააერთიანა.

აგვისტოს თვეში გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლების სამინისტროს შორის  გაფორმებული მემორანდუმი საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დასანერგად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებდა. დეკემბრის ბოლომდე განათლების სამინისტროს პროგრამის პრეზენტაციაც უნდა გაემართა, თუმცა, ამ დრომდე, მას სასკოლო კვების კონცეფცია და პროგრამის კონკრეტული მოდელი საჯაროდ განსახილველად არ წარმოუდგენია. ინტერვიუზე უარი გვითხრა როგორც განათლების სამინისტრომ, ისე ჯანდაცვის სამინისტრომაც, რომელიც  სასკოლო კვებასთან დაკავშირებით სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის აქტიური წევრია.

Მიუხედავად იმისა, რომ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 1 დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისევ გაიმეორა, რომ სასკოლო კვების კონცეფციაზე უწყებათაშორისი ჯგუფი აქტიურად მუშაობს და რომ ამ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც ჩაერთვებიან, ბავშვთა უფასო კვების პროგრამა განათლების სამინისტროს 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში არ შეუტანია.

Უფასო სასკოლო კვების რა გამოცდილება არსებობს?

კამპანია უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მოძრაობა ხმამ” 2021 წელს დაიწყო.

Მათი კვლევა “Მასწავლებლები მშიერ საკლასო ოთახში” მოსწავლეთა შიმშილს და მის გავლენას სასწავლო პროცესზე მასწავლებლების პერსპექტივიდან გვიყვება.

კვლევა უფასო სასკოლო კვების ისტორიასაც მიმოიხილავს.  ასეთი პროგრამა მე-20 საუკუნის დასაწყისში დიდი ბრიტანეთის ღარიბი უბნების სკოლებში უკვე არსებობდა. Მაშინ მთავარი აქცენტი გაჭირვებული მოსწავლეების სოციალურ დაცვაზე კეთდებოდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მაგალითად, 1940-იან წლებში, უფასო სასკოლო კვების პროგრამის მიზანი ბავშვების დაპურებასთან ერთად, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარება იყო. დღეს 160-ზე მეტ ქვეყანაში მოსწავლეები სკოლაში უფასოდ იკვებებიან. Სასკოლო კვება ხშირად უკვე ადამიანის უფლებად განიხილება. Ბრაზილიასა და მექსიკაში ის სოციალური დაცვის სისტემის ნაწილია (მოძრაობა “ხმა”, 2022). 

უფასო სასკოლო კვება არც საქართველოსთვის არის ახალი. 1921 წლის კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო უღარიბეს მოსწავლეებს დაწყებით კლასებში უფასო საკვებით მოამარაგებდა. ეს ჩანაწერი 1921 წლის კონსტიტუციის სწავლა-განათლების თავში იყო შესული,  რაც ნიშნავს იმას, რომ უფასო საკვები სწავლის პროცესის ნაწილად მოიაზრებოდა და იმისითვის, რომ მოსწავლეებს კარგად ესწავლათ, მათ სახელმწიფოსგან საკვები უფასოდ  უნდა მიეღოთ. 

Რა მიზანი აქვს უფასო კვებას საჯარო სკოლებში?

Ბევრ მიზეზს ასახლებენ დღეს, რატომ არ გვაქვს უფასო კვება საჯარო სკოლებში. Მათ შორის პირველი, ფინანსები და საკითხის კომპლექსურობაა პროგრამის მართვისა და ლოჯისტიკის თვალსაზრისით.

Პროცესი უსაშველოდ გაიწელა, თითოეული უწყების ჩართულობა ძალიან დაბალი იყო. ეკონომიკის სამინისტრო არ დაესწრო შეხვედრას - ჯერ თქვენ გადაწყვიტეთ რა უნდა აჭამოთ, როგორ უნდა აჭამოთ, ჩვენ მერე მოვალთო. ფინანსთა სამინისტრომ თქვა, თქვენ თუ გინდათ ეს ყველაფერი სახელმწიფომ დააფინანსოს, მაშინ მე გადასახადები უნდა გავზარდოო. თავიდან ასეთი შინაარსის კითხვები ისმებოდა - მენიუ რამდენჯერ შეიცვლება კვირაში? Არადა, ჯერ ჩარჩოზე არ იყო ნაფიქრი. Პროცესმა აჩვენა, რომ Პირველი მიზნის განსაზღვრით უნდა დაგვეწყო - Რატომ ვაკეთებთ ამას?!”ამბობს თაკო უგულავა, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი, რომელიც სამუშაო ჯგუფის წევრი და კონსულტანტია. 

Ჩვენ შემთხვევაში მიზანი არის სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა, განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა. დადასტურებულად ვიცით, რომ ბავშვები, რომლებსაც დაბალანსებული კვება არ აქვთ, მათი კოგნიტური, ფიზიკური, ფსიქო-ემოციური განვითარება შეფერხებულია. ვერ იღებენ განათლებას და შესაბამისად, ისევ სიღარიბეში რჩებიან. Სოციალურ პოლიტიკაში გამოსავალიც ეგ არის: ერთი მხრივ, სიღარიბეში რომ ცხოვრობ, ნორმალურად არსებობა შეძლო და მეორე, რომ ხარისხიანი განათლება მიიღო. Სასკოლო კვების პროგრამა ზუსტად ამ ორ მიზანს ემსახურება,” ამბობს რევაზ აფხაზავა, განათლების სპეციალისტი და პოლიტიკის დოკუმენტის - საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები - ერთ-ერთი ავტორი.

ერთი ბავშვის შიმშილიც კი მთელი კლასის ატმოსფეროზე ახდენს გავლენას. მასწავლებელმაც და მოსწავლემაც იცის, ვის შეუძლია შესვენებაზე მაღაზიაში გასვლა და საჭმლის ყიდვა; ვის შეიძლება ლობიანის მოტანა სთხოვოს; ვის ექნება სახლიდან წამოღებული საჭმელი… კლასში მარტო ჭამაც უხერხულობას ქმნის, ამიტომ მოსწავლეების უმრავლესობას ერიდება და სახლიდან სკოლაში არაფერი მიაქვს. თუ ცუდად გახდა მოსწავლე და ჰკითხეს: ნაჭამი ხარ? Პასუხობს, რომ “ცოტა ჭამა.” Როგორც წესი, რცხვენიათ აღიარება.

Მასწავლებლები ყველაზე უკეთ გრძნობენ იმ დაძაბულ ატმოსფეროს, რომელსაც კლასში შიმშილი და სოციალური პრობლემები იწვევს.

Ჩვენ უმცროსკლასელებთან თითქოს შევთანხდით, რომ თუ შიათ, უნდა გვითხრან. Მაღალ კლასში ვერ ამბობენ, რცხვენიათ. დილით ჭამეთ და სკოლაში ისე წამოდით-მეთქი ამას რომ ვთხოვ ბავშვებს, თან ხომ ვიცი, ვის შეუძლია ჭამოს, ვის არა?! ესეც კი უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს,”ამბობს თეა ტალახაძე, ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მასწვალებელი.

23 მოსწავლიდან 11 სოციალურად დაუცველი მყავს კლასში.  ერთხელ მერხის ქვეშ ერთჯერადი სუპები რომ არის, ანაკომის, ეგ ვნახე დაფშხვნილი. Პირდაპირ მშრალად ჰქონდა ნაჭამი. Გავიხსენე მერე ვინ იჯდა იმ მერხთან. Მე-5 კლასელ გოგოზეა ლაპარაკი, მითხრა სახლში იშვიათად გვაქვს საჭმელი, მრცხვენია და არავისთან არ თქვაო.

Ზოგიერთს მშობელი ატანს საჭმელს, მაგრამ ნახევარზე მეტს ვერ ატანენ. Როცა ნაწილი დასვენებაზე ჭამას იწყებს, ვაკვირდები ხოლმე დანარჩენები რას აკეთებენ და ძირითადად, წიგნს ჩააშტერდებიან ხოლმე.  Თავს არ წევენ, რომ არ შეხედონ,” მიყვება თბილისის გარეუბნის საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ითხოვა.

Ძალიან ღარიბი მოსახლეობაა ამ სოფელში. Ჩემს კლასში ორი სოციალურად დაუცველია. Ერთი აქედან მრავალშვილიანი ოჯახიდან არის და ჩაცმაზეც მაშინვე შეატყობთ როგორ უჭირთ. Მშობლებიც ბევრს საზღვარგარეთ ჰყავს. ზოგიერთ ბავშვს სკოლიდან სახლში წასვლა საერთოდ არ უნდა ხოლმე. Ხან პირიქით, ჩაიკეტებიან ოთახში და სკოლაში მოსვლა აღარ უნდათ. Მძიმე სოციალური ფონია. Ხშირად ცუდად არიან ფინანსურადაც, მორალურადაც, სულიერადაც, ფიზიკურადაც, Მარიამ წიფლაშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფელი უჯარმის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი (სკოლა მცირეკონტიგენტიანია). 

Მასწავლებლები პრობლემის სიმწვავის მიუხედავად, მასზე საჯარო ლაპარაკს გაურბიან. Სკოლაში უფასო საკვების მოთხოვნით ვერც მათ აქტიურობას გავიხსენებთ. Სტატიისთვის 10-მდე საჯარო სკოლის მასწავლებელს (თბილისსა და რეგიონებში) ველაპარაკე და მათგან 6-მა, სამსახურის დაკარგვის შიშით, ანონიმურად დარჩენა მთხოვა. 

Მეც გავმხდარვარ ცუდად, ექიმთან ჩამიყვანეს და პირველივე კითხვა იყო - ნაჭამი ხარ? Თუ არა, წადი და ლობიანი შეჭამეო… გამოვედი, მაგრამ ლობიანი ვერ ვიყიდე,”იხსენებს თეკლა. 

Სკოლაში დამინახავს, როგორ ჩაკეცილა გოგო  Მუცლის ტკივილისგან…ეს რომ მახსენდება, ხანდახან მაღაზიაში, ფასდაკლებების დროს, კანფეტების ცოტა მოზრდილ შეკვრას ვყიდულობ და სკოლაში  დამაქვს, დღეში ორი-სამი კანფეტი მაინც,”ანა მაღრაძე, თბილისის 53 სკოლის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე.

Მახსოვს  ერთხელ ცუდად გავხდი, დილით არ მქონდა ნაჭამი. მასწავლებელმა 2 ლარი მომცა და ბუფეტში გამიშვა. Მეორედ რომ გავხდი ცუდად, მაშინ არც მასწავლებელს ჰქონდა ფული და კლასში იკითხა, ვინმეს რამე გაქვთ, ანასტასიას რომ დავეხმაროთო? Ჩემმა დაქალმა სნიკერსი მიყიდა,” ანასტასია სანიკიძე, თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე. 

Მოსწავლეების გარდა, სკოლაში შიმშილი უწევთ მასწავლებლებსაც. განსაკუთრებით რთულია იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ორივე ცვლაში მუშაობენ. მარინა*(სახელი მასწავლებლის თხოვნით შეცვლილია) თბილისის გარეუბნის ერთ-ერთ ყველაზე მრავალკონტიგენტიან სკოლაში, სადაც 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს და 7 პარალელური კლასია, ქიმია-ბიოლოგიას ასწავლის, მე-5 კლასის დამრიგებელია. გლდანიდან ვარკეთილში პირველ გაკვეთილს რომ მიუსწროს, დილას 7 საათზე უკვე სახლიდან გამოდის.

Რა საჭმელიც არ უნდა წამოვიღო სახლიდან, ვერ შევინახავ სკოლაში, გამიფუჭდება. Არც მაცივარი გვაქვს, არც გათბობის საშუალება არის. Სულ მშრალ ულუფაზე ვართ. Მაღაზიაში პატარა ხაჭაპურიც ძალიან გააძვირეს. ამიტომ,  Ძირითადად, ყავაზე და პურზე გადაგვაქვს დღე. Ბავშვებიც იგივე დღეში არიან. Რა სწავლის ხარისხზე ვლაპარაკობთ?! Საშინელი აკადემიური მოსწრება აქვთ. Მე-5 კლასს ბუნებას ვასწავლი,  ერთ პატარა აბზაცს რომ მისცემ წასაკითხად და იმასაც ვერ გაიაზრებს…”

Მგონია, რომ შეიძლება ვკარგავდეთ თაობას, რომელსაც რთული სააზროვნო ოპერაციების შესრულება შეუძლია და გვეყოლება მხოლოდ იაფი მუშახელი, ამიტომ ძალიან დრამატულად ვუყურებ კვების საკითხს,” ვეფხია მანია, სკოლის მასწავლებელი ზუგდიდის რაიონში. 

თაკო უგულავა ხსნის, როგორ იცვლება სასკოლო კვების პროგრამის ჩარჩო იმის მიხედვით, თუ რა მიზანს დაისახავს ქვეყანა. ამის მიხედვით იცვლება საკვების შემადგენლობაც. Რადგან სკოლაში ბავშვების 70%-ი ამბობს, რომ შია და სწავლაზე კონცენტრაცია უჭირს, პროგრამის მიზანი სკოლაში ყოფნის დროს  მოსწავლისთვის ამ უნარის გაძლიერება უნდა იყოს. ამიტომ საკვებიც ისეთი უნდა შეირჩეს, რომელიც ბავშვებს დაანაყრებს. 

Ამ შემთხვევაში, ჩვენ არ გამოგვადგება რკინით გამდიდრებული პატარა ორცხობილა.  Სამუშაო შეხვედრებზე Პირველ მიზნად გამოვიტანეთ: განათლების მიზანი. Ამას სოციალური მიზანიც მოჰყვება, რომ ბავშვები შეჭირვებული ოჯახებიდან სკოლაში მაინც შეჭამენ… ამ მიზანს თუ მივაღწევთ, მოსწავლეების აკადემიური მოსწრება უნდა გაუმჯობესდეს. Სკოლის სისტემიდან ბავშვების გასვლა მინიმუმამდე შემცირდეს.

ეს ყველაფერი ჯერ ისევ  დრაფტის ფორმატშია. Ჯერ არაფერი გვითვქამს სოფლის მეურნეობაზე,  ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე.”

Რა გავლენა აქვს უფასო სასკოლო კვებას მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2021-2022 სასწავლო წელს სწავლა შეწყვიტა 8.846 მოსწავლემ,  რაც 25.5 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. Მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მოსწავლე მე-10 კლასიდან ტოვებს სკოლას.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) 2018 წლის კვლევით, კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 15 წლის ქართველ მოსწავლეებს სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი აქვთ. Მაგალითად, კითხვის კომპონენტში მიღებული ქულის მიხედვით, საქართველო ბოლოდან მე-8 ადგილზეა და უფრო ნაკლები ქულა აქვს ვიდრე: ყაზახეთს, ბაქოს, ჩრდილო მაკედონიას, ტაილანდს, საუდის არაბეთს…

ამ შედეგებზე და მის მიზეზებზე მსჯელობისას პროფესიულ თუ საჯარო დისკუსიებში, ბავშვების შიმშილს იშვიათად ახსენებენ ხოლმე. ვაკო ნაცვლიშვილისთვის (მოძრაობა “ხმის” წევრი) ეს კავშირი ცალსახაა:

Საქართველოში ბევრს ლაპარაკობენ განათლების საკითხზე, ხშირად გვესმის - არაფერი გვეშველება, თუ განათლების ხარისხი არ გაუმჯობესდება. ამ დროს ამბობენ, რომ მასწავლებლები გვყავს არაკომპეტენტურები; რომ მშობლები გვყავს ცუდი, რომლებიც ბავშვებს ვერ ზრდიან; რომ სახელმძღვანელოები გვაქვს ცუდი; რომ ლაბორატორიები არ გვაქვს სკოლებში. Გაგიგიათ ვინმეს ეთქვა, რომ ქართველი ბავშვები თანატოლებს, მათ შორის ჩვენს რეგიონში, წიგნიერების დონით ჩამორჩებიან იმის გამო, რომ მშივრები არიან?! Გსმენიათ?!”

Მაგალითად,  2005 წელს, როცა  განაში უფასო სასკოლო კვების პროგრამა დანერგეს,  სამი მთავარი მიზანი დაისახეს: 1. Შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების შემცირება 2. Სკოლაში მოსწავლეების დასწრების მაჩვენებლის გაზრდა და შენარჩუნება 3. ადგილობრივი სოფლის მეურნეობის გაძლიერება. Ბოლო მიზნით მოიაზრებდნენ იმასაც, რომ პროგამაში მონაწილე სკოლები მოგვიანებით საკუთარ მეურნეობებს განავითარებდნენ. Შედეგები ორ ეტაპად გაზომეს: 2015 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე და 2018-2019 წლებში, მცირე განახლებებით 2020 წელს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ სკოლებში, სადაც ბავშვებს უფასო საკვებს სთავაზობდნენ, იმ წელს უფრო მეტი მოსწავლე ჩაირიცხა. დანარჩენი მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც მოგვიანებით, მათ უკეთეს აკადემიურ მოსწრებაზეც აისახა. განაში, პროგრამისთვის შერჩეულ სკოლებში, ბავშვებს დღეში ერთხელ, ადგილობრივი წარმოების [ცხელ] საკვებს სთავაზობდნენ. კვლევამ დამატებით ისიც გამოავლინა, რომ ამ სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

Რა ჯდება უფასო სასკოლო კვება?

განათლების სამინისტროს საჯარო სკოლებში უფასო კვების პროგრამის სავარაუდო ბიუჯეტი არ წარმოუდგენია. 

Მოძრაობა “ხმამ” ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ნარკვევი, სადაც ერთი მოსწავლის ულუფის ხარჯი იმ მენიუზე დაყრდნობით არის დათვლილი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალურად ქართული სკოლებისთვის მოამზადა. Მენიუშია მოსწავლეებისთვის საყვარელი საჭმელი, რასაც ხშირად სკოლასთან ახლოს საცხობებში ან სკოლის ბუფეტებში ყიდულობენ: სენდივიში, ლობიანი, ხაჭაპური, მაგრამ ისე მომზადებული, რომ ჯანსაღი და დაბალანსებული იყოს. 

ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი ულუფის საშუალო ღირებულება 1.66 ლარია. შესაბამისად, ერთი მოსწავლის საკვები ბიუჯეტს წელიწადში, საშუალოდ, 266 ლარი დაუჯდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით, მხოლოდ საკვებზე დანახარჯი 144.8 მილიონი ლარი იქნება. საკვების ტრანსპორტირებაზე, შენახვაზე, დამზადებასა და სხვა მხარდამჭერი პროცესების ჩათვლით, უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი ლარი დაუჯდება.

“კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის”  მიერ მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში წერია, რომ სასკოლო კვების პროგრამის ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის პირდაპირპროპორციულია:

შესწავლილი ქვეყნების პროგრამების ანალიზი აჩვენებს, რომ ერთ მოსწავლეზე გამოყოფილი საშუალო თანხა მთელი წლის მანძილზე, საშუალოდ, 91$-ია, (დაახლოებით 242 ლარი). Ეს ციფრი დაბალშემოსავლიან ქვეყნებში 42$ (112 ლარი)-ია, საშუალო შემოსავლების ქვეყნებში - 124$(330 ლარი), ხოლო განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების შემთხვევაში კი- 242$ (642 ლარი).

უფასო სასკოლო კვების მოდელზე მსჯელობას - ვისთვის უნდა იყოს უფასო,  როგორი საკვები უნდა იყოს და რა ფორმით მიეწოდოს სკოლას?- უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა წელიწადზე მეტი დრო მოანდომა. 

დასაწყისში ლაპარაკი იყო, რომ საქართველოს ყველა სკოლაში ერთნაირი მოდელი  უნდა დანერგილიყო, თუმცა სკოლების ინფრასტრუქტურის შესწავლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სკოლების 70%-ში საჭმელი ადგილზე ვერ დამზადდება, არც შესაბამისი სივრცეა და არც პირობები.  Საბოლოოდ, რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე,  განსხვავებულ მიდგომებზე შეჯერდნენ. 

ამ დროს წარმოვიდგინეთ აჭარაში, ხულოს რაიონის მაღალმთიანი სოფლის სკოლა მაგალითისთვის, სადაც სულ 20 მოსწავლეა. ამ 20-დან მხოლოდ 5-ია დაწყებით საფეხურზე. ამ შემთხვევაში ყველა უნდა ჩაერთოს პროგრამაში. ამიტომ ვთქვით, პირველ ეტაპზე 1-დან 4 კლასის ჩათვლით მოსწავლეები მოვიაზროთ + მცირეკონტიგენტიანი სკოლები სრულად. თან გამოჩნდება რა სიძნელეები ახლავს თან,” გვეუბნება თაკო უგულავა, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვის სპეციალისტი. 

Სკოლებში საჭმლის მიწოდების ფორმებს რაც შეეხება, თაკო უგულავა ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფი საკვების კონტეინერებით (lunch box)  დარიგებისკენ იხრება, რომელშიც სენდვიჩი, სეზონური ხილი, ბოსტნეული და პატარა ბოთლით წყალი შეიძლება იყოს სპეციალური დაფასოებით.

უფასო სასკოლო კვების სამ ძირითად მოდელს სცნობს მსოფლიო პრაქტიკა. 1. როცა სკოლაში მზადდება საჭმელი; 2. როცა გამზადებული სადილის ყუთი იგზავნება სკოლებში. 3. Როცა  ვიტამინებით და მინერალებით გამდიდრებულ ე.წ. ფორთიფიცირებულ ორცხობილას აწვდიან სკოლებს რძესთან ერთად. 

Ჩვენი ქვეყნის რეალობის გათვალისწინებით, ალბათ, ამ სამი მოდელის სინთეზი გახდება საჭირო. არის სკოლები, სადაც სადილის ყუთის მიტანა გაჭირდება. ზოგიერთი სკოლა ზამთარში რაიონულ ცენტრს ისე წყდება, რომ ტრანსპორტირებაც შეუძლებელი იქნება, ასეთ სკოლებში უკეთესია თუ ფორთიფიცირებულ ორცხობილას და რძეს მივიტანთ. Იმ Სკოლებში კი, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა, ადგილზე მომზადდეს ცხელი საკვები,”ამბობს ვაკო ნაცვლიშვილი, მოძრაობა “ხმის” წევრი. 

Მოძრაობა “ხმა” ბავშვთა უფასო კვების მხოლოდ უნივერსალურ მოდელს (პროგრამას ყველა მოსწავლისთვის) უჭერს მხარს. Სხვა შემთხვევაში, სკოლებში ახალი უთანასწორობის გაჩენის საფრთხეს ხედავს. გარემოს, სადაც ერთნაირად მშიერი ბავშვებიდან ნაწილი ჭამს და ნაწილი ვერა. 

Მიზნობრივ (ვთქვათ, მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის) მოდელს დამატებით ადმინისტრაციული ხარჯი დასჭირდება. სოციალური აგენტები უნდა დავამატოთ, რომლებმაც ოჯახებში უნდა იარონ, შეაფასონ, მონიტორინგი გაუწიონ… Ნებისმიერი სოციალური დაცვის პროგრამაში მიზნობრივ პროგრამებს ადმინისტრირების უფრო მეტი ხარჯი აქვს. Ბიუჯეტის დათვლის დროს ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია.

Რეზო აფხაზავაც ფიქრობს, რომ უფასო სასკოლო კვების პროგრამა ცალსახად ყველა მოსწავლისთვის უნდა იყოს. ის საბარათე სისტემასაც ეთანხმება, როცა ყველა ბავშვს სკოლაში ერთნაირი ბარათი აქვს, რომელზეც კვებისთვის ფულია დარიცხული: სოციალურად დაუცველ მოსწავლეს თანხას სახელმწიფო ურიცხავს, დანარჩენს მშობელი. 

“თუმცა, თბილისშიც ძალიან მაღალია ღარიბი მოსახლეობის წილი. Სტატისტიკა გვეუბნება, რომ ყოველი მე-4 ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. ყოველი მე-4 თუ ასეთ მდგომარეობაშია, ეს ნიშნავს, რომ ყოველი მე-2-ც ცუდ დღეშია და ჯანსაღ საკვებზე ხელი არ მიუწვდება. Სოციალურად დაუცველის სტატუსი ზოგიერთ ოჯახს ეკუთვნის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ აქვს. Ვერც ერთი პროგრამის მოდელს საქართველოში პირდაპირ ვერ გადმოიტან. Ბევრი ცვლადია სისტემაში, რომელიც არსებითად განსაზღვრავს მის შინაარსს,” რეზო აფხაზავა, განათლების სპეციალისტი.

Სკოლებში ბავშვთა შიმშილის მიმართ სახელისუფლებო ელიტის გულგრილი და საზოგადოების ნაწილის სკეპტიკური დამოკიდებულების მიუხედავად, მოძრაობა “ხმის” გუნდს სჯერა, რომ პროგრამის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია. ისინი Პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედებისთვის, მოქმედების რამდენიმე ფორმას ირჩევენ. Მათ შორის არის სახელოვნებო აქტივიზმი. თბილისის საჯარო სკოლების 8 მოსწავლე, პოეტ და დრამატურგ ალექს ჩიღვინაძის მენტორობით, პიესაზე მუშაობს, რომელიც მოსწავლეების  შიმშილის პერსონალურ გამოცდილებებს ეფუძნება. 

თავიდან გგონია, რომ მხოლოდ შენი პრობლემაა, მხოლოდ დედაშენს არ აქვს საშუალება, რომ დღეში 5 ლარი მოგცეს. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ მარტო არ ვარ. Როცა პიესისთვის პერსონაჟებზე დავიწყეთ მუშაობა, თავიდან ვამბობდით: მოდი, ამას არ ჰყავდეს დედა; ამის დედა პურის საცხობში მუშაობდეს, ამას ძალიან უჭირდეს…დავფიქრდით მერე და მივხვდით, რომ არაფრის გამოგონება არ გვჭირდებოდა. Ჩვენი და ჩვენი მეგობრების ნამდვილი ისტორიები უნდა მოგვეყოლა. Ასე აღმოვაჩინეთ, რომ ისეთი ბავშვებიც შიმშილობენ სკოლაში, რომლებსაც დედაც ჰყავთ, მამაც და თან ორივე მუშაობს,”თეკლა ჭუმბურიძე, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.

მძიმე რეალობის გათვალისწინებით, Რეზო აფხაზავა ფიქრობს, რომ  ბავშვთა კვების პროგრამის დანერგვა ეროვნული თანხმობის საკითხი უნდა იყოს. 

დღევანდელ პოლარიზებულ გარემოში მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის განხორციელების მესაკუთრე იყოს საზოგადოება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალა. Ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და ეს დაკვეთა უნდა შეასრულოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომელიც ხვალ შესაძლოა, ხელისუფლებაში მოვიდეს.

Რადგან უფასო სასკოლო კვების პროგრამა ისევ კვლევის ეტაპზეა და არ ვიცით ზუსტად როდის და რა ფორმით დაინერგება საქართველოს სკოლებში, ვაკო ნაცვლიშვილი მთავრობის მისამართით შეკითხვას სვამს:

“თუ იმის საშუალება არ აქვს ქვეყანას, რომ ბავშვებს აჭამოს, აბა რისი საშუალება აქვს? რა არის ის, რისი საშუალებაც მას აქვს?! Აქვს საშუალება, რომ ჰყავდეს საჯარო ადმინისტრაცია? Აქვს საშუალება, რომ ქუჩების რეაბილიტაცია გააკეთოს? Აქვს საშუალება, რომ მასწავლებლები გადაამზადოს?  Ამ ფუნდამენტური პრობლემის მოსაგვარებლად თუ არ აქვს საშუალება, აბა რისი საშუალება აქვს?!”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია