დემონსტრაციებიდან სახელოვნებო სცენაზე | უსაფრთხო სივრცე ქვიარებისთვის
თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰომოფობების ჯგუფი ლგბტქი პრაიდის დემონსტრანტებს თავს დაესხა თბილისში. ამ პერიოდში მათ შედარებით უსაფრთხო სივრცის ძებნა დაიწყეს, ძირითადად ღამის კლუბებსა და ანდერგრაუნდ სცენაზე. ქვიარ არტისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ უსაფრთხო სივრცეების შექმნაში: თემის წევრებს ერთმანეთს აახლოებენ, სხვას იმედს უსახავენ, უსაფრთხოების შეგრძნებას უჩენენ და გამბედაობას უბრუნებენ.
ზოგიერთ ქვიარ არტისტს სჯერა, რომ მათი საქმე მხოლოდ ქვიარ საზოგადოებას სცდება. ადამიანების ცნობიერებაზე მუშაობენ და ხალხში ნელ-ნელა ცვლიან ქვიარ თემის მიმართ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას. თუმცა მათი ნამუშევრების საჯარო ჩვენება, რომლებიც ქვიარ ადამიანების უფლებებთან პირდაპირ კავშირშია, მაინც სახიფათოა.
აქტივისტმა და არტისტმა თეკლა თევდორაშვილმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა, როცა ინსტალაცია “გეპატიჟებით გარდერობში” მოამზადა თბილისის ერთ-ერთ პარკში, 2021 წლის მაისში. ეს იყო სახელდახელოდ აწყობილი კარადა ღია ფერებში.
“ადამიანს შეეძლო შიგნით შესვლა და ხმის მოსმენა, რომელიც მას იმ გრძნობებსა და ემოციებზე უყვებოდა, რასაც ქვიარ ადამიანები ჩაკეტილ სივრცეში განიცდიან. იმასაც გაიგებდით, რას ნიშნავს, როცა ამ სივრცეს ტოვებ,”გვიხსნის თეკლა. კარადის შიდა სივრცე სულ თეთრი იყო. ამ სივრცეში აუდიტორიას საკუთარი ამბის გაზიარებას, დაწერას ან დახატვას სთავაზობდი. ეს ინსტალაცია გამიზნული იყო არა მხოლოდ ქვიარ ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის. სხვებსაც შეეძლოთ ეს გამოცდილება გაეზიარებინათ, ან უბრალოდ, უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ,” ამბობს თეკლა. მაგრამ ეს ინსტალაცია პარკში მხოლოდ ცოტა ხნით გააჩერეს. სიძულვილის ჯგუფები თავს დაესხნენ და გაანადგურეს.

©თეკლა თევდორაშვილი

©თეკლა თევდორაშვილი

©თეკლა თევდორაშვილი
“საქართველოში ქვიარ ხელოვნების შექმნა და ჩვენება ზღვარზე სიარულს ნიშნავს. თავდასხმების თავიდან ასაცილებლად სიტყვები ფრთხილად შესარჩევია. პირდაპირ საჯარო განცხადებას საპირისპირო შედეგი შეიძლება მოჰყვეს. არ მგონია, რომ რამე უნდა დავმალოთ, მაგრამ თუ ცოტა განსხვავებულად გამოვხატავთ თავს, შესაძლოა, მიზანს უფრო მარტივად მივაღწიოთ. ამ მიდგომამ შესაძლოა ალტერნატიულ ჯგუფებს შენ წინააღმდეგ მობილიზების ინტერესი დაუკარგოს. თუმცა, თეკლას მაინც სჯერა, რომ რისკის მიუხედავად, ქვიარ არტის შექმნა და მისი ხალხამდე მიტანა ძალიან მნიშვნელოვანია.”
“ხელოვნების ძალის მჯერა, ბევრი ცვლილების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის იდეოლოგიურისაც. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქვიარ თემს აძლიერებს, თვითგამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. ისედაც ბევრი წელია უარყოფილები არიან.”
საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, რომელიც ქვიარ ადამიანებს თავიანთი თავის გამოხატვის სრულ თავისუფლებას აძლევს და საფრთხეში არ აგდებს. თბილისში ორი ასეთი გალერეაა: უსახელო გალერეა თბილისი სამი წლის წინ გაიხსნა და ადამიანის უფლებებზეა ფოკუსირებული. ძირითადი ნამუშევრები ქვიარ თემის პრობლემებს ეძღვნება. კურატორები ცენტრიდან მოშორებით, თბილისის გარეუბნებში ცდილობენ ადამიანების პოვნას და მათ სამეზობლოებში ისეთი სივრცის შექმნას, რომელიც ერთდროულად ღიაც არის და უსაფრთხოც.

©სარა ბრიკი
2022 წლის აპრილში ახალი გალერეაც გაიხსნა - “ფუნგუსი”. პროექტი დავიწყეთ ონლაინ, გვეუბნება დავით აფაქიძე, “ფუნგუსის” კოლექტივის წევრი 2020 წლიდან.
“პანდემია რომ დაიწყო, ქვიარ ადამიანები სივრცის გარეშე დარჩნენ, ამიტომ ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა მათთვის ახალი პლატფორმის შექმნა.” მართალია, პროექტი ქვიარ არტისტებისთვის შეიქმნა, მაგრამ მხოლოდ ქვიარ თემებით არ შემოიფარგლება, რადგან “ქვიარ ადამიანების პრობლემები სხვა საკითხებისგან განცალკევებით არ არსებობს,” ამბობს დავითი. ონლაინ პუბლიკაციებისა და სხვა სივრცეებში გამოფენების შემდეგ, “ფუნგუსმა” უკვე თავად დაიწყო გამოფენების რეგულარულად მოწყობა. ერთ-ერთ ბოლო გამოფენაზე ლაშა კაბანაშვილმა აჩვენა თავისი ბოლოდროინდელი ნამუშევრების კრებული სახელწოდებით “Heromachine-ის ტრაგედია.” გალერეის იატაკი ბალახით იყო დაფარული, რამდენიმე სურათი და ობიექტი ოთახში მიმობნეული. ეს საგნები მომხმარებლურ საზოგადოებას ასახავდა, გმირობის იმიჯებს, საზოგადოების ორმაგ სტანდარტებს. ლაშას ერთ-ერთი ნამუშევარი ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ სურათებს იყენებს, რომლებიც მამაკაცისა და ქალის სტერეოტიპულ წარმოდგენებს გვაჩვენებს. ხელოვნური ინტელექტი არსებული იმიჯებით იკვებება და “კულტურის კონსერვაციის” როლს ასრულებს,” გვიხსნის ლაშა. ეს გვაჩვენებს რამდენად ღრმა ფესვები აქვს ორმაგ სტანდარტს საზოგადოებაში. ლაშა ფიქრობს, რომ მათი ნამუშევრები არა-ბინარულია.
დავითი “ფუნგუსის” პროექტს პოლიტიკურს უწოდებს. “თუ ქვიარი ხარ, რასაც აკეთებ, ყველაფერი პოლიტიკურია. გალერეაში გამოფენილი ნამუშევრები არასოდეს გამოხატავს მხოლოდ ემოციებს.” თუმცა, იყო პოლიტიკური არ ნიშნავს, რომ ხილვადობა არის შენი მთავარი მიზანი. “ფუნგუსის” მანიფესტში ვკითხულობთ: “როგორც სოკოები, ჩვენ ხშირად ზედაპირზე არ ვჩანვართ, მაგრამ მიწის ქვეშ ვძლიერდებით, ვიზრდებით და მაინც ვწამლავთ.” დავითი გვიხსნის, რომ “ფუნგუსი,” როგორც ცალკე აღებული ერთი გალერეა შეიძლება ბევრს ვერაფერს ცვლიდეს, მაგრამ როდესაც ის ზრდას იწყებს, მერე ყველგან შეიძლება შეაღწიოს. მათი მიზანი მხოლოდ გამბედაობა და საზოგადოებაში ხილვადობა არ არის. უფრო პატარა ამოცანებს ისახავენ - მაგალითად, სამეზობლოსთან ახლო ურთიერთობას. “ჩვენ თუ სამეზობლოში ათი ადამიანის დამოკიდებულება შევცვალეთ, ეს უკვე დიდი მიღწევაა, რადგან ამ ათ ადამიანს ოჯახი ჰყავს, შვილები ჰყავს. ათი ბავშვიც რომ არაჰომოფობიურ გარემოში გაიზარდოს, ეს დიდი საქმეა. პატარა ცვლილებები სინამდვილეში დიდი ცვლილებებია.”
დავითი კრიტიკულად უყურებს თბილისი პრაიდის პოლიტიკას და მათ მთავარ ფოკუსს ხილვადობაზე. “ეს საქართველოში არ მუშაობს. ხილვადობა აქ ძალიან ძვირი უჯდებათ ადამიანებს. პირველად ჩაგვრა საკუთარ თავზე სწორედ ამ დროს გამოვცადე. თბილისი პრაიდის მიმდინარეობისას პირველად შემეშინდა, რომ შეიძლება მომკლან. პირველად მაშინ გამოვიცვალე საცხოვრებელი ბინა. საქართველოში ქვიარ ადამიანების მთავარი პრობლემა ხილვადობა არ არის, ეს არც “ფუნგუს” გალერეის მთავარი მიზანია,”ამბობს დავითი.
ქვიარ მუსიკოსი IAMNIKITA ამ კრიტიკას იზიარებს. მათი მუსიკა ქვიარ თემის პრობლემებს პირდაპირ ეხება. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ზოგიერთს დემონსტრაცია და ხილვადობა უფრო მეტად აღელვებს, ვიდრე თვითონ თემის გაძლიერება. “ახლა ჩვენ საამაყოდ არ გვაქვს საქმე. ამაყები ვიქნებით, როცა ერთმანეთზე ვიზრუნებთ და ერთმანეთის მიმართ ნდობა გვექნება. “აღიარება” ერთადერთი არ არის, რაც ჩვენ გვჭირდება, ეს შეიძლება ბოლო ნაბიჯი იყოს,” ამბობს IAMNIKITA.

©KOI. KOI
IAMNIKITA უკვე ბევრ მუსიკალურ პროექტში იყო ჩართული და სხვადასხვა სტილიც მოირგო. თუმცა, მათი პირველი ბენდი პანკ ბენდი იყო და დღესაც თავს პანკად მიიჩნევენ. თავიანთი მუსიკით ცდილობენ უსაფრთხო სივრცე შექმნან ქვიარ ადამიანებისთვის, სადაც თავს მარტოდ არ იგრძნობენ. “ჩვენი მუსიკა ისეთ ადგილას აერთიანებს ადამიანებს, სადაც უსაფრთხოდ არიან.” მართალია ისინი მხარს უჭერენ სხვებს გამოხატონ საკუთარი თავი, თუმცა იციან, რომ საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის. “ვერავის მოვუწოდებ საჯაროობას. მე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: იყავი ის ვინც ხარ, სადაც თავისუფალი ხარ და საფრთხე არ გემუქრება. ამისთვის მე ჩემს მუსიკას გთავაზობ, სამი წუთი მაინც.”
საკუთარი თავის გამოსახატად საქართველოში საკლუბო სცენაა. “თბილისში ყველა კლუბი ასეთია,” ამბობს ფლორა კამიკაძე, რომელიც დრეგ-ქუინია და ბევრ პერფორმანსში მიუღია მონაწილეობა. ღამის კლუბებშიც ხშირად დადის. ამბობს, რომ იქ არასოდეს უგრძვნია ვინმესგან ცუდი დამოკიდებულება. ფლორამ დრეგ პერფორმანსი 2021 წლის დეკემბერში დაიწყო: “მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი თავი იქ ვიპოვე. იმდენ რამეში დამეხმარა. ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე, პირად ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. როცა დრეგი ვარ, ზუსტად ვიცი ვინ ვარ. ამ დროს საკუთარი თავიც უფრო მეტად მიყვარს.”

©ვახო ქარელი
დრეგ სპექტაკლებში ფლორა კამიკაძე მხოლოდ კი არ ბაძავს ვინმეს, საკუთარ სტილს ქმნის. ცოტა ხნის წინ მან სიმღერაც ჩაწერა და თავის მუსიკას პერფორმანსებშიც იყენებს.
ქვიარ ადამიანების უსაფრთხოებისთვის ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, თუმცა ნელ-ნელა უფრო მეტი სივრცე ჩნდება, სადაც მათ საკუთარი თავის გამოხატვა უფრო კრეატიულად შეუძლიათ. “5 ან 10 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ “ფუნგუს” გალერეის მსგავსი ადგილი გაჩნდებოდა,” ამბობს გიორგი კიკორია, რომელიც “უსახელო გალერეა თბილისში” მუშაობს.
“ცნობადობა იზრდება. დღეს უფრო მეტ ადამიანს შეუძლია თავისი საქმე აკეთოს.” საზოგადოებაში ჰომოფობიური დამოკიდებულებები მალე ვერ შეიცვლება, ამას დრო სჭირდება, თუმცა ხელოვნება ქვიარ თემს აძლიერებს და შესაძლებლობას აძლევს შიშის გარეშე გამოხატონ საკუთარი თავი.
მთავარი ფოტო: თიკუნა ადეიშვილი
გააკეთე დონაცია