ერთი ცის ქვეშ
ერთი ცის ქვეშ
იშვიათი გენეტიკური დაავადება 27 წლის ანა ბერსენაძეს ხელს არ უშლის, რომ პატარა ქალაქში, ოზურგეთში, აქტიური და გამორჩეული იყოს. ანას ყოველდღიურობა საზოგადოებაში არსებულ ბევრ სტერეოტიპს არღვევს. დამოუკიდებელი და ენერგიით სავსე, პენსიონერ მამას ეხმარება, საოჯახო საქმეს უძღვება და ქალაქში დაგეგმილი არაერთი ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობს. ეს რუტინა სინამდვილეში გვაცნობს მის ოჯახს, გარემოს, მეგობრებს, მათ დამოკიდებულებას ანას მიმართ. აქონდროპლაზიის დიაგნოზით ის ინკლუზიურ გარემოში იზრდებოდა, რომლისთვისაც განსაკუთრებით მადლიერი გარდაცვლილი დედის მიმართ არის.
რეჟისორის ხედვა
Საქართველოში აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ადამიანებს არ აქვთ განსაზღვრული სტატუსი. ისინი Შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებად არ ითვლებიან, Შესაბამისად, არ აქვთ სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება. არ არსებობს სამკურნალო პროგრამა, რომლითაც სხვა შემთხვევებში იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტები სარგებლობენ.
გენის მუტაციის გამო, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ადამიანების ძვლოვანი სტრუქტურა არაპროპორციულად ვითარდება, რაც ხშირად იწვევს ძვლების ქრონიკულ ტკივილს, სმენის დაქვეითებას, გულმკერდის ღრუს მცირე ზომის გამო სუნთქვის პრობლემებს. ამიტომ, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი მედიკამენტები, ვარჯიში, სწორი კვება. ქვეყანაში არ არსებობს მათზე მორგებული ინფრასტრუქტურა.
Საქართველოში არ გვაქვს არც სტატისტიკა. არ ვიცით ზუსტად რამდენი ადამიანი ცხოვრობს აქონდროპლაზიის დიაგნოზით. Მაგრამ არსებობს მშობელთა გაერთიანება, რომელიც აუცილებელი სერვისებისთვის იბრძვის. მაგალითად, პრეპარატისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე იყენებენ 15 წლამდე ასაკში, თუმცა, მისი შეძენა სახელმწიფოს დახმარების გარეშე მშობლებისთვის შეუძლებელია. ერთწლიანი მკურნალობისთვის საჭირო წამლის ღირებულება დაახლოებით $320.000-ია.
როდესაც ამ თემაზე მუშაობა გადავწყვიტეთ, გვეგონა, რომ რეგიონში უფრო მეტ სირთულეს წავაწყდებოდით, სადაც საზოგადოება შესაძლოა მეტად ყოფილიყო სტერეოტიპების მსხვერპლი. ჩვენი გმირის გაცნობისა და გადაღების პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ თავად გმირმა და მისმა ოჯახის წევრებმა შექმნეს გარემო, სადაც ნათლად ჩანს საზოგადოების ჯანსაღი დამოკიდებულება, თუმცა, ამის მისაღწევად ანიმ და მისმა მშობლებმა დიდი და რთული გზა გაიარეს. ანის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი დედამ შეასრულა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ანი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო, მიეღო კარგი განათლება და როგორც თავად ჩვენი გმირი ამბობს, ბედნიერი ადამიანი ყოფილიყო.
ფილმი GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლის დოკუმენტური კინოს წარმოების კლასის ფარგლებში მომზადდა.