ბუნდოვანი არსებობის მიღმა

ავტორი: თამარ შატბერაშვილი

26.04.23

,,მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი,” 1999 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას მიერ ნათქვამი ეს სიტყვები, წლების შემდეგაც გვესმის, როგორც ხმამაღალი მოწოდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საბჭოთა წარსულსა და კონსტიტუციით აღიარებულ ევროპულ მომავალს შორის მოქცეული საქართველო იდენტობის გამორკვევის პროცესშია. ქვეყნის მასშტაბით აწმყოს ,,დაჩრდილვის პარალელურად, მარგინალიზებული ქვიარ ადამიანების ნაწილი თავისი ბუნდოვანი მიკუთვნებულობის ნიშნებს იმ საზოგადოებაში ეძებს, რომელიც უარს აცხადებს დაინახოს ისინი აქ და ახლა.

,,ჩვენ ყველანი სოკოს ერთი სახეობიდან ვართ ამოზრდილები, ჩვენი ამოცანა არსებული სოციალური ნორმების ნგრევაა, რომელიც თითქოს მყარია, მაგრამ სინამდვილეში, შიგნიდან ლპება.” თბილისში დაფუძნებული ქვიარ ხელოვნების კოლექტივი ,,ფუნგუსი” ალტერნატიული სივრცეა, რომელიც ცდილობს დომინანტური სტრუქტურებისა და  ბინარული გენდერული იდენტობის  დეკონსტრუქციას.

,,ფუნგუსი” ნიუ-იორკსა და თბილისში მცხოვრებმა მულტიმედია ხელოვანმა უტა ბექაიამ დავით აფაქიძესთან, მარიკო ჭანტურიასთან, K.O.I.-სთან და ლევან მინდიაშვილთან ერთად შექმნა. ეს სივრცე აერთიანებს არა მხოლოდ მხატვრებს, არამედ მწერლებსა და მუსიკოსებს; ყველას, ვისაც საკუთარი თავის გამოხატვა სურს და ექსპერიმენტი აინტერესებს. ქართულ ტრადიციაში, კულტურასა და თანამედროვეობაში საკუთარი ხმის პოვნით, ეს გაერთიანება წარსულისა და მომავლის თანაარსებობის ვიზუალიზაციის მაგალითია.

,,მე მჭირდება თავისუფლება, რომ ჩემი სახე გამოვძერწო…რომ ჩემი წიაღიდან საკუთარი ღმერთები დავბადო.” ის, რის შექმნასაც საკუთარი შემოქმედებით გლორია ანზალდუა, მუშათა კლასის წარმოშობის ამერიკელი ლესბოსელი მკვლევარი ცდილობდა, მე, როგორც ქვიარ ქალი საქართველოდან, თვითგამორკვევას ბუნდოვანი არსებობის მიღმა მიმდინარე ამბების (გადა)აზრებისა და (გადა)წერის გზით ვცდილობ.

პოსტსაბჭოთა სივრცეების დეკოლონიზაციის შესახებ საუბრები არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. რადგან კოლონიალიზმსა და დეკოლონიალიზმს  საფუძველი მსოფლიოს სხვა ნაწილში ჩაეყარა, ეს გამოცდილება შეიძლება დისტანცირებულად აღიქმებოდეს. დეკოლონიური კვლევები 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. მკვლევარები, ძირითადად მამაკაცი მეცნიერები, იყვნენ ლათინური და სამხრეთ ამერიკიდან, რომლებიც შეერთებულ შტატებსა და ევროპის უნივერსიტეტებში და კვლევით ცენტრებში მუშაობდნენ. რუსეთის იმპერიის ისტორიის აღქმა კოლონიურობის კონტექსტში საკამათოა. თუმცა, დეკოლონიური ნარატივების ადაპტაცია შესაძლოა პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, უფრო ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.  

ისტორიის, ნაციონალიზმისა და გეოპოლიტიკის წყალობით, საქართველოს არ ჰქონია ფუფუნება თავისუფლად გაეაზრებინა თავისი იდენტობა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,  ქართველების ჰომოგენური აღქმა ერსა და ეროვნებაზე, საბჭოთა წარსულისა და ევროპული მომავლის გააზრებისას, დომინანტური ნარატივის მთავარი ასპექტი გახდა. სწორედ ამის შედეგია სოციალური გარიყულობის პოლიტიკა, რომელიც უმცირესობებს ,,სხვებად/უცხოდ” მიიჩნევს. მათ საწყისშივე არ მოიაზრებს ქართველად. ქვიარ ადამიანების მარგინალიზაციაც არ არის გამონაკლისი და ისინიც დღემდე “უცხოდ” მიიჩნევიან.

უტა ბექაია ,,გაუცხოების” გამოცდილებას ხელოვნებაში თვითკვლევით აძლევს მიმართულებას. ის ეხმიანება სოციო-კულტურულ საფუძვლებს, თავის არსებობას აწმყოში და მომავლის მოლოდინებს. ,,ვგრძნობ, რომ სოციალურად მიღებული წესები და ნორმები ჩემზე არ ვრცელდება. ჩემი გენდერული იდენტობის გამო, მე უკვე არ მოვიაზრები სოციუმის ნაწილად.” მისი ნამუშევრები თვითგამოხატულებაა ყოველგვარი შეზღუდვებისა და სოციალური ჩარჩოების გარეშე. 

შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ქვიარ ადამიანების და საქართველოს, როგორც ქვეყნის გამოცდილება, ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ქვიარ თემის წევრი, ელისაბედი ამბობს, რომ მისი ,,ქართველობის” აღმოჩენა დაკავშირებულია ქვიარ პოლიტიკასთან და მისი, როგორც ქვიარის თვითგამორკვევასთან: ,,ორივე შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილებების გადააზრება ახალი იდენტობის შექმნას არ უნდა ეფუძნებოდეს. თვითგამორკვევა მეთოდია, რომ ჩამოვშალოთ და გადავიაზროთ იდენტობის პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, სექსუალურ და ბინარულ იდენტობას გვიწესებს/გვახვევს თავს და, მეორე მხრივ, ცდილობს შექმნას ქართველის/არა-ქართველის ხატი.”

მაგალითად, ის იხსენებს თავისი ქვიარ მეგობრების გამოცდილებებს, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებიან საკუთარი თავის, ან ერთმანეთის აღქმას, როგორც ფემინურს, ან როგორც მასკულინურს. ,,ჩვენი იდენტობის კომპლექსურობა ამ ბინარულ გაგებაში იკარგება. ჩემს ქვიარ მეგობრებთან ერთად, უსაფრთხო სივრცის შექმნას ზრუნვის პრაქტიკით  ვცდილობ.”  

უტა ბექაიასაც სჯერა, რომ ქვიარ თემის წევრების თვითგამორკვევის გზა ემთხვევა ეროვნული თვითგამორკვევის პროცესს. მისი აზრით, საქართველოს ევროპული პრაგმატიზმი და აზიური პოეტურობა ახასიათებს: ,,მე მგონია, რომ საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იდენტობის კრიზისია, რომელზეც გავლენას საბჭოთა წარსული და სამყაროს თეთრი, კოლონიური თვალით აღქმა ახდენს. ჩვენც, ქვიარ ადამიანებიც, ამიტომ განვიცდით იდენტობის კრიზისს. საკუთარ თავს არ აღვიქვამთ იმის ღირსად, რომ ჩვენი ინდივიდუალურობა მივიღოთ.” ამ გამოცდილებას უტა მივიწყებულ (ქვიარ) წარსულს უკავშირებს. ,,ჩვენ არ ვიცით, საიდან მოდის ჩვენი ქვიარ იდენტობა. მხოლოდ ფრაგმენტულად ვიგებთ ამას. მაგალითად, კინტო, მე-19 საუკუნის თბილისიდან.” კინტო მამაკაცებთან ასოცირდება, რომლებზეც ვარაუდობდნენ, რომ ქვიარები იყვნენ. ეს მარგინალიზებული ჯგუფი ტრადიციულ კოსტუმებს იცვამდა და რესტორნებში ხალხს ართობდა.   

*ლევანი, ქვიარ თემის კიდევ ერთი წევრი, თანაბრად მნიშვნელოვან კავშირს ხედავს ეროვნულ იდენტობასა და რელიგიას შორის. საზოგადოების დიდი ნაწილი ქართულ იდენტობას მართლმადიდებლობასთან და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღირებულებებთან აიგივებს. ,,იმის გათვალისწინებით, რომ ეკლესია ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობას ხშირად ახალისებს, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში რელიგია ჩვენს მარგინალიზებას უწყობს ხელს.”

ცნობიერი მოგონება საქართველოს ევროპულ არჩევანზე ლევანს 2003 წლიდან, ვარდების რევოლუციის პერიოდიდან აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაბადებული, ფიქრობს, რომ რევოლუციის შემდეგ, ლგბტიქ+ ჯგუფმა თანდათან ყურადღება მიიქცია.  “ეს თემა რომ ტაბუირებული ყოფილიყო,  ჩემი, როგორც ქვიარის თვითაღქმა, ან ძალიან სუსტად, ან საერთოდ არ მექნებოდა,” ამბობს ლევანი. 

პოსტსაბჭოთა სივრცეში კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის გავლენის ხანგრძლივი გამოცდილების რღვევის ერთ-ერთი გზა ცოდნისა და ყოფის დეკოლონიური პრაქტიკის მოსინჯვაა. ეს გულისხმობს გარედან თავსმოხვეული გამოცდილებების მოშლას და გააზრებული ნარატივის შექმნას; ისეთი ისტორიის, რომელიც ხელახლა შეაკავშირებს საქართველოს მულტიკულტურულ და ინკლუზიურ ფესვებს.  

სიტყვა ,,ქვიარი” უკვე მიანიშნებს ამ ადამიანების მხრიდან იმ სივრცეების დაბრუნების მცდელობას, რომლებიც მათთვის დახურული იყო. ,,ქვიარი” სცდება ეროვნულ საზღვრებს და გლობალურ მნიშვნელობას იძენს; ერთი ქოლგა ტერმინის ქვეშ აერთიანებს ლგბტიქ+ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, თუ მსოფლიოს რომელი წერტილიდან არიან ისინი. ეს არის დეკოლონიური პრაქტიკის ნათელი მაგალითი,  რომელიც იდენტობის მრავალი შრის გაცნობიერებით წარმოიშვა. ის დომინანტური კოლონიური ნარატივების მიღმა სოციო-კულტურულ ფესვებთან და ტრადიციებთან ხელახლა დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და ქართველი ქვიარ თემისთვის კვლავ ძიების პროცესია.


სტატია მომზადებულია Unit-ის მხარდაჭერით, რომელიც ლგბტიქ + თემებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელს აერთიანებს.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია