ორი წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქართველების ნაწილმა ტელევიზორთან ჯდომას და ომის შორიდან ყურებას ვერ გაუძლო და უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლა გადაწყვიტა. უსაფრთხო ქვეყნიდან ომში მყოფ ქვეყანაში, გიორგი შანიძეც გაემგზავრა. 34 წლის დრამერს მანამდე ომში არ უბრძოლია და არც სამხედრო სამსახური გაუვლია. სამაგიეროდ, როგორც არტისტმა, დრონით მუშაობა იცოდა, რაც მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტის დროს. 2022 წლის 28 თებერვალს, გიორგი უკრაინაში მიმავალ ავტობუსს დაემგზავრა. ორი კვირა ის ჯერ ქართული ეროვნული ლეგიონის სამხედრო ბაზას შეუერთდა (სადაც ყველა ახალწვეულს წვრთნიდნენ), შემდეგ კი 8 თვის განმავლობაში დრონებს მართავდა ახლა უკვე დაშლილ სპეციალურ დანაყოფში ,,ზგარდი.” გიორგი საქართველოში ერთი წლის წინ დაბრუნდა. ალბათ, ასე მოიყოლება მისი ამბავი მოკლედ.
ომი გიორგისთვის არც ბავშვობისა და თინეიჯერობის წლებში ყოფილა უცხო. ყოველთვის იყო ვიღაც, ხან ბიძა, ხან მეგობარი, ხან ახლობლის ბებია, რომელიც ომისგან დაზარალდა. მისთვის ისედაც ცხადია, რომ 90-იანი წლების ბავშვები კრიმინალის, კონფლიქტების, უშუქობისა და უკიდურესი გაჭირვების გამო, რაც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, ,,განადგურებული თაობაა.” სჯერა, რომ იმ კონტექსტმა, რაშიც გაიზარდა, ომების ისტორიებმა, რომელშიც საქართველო 1991 წლიდან 1993 წლებში გაეხვა, მოგვიანებით კიდევ 2008-ში, საბოლოოდ იარაღი ააღებინა ხელში. თითქოს ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ბოლოს ბრძოლის ველზე აღმოჩნდებოდა. თუმცა, სად იქნებოდა ფრონტის ხაზი, არ იცოდა.
,,ან შენ კლავ, ან გკლავენ,” ეს სიტყვები 2008 წლის ომის ვეტერანმა უთხრა უკრაინაში ავტობუსით მგზავრობისას გიორგის კითხვაზე პასუხად: როგორ შეეგუოს ჯარისკაცის მოკვლას?! ეს პასუხი მისთვის ერთგვარ მანტრად იქცა. მცირე ეჭვსაც კი აღარ უტოვებს. როცა საქმე ომს ეხება, გიორგი მისგან რაღაცნაირად დისტანცირდება და ამ გამოცდილებას ზოგჯერ ვიდეო თამაშს ადარებს. ისწავლა, რომ ომზე და ამ ბოროტებაზე ძალიან დიდხანს არ უნდა იფიქროს, რადგან სწორედ მაშინ უჭირს ცუდ ფიქრებთან გამკლავება. თუ ამ შიშებთან და განცდებთან გამკლავება როგორღაც ისწავლა, უახლოესი თანამებრძოლის სიკვდილთან შეგუება უკვე შეუძლებელი ხდება მისთვის.
,,ისეთი ჩვეულებრივია უკრაინაში ადამიანების სიკვდილი, კარგი თანამებრძოლის დაკარგვა, რომ რაღაც თვალსაზრისით, ამის გამო ტკივილსაც კი ვეღარ გრძნობ. ომი სამსახურივით ხდება - ადამიანების დამარხვა კიდე თითქოს შენი ერთ-ერთი დავალებაა. ამას უნდა შეეგუო. ბევრი ადამიანი კვდება, ძალიან ბევრი. მე მარტო იმდენი დავმარხე; იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ჩემს ასაკში ერთ ადამიანს უნდა ჰყავდეს. მაგრამ ამ დაკრძალვამ გამანადგურა, მართლა. ირაკლი ყოველთვის პირველი იყო, ვინც გეხმარებოდა. გამორჩეულად კარგი ბიჭი იყო,”ამბობს გიორგი.
გიორგი შანიძე და ირაკლი ქურციკიძე ზგარდის ქვედანაყოფში ერთად იბრძოდნენ, ერთმანეთიც იქ გაიცნეს. 23 ნოემბერს, გიორგობას, ირაკლის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს. 25 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში დაკრძალეს.
ის, რაც გიორგის არწმუნებდა, რომ ომში აუცილებლად უნდა წასულიყო, ინფორმაციული ნაკადი იყო. ,,უკვე მორალის საკითხი იდგა. ომიდან მალევე, მთელმა მსოფლიომ დაინახა, როგორ ატერორებდა რუსეთი უკრაინას. ტელეგრამის არხებზე ყველაფერს ვკითხულობდი, ვუყურებდი ახალ ამბებს და ჩემს თავში ვხარშავდი.” როცა წასვლის მთავარ მოტივაციაზე ეკითხები, გიხსნის, რომ უკრაინაში ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს, რადგან რუსეთი ჩვენი საერთო მტერია და არ აქვს მნიშვნელობა, სად შეებრძოლები მას. გიორგი, რომელიც არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აფილირდება, უკრაინის ომში მალევე წავიდა, რადგან საკუთარი თვალით უნდოდა ენახა, რა ხდებოდა სინამდვილეში ფრონტის ხაზზე.
ამის მიუხედავად, გიორგი აღიარებს, რომ წასვლის გადაწყვეტილება შეიძლება ძალიან ეგოისტურიც იყო და ამის მიზეზი, შესაძლოა, მისი ადრენალინზე/მძაფრ შეგრძენბებზე დამოკიდებულებაც ყოფილიყო. ალბათ, ამანაც უბიძგა უკრაინაში მიმავალ ავტობუსში ასულიყო, რომელსაც ორგანიზებას ბლოგერი დომენიკ მანგო უწევდა.
დაკრძალვამდე სამი დღით ადრე, გიორგი სერგეი ზაიცევს მასპინძლობს, ზგარდის ქვედანაყოფიდან უკრაინელი ჯარისკაცის მამას. სერგეი შვილის სახელით ჩამოვიდა თბილისში, რომ ირაკლის სულისთვის პატივი მიეგო, რომელიც სწორედ მის სამშობლოს შეეწირა. როცა გიორგი უკრაინაში იყო, სერგეი და მისი ცოლი, სხვა ჯარისკაცებთან ერთად გიორგისაც მასპინძლობდა დასვენების დღეებში. ბიუროკრატიული საქმეების მოგვარებაშიც სულ ეხმარებოდნენ.
საბურთალოს ქუჩაზე, გიორგის სამზარეულოში მსჯელობენ, როგორ იმოქმედა უკრაინის დღევანდელ მდგომარეობაზე საერთაშორისო საზოგადოების არასათანადო რეაქციამ. სერგეი რუსეთს იმ ქურდს ადარებს, რომელსაც ფაქტზე წაასწრეს, თუმცა შესაბამისად არასოდეს დასაჯეს, ამიტომაც გააგრძელა ქურდობა. ის 2008 წლის ომს იხსენებს, როცა რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა საქართველო დაბომბეს და ასევე ახსენდება ყირიმის ანექსია. სერგეი ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა ერთ ბედ ქვეშ არიან.
აქ მათი საუბარი წყდება. სოციალური ქსელის ჯგუფში, გიორგის ფოლდერს უგზავნიან, სადაც 4 ვიდეო ფაილია. ამ ვიდეოებში ზუსტად ის მომენტია დაფიქსირებული, როცა ირაკლის სასიკვდილო ნამსხვრევები ხვდება.
ვიდეო მასალას ერთად უყურებენ და ხედავენ, შენიღბული ქვეითი ჯარისკაცები როგორ წვებიან სანგარში და ერთმანეთს ელაპარაკებიან. ამ დროს მათ თავზე ცა იღრუბლება. მოულოდნელად ჰაერში რაღაც ხმა იფანტება, რომელსაც რამდენიმე აფეთქება მოჰყვება. მერე დაცემის ხმა ისმის. ისინი ხედავენ, როგორ დგება GoPro-ს კამერა ირაკლის ჩაფხუტზე, ეს ახლო ხედი ძალიან დრამატულია, ბნელი ნესტიანი მიწაც ჩანს. მერე კადრში ისმის, როგორ უახლოვდება მეორე ჯარისკაცი ირაკლის, რამდენჯერმე ითხოვს ექიმის დახმარებას, აქვე გვესმის სლენგი რუსულ ენაზე: პიზდა, ბოლოს ყვირილი, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც ,,ძუკნა,” თუმცა ჩვენს შემთხვევაში ის ,სიკვდილს’ ნიშნავს. მეორე ჯარისკაცის ყვირილის ხმაც ისმის. ,,გაიქეცი, გაიქეცი, გვესვრიან.” ეს ჩანაწერი საათობით გრძელდება; იქამდე, სანამ კამერის ბატარეა არ ჯდება და SD მეხსიერების ბარათი არ ივსება.
გიორგის უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილებამ მხოლოდ მის ცხოვრებაზე არ იმოქმედა, აქ დარჩენილ ნათესავებზეც იქონია გავლენა. მის ყოფილ ცოლს ერთმა კაცმა შეცდომით უთხრა, რომ გიორგის სახელი ნეკროლოგებში ამოიკითხა. ფრონტის ხაზიდან მშობლებს იშვიათად ეხმიანებოდა. ,,ურთულესია მათთვისაც, ვინ აქ რჩება. არც იციან, რა ხდება. ჰგონიათ, რომ 24 საათი იბრძვი. ნერვიულობენ. შეიძლება ეგონოთ, რომ დაგბომბეს, შენ კიდევ ამ დროს საუნაში იყო, სანგრებიდან 10 კილომეტრით დაშორებული.” მისი დიდიხნის მეგობარი დავითიც, რომელიც ფოტოზე გიორგის დისშვილს ეთამაშება, ომში წავიდა.
როცა გიორგიმ, მეთაურთან მარიხუანას მოხმარებაზე კონფლიქტის გამო, რაზმი და უკრაინა დატოვა, მის გეგმებში სამშობლოში დაბრუნება არ შედიოდა. საქართველოში დაბრუნებულს ყველაზე ნაკლებად გამოქცეული და თბილისში დასახლებული ათასობით რუსის ნახვა სურდა. როგორ უნდა აეტანა ყველა კუთხეში რუსული ლაპარაკი? თავისი ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური გარემოდან გაქცევაც უნდოდა. იქნებ ცხოვრების ნულიდან დაწყება უკრაინული საბუთებით გერმანიაში ეცადა, რომელიც შავ ბაზარზე 300 დოლარად იყიდა. ეს გეგმა არ გამოვიდა.
გიორგი ამბობს, რომ ომის გამოცდილებამ ის უფრო მტკიცე და შეუპოვარი გახადა. იმის გაცნობიერებაშიც დაეხმარა, რომ საქართველოში დარჩენა უნდა. ,,ცოტა უცნაური ქვეყანაა საქართველო. ძნელია აქ ცხოვრება. მაგრამ აქედან არსად გაქცევა აღარ მინდა. სხვა ქვეყანაში წასვლა ახალი პრობლემების წინაშე აღმოჩენას ნიშნავს, რომლებიც კონკრეტულად იმ ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. ამ კავშირებისა და სამეგობროს შესაძენად, რაც აქ მაქვს, სხვა ქვეყნაში მინიმუმ სამი წელი მჭირდება, ამ დროის დაკარგვაც აღარ მინდა,” ამბობს გიორგი. ამ გადაწყვეტილებამ მას ახალი შესაძლებლობები დაანახა. ის ახლა მუსიკალურ სტუდიას აწყობს სხვა ახალგაზრდა მუსიკოსებთან და მეგობრებთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ ომიდან წელიწადნახევრის წინ დაბრუნდა, ომი მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დღემდე იჭრება. უამრავ შეტყობინებას იღებს სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფიდან. მაისურს, რომელსაც აწერია: რუსულო ხომალდო, იდი ნა*უი ხშირად იცვამს. ეს იმ დღეს ახსენებს, როცა მან და მისმა მეგობრებმა ,,გველების კუნძული” დაიბრუნეს, სტრატეგიული და სიმბოლური პოზიცია შავ ზღვაში; ახსენდება ჯარისკაცების დაკრძალვებიც, რომლებსაც ესწრება. გიორგი არ ნანობს, რომ დაბრუნდა, მაგრამ მუდმივად განიცდის მათ ბედს, ვინც ბრძოლის ველზე დატოვა, ვინც სიცოცხლეს რისკავს კონფლიქტისთვის, რომელსაც დასასრული არ უჩანს.
გააკეთე დონაცია