მაისის 6 დღე: მივიწყებული ომი
ელენე* 5 წლის იყო, როცა მისი ოჯახი გალიდან, აფხაზეთიდან გაიქცა. 1998 წლის მაისის თვეში. ამ დღიდან რაც ახსოვს, კვამლი და შიშია.
,,კარგად არ მესმოდა რა ხდებოდა ჩვენ თავს, მაგრამ ჩემი მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ და ეს ღელვა ავტომატურად მეც გადმომედო,” ამბობს ელენე, რომელიც ახლა თბილისში ცხოვრობს და მუშაობს.
ანალიტიკოსების შეფასებით, 1998 წლის მაისის 6-დღიან ომს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდა.
მედიაში ეს კონფლიქტი, ძირითადად, წარმოჩენილია, როგორც 1992-1993 წლების ომი, რომელიც სოხუმის დაცემით დასრულდა და რომელსაც დაახლოებით 250 000 ეთნიკური ქართველის დევნილობა მოჰყვა. მაგრამ ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, ათასობით ეთნიკური ქართველისთვის, ვინც გალის რაიონში ცხოვრობდა, ძალადობა და არასტაბილური მდგომარეობა წლები გაგრძელდა. ერთგვარი კულმინაცია 1998 წლის ბრძოლა იყო, რომელსაც ადგილობრივები 6-დღიანი ომით იხსენიებენ.
1994 წელს, ანუ ერთი წლის შემდეგ, რაც ქართულ ჯარსა და აფხაზებსა და მის მოკავშირეებს შორის ბრძოლა დასრულდა, გალის რაიონის დევნილი მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 30 000-დან 40 000-მდე ადამიანი გალში დაბრუნდა. ამ პროცესს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თავისი მისიის ფარგლებში აკვირდებოდა და უსაფრთხოების რეკომენდაციებს გასცემდა. თუმცა, ამ ადამიანების ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე მშვიდობიანს ვერ იტყოდი. მაშინ, როცა მაღალი დონის მოლაპარაკებები ქართულ, აფხაზურ, რუსულ მხარესთან და გაეროს შორის გრძელდებოდა, პარალელურად რაიონში არ შეწყვეტილა პარტიზანული ომი. სხვადასხვა დაჯგუფების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ისინი გალის რაიონში ქართული მოსახლეობის პოლიტიკურ და სოციალურ უფლებებს და მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას იცავდნენ.
ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო: 1998 წლის გაზაფხულისთვის გალში 60 000-მდე ეთნიკური ქართველი ცხოვრობდა, სკოლებიც ნელ-ნელა იხსნებოდა. პარტიზანული მოძრაობის გამო, აფხაზები, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მახლობლად, გალის რაიონის სოფლებს ვეღარ აკონტროლებდნენ. ამის შემდეგ, ქართველი პოლიტიკოსები სოფლებში სიარულს უხშირებენ.
1998 წლის 9 მაისს, ქართველებმა გალის რაიონის სოფელ ფიჩორში მეორე მსოფლიო ომის დასრულების წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტეს. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ. ფიჩორსა და ოტობაიას მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ პარტიზანულ რაზმებს როგორც მოწვეული სტუმრების, ისე მოსახლეობის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყო.
მაგრამ ბრძოლა 20 მაისს განახლდა, რომლის მაპროვოცირებელიც წინა დღეს ორი ქართველი პარტიზანის სიკვდილი აღმოჩნდა. აფხაზები ამტკიცებდნენ, რომ 300 ქართველი პარტიზანი გალის რაიონში შეიჭრა და მოსახლეობას, ძირითადად, ქალებსა და ბავშვებს, ფართომასშტაბიანი ომის საფრთხის გამო, რეგიონის დატოვებას ურჩევდა. ქართველი მებრძოლები სოფელ ზემო ბარღებთან გამაგრებულ მცირე პარტიზანულ დაჯგუფებას იხსენებენ, რომელიც დაახლოებით 400-კაციან აფხაზურ დაჯგუფებას ებრძოდა. საქართველოს შინაგანი ჯარის, ტყიბულის მესამე ოპერატიული ბრიგადის მეთაური დავით ღვინჯილია ამბობს, რომ მაისის ომი სპონტანურად დაიწყო და ამაში საქართველოს ხელისუფლება არ მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ როცა მისმა ბრიგადამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჩართვის ბრძანება მიიღო, გალის რაიონის სამ სოფელში - სიდაში, ოტობაიასა და ქვემო ბარღებში - ბრძოლები უკვე მიმდინარეობდა.
,,ჩვენ გვითხრეს, რომ დავხმარებოდით ჯგუფს და აღმოჩნდა, რომ ჩვენი მცირე ჯგუფი კიდევ უფრო მცირე ჯგუფს ეხმარებოდა დიდი აფხაზური ძალების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილება ვერ მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დანაყოფი მნიშვნელოვანი ძალა იყო, მაინც მხოლოდ 40 ადამიანის დახმარებით შემოვიფარგლეთ, რადგან უფრო ფართო მასშტაბით ჩარევის ბრძანება არ მიგვიღია. ბოლო დღეებში ჩემი ბრიგადიდან 5 ადამიანი დამეღუპა. 25 მაისს დავტოვეთ გალი,” იხსენებს დავით ღვინჯილია.
ჯარისკაცების მოტივაციას ელენესთვის მნიშვნელობა არ ჰქონია.
,,მშვიდად მეძინა, როცა დედამ გამაღვიძა და მთხოვა, ჩალაგებაში დამეხმარეო. ალბათ, შუაღამე იქნებოდა. ქუჩაში სხვებთან ერთად მივდიოდით. სოფლის გზის ნაწილი ფეხით, სიჩუმეში გავიარეთ. ხმაური გვეკრძალებოდა,” ეს არის, რაც ელენეს მეხსიერებას გაქცევიდან შემორჩა.
ბრძოლა 26 მაისს დასრულდა. ზარალი დიდი იყო. გაეროს მონაცემებით, დაიწვა სკოლები და დაახლოებით 1731 სახლი. შეტაკებები, ძირითადად, გალის ქვედა ზონის სოფლებში მიმდინარეობდა: სიდაში, თაგილონში, ზემო და ქვემო ბარღებში, ნაბაკევში, ხუმუშკურში, საბერიოში, სადაც ასევე დაიწვა სახლები და სკოლა.
პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ამბობს, რომ ამ ბრძოლებს კონფლიქტზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდა: ,,ჩვენ ახლაც ვიმკით მის შედეგებს.”
კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი პაატა ზაქარეიშვილს ეთანხმება. მეტიც, ის ამბობს, რომ ,,არსებობდა რწმენა, რომ ჩვენ კონტროლს აღვადგენდით. მაისში განვითარებულმა მოვლენებმა, ამ შეტაკებებმა, სიტუაცია გაამწვავა. ამიტომ დაზარალდა აფხაზეთში გალის მოსახლეობა და ეს ზიანი ხანგრძლივი იყო.”
6-დღიანი ბრძოლის შემდეგ, რუსი სამშვიდობოების როლი, რომელიც მანამდე შეზღუდული იყო, გაიზარდა. ამ ომმა გააუარესა ურთიერთობები გალში მცხოვრებ აფხაზებსა და ქართველებს შორის, რასაც მოჰყვა გალის და მთლიანად რაიონის მრავალწლიანი იზოლაცია აფხაზეთისგან.
,,ჩვენ ურთიერთობა მხოლოდ აფხაზ მესაზღვრეებთან მოგვიწია. ბავშვებმა რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი შეიარაღებული სამხედროები დაინახეს, ტირილი დაიწყეს. ბავშვებს კი არა, დიდებსაც შეგვეშინდა,” იხსენებს მანანა*, რომელიც ოჯახთან ერთად გალში დაბრუნდა საცხოვრებლად. ,,ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა. სოხუმსა და სხვა ქალაქებში სიარული დავიწყეთ. გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქში მუშაობს. ამბობენ, რომ აფხაზებთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა აქვთ.”
ამის მიუხედავად, გალში მცხოვრები ადამიანები დღესაც არ არიან დარწმუნებულები სწორი გადაწყვეტილება მიიღეს თუ არა, როცა გალში დაბრუნდნენ.
,,მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები კონფლიქტის ზონაში, მუდმივ დაძაბულობასა და სტრესში იზრდებოდნენ, ჩვენ მაინც სახლში ვიყავით. ეს უპირატესობა გვქონდა. იმიტომ დავბრუნდით, რომ პურიც კი ჭირდა დევნილობაში. თორე, ტყვიების ზუზუნში ცხოვრება არავის უხაროდა,”ამბობს ნონა, რომელიც გალში ცხოვრობს.
,,ომის შემდეგ, სულ შიშში ვცხოვრობდით. არ ვიცოდით, კიდევ როდის მოგვიწევდა აყრა და წასვლა. შეიძლება დევნილობა უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე მუდმივ შიშში ცხოვრება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ გადასახლებაში არ ვიცოდი, როგორ გამომეკვება ჩემი შვილები.”
დღეს მწვავედ დგას გალისა და გალის რაიონში მცხოვრები ადამიანების აფხაზურ საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი. საქართველოს მოსახლეობასა და აფხაზეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს შორის უნდობლობა ორმხრივია. იზღუდება ქართული ენის სწავლება გალის რაიონის სკოლებში. რთულდება თავისუფალი გადაადგილება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საზღვრის გავლით.
,,სწორი იყო დაბრუნება? ალბათ, ახლა ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი. მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა შეზღუდვებსა და შიშში გავატარე. ჩემი სახლი გალშია. ოჯახის ყველა წევრი დღემდე იქ ცხოვრობს. მაგრამ ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, იქ პერსპექტივა არ ჩანს. სამუშაოს პოვნა თითქმის შეუძლებელია. ადამიანის უფლებები დაუცველია, ამიტომ უარს ვამბობ მეორეხარისხოვან მოქალაქეობაზე. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის სირთულეები საკუთარ ტყავზე გამომიცდია სტუდენტობისას. ექიმთანაც კი ვერ მივდიოდით. პატიმრებივით დატუსაღებულები ვიყავით გალში,”იხსენებს ელენე*.
*უსაფრთხოების მიზნით, რესპონდენტების სახელები შეცვლილია
გააკეთე დონაცია