პროტესტი საქართველოში, რომელიც სომხეთის და რეგიონის ბედსაც განსაზღვრავს

ავტორი: დავით ბრაგვაძე,

ფოტოგრაფი: ლელი ბლაგონრავოვა

21.05.24

საქართველოს წინააღმდეგობა საკუთარი პროდასავლური საგარეო კურსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც რეგიონში რუსეთის გავლენის დასუსტება სურთ.  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, დავით ბრაგვაძე, გვთავაზობს თვალსაზრისს საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პროტესტის შესახებ და როგორ შეუძლია ამ პროტესტს რეგიონის ბედის გადაწყვეტა. 

სომხეთში სტუმრობა ხშირად მიწევს. იმდენად ხშირად, რომ ერევანში ჩასვლის დროს არასოდეს ვაკეთებ ჩექინს. ამას ორი მიზეზი აქვს: თავს უცხოდ აღარ ვგრძნობ, თან ვიცი, ბევრი მომწერს და მერე არჩევანის გაკეთება მიჭირს, რომელ მეგობარს შევხვდე. ასე მომიწია მაისში ორჯერ, ძალიან მოკლე შუალედით სტუმრობა ერევანში.

თბილისიდან ერევნისკენ მიმავალი მძღოლები საზღვრის გადაკვეთის მერე ბაგრატაშენს რომ გასცდებიან, როგორც წესი მარცხნივ უხვევენ. ეს გზა გადის ტავუშის პროვინციაზე, იჯევანზე, შემდეგ დილიჟანზე და სევანზე. ალბათ, სწორედ სევანის ულამაზესი ტბა განაპირობებს ქართველი მძღოლების ამ არჩევანს, რადგან თუ მარჯვნივ გადაუხვევ, ლორეს პროვინციის გავლით, ვანაძორისა და სპიტაკის მიმართულებით უფრო ფართო გზით ივლი, ნაკლებად მიხვეულ-მოხვეულით და ერევანში ჩასასვლელადაც იგივე დრო დაგჭირდება. ამ გზას სხვა პლუსიც აქვს, ლორეს რომ გასცდები, მოწმენდილ ამინდში ერევნამდე არარატის მთა იქნება შენ წინ აღმართული.

Მაისში Პირველად რომ ჩავედი, მძღოლმა მარჯვნივ გადაუხვია. ეს ჩემს მეხსიერებაში ერთადერთი შემთხვევა იყო, მძღოლი სევანის გავლით რომ არ წავიდა. რომ ვკითხე აქეთ რატომ-მეთქი, ის გზა არ მიყვარსო, თან ახლა ბევრი შეფერხებაა, საპროტესტო აქციები და უამრავი პოლიციელიო, მშვიდად სიარული მირჩევნიაო.

პირველ ჩასვლაზე სომეხი მეგობრები და კოლეგები არ მინახავს. ქალაქზე დაკვირვებით შემოვიფარგლე. ერევანი უკეთესობისკენ შეცვლილი მომეჩვენა. ნაკლები რუსული წარწერა გხვდება თვალში და კვებით დაწესებულებებშიც მომსახურე პერსონალი უფრო ხშირად გელაპარაკება ინგლისურად, ვიდრე აქამდე. აი, უფრო ახალგაზრდები კი, ახლა ჯენზის რომ ვეძახით, თითქმის აღარ საუბრობენ რუსულად და თავად იჩენენ ინიციატივას ინგლისურად გამოგელაპარაკონ. ზოგადად, ჩვენს რეგიონში ჩვევაში გვაქვს, ორი მოსაუბრიდან ინგლისური ორივემ  უკეთ რომ იცოდეს, რატომღაც მაინც რუსულს ირჩევენ ხოლმე საკომუნიკაციო ენად. ახლა მომეჩვენა, რომ რუსული სამხრეთ კავკასიაში Lingua Franca-ს სტატუსს ნელ-ნელა ემშვიდობება.

ერთ კვირაში ისევ წავედი სომხეთში. ამჯერად მძღოლმა მარცხნივ გადაუხვია, ანუ სევანის გავლით.. ახლა სევანზე გაცილებით საინტერესო ჩემთვის ის იყო, რაც ტავუშის პროვინციაში ხდებოდა. თითქმის ყოველ ას მეტრში პოლიციელები იდგნენ. ხან მხოლოდ ერთი ეკიპაჟი, ხან ათეულობით. ამდენი პოლიციელი გზაზე არასოდეს მინახავს. საპროტესტო აქციებს არ შევსწრებივართ, მაგრამ პოლიციამ რამდენიმე სოფელთან გაგვაჩერა და ალტერნატიული გზით წასვლა მოგვთხოვა. ამ ადგილებში ახლა აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი მიდის. ძირითადი მაგისტრალი კი იმდენად ახლოს არის აზერბაიჯანის საზღვართან, რომ ხანდახან ტელეფონზე აზერბაიჯანული როუმინგიც ირთვება. დაკვირვებისთვის ძალიან საინტერესო სანახაობა იყო, თუმცა, ახლა ტავუშში მიმდინარე პროცესი სომხეთის შიდა პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

მეორე ვიზიტი გაცილებით დატვირთული და საინტერესო გამოდგა. სომხეთის თითქმის ყველა წამყვან ექსპერტს შევხვდით, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. კონკრეტულ პირებს ვერ დაგისახელებთ, ჩვენს წრეში მორალურ კოდექსად ქცეული Chatham House-ის წესის გამო, რომლის მიხედვითაც, მიღებული ინფორმაციის გათქმა შეგვიძლია, მაგრამ მოსაუბრის ვერც ვინაობასა და ვერც სხვა მონაცემს გავამხელთ.

თითქმის ყველაფერი, რასაც ქვემოთ დავწერ, სწორედ ამ შეხვედრებზე მიღებული შთაბეჭდილებებისა და გამოტანილი დასკვნების შედეგია. არ დაგიმალავთ, ცოტა გამიკვირდა კიდეც, რომ ამ შეხვედრებმა პირადად ჩემი დასკვნები მხოლოდ დაადასტურა და გაამყარა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ისიც, რომ ეს პატივსაცემი და გავლენიანი ექსპერტები სხვადასხვა თაობას წარმოადგენენ და განსხვავებული წარსული აქვთ. წარსულში განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან სრულ დამოკიდებულებაზე. ზოგი ამას პრაგმატულად მიიჩნევდა, ზოგიც დამღუპველად. ახლა ყველა, თითქმის ყველა საკითხზე ერთნაირ ანალიზს გვთავაზობდა, რაც ჩემთვის მხოლოდ არსებული ვითარების სიცხადეზე მიუთითებს.

სომხეთშიც და საქართველოშიც ადამიანების უმრავლესობისთვის ცხადია, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში მასშტაბურ ჰიბრიდულ ოპერაციას ატარებს და ამისთვის ორ ქვეყანაში განსხვავებულ, თუმცა უკვე არაერთგზის ნაცად სტრატეგიას იყენებს. ეს ნათელია მათ შორის მათთვისაც, ვინც ორივე ქვეყანაში ამ მტრული ჰიბრიდული ოპერაციის უშუალო მონაწილე და შემოქმედია.

ეს ვიზიტი ორივე ქვეყნისთვის რთულ დროს დაემთხვა. საქართველოში ,,რუსული კანონის” წინააღმდეგ დემონსტრაციები გვქონდა (ახლაც გვაქვს). მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იყო სომხეთშიც, ოღონდ სულ სხვა ბუნებისა და შინაარსის. ამის თაობაზე საუკეთესო საილუსტრაციო მაგალითი სომხური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ექსპერტმა მოიყვანა: შეხედეთ პროტესტს საქართველოში, ახალგაზრდები თავისი ეროვნული და ევროპის დროშებით რუსეთის წინააღმდეგ გამოდიან, ჩვენთან კიდე რუსეთის პოზიციების გასამყარებლად გამართულ დემონსტრაციებს ეპისკოპოსი ბატკნით ხელში მოუძღვებაო... აქ „ბატკანი“ არსებული კონტრასტის საჩვენებლად გამოყენებული მხატვრული ალეგორია არ გეგონოთ. იმ ეპისკოპოსს დემონსტრაციებზე მართლა ბატკანი უჭირავს ხოლმე ხელში. თუმცა, ამ ტექსტს 17 მაისს ვწერ და მსგავსი შინაარსის აქციას ამ წუთებში საკუთარ ქვეყანაში ვუყურებ. ტყუილს ვერ ვიტყვი, ბატკანი არ დამინახავს, მაგრამ ცხენები კი ჩანს ბევრი...

საქართველოში რა გზას გავდივართ მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით. Შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ, რა გზას გადის სომხეთი და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ჩვენთან მიმდინარე პროტესტსა და წინააღმდეგობას.

2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ, სომხეთი ძალიან ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ცდილობდა რუსული გავლენებისგან გათავისუფლებას და ევროპასთან დაახლოებას. თუმცა, ამ პროცესში მყოფი 2020 წელს უმძიმეს კონფლიქტში აღმოჩნდა ჩართული ყარაბაღში, რომელშიც აზერბაიჯანმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კრემლმა მაშინვე სცადა არსებული ვითარების სათავისოდ გამოყენება, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის დამხობა და სომხეთის რუსულ ორბიტაზე მყარად დამაგრება. ნიკოლ ფაშინიანმა ეს მწვავე პოლიტიკური კრიზისი დაძლია და რიგგარეშე არჩევნებში საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც კურსი არათუ არ შეცვალა, არამედ ახალი ენერგიით გააგრძელა სომხეთის დასავლეთთან დაახლოება. ამ გზაზე სომხეთს უამრავი დაბრკოლება აქვს, პირველ რიგში, რუსეთზე დამოკიდებულება ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებში. ეს უკანასკნელი, თავად ფაშინიანმა ღიად შეაფასა სტრატეგიულ შეცდომად. სომხეთი ახლა რუსეთზე უსაფრთხოების საკითხებში დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, ОДКБ-ს წევრობა შეჩერებული აქვს და საწევრო გადასახადსაც არ იხდის, რაც რუსეთში ძალიან არ მოსწონთ. სომხეთის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმას სარჩულად ყარაბაღის მეორე ომი, 2021 წლის სასაზღვრო შეტაკებებისას ორგანიზაციის სრული ინერტულობა და 2023 წლის სექტემბრის მოვლენები უდევს, რის შემდეგაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე კონტროლი სრულად აღადგინა. სომხური მოსახლეობა იძულებული გახდა რეგიონი დაეტოვებინა. 

ერევანი აქტიურად ცდილობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და მისი მთავარი მიმწოდებელი აქ რუსეთი სულაც აღარ არის. ის საფრანგეთმა და ინდოეთმა ჩაანაცვლეს. მთავარ პრობლემად, სომხეთის მდებარეობიდან გამომდინარე, შეძენილი იარაღის მიწოდების საკითხი რჩება. თუმცა, ეს იარაღი სომხეთამდე რთული გზის გავლის შემდეგ, მაინც აღწევს.

გარდა ამისა, სომხეთმა რუსეთისგან მოითხოვა დატოვონ რუსულმა სამხედროებმა  ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტი და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი. ორივე ადგილას რუსები თვითნებურად დგანან. ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ინერციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კი, ჩვენ მიერ უკვე ხსენებული მოვლენების შემდეგ, თვითნებურად. მოსკოვმა პრინციპში დაადასტურა, რომ სომხეთის ხელისუფლების მოთხოვნას დაემორჩილება და ამ ტერიტორიებს დატოვებს. პრობლემად სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრები რჩება, სადაც რუსი სამხედროები ხელშეკრულების საფუძველზე დგანან. ასევე მძიმე გამოწვევაა გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა, რომელსაც 2010 წელს მანდატი 2044 წლამდე გაუგრძელეს.

რა თქმა უნდა, სომხეთისთვის ადვილი არ იქნება რუსული გავლენებისგან გათავისუფლება, რადგან ეს გავლენა 2018 წლამდე მზარდი იყო და საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში გაიდგა ფესვები, მაგრამ მცდელობა სახეზეა და ისიც ნათლად ჩანს, რომ ეს რუსეთში არ მოსწონთ.

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვებით, სომხეთის მოსახლეობა, აზერბაიჯანისა და თურქეთის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად რუსეთს მიიჩნევს. ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, რუსეთს უმრავლესობა მთავარ დამცველად, მეგობრად და მოკავშირედ მიიჩნევდა. სომხეთის მოსახლეობა რუსეთით იმედგაცრუებულია, რაც ყარაბაღის მეორე ომზე მეტად, 2021 წლის შეტაკებების დროს, ОДКБ-ის უსუსურობამ გაამძაფრა, რადგან ორგანიზაციის წესდების მეოთხე მუხლის მიხედვით, რომელიც ცნობილი ნატოს მეხუთე მუხლის იდენტურია, ორგანიზაციას პირდაპირი ვალდებულება ჰქონდა, სომხეთი დაეცვა. 2023 წლის მოვლენების შემდეგ, რუსეთით უკიდურესად იმედგაცრუებულები არიან ყარაბაღელი სომხები, რომლებიც რეგიონში რუსი სამშვიდობოების იმედად დარჩნენ და საბოლოოდ მაინც მოუწიათ საკუთარი სახლების დატოვება.

სომხეთი ახლა ბეწვის ხიდზე გადის. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ დროულად და სამართლიანად უნდა მოხდეს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაც. ეს კი ერევანს გზას გაუხსნის თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ, რაც აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ მოუგვარებელი პრობლემების ფონზე, ჯერჯერობით სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს.

ეს პროცესი ხელს შეუწყობს ზანგეზურის (სიუნიქის) კორიდორისა და სხვა სატრანზიტო გზების თაობაზე შეუთანხმებელი პოზიციების დაახლოებასაც. ეს უკანასკნელი ძალიან რთული საკითხია და სამწუხაროდ, ამ ფორმატში ვრცლად ვერ შევეხებით.

იმ პირობებში, როდესაც სომხეთი რუსეთისგან დისტანცირებასა და ისტორიულად უმძიმესი პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებას ცდილობს, მოსკოვი ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებული სირთულეების შემოტრიალებას აპირებს. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, მოსკოვმა ფსონი კვლავ ძველ ხელისუფლებასა და ე.წ. ყარაბაღის კლანზე დადო, როდესაც მათი ხელით ფაშინიანის ხელისუფლების ჩამოგდება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. უკიდურესად კორუმპირებული და ღიად პრორუსული კლანის ხელისუფლებაში დაბრუნებას სომხეთის მოსახლეობამ მხარი წაგებული ომის შემდეგაც არ დაუჭირა. მოსკოვის ეს კარტი სომხეთში ადვილად გაიჭრა, რადგან არავის სურს ბნელ და კორუმპირებულ წარსულში დაბრუნება.

აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი საკმაოდ რთულია. ორი ქვეყნის ხელისუფლება შეთანხმდა, რომ საზღვრების დადგენა საბჭოთა რუკებზე დაყრდნობით მოხდება. ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, ტავუშის პროვინციის მოსაზღვრედ, სომხეთმა რამდენიმე აზერბაიჯანული სოფელი დაიკავა. სომხეთის ხელისუფლების მტკიცებით, 2021 წლის შემოდგომაზე მომხდარი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანმა სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. გარდა ამისა, სომხეთსა და აზერბაიჯანს გადასაწყვეტი აქვთ ანკლავების საკითხი, რადგან არსებობს სომხეთის ტერიტორიით სრულად გარშემორტყმული სამი აზერბაიჯანული ანკლავი და აზერბაიჯანის ტერიტორიით სრულად გარშემორტყმული ერთი სომხური ანკლავი. სომხური ანკლავი არწვაშენი ტერიტორიით თითქმის იმდენივეა, რამდენიც სამი აზერბაიჯანული ანკლავი სომხეთში. შემდგომში სირთულეების თავიდან ასაცილებლად, სომხეთის ხელისუფლება დასაშვებად მიიჩნევს ამ ტერიტორიების გაცვლას. თუმცა, ბაქო ამ ვარიანტის წინააღმდეგია, რადგან მათი ანკლავები სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალებთან მდებარეობს.

ანკლავების საკითხი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში, სომხეთმა ის 4 აზერბაიჯანული სოფელი დათმო, რომელიც ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ ჰქონდა დაკავებული. სანაცვლოდ, სომხეთის ხელისუფლებასა და საექსპერტო წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ აზერბაიჯანი ასევე დატოვებს 2021 წელს დაკავებულ ტერიტორიებს, მაგრამ საზღვრის დადგენა ამ მონაკვეთზე ჯერ არ მომხდარა. სწორედ ეს არის ახლა სომხეთის ოპოზიციისა და რუსეთის მთავარი არგუმენტი ფაშინიანის წინააღმდეგ. ოპოზიცია აცხადებს, რომ აზერბაიჯანი იმ ტერიტორიებიდან არ გავა და ფაშინიანი უბრალოდ სომხურ მიწებს აბარებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სომხეთში ოპოზიციის მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. სწორედ ამიტომ, ანტისამთავრობო პროტესტის სათავეში არა პოლიტიკოსი, არამედ სომხეთის სამოციქულო ეკლესიის არქიეპისკოპოსი დგას. ეს საკმაოდ საინტერესო მოცემულობაა. რუსეთმა სომხური ეკლესია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გამოიყენა, როცა კოლონიური რეჟიმის დასამყარებლად ის მთავარ მოკავშირედ გაიხადა. თანამედროვე სომხური ეკლესიის უმაღლეს იერარქებს, მათ შორის, კათალიკოს გარეგინ II-ეს, რუსეთთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

თუმცა, ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეკლესია სომხეთში ისეთივე ძლიერი აქტორია, როგორც საქართველოში. აქაც საკმაოდ სპეციფიკური მოცემულობა გვაქვს. სომეხი ხალხი ამაყობს თავისი რწმენითა და ეკლესიით. ისინი თავს უძველესი ეკლესიის შვილებად და მსოფლიოში პირველ ქრისტიან ერად მიიჩნევენ, რომელმაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ 301 წელს გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად. ამის მიუხედავად, სომხურ საზოგადოებაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეკლესიას არასოდეს ჰქონია იმხელა გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, როგორც საქართველოში. სომხებს  ეკლესიის იერარქების მიმართ მაინცდამაინც პოზიტიური დამოკიდებულება არ აქვთ. საინტერესო ვითარებაა ეკლესიის მსახურთა ქვედა ეშელონებში, სადაც სომეხი მღვდლების უდიდესი ნაწილი თავს რუსეთის ეკლესიას არ უტოლებს, სწორედ ზემოხსენებული მიზეზების გამო. რუსეთს სომხური ეკლესიის მეთაურებზე გავლენა აშკარად აქვს, თუმცა მთელ ეკლესიაზე და მათ მრევლზე ნაკლებად.  

ფაშინიანის წინააღმდეგ ეკლესიის გამოყენება იმის ნათელი ილუსტრაციაა, რომ სომხეთის არსებული პოლიტიკის შესაცვლელად, კრემლს მაინცდამაინც ბევრი რესურსი არ აქვს. პროტესტის ლიდერად, ტავუშის არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანია შერჩეული. ამას ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ეპისკოპოსი გალსტანიანი სომხური ეკლესიის მაღალ იერარქთა შორის სუფთა რეპუტაციით სარგებლობს, მხოლოდ 53 წლისაა და განათლება დიდ ბრიტანეთში აქვს მიღებული. მეორე მიზეზი კი ის ეპარქიაა, რომელსაც მართავს. ტავუში ის რეგიონია, სადაც ახლა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენა ხდება და სადაც სომხეთი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დაკავებული ტერიტორიებიდან გადის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტავუშიდან არის წარმოშობით თავად ნიკოლ ფაშინიანიც. თუ ფაშინიანს ადრე აბრალებდნენ, რომ თავისი წარმომავლობის გამო, ყარაბაღი არ უყვარს და არ აღელვებს, ახლა ისიც შეიძლება გაიგონოთ, რომ არც მშობლიური მხარე აღელვებს და მის მიწებს აზერბაიჯანს უთმობს.

რა პერსპექტივა აქვს ამ პროტესტს? აქ ყველაფერი მხოლოდ ფაშინიანზე, რუსეთზე და სომხურ ეკლესიაზე არ არის დამოკიდებული. თუ სომხეთის ხელისუფლების მოლოდინი გამართლდა და დელიმიტაცია-დემარკაციის შემდეგ ეტაპზე აზერბაიჯანმაც დატოვა ის ტერიტორიები, რომელიც მათი მტკიცებით, დასატოვებელი აქვს, მაშინ ამ პროტესტს, სავარაუდოდ, შედეგი არ ექნება. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ძნელი სათქმელია, რამდენად შეიძლება გაიზარდოს საპროტესტო მუხტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაშინიანის ოპოზიცია სუსტია და შეიძლება არც ის ხალხი აძლევდეს ხმას, ვინც ახლა ფაშინიანის საწინააღმდეგო აქციებზე დგას. სომხეთში პოლიტიკური კლასის სასულიერო ელიტით ჩანაცვლება და ამ ქვეყნის ირანიზაციაც, ახლა თეორიულ პერსპექტივაშიც ძნელი წარმოსადგენია.

ყველაფერი რაც ზემოთ ვთქვით, ნათლად ცხადყოფს, რომ სომხეთს ახლა მარტივი გზა არ აქვს გასავლელი და სურვილის მიუხედავად, რუსული გავლენების შემცირება და ევროპასთან სწრაფი დაახლოება მხოლოდ ფაშინიანის სურვილებსა და ძალისხმევაზე არ იქნება დამოკიდებული. ჩვენს მეზობლებს ახლა კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდათ და ეს ის პრობლემაა, რომელზეც  გავლენის მოხდენა მათ საერთოდ არ შეუძლიათ. არადა, ამ პროცესმა მათი ევროპული მისწრაფებები შეიძლება საფუძველშივე დაასამაროს.

აქ საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენთან მიმდინარე პროცესებზეა. სომხეთის ხელისუფლება და საზოგადოება დაინტერესებულია საქართველოს ევროპული გზის წარმატებით. ეს გარდა ჩვენს ერებს შორის ისტორიული კავშირებისა და ორ თანამედროვე სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა, წმინდა პრაგმატული ინტერესიდანაც გამომდინარეობს.

სომეხი კოლეგებიდან რამდენიმემ გვითხრა, რომ ნიკოლ ფაშინიანი ევროპელ ლიდერებთან პირადად ლობირებდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რადგან ეს მისი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია. საიდან იციან ეს მათ?? როგორც აღმოჩნდა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციისთვის ხშირად ხვდება ექსპერტებს. მათ შორის ხვდება მათაც, ვინც მისი პოლიტიკის მიმართ მთელ რიგ საკითხებში კრიტიკულია.

სომეხმა კოლეგებმა დაგვიდასტურეს ისიც, რომ ისინი ახლა შეშფოთებულები ადევნებენ თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს და გულშემატკივრობენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. მათი თქმით, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის უფრო ძლიერი იყო, ვიდრე სომხეთში. ამას ბევრი მიზეზი აქვს, პირველ რიგში კი, საქართველოს ცალსახად გამოხატული პროდასავლური კურსი, რაც პარტნიორებს მეტი დახმარების მოტივაციას აძლევდა. რუსეთზე ჩამოკიდებულ სომხეთში, მოსკოვი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით არასოდეს დაინტერესებულა. ,,რუსეთი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით არ დაინტერესებულა” შეიძლება საერთოდ არც უნდა დაგვეწერა, რადგან როგორ შეიძლება ის ძალა, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება ბოლომდე გაანადგურა, სადმე მისი გაძლიერებით იყოს დაინტერესებული?!

სომხური სამოქალაქო საზოგადოება ახლა გადის იმ გზას, რომელიც ქართულმა უკვე გაიარა, თუმცა ჩვენ მოულოდნელად აღმოვჩნდით ათწლეულების მანძილზე მიღწეული შედეგის ერთ დღეში დაკარგვის საფრთხის წინაშე.

,,რუსულ კანონად’’ სამართლიანად მონათლული ჯერ კიდევ კანონპროექტი რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ემსახურება და პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას ისახავს მიზნად, ეს სომხურ საექსპერტო წრეებშიც ნათლად აქვთ გაცნობიერებული. ან პრინციპში, რა გაცნობიერება სჭირდება იმას, რაც 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი პირით გვაუწყა? ბატონ ბიძინას სომეხი ექსპერტებიც უსმენენ და სომხური მედიაც აქტიურად აშუქებს ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება.

რა შედეგით დასრულდება საქართველოში მიმდინარე პროცესები, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სომხეთის სახელმწიფოს ბედსაც. იმ შემთხვევაში, თუ ქართული სამოქალაქო საზოგადოება ამ ბრძოლაში დამარცხდება და ხელისუფლებაც ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას გააგრძელებს, ეს პირდაპირ აისახება სომხეთის ევროპული ინტეგრაციის საკითხზე. ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მყოფი ქვეყნისთვის, ერთადერთი ევროპული მისწრაფებების მქონე მეზობლის ტრადიციული კურსიდან გადახვევა, კატასტროფის მომასწავებელია. თუ ამ ბრძოლაში ქართული საზოგადოება სასურველი შედეგების მიღწევას შეძლებს, ეს სომხეთს შეუნარჩუნებს შანსს რუსეთის გავლენებს თავი დააღწიოს და ევროპისკენ გზა გააგრძელოს. რატომ ვერ შეძლებს ამას მოვლენათა სხვაგვარი განვითარების შემთხვევაში? ალბათ, ბევრი ახსნა არ სჭირდება. უბრალოდ, რუკას რომ დავხედოთ ისიც საკმარისია და ყველაზე ცუდ სცენარში დავუშვათ, რომ საქართველო რუსულ ორბიტაზე დაბრუნდა.

თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ახლა მიმდინარე პროცესები მხოლოდ ორი შესაძლო სცენარით შეიძლება დასრულდეს: ან ხელისუფლება გაიტანს თავისას და ქვეყანას დააბრუნებს რუსულ ორბიტაზე, ან გაიმარჯვებს საზოგადოება და  ევროპულ მომავალს შევინარჩუნებთ. პირველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება გაწირავს არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოების მომავალს, არამედ თავისდა უნებურად (ან შეიძლება არც ისე უნებურად) პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს ისედაც ურთულეს ვითარებაში მყოფ მეზობელს და მის ხალხს.

მეორე მხრივ კი, ქართულ საზოგადოებას გაუჩნდა ისტორიული შანსი. ასეთი შანსები, ალბათ, ძალიან იშვიათად ჩნდება ხოლმე, როდესაც ერთი კონკრეტული საზოგადოების ბრძოლის შედეგმა, შეიძლება ორი სახელმწიფოს ბედი განსაზღვროს. ახლა ქუჩაში გამოსული ქართველები იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის, არამედ მთელი რეგიონიდან რუსეთის განდევნის დასაჩქარებლად. ამას შეიძლება ყველა ვერ აცნობიერებს, მაგრამ სინამდვილეში, ამ ბრძოლას გაცილებით დიდი მიზანი აქვს, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეინარჩუნებს ჯერ კიდევ არსებულ ევროპულ კურსს, ეს იგივე კურსის შენარჩუნების შანსს უტოვებს სომხეთსაც, რომელსაც ჩვენამდე მოსასვლელად კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე ქვეყანას მხოლოდ ერთი მომავალი ელოდება წინ - რუსული სამყაროს ნაწილად ყოფნა.

ვითარება ნამდვილად პარადოქსულია. საქართველოს შემთხვევაში, რუსეთის დახმარებით, ხელისუფლება უპირისპირდება საკუთარ ხალხს და მისი მოსახლეობის 80%-ზე მეტის არჩევანს. სომხეთში, რუსეთის დახმარებით, ცალკეული ძალები უპირისპირდებიან ხელისუფლებას. ერთ შემთხვევაში, პროტესტმა უნდა გაიმარჯვოს; მეორე შემთხვევაში, ხელისუფლება უნდა გადარჩეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ბრძოლაზე სომხეთის ბედიც არის დამოკიდებული, შედეგების მისაღწევად მხოლოდ ორი რამ უნდა გავაკეთოთ: არ დავუშვათ ამ კანონის ძალაში შესვლა და შემოდგომაზე დემოკრატიული არჩევნები ჩავატაროთ.

სომხეთის ბრძოლა უფრო მრავალშრიანია. ხელისუფლებამ წარმატებით უნდა დაასრულოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი აზერბაიჯანთან, რაც ახლა არსებული დინამიკის მიუხედავად, ნამდვილად არ არის მარტივი; უნდა შეძლოს საბოლოოდ აზერბაიჯანთან სამართლიან პირობებზე შეთანხმებული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა; უნდა მიაღწიოს შეთანხმებას სატრანსპორტო დერეფნების გახსნაზე ისე, რომ თავისი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს; დაიწყოს ურთიერთობების ნორმალიზაცია თურქეთთან; ეტაპობრივად დაუახლოვდეს ევროპას, დაიწყოს რეფორმებისა და ინტეგრაციის რთული და ხანგრძლივი პროცესი; გაუძლოს ზეწოლას რუსეთისგან და ქვეყნის შიგნით არსებული რადიკალური ჯგუფებისგან.

დამეთანხმებით, ეს ყველაფერი გაცილებით რთულად გამოიყურება, ვიდრე ერთი კანონის უკან გაწვევის მიღწევა და ერთი სამართლიანი არჩევნების ჩატარება. სწორედ ამიტომ, ამ სამართლიან ბრძოლას აქვს აზრი. მით უმეტეს, თუ ამ ბრძოლით არა მხოლოდ საკუთარი მომავლის გადარჩენა შეგიძლია, არამედ იმ ხალხისთვის ასეთივე ნათელი მომავლის შანსის შენარჩუნება, ვისთან ერთადაც ამ რეგიონში თითქმის სამი ათასწლეულია ვცხოვრობთ.


დავით ბრაგვაძე არის ანალიტიკოსი და ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. 2016-18 წლებში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

ამჟამად არის მოწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში და კავკასიის უნივერსიტეტში. მისი სალექციო კურსი ფარავს საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიას, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას.


ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ გამოხატავდეს რედაქციის პოზიციას.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია