რას ნიშნავს სომხეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის გაეროს გენერალურ ასამბლეაში

ავტორი: Chai Khana,

ფოტოგრაფი: ლელი ბლაგონრავოვა

12.06.24

ივნისში სომხეთმა პირველად დაუჭირა მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც აღიარებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში. ,,ეს სომხეთის მხრიდან კიდევ ერთი ხმამაღალი განაცხადია იმაზე, რომ ის სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენისგან და პოლიტიკისგან დისტანცირდება’’, ამბობს არსენ ხარატიანი, ალიქ მედიის დამფუძნებელი. 

კენჭისყრის შედეგებმა საქართველოს ტრადიციული საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები დაგვანახა. მათ შორის, ჩინეთისაც, რომელთანაც საქართველომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი და რომელმაც რეზოლუციის მხარდაჭერისკენ თავი შეიკავა.

საქართველო ამ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის საერთაშორისო აღიარება და მათი მხარდაჭერა არსებითად მნიშვნელოვანია. 2024 წლის 4 ივნისის კენჭისყრაზე, გასულ წელთან შედარებით, რეზოლუციას 100-ის ნაცვლად, 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 9 წინააღმდეგი იყო, მათ შორის, ბელარუსი და რუსეთი; 52-მა კი, ჩინეთისა და ირანის ჩათვლით, თავი შეიკავა. 

სომხეთის წლევანდელ მხარდაჭერას ქართულმა მედიამ ისტორიული უწოდა. ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც სომხეთის ბოლოდროინდელი მცდელობების გაგრძელება გათავისუფლდეს რუსეთის გავლენისგან, რომელიც მისი დიდი ხნის სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, ანალიტიკოსი არსენ ხარატიანი ამბობს, რომ სომხეთის მხრიდან ეს გადაწყვეტილება ქვეყნის საშინაო და საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე რამდენიმე ცვლილების შედეგიცაა. ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ სომხეთი-მოსკოვის ურთიერთობის თვალსაზრისით, გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრა სომხეთისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომლებსაც ბოლო დღეებში სომხეთი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე რუსეთთან დაკავშირებით იღებს.

,,მე ვფიქრობ, რომ სომხეთის ქცევა ჩვენ ორმხრივ ურთიერთობაში რუსეთთან და ასევე, რუსეთის მიერ დომინირებულ სტრუქტურებთან, ბევრად უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანია…ჩვენ ფაქტობრივად ვაჩერებთ ჩვენს წევრობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, სადაც რუსეთი წამყვანი/დომინანტური ძალაა. ეს ნაბიჯები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კენჭისყრაზე სომხეთის პოზიცია. მაგრამ, მე მგონია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებს ამაზე რეაქცია ექნებათ. სომხურ-რუსული ურთიერთობები ჩვენი პერსპექტივიდან ხომ იმას აჩვენებს, რომ რუსეთის გავლენა რეგიონში თანდათან სუსტდება,”ამბობს არსენ ხარატიანი.

,,მე მეჩვენება, რომ რუსეთს ჩვენ იმდენ რამეში არ ვეთანხმებით, რომ ეს კენჭისყრა როგორც ჩვენთვის, ისე რუსეთისთვის, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობის არ არის.”

ხარატიანი განმარტავს, რომ წარსულში სომხეთს სხვა პოზიცია ჰქონდა, რომელიც იყო შემდეგნაირი: მხარს თუ არ დავუჭერთ, არ დავუპირისპირდეთ მაინც რუსეთს საერთაშორისო პლატფორმებზე. წინა წელს მაგალითად, სომხეთის დელეგატებმა გაეროს გენერალურ ასამბლეაში ,,დარბაზის დატოვების პოლიტიკა” აირჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე ტოვებ დარბაზს, რომ გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა ან წინააღმდეგ წასვლა აირიდო.

არსენი ამბობს, რომ სომხეთს წელს რამდენიმე გარემოებამ შეუწყო ხელი სხვანაირად მოქცეულიყო.

,,ჯერ ერთი, მას შემდეგ, რაც არცახში (მთიანი ყარაბაღი) მცხოვრები ხალხი იძულებით გადაასახლეს, სომხეთში დევნილთა დაბრუნების საკითხმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა. მეორე, ახლა სომხეთი უფრო ღიად უჭერს მხარს საქართველოს და მესამე, სომხეთს ისე აღარ აშინებს რუსეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ წელს პირველად დავუჭირეთ მხარი საქართველოს რეზოლუციას და ეს ცხადია ნიშნავდა რუსეთის წინააღმდეგ წასვლას. მე მაგალითად, ძალიან გამახარა სომხეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილებამ.”

ამის პარალელურად, არსენ ხარატიანს სჯერა, რომ ეს ნაბიჯი უფრო მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და მმართველი პარტიისთვის, ვიდრე თავად სომხეთისთვის.

,,რა თქმა უნდა, საქართველოსთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამის წარმოჩენაც შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, რომელ მედიას ეცნობი.  ,,ისტორიული რამ მოხდა” - ამ ფრაზას დარწმუნებული ვარ, პროსახელისუფლებო მედია გამოიყენებდა, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ახლა სომხეთთან ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. სომხეთი დღეს აღიქმება სახელმწიფოდ, რომელიც დემოკრატიის გზას ადგას,  საქართველოში მიმდინარე მოვლენების (ე.წ. რუსული კანონის მიღება და საპროტესტო გამოსვლები) გათვალისწინებით კი, მმართველი გუნდისთვის ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მომგებიანია…ეს მათ დამატებით ლეგიტიმაციას ანიჭებთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ მათ მხარს რეგიონში ყველაზე პროდასავლური ქვეყანა უჭერთ, რომელიც კონფლიქტშია რუსეთთან.  შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასე იკითხება,”ამბობს არსენ ხარატიანი.

ბევრი წლის განმავლობაში, საქართველო ამაყად ინარჩუნებდა რეგიონში ყველაზე პროდასავლური ქვეყნის სტატუსს. ის იყო პირველი, ვინც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. მოლოდინი იყო, რომ 2024 წელს მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყებოდა. ქართული ოცნების პოლიტიკა ცხადად ანტიდასავლური აპრილში გახდა, როცა ხელისუფლებამ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ე.წ. ,,რუსული კანონი” მიიღო, რომელმაც რუსეთში სამოქალაქო სექტორი და დამოუკიდებელი მედია გააქრო. ამის საპასუხოდ,  საქართველოს ტრადიციულმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მმართველ პარტიას სანქციები გამოუცხადა, ლაპარაკი იყო ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზეც, მათ შორის, კანდიდატის სტატუსზეც

დასავლელ პარტნიორებთან დისტანცირების პარალელურად, ,,ქართული ოცნება”  საჯაროდ ცდილობს თანამშრომლობას ჩინეთთან, ირანთან, ასევე, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. არსენ ხარატიანი იხსენებს ამ წლის დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საქართველოს მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელმოწერას. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ სომხეთი შეშფოთებულია საქართველოში მაისში მიღებული კანონით და მმართველი პარტიის - ,,ქართული ოცნების” ანტიდასავლური გზავნილებით.

,,სომხეთში ძალიან გვაწუხებს, რაც საქართველოში ხდება. მინდა მჯეროდეს, რომ საქართველო ერთგული დარჩება დემოკრატიული ღირებულებებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,  რადგან ჩვენც თუ ოდესმე გვექნება უფრო მეტი შანსი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველო ამ გზის ერთგული დარჩეს,”ამატებს არსენ ხარატიანი. თუმცა, მოკლევადიან პერსპექტივაში, ის საიმედო პროგნოზს ვერ ხედავს.

,,მე ძალიან მიხარია, რომ სომხეთმა რეზოლუციას მხარი დაუჭირა. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები სახეზეა, მაგრამ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ…ყველა დავინახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საქართველოში სიტუაცია მძიმეა და ნაკლებ სავარაუდოა უკეთესობისკენ შეიცვალოს. არ მჯერა, რომ საქართველო ბელორუსად იქცევა, ეს შეუძლებელი მგონია, მაგრამ გარკვეული პერიოდი რომ რთული ვითარება იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ,” ამბობს არსენ ხარატიანი. არმენს არც იმაში ეპარება ეჭვი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის კარგი ორმხრივი ურთიერთობა ამ დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია,  პარტნიორობაზე ხელმოწერა კი ამ გზაზე უკვე კონკრეტული ნაბიჯი.

,,საქართველოსთან დიალოგის დაწყება ამ წლის თებერვალში ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო…მაგალითად, ახლა უკვე შესაძლებელია საქართველოში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით მოგზაურობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ საერთო მონაცემთა ბაზას ვქმნით. ეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებია, ესე იგი, ნდობა იზრდება. ინსტიტუციური თვალსაზრისით, ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მტკიცდება და გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს რეზოლუციაზე მხარდაჭერაც ამაში თავის წვლილს აუცილებლად შეიტანს.”


არსენ ხარატიანი სომხურ-ქართული მედია პლატფორმის ,,ალიქ მედია” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ,  100 დღის განმავლობაში ის იყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია