ზესტაფონი ნათელა გრიგალაშვილის ფოტოობიექტივში

ფოტოგრაფი: ნათელა გრიგალაშვილი
13.08.24

გზისპირას უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული რუხი ფერის შენობა ქალაქის იდენტობაა უკვე. Ზესტაფონი ,,ფერომ’’ განსაზღვრა. 30-იან წლებში აშენებულმა ფეროშენადნობთა ქარხანამ, ქვეყანაში შავი მეტალურგიის უდიდესმა საწარმომ, ზესტაფონი ინდუსტრიულ ქალაქად აქცია. აქედან  მოყოლებული, ფერო ამ ქალაქისთვის და რეგიონისთვის ერთდროულად იმედიც არის და განაჩენიც. ათეულობით წელია ზესტაფონი პერიოდულად ყვითელ ნისლში ეხვევა და მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის. ამავე დროს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქარხანა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად რჩება. 

დავინტერესდი, რა კვალს ტოვებს ეს წინააღმდეგობრივი გარემო ქალაქისა და იქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზე. რას აკეთებენ ახალგაზრდები; როგორ ცხოვრობენ პენსიონერები, საწარმოს თანამშრომლები, გლეხები; როგორია მონოინდუსტრიული ქალაქისა და რეგიონის ყოფა დღეს.

ქალაქის ხედი სოფელი ცხრაწყაროდან. აპრილი, 2024

ფეროშენადნობთა ქარხნის ხედი, ზესტაფონი. აპრილი, 2024

ზესტაფონში ხაშურიდან წავედი მატარებლით. ოთხსაათიანი გზაა. "მასტერაოს" ეძახის ხალხი ხაშური-ზესტაფონის მატარებელს, რომელიც ხარაგაულისთვის და რაიონის ბევრი სოფლისთვის ერთადერთი ტრანსპორტია ქალაქში მოსახვედრად. არც გზად და არც ზესტაფონში ასაკოვანი ხალხი პრობლემებზე არ გელაპარაკება, ჩუმად ყოფნას ამჯობინებენ. ახალგაზრდები უფრო თამამები არიან და პროტესტსაც გამოხატავენ. უკონტროლოდ  ათვისებულ ბუნებრივ რესურსებსა და მძიმე ეკოლოგიურ გარემოს რეგიონში ყველაზე მეტად განიცდიან. Სამსახურის პოვნაც უჭირთ, ამიტომ უპერსპექტივო მომავალი ხშირად ქალაქის მიტოვების მიზეზია. Სკოლის დამთავრების შემდეგ, უკეთესი ცხოვრების ასაწყობად, ძირითადად დედაქალაქში მიდიან.

Ზესტაფონი-ხაშურის მატარებელი. მარტი, 2024

Ზესტაფონის რკინიგზის სადგური. აპრილი, 2024

 ალექსანდრე წულაია, 34 წლის, ვეტერინარი.

პავლე წულაია, 36 წლის.

ალექსანდრე ერთი წელია ზესტაფონში ქალაქის ერთადერთ ვეტერინარულ კლინიკას ამუშავებს. 
,,ამ ქალაქის კარგიც და ცუდიც მიყვარს, თორე მეც წავიდოდი ალბათ. Ხალხი პრობლემებზე ლაპარაკს თავს არიდებს, პოლიტიკაზე უფრო გაიგებ დისკუსიას. თითქოს ყველა გადარჩენაზეა გადართული, მომავალზე ფიქრსაც კი ვერ ბედავენ. Მხოლოდ სკოლის ასაკის ახალგაზრდებს შეხვდებით, მერე ან სასწავლებლად, ან სამუშაოდ მიდიან. Ჩემ თვალწინ იცლება და უსიცოცხლო ხდება ზესტაფონი. არც შეკრების და გართობის სივრცეა, არც საინტერესო ღონისძიებები იმართება. Მე მაგალითად, ძალიან მინდა უფრო დიდი კლინიკა გავაკეთო, სადაც ძაღლებისა და კატების გარდა, სხვა ცხოველებსაც ვუმკურნალებთ. მაგრამ არც შესაბამისი ტექნიკური რესურსი გვაქვს და არც ცოდნა.”

Პავლემ მევენახეობა-მეღვინეობის პროფესია შეისწავლა, მაგრამ პროფესიით არასოდეს უმუშავია. 10 წელია ფოტოგრაფია და თერჯოლის მოსწავლე-ახალგზრდობის სახლში პატარებს ფოტოს გადაღებას ასწავლის. Სკვერში იკრიბებიან ხოლმე და გადაღების ტექნიკის გარდა, ფოტოგრაფებზეც მსჯელობენ. ,,გასვლით გადაღებებზეც დავდივართ სოფლებში, მალე გამოფენაც გვექნება. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ რეგიონი ხალხისგან იცლება. ამის თავიდან ასაცილებლად, სოფლის მეურნეობის განვითარება მგონია გამოსავალი.”

Სოფელი ტაბაკინი, წულაიების მარანი, ალექს წულაია მეგობრებთან - გაგა და შაკო კელენჯერიძეებთან ერთად. აპრილი, 2024

Მდინარე ყვირილას ხედი, რომლის სანაპიროზეც გაშენებულია ზესტაფონი. აპრილი, 2024

Კვალითის დასახლება ზესტაფონში. აპრილი, 2024

ბადრი ტაბატაძე, მსახიობი, 68

43 წელია ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე თამაშობს. 100-მდე შესრულებული როლი ეამაყება. უხარია, რომ ყველა სპექტაკლს ჰყავს ზესტაფონში  მაყურებელი. ახალი თაობაც დადის თეატრში. Მისი მშობლები ფეროში მუშაობდნენ. ,,90-იან წლებში ჩვენც გაგვიჭირდა. Მსახიობის ხელფასი მაღალი არასდროს ყოფილა, სტუდენტი შვილების რჩენა ვერ შევძელით ოჯახმა, ამიტომ ვაჭრობა დავიწყეთ. Საკვებ პროდუქტებს ვყიდდით. ასე გადავრჩით და მოვედით დღემდე.”

 

ბარბარე მაჭავარიანი (მარცხნივ), 18 წლის
Ბარბარეს ყველაზე მეტად გასართობი და შემეცნებითი ადგილები აკლია მშობლიურ ქალაქში. ერთადერთი თეატრია, სადაც  მეგობრებთან ერთად წასვლა შეუძლია. ,,მოზარდობის ასაკი ისედაც რთულია, დაბნეული ხარ, სულ რაღაც გაწუხებს. Სადღაც რომ შევიკრიბოთ, ერთი სივრცეც კი არ გვაქვს. კარგად ვსწავლობ. კარგი მასწავლებლები არიან ზესტაფონში, უფასო წრეებიც არის. მაგალითად, სამხატვრო გალერეაში თვეში 10 ლარად შეგიძლია იარო. სკოლას როგორც დავამთავრებ, წასვლას ვაპირებ. ალბათ, საცხოვრებლად აღარც დავბრუნდები. 10 წლის მერეც მგონია, რომ დიდად არაფერი შეიცვლება აქ.”

ელენე თიკანაშვილი (მარჯვნივ), 18 წლის

,,მე და ჩემი მეგობრები ძირითადად მასწავლებლებთან დავდივართ და ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებით. Სახლი - მასწავლებლები - სახლი - ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა.”
Სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას ელენეც თბილისში გეგმავს. Როგორც ამბობს, ზესტაფონში სასურველი სამსახურის სამი ოფციაა მხოლოდ: ან მასწავლებელი უნდა იყო, ან მერიის, ან კიდევ ფეროს თანამშრომელი. Რეგიონში დაბრუნება არც ელენეს უნდა.

 

Მოსწავლეები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში. აპრილი, 2024

კვალითის დასახლება ზესტაფონში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბანია. ის თავდაპირველად ფეროში დასაქმებული მუშებისთვის აშენდა. აპრილი, 2024

შაზინა გოცირიძე, ანალიტიკური ქიმიის დოქტორი, 83 წლის

 

შაზინა პირველი ქალია, რომელიც  ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის ისტორიაში ცენტრალური ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახდა. მან მთელი ცხოვრება ზესტაფონში გაატარა. ფეროში მუშაობის 45-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს. Მისი Მშობლებიც ქარხანაში მუშაობდნენ. ,,ჩემ თვალწინ გაშენდა უბანი კვალითი სპეციალურად ფეროს მუშებისთვის. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობდა, გამოგონებებზე ვმუშაობდით. დღეს არც ხელფასია საკმარისი და არც ჩვენი ჯანმრთელობა და შრომის უსაფრთხოებაა დაცული. ამიტომ იცლება ზესტაფონი ხალხისგან, უკეთეს ცხოვრებას ეძებენ.

ის, რაც ზესტაფონს აცოცხლებს, ბაზარია. განსაკუთრებით პარასკევს და კვირას. ამ დღეებში მახლობელი სოფლებიდან თავიანთი ნაწარმის გასაყიდად ათეულობით ადამიანი ჩამოდის. ყიდიან რძის პროდუქტს, ფრინველს, ხილს, ბოსტნეულს. Ბაზრის ატმოსფერო ქალაქის კოლორიტია. ,,მყიდველი შეგვიმცირდა ძაან ოღონდ. Ხშირად ასე ვსხედვართ და მივჩერებივართ ერთმანეთს მოვაჭრეები,” მეუბნება შუახნის ქალი, რომელიც ხილს ყიდდა ბაზარში.

Ზესტაფონის საკვირაო ბაზარი. აპრილი, 2024

Საკვირაო ბაზარი ზესტაფონში, ამ დღეს ხალხი მეზობელი სოფლებიდან ჩამოდის პროდუქტის გასაყიდად. აპრილი, 2024

კვალითის დასახლება, ზესტაფონი. აპრილი, 2024

ავთანდილ ფერაძე, 67 წლის, სოფელი ტაბაკინი.
ავთანდილი ახლა პენსიონერია. ფეროში 22 წელი იმუშავა. ,,არასოდეს დამავიწყდება ფეროს პირველი წითელი კომკავშირული თბომავალი, რომელსაც წლები ვმართავდი. Მაშინაც და ახლაც ფერო ზესტაფონში ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი დამსაქმებელია. არჩევანი ძალიან მწირია.”

Მზია ფერაძე, 82 წლის, სოფელი ტაბაკინი.
,,49 წელი ვიმუშავე სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. დედაჩემიც ამ სკოლის მასწავლებელი იყო. არ გავთხოვილვარ, ამიტომ ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ვცხოვრობ მშობლების სახლში.”

 

Სოფელი ტაბაკინი. აპრილი, 2024

ლელა ჩუხუა, 50 წლის, სოფელი ძლოურდანეთი
ლელას მეუღლე და 14 წლის შვილი ჰყავს. ოჯახის ძირითადი შემოსავალი საქონელია. ზესტაფონის ბაზარში ყველს ჰყიდის. ქმარი ტაქსის მძღოლია. ,,სოფელში უამრავი საქმეა. Სულ შრომაში ვართ და შემოსავალი მაინც ცოტაა. Ჩვენს უბანში არც გზაა გაყვანილი, არც ქუჩის განათება გვაქვს. Როცა წვიმს, უნდა ნახოთ, როგორი ტალახია. Ჩემი შვილი მეცოდება აქაურობისთვის, მინდა თბილისში ისწავლოს.

 

გურამ გელენიძე, 69 წლის, სოფელი ძლოურდანეთი
40 წელი იმუშავა ფეროში. Სამი წელია პენსიონერია. Ზესტაფონიდანაც წამოვიდა და წინაპრების სახლში დასახლდა სოფელში. ოთხი შვილი და ცხრა შვილიშვილი ჰყავს. ,,გოგოები გათხოვილები არიან. ჩემი ომცროსი ბიჭი 28 წლის არის, პროფესიით იურისტია, მაგრამ ახლა ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშაობს მუშად ჩინურ კომპანიაში. Საზღვარგარეთ აპირებს წასვლას ეგეც. Სოფლიდან ყველა ახალგაზრდა უცხოეთშია წასული. მისი მეგობრები პოლონეთში მუშაობენ ქარხნებში, მშენებელობებზე და იქიდან არჩენენ ოჯახებს. სამსახურის პოვნაში დახმარებას ჰპირდებიან ჩემს ბიჭს და წავა ისიც მალე. Ჩემი ასაკის ხალხი აქ ტყით ვირჩენთ თავს. ჯონჯოლს, სოკოს, ეკალას ვაგროვებთ. ფეროც რო არ იყოს, ხალხი მშიერი დარჩებოდა.”

 

Რამაზ ჩუბინიძე, 57 წლის, და ზურაბ ჩუბინიძე, 59 წლის, სოფელი ტაბაკინი

რამაზი  წლებია ზესტაფონის ფეროში მუშაობს. ზურაბს საოჯახო მეურნეობა აქვს. კალათებს ქსოვს და ჰყიდის. Რამაზის Შვილები გაიზარდნენ და წავიდნენ სოფლიდან: ბიჭი ქუთაისში ცხოვრობს, ქალიშვილი თბილისში. Ზურაბის ქალიშვილებიც აღარ ცხოვრობენ ტაბაკინში. ერთი სოფელ სვირში გათხოვდა, მეორე შროშაში.

Მიტოვებული სახლი სოფელ ნაბაკევში

ზესტაფონსა და მის მიმდებარე სოფლებიდან კაცები  რამდენიმე წელია  რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე მუშაობენ. Როგორც ამბობენ, ბევრს არ უხდიან, მაგრამ უმუშევრად ყოფნას ურჩევნიათ. ავტობანის დასასრულს, უკვე აღარ სჭირდებოდათ ბევრი ხალხი, ამიტომ დასაქმებულების რაოდენობა ნელ-ნელა შეამცირეს.

მილერი ფერაძე, 42, დაბა შორაპანი
პანდემიამდე ფოტოგრაფად მუშაობდა. Მაგრამ პანდემიის დროს  იძულებული გახდა პროფესია შეეცვალა.  Სამი წელია ავტობანის მშენებლობაზე მემონტაჟედ მუშაობს.

 

Ზესტაფონის ახალი შემოვლითი გზა, დაბა შორაპნის მიმდებარე ტერიტორია. აპრილი, 2024

კვალითის დასახლება, ზესტაფონი. აპრილი, 2024

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია