მოკლე ფილმები შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ

18.11.24

MAC Georgia-სთან თანამშრომლობით, Chai Khana წარმოგიდგენთ მოკლე ფილმებს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ, რომლებიც ერთობლივი კონკურსის ფარგლებში მომზადდა. მოკლე ფილმები ასახავს გამორჩეულ ისტორიებს, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებისა და მათი ოჯახების ცხოვრებას გვაზიარებს. კონკურსის ფარგლებში ჯამში 38 ფილმი მომზადდა, რომელთაგანაც მეორე ეტაპზე გადასული 15 ფილმი გამოქვეყნდა Chai Khana-ს პლატფორმაზე. სამი გამარჯვებული ფილმი კი, 2024 წლის დეკემბერში დასახელდება.


ტერეზა

ტერეზა, ახალგაზრდა ქალი ფოთიდან, თბილისში დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობს. მას ერთდროულად სმენის დაქვეითება და მხედველობის ნერვის ატროფია აქვს. ურბანულ გარემოში ცხოვრებასთან ადაპტირების გარდა, ტერეზა ადამიანებთან კომუნიკაციას ეჩვევა, სამუშაოსა და სწავლას შორის ბალანსის პოვნას ცდილობს. თავისი გამძლეობით ტერეზა აჩვენებს, რომ დაბრკოლებებისთვის თავის არიდების ნაცვლად, დამოუკიდებლობა სწორედ მათ გადალახვას მოაქვს.

რეჟისორი: გვანცა მამაცაშვილი


გონების სცენა

ნიკა მზრუნველი დასით გარემოცული ახალგაზრდა მსახიობია, რომელიც სცენის მიღმა სტიგმას ებრძვის. ადრეული ასაკიდან ნიკას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინდა გონებრივი ჩამორჩენით, რამაც მის სოციალურ ინტეგრაციას ხელი შეუშალა. ნიკა დაცინვის სამიზნეც არაერთხელ გამხდარა და თავი გარიყულად უგრძნია.

წარსულის აჩრდილი თან სდევს, თუმცა ინკლუზიურ თეატრში „აზდაკის ბაღი’’ მისვლის შემდეგ, თითქოს თავიდან დაიბადა — საკუთარი თავი აღმოაჩინა, მეგობრები გაიჩინა და მარტოობა დაძლია. ახლა მომავალზეა კონცენტრირებული. ნიკა ოცნებობს წარმატებული მსახიობი გახდეს.

რეჟისორები: ბაქარ ჩერქეზიშვილი და ჰანა ჰოვიტიე


ჩიტების ენა

მინდიას ჩიტების ესმის. ჯერ პატარაა და გაუცნობიერებლად ცდილობს რეალურ სამყაროს ტყეში გაექცეს. ჩიტების ესმის, მაგრამ უარს ამბობს ესაუბროს ადამიანებს. მისი უცნაური ქცევა მშობლებს შორის დაძაბულობას იწვევს. ვერ გარკვეულან, რა ელის მინდიას მომავალში. შიში სხვადასხვა ენაზე ალაპარაკებს. მაშინ, როცა გვირაბში თითქოს სინათლე არ ჩანს, სამყარო თავად აძლევს ოჯახს შერიგების და ახალი ცხოვრების დაწყების ნიშანს.

რეჟისორი: სალომე საღარაძე


შეუზღუდავი

მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსის მოსაგებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები იღებენ ფილმს „შეუზღუდავი“ შესაძლებლობის მქონე პირზე. ფილმი ირონიულად აღწერს საზოგადოებას, რომელიც სხვის პრობლემებს მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

რეჟისორი: გრიგოლ ჟორდანია


ფეხთან ერთად დამარხული სევდა 

ყავისფერი ხელოვნური ფეხი 28 წელია ჩემ გარშემოა, 1982 წლიდან კი ბებიაჩემის, იზოს, ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ დროიდან აღარ აქვს იზოს ცალი ფეხი. მისი ტრაგედია ყოველთვის ანეგდოტებში და სასაცილო ისტორიებში ითარგმენება, იზოსთვის ამ ტრაგედიაში სევდის და სინანულის ადგილი არ არის. ამ ფილმით ვცდილობ ბებიაჩემის დისტანციას დავაკვირდე და გავიგო, ამბის რომელ მონაკვეთშია ის სევდა, რომელიც ბებიამ თავის ფეხთან ერთად დატოვა პიცუნდაში.

რეჟისორი: დეა ჭოლოკავა


ჩემი საყვარელი ფერი არის მზის სხივი

მაცაცო ადრეული ბავშვობიდან მცირე მხედველი იყო და უკვე თოთხმეტი წელია, სრულიად უსინათლოა, თუმცა მის სამყაროში ყველა ხსოვნას თავისი ფერი აქვს - სარკეს, არდადეგებს, კაბას, სიყვარულს.

რეჟისორი: გიორგი ფარქოსაძე 


უხილავი საზღვრები

9 წლის ასაკში გიორგიმ ორივე ხელი დაკარგა. ამის მიუხედავად, გიორგი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდა პარატაეკვანდოში. პარალელურად ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში მუშაობს. ფილმი „უხილავი საზღვრები“ აჩვენებს სირთულეებს, რასაც გიორგი ყოველდღიურად აწყდება, მაგრამ მისი სიმტკიცე და სპორტული ხასიათი ამ ბარიერების გადალახვის შესაძლებლობას აძლევს. 

რეჟისორი: დავით თამაზაშვილი


პაატა

უიშვიათესი სინდრომის გამო, პაატას მისი თანატოლებისგან განსხვავებული ცხოვრება აქვს. ათწლეულების გავლის მიუხედავად, პაატა ისევ ის პატარა ბიჭია, რომლის ბავშვობაც 80-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება.

რეჟისორი: საბა ბოდოკია


ამბობენ, ლურჯი თვალები მაქვს

ამბავი უხილავი ბარიერების შესახებ, რასაც ფილმის გმირი ყოველდღიურად აწყდება. იგი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, ურთიერთობს ადამიანებთან, სიამოვნებას იღებს ბუნებასთან ინტერაქციით, მაგრამ ვერ პოულობს კავშირს, რომელსაც სხვები ბუნებრივად გრძნობენ. ყველაფერი, რაც სხვებისთვის ხელმისაწვდომია, მისთვის მხოლოდ ნაწილობრივაა ხელშესახები.

როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ ცოდნას, რომ სამყარო ყველა სხვა ადამიანისთვის სრული სისავსით არსებობს, მისთვის კი არასრულყოფილი სახით?

რეჟისორი: ირაკლი ცინცაძე


ლოკოკინას სინდრომი 

71 წლის დრამატურგმა ნოდარ მამაცაშვილმა 10 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მხედველობა და ოჯახის წევრები დაკარგა. ნოდარ მამაცაშვილი მალე პიესების კრებულის „ლოკოკინას სინდრომი“ გამოცემას გეგმავს, რომელიც აერთიანებს ამბებს ისეთი ადამიანების შესახებ, ვინც ლოკოკინასავით მხოლოდ მიწას ჩასჩერებია და ვარსკვლავებს ვერ ხედავს. მართალია, ფილმის გმირი უსინათლოა, მაგრამ იგი ცაში იყურება, ოცნებობს და ამ ოცნების რეალობად ქცევას ცდილობს. 

რეჟისორები: ნინი ჩიკვილაძე, თათა გულვერდაშვილი


იმედია რაღაც გამოვა

45 წლის ნოდარი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და დედასთან ერთად ცხოვრობს. მუსიკის შექმნა ხელოვნური ინტელექტის და სხვა მუსიკალური პროგრამების გამოყენებით ნოდარის ჰობია. მისი რწმენით, სამყაროში მეტი მუსიკის არსებობა ნაკლებ ომს და დაპირისპირებას ნიშნავს. რადიოში მუშაობა და თავისი მუსიკის სხვებისთვის გაზიარება ნოდარის ოცნებაა. 

რეჟისორი: კოტე კალანდაძე


იასამნისფერი, ვარდისფერი და ყავისფერი 

8 წლის საბა ძანძავა დღის ცენტრში „მომავლის სახლი“ სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ერთად დადის და დროის უმეტეს ნაწილს მათთან ერთად ატარებს. საერთო აქტივობების მიღმა, თითოეულ მათგანს საკუთარი სამყარო აქვს. ისინი ცეკვავენ, მღერიან და ლოცულობენ ერთად, მაგრამ  ხანდახან იწყენენ, თავს მარტო გრძნობენ და ეშინიათ კიდეც. 

რეჟისორი: ქრისტინე გოგალაძე


უხილავი კარი 

ახალგაზრდა ფოტოგრაფი პირველ პროფესიულ გამოწვევას აწყდება - ფოტოგრაფად მუშაობას სთავაზობენ თეატრში, სადაც მსახიობები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არიან. ღელვის და გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად, მარიკას მსახიობების გამბედაობა და სითამამე შთააგონებს. რეპეტიციის დროს გადაღებული პორტრეტი ავსტრალიის საერთაშორისო ფოტოკონკურსში იმარჯვებს და იმ ბარიერების სიმბოლო ხდება, რომელიც საზოგადოებაში განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მიმართ არსებობს.

მარიკას გამოცდილება ამ საზღვრების გადალახვის აუცილებლობის შეხსენებაა. ეს გამოცდილება ასევე ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობასაც გვახსენებს. თეატრში მუშაობამ პროფესიულ თავდაჯერებულობასთან ერთად მარიკას შემოქმედებითი ხედვაც გაამდიდრა.

რეჟისორი: მარიამ ნიკოლაიშვილი 


sabawithwheels

საბა, 30 წლის სთენდ აფ კომიკოსი, რომელიც უკვე 9 წელია ეტლით გადაადგილდება, აუდიტორიას საკუთარი ცხოვრების შესახებ ისტორიებს კომიკური მონოლოგების საშუალებით უზიარებს. ფილმში მისგან მოვისმენთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის გადალახვაც უწევთ საქართველოში ეტლით მოსარგებლე ადამიანებს. 

რეჟისორი: ნინიკო ლეკიშვილი

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია