10 წლის უნახავი დედა-შვილი აღარ არსებობს | რას დაკარგავს საქართველო უვიზო მიმოსვლასთან ერთად
ჟურნალისტი: მარიამ ბოგვერაძე , ,
ილუსტრატორი: თინა ჩერტოვა


„10 წლის უნახავი დედა-შვილი აღარ არსებობს” — ასეთია ემიგრანტების პასუხი კითხვაზე — რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები დღეს ამ მონაპოვარს საფრთხეს უქმნის.
ემიგრანტების ისტორიები ერთმანეთს ჰგავს. უმრავლესობას კერძო გამსესხებლისგან ვალად აქვს აღებული რამდენიმე ათასი ევრო, რომლის დაბრუნებასაც წლები მოანდომეს. გრძელი და დამქანცველი აღმოჩნდა გზა სასურველ ქვეყანაში ჩასასვლელად, შვილები დედების გარეშე გაიზარდნენ.
ნატა* იტალიაში 2013 წლის დეკემბერში 5 ქვეყნის გავლით ჩავიდა. მიკროავტობუსით ჯერ თურქეთი, იქიდან ბულგარეთი, შემდეგ რუმინეთი და ჩეხეთი გაიარა, პრაღიდან მატარებლით ავსტრიაში მოხვდა და ავსტრიიდან წამოსულისთვის მატარებლის ბოლო გაჩერება რომი და მისი ცენტრალური სადგური აღმოჩნდა. რომამდე გამოვლილი გზის საფასური ვალად აღებული 2500 ევროა, რომლის გასტუმრებასაც ემიგრაციის ერთი წელი დასჭირდა. ნატამ საქართველოში ორი შვილი, წლის და ექვსი თვის გოგო და სამი წლის ბიჭი დატოვა.
„კვირა დღეს რომის ცენტრალურ სადგურზე კომპიუტერები იდგა და იქ მივდიოდი ხოლმე შვილები რომ დამენახა. არ ვიცი, 24 წლის ასაკში ეს როგორ შევძელი. ინტერნეტი სად იყო მაშინ?!”
ემიგრაციის პირველი თვეებიც განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. 2013 წელს ჯერ კიდევ არ იყო ინტერნეტით კომუნიკაცია ისეთი ხელმისაწვდომი, როგორიც დღესაა. ემიგრაციაში წასვლა ნატას ქმარსაც უნდოდა, თუმცა წასვლისთვის საჭირო დამატებითი 2500 ევრო ოჯახმა ვეღარ შეაგროვა. სამი წელი და ექვსი თვე გაძლო ნატამ იტალიაში და მერე სამშობლოში დაბრუნდა. რა აღარ სცადა აქ, სხვადასხვა სამსახური მოსინჯა, მაგრამ ფინანსურად მაინც ვერ გაიმართნენ. 2019 წელს ნატას ისევ იტალიაში მოუწია გამგზავრება, იმ განსხვავებით, რომ ამჯერად მხოლოდ თვითმფრინავის ბილეთები იყიდა.
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე მოგზაურობენ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ხელშესახებ სარგებლად მიიჩნევა დღემდე. ვიზალიბერალიზაცია დიდი შვებაა ემიგრაციაში მცხოვრები ქართველებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის.
ემიგრაციაში მეორედ წასული ნატა 2025 წელს პირველად შეხვდა ახალ წელს ოჯახთან ერთად იტალიაში. 6-წლიანი განშორების შემდეგ შვილებმა და ქმარმა ჩააკითხეს.
„დედა რამდენიმე წლის წასული იყო, ფოტოები გავუგზავნეთ და ვერ მიცნო”
დაკო ბახტურიძე აბიტურიენტი იყო, როცა 2003 წელს დედა ემიგრაციაში წავიდა. ნატას მსგავსად, წასასვლელად საჭირო ფული დაკოს დედამაც კერძო გამსესხებლისგან კაბალური პირობებით აიღო და ორი წელი მხოლოდ ამ ვალის დასაბრუნებლად იმუშავა.
დაკომ თავის უფროს დასთან ერთად მე-6 კლასელ ძმაზე მზრუნველობა საკუთარ თავზე აიღო. როცა დებმა უნივერსიტეტში ჩააბარეს, სამივე თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. დედამ 5 წლის თავზე აიღო იტალიაში ბინადრობის უფლება. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ტელეფონით ახერხებდნენ კომუნიკაციას, ისიც მხოლოდ კვირაში ერთხელ. შვილებს დედა იტალიაში რომ მოენახულებინათ, მოწვევა სჭირდებოდათ. როცა არალეგალურად ცხოვრობ და მუშაობ ქვეყანაში, ეს შეუძლებელია.
„დედა რამდენიმე წლის წასული იყო, ფოტოები გავუგზავნეთ და ვერ მიცნო. 5 წლის შემდეგ ჩამოვიდა პირველად, ჩემი ძმა დიდი ბიჭი დახვდა, მასზე მაღალი იყო. ქუჩაში რომ შეხვედროდა, ალბათ, ვერც იცნობდა”, იხსენებს დაკო.
უვიზო მიმოსვლის შემდეგ, სამივე შვილი რამდენჯერმე იყო დედასთან სტუმრად იტალიაში. ერთხელ დებმა მარტოც ჩააკითხეს, მანქანა იქირავეს დ ერთად იმოგზაურეს სამხრეთ იტალიაში. თუმცა მხოლოდ ოჯახთან დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა არ გაუჩენია ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას, ყველაზე ცხადად ოჯახმა მაშინ დაინახა უვიზოდ მოგზაურობის სიკეთე, როცა დაკოს დედას ოპერაცია დასჭირდა იტალიაში. 20-დღიანი რეაბილიტაცია საავადმყოფოში დედამ შვილებთან ერთად გაიარა. ეს დიდი ნუგეში იყო მისთვისაც და დაკოსთვისაც.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მასთან უცებ გაფრენა რომ დამჭირდეს, ავიღო ბილეთი და მის გვერდით გავჩნდე. წარმოდგენაც არ მინდა, ვიზა რომ დამჭირდეს და სამი კვირა ლოდინი მომიწიოს ასეთ კრიზისულ დროს. ადამიანს რომ უჭირს და სასწრაფო ოპერაცია აქვს გასაკეთებელი, სად დაელოდები ვიზას?!”
დაკო იმაზე დარდობს, რომ ერთ დღესაც შეიძლება დედას დასჭირდეს და შვილებმა მასთან სწრაფად ჩასვლა ვეღარ შეძლონ. ეს შიში შვილებს მას შემდეგ გაუმძაფრდათ, რაც მედიაში აქტიურად დაიწყო საუბარი უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ, რისი მიზეზიც „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიებია, რისი გაგრძელების შემთხვევაშიც „ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური დროებითი შეჩერება”. ეს საფრთხე კიდევ უფრო რეალისტურია, რადგან უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირი ამ წლის ბოლოს ვიზების შეჩერების მექანიზმის შეცვლას გეგმავს, რათა ბრიუსელს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნისთვის გაუადვილდეს, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ, მათ შორისაა საქართველოც.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხის ზრდასთან ერთად, „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო მათთვის ხელსაყრელი ნარატივის შექმნა. ხელისუფლების და მათთან აფილირებული პირების განცხადებებში დომინირებს მესიჯი, რომ უვიზო მიმოსვლა უბრალოდ კომფორტია და თუ საჭირო გახდა, ქართველი ხალხი ამ კომფორტზე პატრიოტულად იტყვის უარს.
ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს საზღვარგარეთ, უცნობია. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მათი რაოდენობა მილიონ-ნახევარზე მეტია. მონაცემები არაოფიციალურია, რადგან ის მოიცავს მხოლოდ საელჩოებიდან და დიასპორიდან შეკრებილ ინფორმაციას, მოქალაქეთა დიდი ნაწილი კი უცხოეთში ლეგალური სტატუსის გარეშეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტების რეალური რიცხვი კიდევ უფრო მეტია. შესაბამისად, უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოგზაურობის კომფორტი არ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ასევე შესაძლებლობაა სულ მცირე მილიონ ნახევარი ადამიანისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ერთმანეთი ნახონ, წლობით გაყოფილი ოჯახები დროებით მაინც გაერთიანდნენ, ემიგრაციის გამო მორღვეული სოციალური ქსოვილი მცირე ხნით მაინც გამთლიანდეს და სასწრაფო საჭიროების შემთხვევაში, ადამიანები ერთმანეთთან რამდენიმე საათში გაჩნდნენ.
ონისე ოქრიაშვილიც რამდენიმე საათში გაჩნდა თავის უმცროს დასთან, რომელიც ესპანეთში სწავლობს და შარშან, დეკემბერში, უეცრად ეპილეფსიური კრუნჩხვა დაემართა. სალი ბარსელონასთან ახლოს, პატარა ქალაქში მარტო ცხოვრობს. ცუდად რომ გახდა, ოთახის მეზობლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახმა ეს ამბავი მეორე დღეს გაიგო. ონისე მაშინვე ქუთაისში წავიდა და ბარსელონაში გაფრინდა. თავისი და რომ დაინახა, გაფითრებული და შეშინებული, დარწმუნდა, რომ სწორად მოიქცა.
„მაგან დამაფიქრა, რა მოხდება, თუ უვიზო მიმოსვლა გაუქმდება. ვიკითხე და გავიგე, რომ თუ შენი ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, საკონსულოში აკეთებ განაცხადს და დაჩქარებული წესით გიშვებენ. მაგრამ მაინც ბიუროკრატიაა გასავლელი და მეორე დღესვე ვერ გაფრინდები”.
„დღემდე იმ ქვეყანას უნდა ვუმადლოდე, რომ დღეს ცოცხალი ვარ”
ეთერ ქურასბედიანს 2020 წლის დეკემბერში მკერდის პირველი სტადიის ავთვისებიანი კარცინომა დაუდასტურდა. მკერდის მოკვეთის შემდეგ, ექიმის მიერ გამოწერილ სქემას ზედმიწევნით მიჰყვებოდა, მაგრამ თავს მაინც ცუდად გრძნობდა. 2022 წლის 22 სექტემბერს ეთერმა გაიღვიძა და ვეღარაფერს ხედავდა. ოფთალმოლოგისგან გაიგო, რომ მეტასტაზები თავზე იყო გადასული. რადგან ენა იცოდა და მისი ნაცნობიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, ეთერმაც გერმანიაში წასვლა გადაწყვიტა.
„რომ იტყვიან ღვთის ანაბარა, ბილეთები ავიღე, რაღაც ელემენტარული თანხა ხელში მოვიგდე და რა იქნებოდა ჩემს თავს, წარმოდგენა არ მქონდა. ლტოლვილთა ბანაკში ვცხოვრობდი. ექიმის რიგში 2 კვირა მომიწია ყოფნა. ამასობაში სრულად დავბრმავდი. თვალებში სინათლე საერთოდ აღარ მქონდა”.
გერმანიაში ეთერს მეოთხე სტადიის მკერდის ავთვისებიანი კარცინომის დიაგნოზი დაუსვეს. მეტასტაზები კუჭისა და გულის გარდა, ყველა ორგანოზე იყო მოდებული. ჯამში 32 ქიმიოთერაპია დასჭირდა. მალევე ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის (ძვლის ტვინის სიმსივნე) დიაგნოზიც დაუდასტურდა და ექვსი კვირა პალიატიურ განყოფილებაში გაატარა. ამბობს, რომ ამ მდგომარეობიდან სასწაულებრივად გამოვიდა. გერმანიაში მკურნალობისთვის ერთი თეთრიც კი არ გადაუხდია ეთერს. ყველა ხარჯი გერმანიის სახელმწიფომ დაუფარა. უცხო ქვეყანაში უმძიმეს პერიოდს მას შვილების გვერდით ყოფნა უმსუბუქებდა.
გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი BMG-სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა და მას შენარჩუნება სჭირდება.
იმის ფონზე, რომ საქართველოს ათეულობით მოქალაქე განსაკუთრებით მძიმე დაავადებებს მკურნალობს გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ელჩის ამ განცხადებას „ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ასე უპასუხა:
„ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?! ეს ის ხომ არ არის, რაღაც ზემოდან ქედმაღლური ყურება პერიფერიისთვის, რომ ჩვენზე მოდის მადლი, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, შემოხვიდეთ. ბოდიში მომითხოვია ყველასთან, მაგრამ ეს უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი ტურისტის წასვლას გერმანიაში, საფრანგეთში, იქ ფულის დახარჯვას და იქაურ ეკონომიკაში ფულის შეტანას”.
„თუ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეს, პირველ რიგში, ევროპაში იაფი ფრენები გაგვიუქმდება”
ემიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპის ქვეყნებში ლეგალურად მუშაობენ, იაფი ავიაბილეთები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ანა* იტალიაში 2001 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს. თბილისში ჩამოსასვლელ და უკან დასაბრუნებელ ბილეთში 1 100 ევროც გადაუხდია. ყველაზე იაფი კი - 650 ევრო.
„20 წლის ვიყავი რომ წამოვედი, ახლა 45-ის ვარ. ყველაზე იაფიანი ფრენა მაშინ მოსკოვის გავლით იყო. აქედან მიდიოდი სადღაც 23:00 საათზე, გამთენიისას, 4:00 საათზე ჩაფრინდებოდი მოსკოვში, მთელი დღე იქ უნდა ყოფილიყავი და მოსკოვიდან 12:00 საათზე მოფრინავდი თბილისში. მახსოვს პირველად რომ ჩავფრინდი მოსკოვში -13 გრადუსი იყო, მარტის თვე. ყველა მხრიდან ქარი უბერავდა აეროპორტში, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო”, ანას ამ ამბის გახსენება დღესაც უმძიმს.
ახლა რომიდან ქუთაისში სამ საათშია. ბილეთშიც გაცილებით იაფს იხდის.
ბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir-ი საქართველოში 2012 წლის სექტემბერში შემოვიდა და თავდაპირველად ქუთაისიდან მხოლოდ 6 მიმართულებით დაფრინავდა. დეა მაჭავარიანი მაშინ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ბიზნეს განვითარების მენეჯერი იყო და კარგად ახსოვს, როგორ უჭირდათ რეისების მგზავრებით შევსება. ვიზის აუცილებლობა საქმეს ძალიან ურთულებდათ.
პირველი ბაზის გახსნიდან დაახლოებით 8 თვეში საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მოიპოვა და როგორც დეა ამბობს, მგზავრების ნაკადმა საგრძნობლად მოიმატა:
„ქართველები შაბათ-კვირა და დასვენების დღეებშიც ხშირად დაფრინავენ ევროპის ქვეყნებში. თუ უვიზო მიმოსვლა შეგვიჩერეს, WizzAir-იც გააუქმებს იაფ ფრენებს. 50 ევროდ ზურგჩანთით ევროპაში შეიძლება ვეღარ წახვიდე”,- გვეუბნება დეა, რომელიც ახლა ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორია.
დეა ვერ ივიწყებს უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ პირველ ფრენას ათენიდან ქუთაისის მიმართულებით. მაშინ შეხვდა ხალხს, რომელიც 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ პირველად ბრუნდებოდა სახლში.
„ჩამოდიოდა ხალხი, რომელიც 20 წელი არ იყო სახლში ნამყოფი, რადგან ძვირიანი ბილეთის ყიდვა მათთვის წარმოუდგენელი იყო. ზოგიერთმა შვილიშვილი პირველად აეროპორტში ნახა. ამის შემყურე ისინიც ტიროდნენ და ჩვენც”, - გვიყვება დეა მაჭავარიანი.
მუშაობის პროცესში ავიაკომპანიამ შეიტყო, რომ ემიგრანტებმა ბილეთის დაჯავშნა არ იცოდნენ. საქართველოს საელჩოს დახმარებით, მათთვის ტრენინგი ჩაატარეს და ბილეთების ყიდვის ბაზაში ქართული ენის ოფციაც დაამატეს.
„ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და მთელი სისტემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზეა აგებული”.
რეისზე მგზავრები სამ კატეგორიად იყოფიან: დამსვენებლები, ბიზნეს მომხმარებლები და ე.წ. VFR (visiting friends and relatives), ანუ ვინც მეგობრებსა და ნათესავებს სტუმრობს საზღვარგარეთ. სწორედ ამ კატეგორიაში მოიაზრებიან ქართველი ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები. როგორც დეა განმარტავს, ეს სამი კომპონენტი განაპირობებს რეისის რენტაბელურობას. თუ უვიზო მიმოსვლა გაუქმდა, მოთხოვნა ავტომატურად შემცირდება და თუ მოთხოვნა შემცირდა, რეისიც დიდი ალბათობით გაუქმდება.
უვიზო მიმოსვლა ყოველდღიური სარჩოა ადამიანებისთვის, რომლებიც სეზონურად სამუშაოდ მიდიან ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ძირითადად, კაცები მიდიან ხოლმე სამი თვით. თავად სახელმწიფოც იყო ინიციატორი, საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ჰქონოდათ. 2020 წლიდან საქართველომ სეზონური დასაქმების პროგრამა გერმანიაში დაიწყო. დასაქმების ეროვნული სააგენტოს სტატისტიკით, 2020-2024 წლებში ჯამში 4 028 ადამიანმა აიღო სამუშაო ნებართვა გერმანიაში.
ლილი* 13 წელია ემიგრაციაშია. მას მაინც სჯერა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს. ამბობს, რომ ღია საზღვრები მხოლოდ შვილების და შვილიშვილების მარტივად სანახავად არ უნდა, თავისუფალი მიმოსვლა მათ თვალსაწიერსაც აფართოებს, ეს კი ლილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
შენიშვნა: რესპონდენტების თხოვნით, ლილის*, ნატას* და ანას* სახელები შეცვლილია