loading

წავალ, თუ დავრჩები? | მარიამ გიუნაშვილის ფოტოამბავი

წავალ, თუ დავრჩები? | მარიამ გიუნაშვილის ფოტოამბავი წავალ, თუ დავრჩები? | მარიამ გიუნაშვილის ფოტოამბავი

არქივი მეხსიერებას ინახავს, გადახდენილ ამბებს, მძაფრ შეგრძნებებსაც აცოცხლებს. ჩემი ფოტოკამერით გარემოს გამუდმებით ვაკვირდები. ბევრ ადამიანს გადააწყდებით საგულდაგულოდ გადარჩეულ, დახარისხებულ და შენახულ საქაღალდეებში. ზოგიერთს, ალბათ, ერთადერთხელ შევხვედრილვარ, ზოგიერთი კი, შეიძლება, წლებია უკვე აღარ მინახავს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თითქმის ყველა სიტუაციაში ჩემგან ხელის გაწვდენაზე აღმოჩნებიან ხოლმე: ჩემი ახლო მეგობრები. გვიან მივხვდი, რომ მათ გაცნობის დღიდან ვიღებ, სპონტანურად, როგორც ინტუიცია მიკარნახებს ისე. კადრი ჩვენ შორის სამუდამო კავშირს აჩენს. ამ მედიუმით გამოვხატავ ინტერესს, აღფრთოვანებას, სევდას და სიყვარულსაც. ეს ჩემმა მეგობრებმაც იციან, ამიტომ ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენი თავგადასავლები ფოტოკადრებად დაგვემახსოვრებინა.

სამშობლოს აღქმაც მათთან გადაჯაჭვულია: საყვარელი ქალაქი, ქუჩა, სახლი, საჭმელიც კი მათთან ასოცირდება. დღეს მიტოვებულის შეგრძნებით ვარ, ერთი თვის შუალედში ხუთი ახლო მეგობარი გავაცილე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, თან უკანდასაბრუნებელი ბილეთის გარეშე. კი არ უნდოდათ, ან საზღვარგარეთ ცხოვრებაზე კი არ ოცნებობდნენ, იძულებით. წასვლაზე მეც მეფიქრება.

მანამდე, არქივიდან ჩვენ საერთო ამბავს ვკინძავ, მოზაიკასავით ვაწყობ უახლეს წარსულს და ვცდილობ, ძალიან ბუნდოვანი მომავლის კონტურებიც დავინახო. როგორი შეიძლება იყოს ცხოვრება საქართველოში ახალგაზრდების, რომლებსაც განსხვავებულად აცვიათ, ეპატაჟურები არიან, ყველაზე თამამ აზრებსაც ხმამაღლა ახმოვანებენ?! ეს იოლი არც არასოდეს ყოფილა ჩვენთან.

მათი წასვლის პარალელურად, ჩემი ყოველდღიურობაც შეცვლილია, ჩვევას არ ვღალატობ და ჯიუტად ვიღებ ახალ რეალობასაც.

წავალ, თუ დავრჩები? - ძალიან მეშინია ეს კითხვა მალე ამ კითხვით არ ჩავანაცვლო: გავასწრებ, თუ ვერ გავასწრებ?


სონა, 27 წლის

სონა მულტიდისციპლინარული არტისტია.

თბილისში დრეგ პერფორმანსებში ვმონაწილეობდი. პარფიუმერიის საცალო გაყიდვების ბრენდ მენეჯერიც ვიყავი. პარალელურად ვმუშაობდი ბარმენად კლუბებსა და ბარებში.

სონა მეგობართან ერთად აქციაზე.
გმირთა მოედანი, თბილისი, 2024

შინაგანად თითქოს სულ ვემზადებოდი ქვეყნის დასატოვებლად. ვოცნებობდი ისეთ გარემოში მეცხოვრა, სადაც არ შემეშინდებოდა და მშვიდად ვიქნებოდი. სულ გადასარჩენი არ ვიქნებოდი.

ქვიარ ადამიანისთვის საქართველოში ცხოვრება ადვილი არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ წასვლაზე მაინც არ მიფიქრია. რასაც ვქმნიდი, მჯეროდა, რომ ამით ვაძლიერებდი თემს. როცა ,,ქართულმა ოცნებამ” ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტი მიიღო, ფაქტობრივად მეც ამკრძალა და ჩემი ხელოვნებაც. ზუსტად ამ დროს, 2024 წლის მარტში ტრანზიციის პროცესი დავიწყე. ისეთი ვითარება იყო, სამედიცინო სერვისებსაც ვეღარ მივიღებდი. მივხვდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა, დასაკარგი დრო აღარ მქონდა, ამიტომ სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება: ბელგიაში ჩავედი და ლტოლვილად ჩავბარდი. ურთულესი გზაა.

სონა მარიამთან ერთად, თბილისი
2023 წელი

ახლა მძიმე პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. მორალურად, ფიზიკურად დიდი ცვლილებების ფაზაა. ახალ ცხოვრებას ვერ ვიწყებ. გეგონება, უძრავად ვარ, ან ჰაერში გამომკიდა ვიღაცამ.

მუდმივად ელოდები: როდის ჩაგინიშნავენ ინტერვიუს; როდის მიიღებ საბუთს, ანუ ცხოვრების უფლებას.

ამას ემატება ძალიან პატარა პირადი სივრცე, ერთი ოთახი, რომელსაც უცხოსთან ვიყოფ.

ზამთარში ერთი თვე გათბობის ჩართვას ველოდებოდი თავშესაფარში. საბნის ნაცვლად, პლედები მოგვცეს.

ბელგიაში სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შენთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს. სამედიცინო კვლევები და მედიკამენტები უფასოდ მაქვს.

თავშესაფარში დროებითი სამუშაოს პოვნაც შეგიძლია. მე, მაგალითად, ხატვას ვასწავლიდი სხვებს, სამზარეულოშიც მიმუშავია.

მთელ დღეს აქ [თავშესაფარში] ვატარებ: ვხატავ, ვქსოვ, ვკითხულობ. კიდევ უფრო შევეჩვიე მარტოობას.

ფანჯრიდან ჩიტების ყურება დავიწყე: ვუყურებ და ვითვლი. რამდენ ჩიტსაც იმ დღეს დავითვლი, იმ სიძლიერით შევიგრძნობ მეც ბედნიერებას. თუ მარჯვნივ მიფრინავენ, კარგის ნიშანია, თუ მარცხნივ, მაგ დღეს შეიძლება გარეთ აღარც გავიდე.

სონა "თამადას" მუსიკალური კლიპის გადაღებაზე.
თბილისი, 2022

ახლა სამშობლოსთან ჩემი კავშირი გაწყვეტილია. მაქაური ამბები ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. ბევრი ბრაზი დამიგროვდა. მაგრამ, ძალიან ვცდილობ, ხელისუფლება და ქვეყანა ერთმანეთისგან გავმიჯნო. ძალიან მიყვარს საქართველო. ამდენი უსამართლობა სხვისი ბრალია. იმის, ვისაც ძალაუფლება აქვს.

სამშობლოში დედა, მეგობრები, კატები დავტოვე. ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება.

საცხოვრებლად, ალბათ, აღარასდროს დავბრუნდები, მაგრამ ბებოს საფლავზე წასასვლელად აუცილებლად ჩამოვალ.

შორიდან კიდევ უფრო უძლური ვარ და უსუსურობის შეგრძნება ძალიან მაწუხებს. არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

მონატრებას ვერ ვუხერხებ ვერაფერს. ყველაზე რთული ეს ყოფილა.

მანდ რომ ვიყავი, ჩემი ყოფნა უკვე პროტესტი იყო ერთგვარი. ახლა ეს განცდაც გამიქრა.

სონას გაცილება.
6 აგვისტო, 2025 წელი


სანდრო, 30 წლის | ბებე, 35 წლის | დამიანე, 12 წლის

სანდრო მხატვარია. ბებე სახელოვნებო სფეროში მუშაობდა. 10 წელი აწარმოებდა ჭაჭას ,,ორიჭა”, რომელიც ოჯახის ტრადიციაა.

2025 წლის ივლისში დავტოვეთ საქართველო. ზუბალაშვილების ქუჩაზე ვცხოვრობდით, პარლამენტის შენობიდან 200 მეტრში. ,,ტიტუშკების” სიახლოვეს რომ აღმოვჩნდი და სახლის კარი მაგრად ჩავკეტე, მაშინ მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე. კიდევ რა იყო იცით შემაშფოთებელი ჩემთვის? ჩემმა შვილმა სკოლაში სიარული სხვა გზით დაიწყო, პოლიცია რომ არ შეხვედროდა არსად.

ბებე და სანდრო მარიამთან ერთად.
თბილისი, 2025

2023 წელს პირველად რომ შემოიტანეს ,,აგენტების კანონი” პარლამენტში განსახილველად, იმ დღიდან სულ პროტესტში ვარ. ჩემს შვილთან ურთიერთობას იმდენი დრო მოვაკელი. სტრესის ფონზე ჯანმრთელობა გამიუარესდა. დარბევებშიც მოვყოლილვარ. მეც მქონდა სასამართლო, გმირთა მოედნის გადაკეტვას მედავებოდნენ, სამხილი არ ჰქონდათ ოღონდ. სხვების სასამართლოებიც არ გამომიტოვებია, იმდენ უსამართლობას ვუყურე ჩემი თვალით.

აქციებზე ჩემი ჯარიმა 85 000 ლარი იყო, სანდროსი 10 000.

ამის მიუხედავადაც არ მივდიოდი საქართველოდან. ერთ დღესაც, როცა აღსრულების ბიუროდან დამირეკეს და მითხრეს, აქციების გამო დაკისრებულ ათასობით ჯარიმას თუ არ გადაიხდით, სახლში ყველა ნივთს აღვწერთო, მაშინ დავიწყე უკვე ფიქრი წასვლაზე. არ მინდოდა, დამიანეს ეს გამოეცადა.

კიდევ ერთი ფაქტი იყო გადამწყვეტი ჩვენთვის. კახეთში, სადაც ჭაჭას ვაწარმოებთ, მამაჩემს შუაღამისას დაადგნენ თავზე, არც კი აღწერეს ისე წაიღეს მთელი ინვენტარი, მისი პირადი ნივთები, ჭაჭის მთელი მარაგი.

ამ ამბიდან ზუსტად სამ კვირაში წავედით საქართველოდან. არ იყო ადვილი პროცესი. თუმცა, საფრანგეთის სახელმწიფო სტრუქტურები ძალიან გვეხმარებიან. დამიანესთვის მალევე შეარჩიეს სკოლა, გვაქვს სამედიცინო დაზღვევა.

სანდროს სახელოსნოში მუსიკოს დათო ჯიქიასთან ერთად.

თინეიჯერი შვილი სხვა პასუხისმგებლობას მაკისრებს. ჩემთვის ახლა პრიორიტეტი მხოლოდ მისი კეთილდღეობაა. ის რომ არა, ალბათ, ახლაც საქართველოში ვიქნებოდი. როგორც კი მთავრობა შეიცვლება, მაშინვე დავბრუნდებით.

სანდროს, ბებეს და დამიანეს კატა - რაკატა. რაკატა საფრანგეთში ვერ წაიყვანეს და თბილისში დატოვება მოუწიათ.

გული მეგლიჯება, როცა გავიაზრებ, რომ დღევანდელი პოლიტიკით სწორედ კეთილდღეობის სახელმწიფოს მომავალი ერთმევა საქართველოს.

ბებე, სანდრო და დამიანე.

ბებე
ახლა შორიდან რომ ვუყურებ წინააღმდეგობას, ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის. მეც ხომ აქტიური მონაწილე ვიყავი და დაწყებული საქმე, ბოლომდე ვერ მივიყვანე.

თითქოს ნახევარ-ნახევარ ცხოვრებას ვცხოვრობ. თან ახალ ქვეყანაში ადაპტაციის პროცესს გავდივარ და თან გამუდმებით საქართველოდან ახალ ამბებს ვადევნებ თვალს. ვერ ვწყდები მანდ მიმდინარე მოვლენებს. ტერიტორიის შეცვლა არ კმარა თურმე. ფიქრით სულ თბილისში ვარ. ეს მდგომარეობა უცნაურ ძილ-ბურანს ჰგავს.

სანდრო ჰაკისთან ერთად.

მეგობრების შეკრება სანდროსთან.
თბილისი, 2025

სანდროს დედა. გაცილება.
21 ივლისი, 2025

სანდრო მამასთან ერთად.
თბილისი, 2025

სანდროს დედა დამიანეს ემშვიდობება.
თბილისი, 2025

წინააღმდეგობა არ უნდა შეწყდეს. უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში და ჩვენც აუცილებლად დავბრუნდებით.

თბილისის აეროპორტი. გაცილება.
21 ივლისი, 2025 წელი.


სოფო, 32 წლის | რეზი, 27 წლის | კიტა, 3 წლის

სოფო და რეზი დიზაინერები არიან.

საქართველოში, ძირითადად, დისტანციურად ვმუშაობდით. უცხოური კომპანიებისგანაც ვიღებდით დიზაინზე შეკვეთას. 3 წლის შვილი გვყავს, კიტა. ბაღში თბილისში დადიოდა.

2024 წელს აქციები რომ დაიწყო, რომელსაც მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებებიც მოჰყვა, ესპანური კომპანიის დამსაქმებელმა საცხოვრებლად ესპანეთში გადასვლა შემომთავაზა. ყველაფერში დაგეხმარებითო, დამპირდნენ. კიტას უკეთეს გარემოში აღზრდის გამო, ამ შესაძლებლობას ხელიდან ვერ გავუშვებდით. როგორ უნდა გვეთქვა უარი ჩვენს შვილს უკეთესი ჰაერი ესუნთქა, უფრო ჯანსაღი საკვები ეჭამა, უფრო ხარისხიანი განათლება მიეღო?! თბილისში, განსაკუთრებით, ბოლო ორი წელი [2024-2025] სულ სტრესში ვიყავით.

ამ კომპანიის დახმარების გარეშე, ამდენ სირთულეს და გამოწვევას, რაც სხვა ქვეყანაში გადასვლას ახლავს თან, ვერ გავუმკლავდებოდით.

სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილება ადვილი არ ყოფილა. რთული და სევდიანი პროცესია. მშობლებისგან, მეგობრებისგან, სახლისგან შორს თავიდან იწყებ და სწავლობ ცხოვრებას. დარჩენა მერე შეიძლება გვენანა.

კიტას მაინც ყველაზე მეტად გაუჭირდა. ნაცნობი, მოსიყვარულე გარემოდან უცებ სრულიად უცხო აღმოჩნდა. მისი ენა არ ესმოდათ, ხმას არავინ სცემდა. თვითონაც არაფერი ეცნობოდა. არც დღე ეძინა და არც ღამე. სულ გაღიზიანებული იყო, ჩემ მიმართ აგრესიული გახდა, ამ ცვლილებას ჩემთან აკავშირებდა. თვეზე მეტი ვიყავით ასე. მერე ბაღში შევიყვანეთ და მასწავლებლებმა ყველაფერი იღონეს კიტას სწრაფი და უმტკივნეულო ადაპტაციისთვის.

კარგად ყოფნაც გესირცხვილება ოღონდ აქედან. დანაშაულის შეგრძნება არ მტოვებს, როცა უდანაშაულო ხალხი მახსენდება ციხეში. ჭიათურაც ხშირად გამახსენდება ხოლმე. ,,ქართულ ოცნებასაც” ხომ ეგ უნდოდა პრინციპში, ვინც არ ვეთანხმებოდით, ქვეყანა დაგვეტოვებინა.

სამშობლოში სტუმრად თუ ჩამოვალთ ხოლმე. საცხოვრებლად აღარ მგონია. მთელი ჩვენი ძალისხმევა ახლა აქ დამკვიდრებაზეა მიმართული.

კიტამ ესპანური სიტყვები მალე ისწავლა და მეგობრებიც გაიჩინა.

რამდენიმე თვის წინ, ჩვენი ძაღლი - მიაჩი დავასაფლავეთ. უდიდესი ტკივილია. იმ დღეს დამესიზმრა, თითქოს, საქართველოში დაგვრჩა და პანიკით გამეღვიძა.

საბედნიეროდ, კავშირი საქართველოსთან არ გაგვიწყვეტია. მშობლებიც ჩამოვიდნენ ჩვენთან სტუმრად, ჩვენი მეგობრებიც. ამ მხრივ, ნამდვილად გაგვიმართლა.

სოფო და რეზი მეგობრებთან ერთად.
ბათუმი, 2025

კიტა მარიამთან ერთად.

ესპანური ენა რომ არ ვიცით, ეს ცოტა გვირთულებს საქმეს. აქაურ ბიუროკრატიასთან შეჩვევაც რთული პროცესია, მაგრამ ნელ-ნელა ვისწავლით და შევეჩვევით.

თუ კიტას რთულ პერიოდს გამოვტოვებ, სხვა მხრივ, ყველაფერი ნორმალურად იყო. სტაბილურმა გარემომ მაშინვე ჩემს მოტივაციაზე და განწყობაზე დადებითად იმოქმედა. კონცენტრაციის უნარიც კი გამიუმჯობესდა.

საქართველოში მომავალზე ვერც კი ფიქრობ. ყოველდღიურობა თავის გატანა და გადარჩენაა მხოლოდ.

ბაბუა ემშვიდობება კიტას.
25 ივლისი, თბილისი.

თბილისის აეროპორტი. გაცილება.
25 ივლისი, 2025 წელი.

ესპანეთმა დიდიხნის დაკარგული სიმშვიდის განცდა დამიბრუნა. მომავლის წარმოდგენაც კი შემიძლია უკვე.


განახლება: გმირების თხოვნით, ბებეს, სანდროს და დამიანეს ისტორიიდან ამოღებულია ორი ფოტო, რაც გამოქვეყნებული იყო ფოტოისტორიის თავდაპირველ ვერსიაში.