გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია | საზმაუს მარშის ხმები
ფოტოგრაფი: ვახო ქარელი

ყველგან მილიცია,
არსად სამართალი!
არ იქნება სამართალი,
არ იქნება მშვიდობა!
უსამართლო სასამართლო,
ხალხის ძალის გეშინოდეს!
მოუსმინეთ ხალხის ხმას,
ხალხი ითხოვს სამართალს!
გეშინოდეთ ხალხის ძალის,
მოქრის ხალხის ქარიშხალი!
ხალხი ითხოვს სამართალს,
სა-მარ-თალს!
გააშუქეთ სიმართლე,
სი-მარ-თლე!
თავისუფლება მედიას,
პირველი არხი ჩვენია!
საქართველო ადექი,
აჯანყდი!
გამარჯვება ხალხშია,
ძალა ერთობაშია!
სიმართლისთვის ბოლომდე,
ბო-ლო-მდე!
ხალხის ბედს ხალხი წყვეტს!
ეს შეძახილები ერთიანად არ გაჩენილა, ისინი ნელ-ნელა ემატებოდნენ პროტესტის ლექსიკონს. ამ ფრაზებს სხვადასხვა ხმის ტემბრით, ინტონაციით და ემოციით ისმენდა და ჰყვებოდა წინააღმდეგობაში ჩართული მცირე ჯგუფი, რომელიც მარშს კოსტავას ქუჩიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე ჯიუტად და ერთგულად დღემდე მიჰყვება. მარშის მონაწილეებისთვის, ისევე როგორც მათი დამხვედრებისთვის, ამ მსვლელობას განსაკუთრებული მუხტი ჰქონდა და აქვს. სოციალურ ქსელებში არაერთს დაუწერია, თუ ამ ბრძოლაში უიმედობამ შეგიპყროთ, დასევდიანდით, ან დანებება გადაწყვიტეთ, საზმაუს მარშს, თაკოს ხმას, გამოჰყევით და მაშინვე ძალას იგრძნობთო.
ამ ერთობას რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად მიმდინარე აქციისგან განსხვავებული საპროტესტო დინამიკა და საპროტესტო სათქმელი გაუჩნდა.
***
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის კიბეებთან პირველად 30 ნოემბერს მივიდა რამდენიმე ადამიანი და მისგან მიმდინარე ამბების სამართლიანად გაშუქება მოითხოვა. „საზოგადოებრივი მატყუარა”, „ამხილე რეჟიმი” — ამ შეძახილებით მოითხოვდნენ მოქალაქეები პირდაპირი ეთერის დათმობას. ამის პარალელურად, 28 ნოემბრიდან თბილისში პარლამენტის წინ ათიათასობით დემონსტრანტი იკრიბებოდა, რომლებსაც პოლიცია ღამით წყლის ჭავლით, ცრემლსადენი გაზით და წიწაკის სპრეით შლიდა. აკავებდნენ აქციის მონაწილეებს, ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. პროტესტის ეს ტალღა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ ,,ქართული ოცნება” ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ქვეყნის დღის წესრიგიდან 4 წლით იღებდა.
პირველი არხის შესასვლელთან გაჩნდა წარწერები: ხალხის ხმა გაგვაგონეთ. ამ მოთხოვნას არხის თანამშრომლების ნაწილიც შეუერთდა.
***
საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის წევრების და მონაწილეების უმრავლესობამ ერთმანეთი პირველი არხის ეზოში, შენობის კიბეებთან, იპოვა. როლებიც სპონტანურად, სიტუაციის მიხედვით გაინაწილეს და დღესაც ამ პრინციპით ეხიდებიან ერთმანეთს.
თაკო ხელაძე — 24 წლის, ფიზიოთერაპევტი. თაკო ცერებრული დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან მუშაობდა. თბილისში დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციების შემდეგ მისი ყოველდღიურობა მთლიანად შეიცვალა.
ახლა ვცდილობ ისევ ჩემი რუტინა დავიბრუნო, მაგალითად, ძილის. ბოლო თვეებში ძალიან ამერია. პროფესიული საქმეც მინდა პრიორიტეტად ვაქციო. ბალანსი უნდა ვიპოვო რაღაცნაირად, საზღვრები მოვნიშნო. შესვენება, განტვირთვაც აუცილებელია ბრძოლასთან ერთად.
თავიდან გავიგე, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ იქნებოდა აქცია და ამიტომ მივედი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის კიბეებთან. სანამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადმოვინაცვლებდი, მანამდე დიდი წინააღმდეგობის ნაწილი ვიყავი. დარბევა, ტერორი ჩემი თვალით ვნახე. ისე, ბევრად ნაკლებია ჩემთვის საჭირო, რომ წინააღმდეგობაში ჩავერთო.
ვერ მოვიტყუები, თავიდან არ მიფიქრია — არიქა, საზოგადოებრივი მაუწყებელია დასაბრუნებელი — მეთქი. მოგვიანებით რომ ვნახე, რამხელა დაფარვა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რამდენ რეგიონს სწვდება, თან ჩვენ ვუხდით ფულს, რატომ არ უნდა იყოს ისეთი, რასაც მას კანონი ავალდებულებს?!
30 ნოემბერს მივედი პირველად. ცოტა ქაოსური იყო, მაგრამ ბევრი სიტყვით გამომსვლელი დამხვდა, ვისაც მანამდე შორიდან ვადევნებდი თვალს, საინტერესოდ მომეჩვენა და დავრჩი.
ისე, ტელევიზორი სახლში საერთოდ არ მაქვს, მაგრამ რა პლატფორმებსაც თვალს ვადევნებ, იქ ვუყურებდი ხოლმე საგანგებო ეთერის სტუმრებს და ძალიან მნიშვნელოვანი მეჩვენებოდა. მაგალითად, გიორგი ღვინჯილიას გამოსვლა. მაშინ პირველად გავიფიქრე: იქნებ, ცოტათი მაინც შევარყიოთ პროპაგანდა?! ისინი დღეს ამით გვჯობნიან. ზუსტად ამ მედიუმით ახდენენ გავლენას ხალხის განწყობებზე. ამის ძალიან ხილული შეგრძნება იყო ეს მოპოვებული ეთერები.
ახალი წელი ახლოვდებოდა. მახსოვს, შფოთვა გამიჩნდა, ეს ტერორი უპასუხოდ არ დავტოვოთ და ახალი წლის აღნიშვნას არ გადავაყოლოთ, მეთქი. მეშინოდა, წინააღმდეგობას უკან არ დაეხია.
ძალიან კარგად მახსოვს, 28 დეკემბერია, მოვედი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ახალი შეჭრილი მქონდა თმა და ძალიან მციოდა. ვიყინებოდი, ეს თმა ყურებზე გადავიწიე, რომ ცოტა მაინც გაეთბო. ჯერ კიდევ არ ვიცნობდი იქ შეკრებილ ადამიანებს. ცოტანი ავედით იმ დღეს მარშით რუსთაველამდე. ტროტუარზე გვატარებდა პოლიცია. 30 ადამიანამდე ვიქნებოდით ალბათ, მეტი არა. ისეთი სევდიანი იყო, არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო ჩემი პირველი დღე მარშის. აქციის ერთ-ერთი მონაწილე პერიოდულად ყვიროდა ხოლმე: ყველგან პოლიცია, არსად სამართალი. მეც ვყვებოდი ამ ბიჭის ხმას. გამისწორდა. ხან ის ყვიროდა, ხან მე. სულ ოთხი წინადადება იყო, მათ შორის ესეც: ცეცხლი ოლიგარქიას!
ფილარმონიიდან საზოგადოებრივ მაუწყებელთან რომ წამოვედით მარშით, იმ დღეს ბევრი ლამაზი ბანერი იყო. აი, მაგ დღეს გავიგე პირველად — ცეცხლი ოლიგარქიას და ძალიან მომეწონა. სახლში სულ ყველაფერზე ასე ვიძახდი: ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! ძალას მმატებდა.
ერთხელ გოტა (გიორგი ჭანტურია) მოვიდა ჩემთან, გამიცნო, რა გქვიაო მკითხა და შემომთავაზა, ხომ არ გინდა ეს მეგაფონი ხელში აიღოო. ისტერიკაში ჩავვარდი. არავითარ შემთხვევაში, მეთქი. გავყევი მარშს, ისევ ვყვიროდი ამ ფრაზებს, ოღონდ მეგაფონში არა.
ახალი წლის მერე შეკრებაზე უფრო მეტი ხალხი მოვიდა. ერთ-ერთი წევრი არის მეგაფონთან და დიდ ტექსტებს ამბობს. ამ დროს თან მოძრაობა ძალიან რთულია. მაშინ ვთქვი, კარგი, მოდი დავდგები ახლა მეგაფონთან, მეთქი. რაც თავში მომდიოდა სპონტანურად, რაზეც აქამდე ნაფიქრი მქონდა, ყველაფერს ვყვიროდი. ძირითადად სოლიდარობაზე. ფილტრი არ მქონდა. ძალიან ემოციური ამოძახილი იყო გულიდან.


იქ რომ ჩემი მსოფლმხედველობის ხალხი იყო, ეგ მამშვიდებდა. ვიცოდი, შემეძლო ჩაგრულებზე, მშრომელებზე, ჭიათურაზე დამეყვირა თამამად. პირველად რომ ვიყვირე — სოლიდარობა ქვიარებს — ვკანკალებდი, არ არის ეს საქართველოში მარტივი გასაკეთებელი. უსაფრთხოების განცდა, რაც საზმაუს მარშის მონაწილეებმა შემიქმნეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამან თავდაჯერებულობა მომცა. არადა, ხასიათით ასეთი არ ვარ.
ამის შემდეგ ინერციით კი აღარ მივყვებოდი, გააზრებულად. ნელ-ნელა ხალხიც შემოგვემატა დრამით, უკრავდნენ ხოლმე. პირველად ეს შეძახილები რუსთაველზე გაირითმა. არც წარმომედგინა. არც ხმა მაქვს, არც სმენა. თათია იყო დვალი დაფდაფით. წრეზე დავდექით და დავიწყე: ყველ-გან პო-ლი-ცია. მერე იმათ რიტმი ააყოლეს და ძალიან კარგი გამოვიდა.
ამის მერე უცხო ხალხმა მოგვიტანა ტამტამები. სპონტანურად ვანაწილებდი ვის დაეჭირა ეს ტამტამები. ჩაის ვინც გვიმზადებდა საზმაუსთან, ეს ხალხი ჩვენი წინააღმდეგობის საყრდენია. მათ ზურგზე ბევრმა რამემ გადაიარა.
მჯერა, რომ წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა დაეფუძნოს ემოციას. რაღაცამ უნდა გაგაძლებინოს. თვითირონიაც ადამიანებთან მაახლოებს. საერთოობა გაჩნდა, არაფერი არ წყდებოდა ერთპიროვნულად. ჩვენ თუ საზოგადოებად ჩამოყალიბება გვინდა, ამას უნდა დავაკვირდეთ, სად თმობ საკუთარს და სად ხდები ჯგუფის ნაწილი.
უცხო ადამიანიც მოსულა ჩემთან და მარშისთვის წინადადება შემოუთავაზებია. მერე ჩვენ ჯგუფში გვიმსჯელია: პათეტიკური ხომ არ არის? ხომ არ ჯობია, ეს ნაწილი ამოვიღოთ და ეს დავტოვოთ? ხანდახან გვითქვამს: რატომაც არა, პათეტიკის დროა ახლა ზუსტად…სამშობლოსთვის გვიძგერს გული — მაგალითად. გაზაფხულის ფრაზების კონცეპტიც ერთად მოვიფიქრეთ. თვითრეფლექსია ჩვენთვის მთავარი იყო.
რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ „ძალა ერთობაშია”? მხოლოდ სამეგობროს ერთობას ხომ არ ვგულისხმობთ?! ყველაფერმა ისე მოიყარა თავი თბილისში, რომ თითქოს დანარჩენი საქართველო დავიწყებული გვაქვს.
ამ პროტესტში სოციალური შინაარსი რომ გაჩნდა, ჩემთვის ძალიან ღირებული იყო. ვილაპარაკეთ, რომ სიდუხჭირეა ქვეყანაში…რასაც ვითხოვთ, რატომ არ გამოდის? მაგალითად, გაფიცვას რატომ ვერ მივაღწიეთ? ჩემთვის ეს პროტესტი ფიქრის საბაბი იყო.
ახლა უკვე თითქოს დიდ პროტესტს მიეკედლა: დიდი განსხვავება ახლა აღარ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტსა და რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ პროტესტს შორის. არავის წინააღმდეგობას არ ვაკნინებ, ამას ხაზგასმით ვამბობ, პირიქით — ვისაც როგორ წინააღმდეგობაში წარმოუდგენია და ხედავს თავის თავს, იქ უნდა იყოს. მე უბრალოდ არ მომწონს, თუ მხოლოდ ჩვენს ბაბლში დავრჩებით და ჩავიკეტებით. ჩემთვის შინაარსი განასხვავებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტს ყველა დანარჩენი პროტესტისგან.
ასე ვუყურებ: შენი ეგოს გამოსაკვებად კი არ მიდიხარ და მონაწილეობ პროცესში, შედეგს გინდა რომ მიაღწიო. საზოგადოებრივ მაუწყებელთან პროტესტი ეგ იყო: მოდი, ვილაპარაკოთ იმაზე, რა პრობლემებსაც ვაწყდებით ყოველდღიურად. რას ვიცავთ, რას ვცვლით…საქართველოს დაცვა ჩვენი ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციის შეჩერებით ხომ არ იწყება, არა?!
ის, რომ ყოველი მე-6 ბავშვი საქართველოში შიმშილობს, ამის წარმოდგენაზე ცუდად ვხდები. სიმშვიდეს ვკარგავ. საომარი ჩემთვის ახლა ეს არის, ეს რომ შეიცვალოს, ამიტომ ვდგავარ ქუჩაში.
სანამ ჭიათურის გასაჭირი შენი გასაჭირი არ გახდება, სადაც კაპიკებს აწებებენ, რომ მშივრები არ იყვნენ, მანამდე ვისი დროშაც გინდა აფრიალე, რა ლოზუნგითაც გინდა გამოდი [მაგალითად, ცეცხლი ოლიგარქიას] ყველაფერს ხიბლი დაეკარგება, აზრი გამოეცლება.
პატარ-პატარა პროტესტები არის ძალა, სადაც შეგიძლია, შედეგი დაინახო. უნდა გჯეროდეს, რომ გამოგივა. როცა შიშველი ხელებით ხარ ამხელა წინააღმდეგობაში ჩართული, როცა ყველა რესურსი ძალაუფლების მხარეს არის, საპირწონედ შენ გჭირდება შინაარსი, ძლიერი და ნამდვილი.


საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული მარშია. მან პროტესტის ახლებური ენა გააჩინა. სოციალური შინაარსი შემოიტანა წინააღმდეგობაში. მაგრამ წინააღმდეგობა არც მხოლოდ ბანერის გადმოფენაა და არც მხოლოდ სიტყვის თქმა. ამ სიტყვების მიღმა, მოქმედებაც უნდა იყოს.
მგონია, რომ ახლა ჩვენი პროტესტი უნდა დავცალოთ სიმბოლიკისგან და უფრო მეტად საქმის კეთება დავიწყოთ. სოლიდარობა მხოლოდ რუსთაველის გამზირის გადაკეტვით კი არ უნდა გავხადოთ ხილული, არამედ უნდა დავსხდეთ და ვიფიქროთ, როგორ მივწვდეთ უფრო მეტ ადამიანს.
ჩემთვის პროტესტი ახლა კრიზისშია. წინააღმდეგობა გაჩერებულია. რაც აქამდე გავაკეთეთ, ძალიან კარგი იყო. რასაც შედეგი არ მოაქვს, ის უპირობოდ არ უნდა ვაკეთოთ. მეჩვენება, რომ ცოტა ხიბლში ვიყავით, რომ რაღაცების არ შეგვეშინდა, რაღაცებს ყოჩაღად გავუმკლავდით, ფინანსური და ფიზიკური ტერორის მიუხედავად, მაინც გავაგრძელეთ წინააღმდეგობა. ჯგუფი, რომელიც დავრჩით, ის ჯგუფი ვართ, ვინც დიდ ცვლილებასაც მოახდენს თითქოს, მაგრამ ამ აზრს არ ვეთანხმები. ცვლილებები ხალხში უნდა დაიწყოს. იქ, სადაც ჩვენ არ ვართ. ეს ცვლილებები დროული და მასშტაბური რომ იყოს, ამაში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. ვისაც რით შეგვიძლია.
ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ის ვისწავლე, რომ ცვლილებები საკუთარი თავით უნდა დაიწყო. არ მინდა ოღონდ ძალიან პათეტიკურად იკითხებოდეს. მოსმენა ვისწავლე. ვიღაცასთან რომ მიდიხარ, ჯობია, კომუნიკაცია მისი მოსმენით დაიწყო. ასეთ დროს უფრო მეტი შეხების და გადაკვეთის წერტილს პოულობ შენგან სრულიად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან.
საზოგადოებად უნდა შევდგეთ. მაგალითად, უნდა შევთანხმდეთ, რომ ხულოს რაიონის ექთნის ხელფასი ისეთივე პრიორიტეტულია, როგორც თბილისის პრესტიჟული კლინიკის ექთნის. ამაზე შეთანხმებით უნდა დაიწყოს ცვლილება და გარდაქმნა საზოგადოების. მარცხად არ უნდა აღვიქვათ, რომ რაღაცამ არ იმუშავა. არ წააგებ, თუ იტყვი, რომ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არ ასუსტებს რეჟიმს.
როცა ვყვირით: დადგა ჟამი ცვლილებების — ეს ცვლილებები ყველა ჩვენგანისთვის არის სინამდვილეში.
შენიანად მარტო ის არ უნდა გეგულებოდეს, ვინც დღეს პოლიტიკურად შენ მხარესაა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, შენიანია.
ყველასთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ დღეს და არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფთან ერთად, რომელიც შენს აზრზეა. ამ საერთოობის გარეშე, სისტემური ცვლილებები არ მოხდება. თვითრეფლექსია უნდა დავიწყოთ. ჩემთვის საკითხი ასე დგას: რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ქუჩაში დავბრუნდეთ კი არა, მე რა უნდა შევცვალო იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაფართოვდეს.
წინააღმდეგობა ხილული უნდა გავხადოთ არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე.
საფრთხეს ვხედავ იმის, რომ მხოლოდ სიმბოლიკად არ დარჩეს ეს წინააღმდეგობა. შინაარსი არ გამოეცალოს საერთოდ და სადღეგრძელოდ არ დარჩეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის იმედი მაქვს. შეიძლება ხალხი შემცირდა, შემოგვაკლდა, მაგრამ ვინც დარჩა, დიდი ძალაა.
ელიტისტური არ მინდა ეს პროტესტი გახდეს. პირიქით, უნდა გაიშალოს რეგიონებში. სხვადასხვა კერა უნდა გაჩნდეს და დამუნათებას უნდა გადავეჩვიოთ.
შინაგანი სიმართლე მამოძრავებს და ემოციურად მივყვები ამ პროცესს.
გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა მჯერა, რომ ჩვენ ამათ მოვერევით, მოურეველი და დაუმარცხებელი სისტემა არ არსებობს. გამორიცხულია, ეს დღე არ დადგეს.
ელენე გაბრიჩიძე, 21 წლის
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ პირველად დიდი აქცია რომ გაიმართა, მაშინ რუსთაველზე მშობლებთან ერთად ვიყავი. ხალხი მაუწყებლისკენ მირბოდა, რომ ვკითხეთ — სად მიდიხართ, მეთქი — პირველი არხისკენო. მაშინ მამაჩემმა მითხრა — ეგ მაგარი ადგილია, იქ პროტესტი რუსთაველის პარალელურად ყოველ დღე უნდა იყოსო. მაშინ დამაინტერესა, რატომ უნდა ვმდგარიყავი იქ და აღარც მიმიტოვებია.
თაკოს ხმა დამამახსოვრდა — ცეცხლი ოლიგარქიას! ეს ემოცია კარგა ხანს გამომყვა.
რადგანაც მივხვდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას უნდა დაებრუნებინა, მეგობრებთან ერთად სულ მანდ ვიკრიბებოდით ხოლმე.
მარშის შეძახილებმა რომ გავლენა იქონია ჩემზე, ეგ შეგრძნება მახსოვს. მაგის გამო მივდიოდი ყოველ დღე. ჯერ გარეთ, სახალხო ეთერს ვუსმენდი და მერე მივყვებოდი მარშს ტელევიზიიდან პარლამენტამდე.
შეძახილებს მეც ვყვებოდი ხოლმე და მაუწყებელთან მდგომმა ხალხმა შემამჩნია. ჩემი ხმა მოეწონათ და თაკოს უთხრეს — ელენეც არსებობსო. შემომთავაზეს, ერთ-ერთ დღეს ხომ არ აიღებ შენც რუპორს და გაუძღვები მარშსო. ეგ დღე მახსოვს, ისე ვინერვიულე, კინაღამ გული წამივიდა. დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი უცებ.
ყველა შეძახილი უნდა მცოდნოდა, მუხტი არ უნდა დამეგდო. „რუპორი ჩამაბარეს” და მანდეს! ამდენ უცხო ადამიანს უნდა გავუძღვე! მგონი, კარგად ჩაიარა.
მაგ დღეს დამაჯარიმეს ზუსტად და თარიღიც კარგად მახსოვს. 21 თებერვალი იყო.
ასე დავმეგობრდი მარშის წევრებთან. მანამდე არც ერთს არ ვიცნობდი. უბრალოდ, ჩაის ავიღებდი ხოლმე და მივესალმებოდი. სულ ეგ იყო ჩვენი ნაცნობობა.
მგონია, რომ ეს ერთობა ის არის, რაც მთელ პროტესტს მუხტს აძლევს და აძლიერებს. ყველას შეუძლია მოვიდეს და თავისი ადგილი იპოვოს. თავიდან ჩემი როლი უბრალოდ იქ დგომა იყო, მერე რუპორი ავიღე მეც ხელში. სხვებსაც შეუძლიათ იგივე, ან დაფდაფზე დაუკრან, ან სიტყვით გამოვიდნენ.
მარშის შეძახილებმა გაგვაერთიანა. ყველას ეხებოდა. ყველას ბრაზს გამოხატავდა. ამიტომაც იქცა წინააღმდეგობაში მნიშვნელოვან რგოლად. პროტესტის ახალი ენა შექმნა.
ფრაზების წერაშიც ყველა ჩართულია. თუ იმ დღეს რამე მოხდა, ვეხმაურებით ხოლმე. უცხოსაც თუ რამე მოაფიქრდება, მოდის და გვეუბნება. მაგალითად, ჩემთან მარშის ბოლოს მოსულა ადამიანი და ფურცელი მოუწოდებია. ფრაზები ჰქონდა ჩამოწერილი და მითხრა, იქნებ, გამოიყენოთო.

ელენე დმანისიდან თბილისში მომავალ მარშს მეგაფონით მოუძღვებოდა. აქტივისტთა ჯგუფმა ფეხით 100 კილომეტრიანი გზა გამოიარა.

ელენე და ნატაშკა პროტესტისთვის სტიკერის დიზაინზე მუშაობენ.
ჩემი რუტინა ისე შეიცვალა ბოლო ექვს თვეში, მთლიანად პროტესტმა მოიცვა. სხვადასხვა მოძრაობის და წინააღმდეგობაში ჩართული ჯგუფის წევრებს ვხვდები ხოლმე. ერთად ვგეგმავთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ უფრო მრავალფეროვანი იყოს პროტესტი და ცვლილებებს მივაღწიოთ.
ამ პროტესტში ყველა ინდივიდუალურად უნდა შეეცადოს, რომ თავისი როლი იპოვოს. რეჟისორები მოკლე ფილმებს იღებენ, მაგალითად. ვიღაც Youtube არხზე ამ პროცესის ამსახველ დღიურებს აწარმოებს. შენ თვითონ იგრძნობ, რა სარგებელი შეგიძლია საერთო წინააღმდეგობას მოუტანო. სხვებთან დამეგობრებით, გამბედაობაც გემატება.
მე ვიცი, რომ ეს ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია. ჩემთვის მთავარი ერთმანეთის გვერდით დგომა, სოლიდარობა და ემპათიაა. მაგისთვის ვდაგავარ გარეთ. რაც შეიძლება მეტი ადამიანი მინდა გავიცნო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაველაპარაკო, რომ ერთად უფრო გავძლიერდეთ. თბილისს უნდა გავცდეთ.
ამასობაში, 14 ჯარიმა მაქვს, ანუ 70 000 ლარი. ყველა გავასაჩივრე, ოქმების ჩაბარებას ველოდები.
ნატაშკა ჭანუყვაძე — 22 წლის, სტუდენტი, გრაფიკული დიზაინერი.
პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან და იქ შეკრებილ ხალხთან თავი მაშინ ამოვყავი, როცა სტუდენტები სალაპარაკოდ მიგვიწვიეს. 19 იანვარია. სამხატვრო აკადემიის სტუდენტურ მოძრაობაში ვარ.
19 ნოემბერს, არჩევნების შემდეგ, ჩემი მეგობარი დააკავეს მელიქიშვილის ქუჩაზე და მას შემდეგ წინააღმდეგობაში ვარ. იმ დღეს მეც რომ იქ ვყოფილიყავი, შეიძლება მეც დავეკავებინე, ან დედაჩემი. მაგ დღეს ჩემს თავს ვკითხე: იქ რომ ვყოფილიყავი, იქნებ სხვანაირად ყოფილიყო?! ამის მერე, დღე არ ჩამიგდია. როგორც დილას ვიღვიძებ და ვსაუზმობ, ასეთ რუტინად ვაქციე აქციაზე გასვლა ყოველ საღამოს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებთან სხვადასხვა სფეროს და ჯგუფის ხალხი რომ იკრიბება, ეგ მნიშვნელოვანი და საინტერესოა ჩემთვის. უნდა ვიცოდეთ — ვინ რისთვის იბრძვის.
ისე, სიტყვა აქცია არ მომწონს, მანიფესტაცია უკეთესია. ამ დროს ენერგიას და შენს სურვილებს უშვებ სამყაროში და ისიც გიბრუნებს უკან.
მარშის მონაწილეებიდან მანამდე არავის ვიცნობდი. ერთხელ რომ მიხვალ, მერე მეორე დღეს, მესამე დღიდან უკვე ყველა გიღიმის. სახეებზე ვცნობთ ერთმანეთს. მეოთხე დღეს უკვე სახელი იცი იქაურის, მეხუთე დღეს მოიკითხავ, როგორ ხარო, ჰკითხავ. ძალიან ბუნებრივად უახლოვდები იქ შეკრებილ ადამიანებს. სახელიც რომ არ იცოდე, ახლობელივით არის. მერე ამ ხალხს სხვა აქციაზეც ხვდები. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ ძალიან მეგობრული გარემოა, თითქოს ასეთი წესია.


ჩემი პროფესიით, დიზაინზე ვმუშაობ. შემოსავლის წყარო ჩემი ეს არის. მაგრამ სხვა საქმეზეც თუ ვმუშაობ, მაინც პროტესტზე ვფიქრობ. აი მაგალითად, უცებ მიფიქრია, ეს ხომ არ მოუხდებოდა სტუდენტური მოძრაობის ლოგოს?!
პირველად, GrlzWave-დან დამიკავშირდნენ, სტიკერები სჭირდებოდათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტესტისთვის და დავუმზადე. ეს სტიკერი დღემდე იმ თეთრ რუპორს აკრია. მაშინ გავყევი მარშს, დამაინტერესა ამ სტიკერებს რაში გამოიყენებდნენ. ისე მესიამოვნა გოტას ხელში რომ დავინახე ეს დიდი რუპორი და მასზე ჩემი შექმნილი სტიკერი მიკრული, რომ აღარც დავშორებივარ ამ ხალხს.
ეს სტიკერი მეტროშიც არის. ბევრგან შემხვედრია. მოკლედ, ეს არის ჩემი პროფესიული წვლილი.
როლების გადანაწილებაც ძალიან ბუნებრივად და სპონტანურად ხდება ხოლმე. ვისაც რა შეუძლია და რაც გამოსდის უკეთესად, ისე ერთვება.
ჩემი მამოძრავებელი ამ პროცესში ეს არის — უსამართლობაში ცხოვრება არ მინდა.
დამოუკიდებელ, სტაბილურ ქვეყანაში მინდა ცხოვრება. ისეთ ქვეყანაში, სადაც როგორც ხელოვანს, არ დამაცენზურებენ. ჩემი ხმა მნიშვნელოვანი იქნება.
უსამართლოდ დაპატიმრებულ ადამიანებს ვერ ვივიწყებ. მათზე ყოველ დღე ვფიქრობ და გულით მინდა, რაღაც შევცვალო. მათაც უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ისინი არ დაგვვიწყებია და გარეთ არ დავნებებულვართ.
ამ უსამართლოდ დასჯილ, ხმაწართმეულ ადამიანებს ციხეში ვერ დავტოვებთ. ამას ვერ შევეგუები.
ყოველ დილით ვიცი, რომ აქციისთვის უნდა მოვემზადო. 6 თვეა, ეს არის ჩემი ყოველდღიურობა. ჩემი რუპორიც მაქვს. რამე თუ მაწუხებს, სულ ამ რუპორში მინდა ვიყვირო, სახლშიც კი. იმ დღეს მაგალითად, საცობი იყო, ფანჯრიდან გავიხედე და ამ რუპორში დავიყვირე: შენ მარჯვნივ! შენ მარცხნივ!
მთლიანად წინააღმდეგობით ვარ მოცული.