ირანში 2026 წლის იანვარი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ყველაზე სასტიკი რეპრესიების თვედ მოინიშნა — ვკითხულობთ ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International-ის ანგარიშში.
2025 წლის 28 დეკემბერს თეირანის დიდ ბაზარში მოვაჭრეები გაიფიცნენ და მაღაზიები დახურეს. მალევე პროტესტს სხვადასხვა ქალაქში ბევრი ადამიანი შეუერთდა და გამოსვლებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. დემონსტრანტები ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვდნენ. უფრო კონკრეტულად კი — ისლამური რესპუბლიკის სისტემის დასასრულს და ისეთ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებსა და ღირსებას.
ამ დროისთვის ირანის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, ქვეყანაში ინფლაცია გაიზარდა, მოსახლეობის სოციალური პირობები დრამატულად გაუარესდა.
ირანის ხელისუფლებამ წინააღმდეგობას სასტიკი ძალადობით უპასუხა. ათასობით მომიტინგეა მოკლული. 8 იანვრიდან გათიშულია ინტერნეტი. ადგილზე მუშაობა უჭირს საერთაშორისო მედიასაც. განახლებული ინფორმაცია რთულად ვრცელდება.
Chai Khana ორ ამბავს გიზიარებთ ირანიდან. ნიკო ფერეიდნელი ქართველია, რომელიც ოჯახის მოსანახულებლად დეკემბერში ჩავიდა ირანში და პროტესტის უშუალო მონაწილეა. სული ნიკოს მეგობარია. 6 წელია, საქართველოში ცხოვრობს. დედასთან და მეგობრებთან ბოლო მიმოწერით ის ირანში მიმდინარე მოვლენების ტრაგიკულ სურათს აღწერს.
მივხვდი, მშვიდად არ ჩაივლიდა ეს ამბავი
რაც ბოლო თვეს ირანში მოხდა, მას თავისი ისტორია აქვს. სამი წლის წინ, 22 წლის ირანელი ქალის, მაჰსა ამინის, სიკვდილს ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მერე ბენზინის ფასის გაზრდის გამოც გამოვიდა ბევრი ხალხი ქუჩაში. მაშინაც დახოცეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. მოკლედ, ეს უკმაყოფილება და ბრაზი დაგროვდა. ცხადია, მთავრობის წინააღმდეგ. 28 დეკემბერს ჩავედი ირანში. იმ დღეს გამოსვლები თეირანის ბაზარში დაიწყო. დაძაბულობა იგრძნობოდა. ირანში ფული გაუფასურდა. ღირებულება დაკარგა. აეროპორტიდან პირდაპირ ისპაჰანში ჩავედი.
იქაც იყო გამოსვლები, ოღონდ მხოლოდ ღამით. ოქროს ბაზარში ვიყავი, დიდი ისტორიული მოედანია ისპაჰანის ცენტრში — ნახშ-ე ჯაჰანი ჰქვია. ქალაქს ერთი მდინარე ყოფს შუაზე. დიდი ხანია, დამშრალია. აქციები სულ ამ მდინარეზეა ხოლმე, ისტორიულ ხიდებთან. იმ ადგილას გავიარე მეც და ცეცხლის კვალი დამხვდა. ძალიან ბევრი ხალხი არ იყო, ამიტომ ძალადობაც ისეთი მასშტაბური არ ყოფილა დასაწყისში. 10 იანვარს გამწვავდა. მეგობართან ვიყავი და იმან მითხრა, გავიდეთ, გავაპროტესტოთ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებაო. ერთად წავედით აქციაზე. მობილური ჯდებოდა, სახლში გავიარე და დავტოვე. უკვე ბევრი ხალხი დაგხვდა აქციაზე. ძირითადი მასა ტელევიზიასთან იყო. შეტაკებაც იქ მოხდა. შენობის აღება უნდოდა ხალხს. შეძახილები გვესმოდა: არ გვინდა დიქტატურა; გვძულს რეჟიმი; ზოგიერთი ყვიროდა — ძველი მონარქი დააბრუნეთო.
ჩემი 7 წლის შვილი ძალიან ნერვიულობდა, ამიტომაც სახლში მალევე დავბრუნდი. ინტერნეტი უკვე გათიშული დამხვდა. ფეხით მოვდიოდი და ყველა კუთხეში ისეთი შიში იგრძნობოდა, რომ მივხვდი, მშვიდად არ ჩაივლიდა ეს ამბავი.
მეორე დღესაც, მისი ხათრით, გარეთ აღარ გავსულვარ, მაგრამ სახურავზე ავდიოდით და იქიდან გამოვხატავდით პროტესტს. ირანში პროტესტის ეს ფორმა ტრადიციაა. 47 წლის წინაც, რევოლუციის დროს, ასე იყო. სახურავზე გამოდიოდა ხალხი, შეძახილებსაც იქიდან ყვიროდა.
გარეთ პოლიციაა, სახურავზე ნაკლებად სახიფათოა. ვიღაცას სახლიდან გასვლა არ შეუძლია. სახურავიდან ვხედავდი მანქანების წინ ჩამუხლულ ადამიანებს. სოლიდარობის ნიშნად, მძღოლები სიგნალებით ხვდებოდნენ. გზას კეტავდნენ. საცობი გაკეთდა. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ პოლიცია არც ერთი მხრიდან არ ჩანდა.
ისპაჰანიდან ფერეიდანში ჩავედი დედის სანახავად. დედაჩემმა მითხრა, ჩვენს ქალაქშიც კი [თორელი] გამოვიდა ხალხიო.
ზუსტად ეს განასხვავებდა ამ პროტესტს წინა წინააღმდეგობებისგან. უფრო მასშტაბური იყო. ისეთი ქალაქებიდან გამოვიდა ქუჩაში ხალხი გასაპროტესტებლად, ირანის პროტესტის ისტორიას რომ არ ახსოვს. ზოგიერთის სახელი გაგებულიც კი არ მქონდა.
ფერეიდნიდან ჩემს დასთან ჩავედი ტაქსით. თეირანთან ახლოს ქალაქია, ქომი ჰქვია. აეროპორტთანაც ახლოს არის. გზაში ვხედავდი, როგორ აჩერებდა ირანის რევოლუციური გვარდია [IRGC] მანქანებს. ეს დანაყოფი ყველაზე სასტიკია ირანში. ის ჩვეულებრივი პოლიციისგან განსხვავდება. საკონტროლო-გამშვები პუნქტები იყო გზაზე და ყველა ამ პუნქტს რევოლუციური გვარდია აკონტროლებდა. ყველაფერზე შეუძლიათ ეჭვი მიიტანონ და იძალადონ. შავ ნიღბებში მხოლოდ თვალები უჩანთ. მაშინვე იძაბები, როგორც კი ხედავ.
სანამ ინტერნეტი გაითიშებოდა, გავიგე, რომ ქომში რამდენიმე კაცი იყო მოკლული, მათგან ერთი განსაკუთრებით სასტიკად. სანამ სახლში მივიდოდი, ქალაქში ვხედავდი ცეცხლისგან დატოვებულ კვალს, გადამწვარ მანქანებს, ჩალეწილ მაღაზიების შუშებს. სამშაბათი იყო და ქალაქი თითქმის ცარიელი. კი გამიკვირდა, ხალხი გარეთ რატომ არ არის-მეთქი?!
ირანის გარეთ რა მედიებიც მაუწყებლობენ, მერე მათგან გავიგე, თურმე, რა მოხდა. უამრავი ხალხი იყო დახოცილი. ზუსტ რაოდენობას ვერავინ ამბობდა. ამიტომაც აღარ დამხვდა პროტესტი ქუჩაში.
ფერეიდანში დავიბადე, ქართულ ოჯახში. დედამ დამარქვა ნიკო. ნიკოლოზ ელერდაშვილი ვარ საბუთებით. მთელი სამეზობლო ქართული გვქონდა. ფერეიდანში ჩვენს ქალაქს თორელი ჰქვია. ქალაქი მარტყოფიც გვაქვს. ხალხის რაოდენობით თორელი ფერეიდანში მეორე ქალაქია.
7 წლამდე თორელში ვიზრდებოდი. მამა მასწავლებელი იყო. კარგი განათლება რომ მიგვეღო შვილებს, უფრო დიდ ქალაქში გადმოგვიყვანა საცხოვრებლად.
ისპაჰანში ვიგრძენი, რომ განსხვავებულები ვართ, თურმე. დედა და მამა ოჯახში ქართულად ლაპარაკობდნენ, ფერეიდნული დიალექტით. სპარსულ სიტყვებსაც ვურევდით. ფერეიდნელებიც სპარსულად იწყებდნენ ისპაჰანში საუბარს, იქაურებთან ურთიერთობა ასე უფრო უადვილდებოდათ.
ერთხელ მახსოვს ავტობუსში ვიჯექი,12-13 წლის ვიქნებოდი ალბათ, სკოლაში მივდიოდი. ორი კაცი იდგა ფეხზე და ქართულად ლაპარაკობდა. თან ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ჩვენი ენა აქ არავის ესმისო. მე ყველაფერი გავიგე, თან მეცინებოდა.
სხვა ქალაქში ჩავაბარე უნივერსიტეტში და ამ დროიდან უკვე ჩემმა იდენტობამ ძალიან დამაინტერესა. არ ვიცოდი ჩემი ენის წარმომავლობა, ინტერნეტზეც არ მიმიწვდებოდა ხელი მაშინ, რომ მომეძებნა. ნელ-ნელა გავიგე, რომ არსებობდა ქვეყანა საქართველო. ჩემთან სახლში კი ამბობდნენ, რომ ჩვენ ქართველები ვართ, მაგრამ მწირი ინფორმაცია ჰქონდათ მაინც.
თანამემამულეობა
პირველად საქართველოში 2012 წელს ჩამოვედი ჩემს ბიძაშვილთან ერთად. კავშირი მქონდა ირანელებთან, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. დასარჩენად საბუთების მოწესრიგებასაც ვფიქრობდი. მეუბნებოდნენ, ორი კვირით ჩამოდი ჯერ და მერე გადაწყვიტე, სად გინდა ცხოვრებაო. 28 წლის ვიყავი მაშინ. ოქტომბერი იქნებოდა, ან ნოემბერი.
ქართული ენის მოსმენა ყველა სივრცეში ისე მსიამოვნებდა. ყველაფერ კი არ მესმოდა, მაგრამ მაინც.
მეორე ჩამოსვლაზე უკვე გადავწყვიტე, რომ საქართველოში ვრჩებოდი. სამუდამოდ. სახლი ვიგრძენი. მარტო მე არ ვარ ასე, ფერეიდნელი ქართველების უმეტესობას იგივე შეგრძნება უჩნდება ხოლმე.
ასეთი სტატუსია — თანამემამულეობა ჰქვია და ეგ ავიღე. მოწმობაა, პასპორტის მსგავსი. გასაუბრება გავიარე. ამ საბუთს რომ გაძლევს, საქართველოს სახელმწიფო თანამემამულედ გაღიარებს.
ეკლესიას აქვს თემქაზე სამსართულიანი სახლი. ვინც ჩამოდის, დროებით იქ ცხოვრება შეუძლია. ჯგუფურად ცხოვრობთ, გადასარევი პირობები არ არის, მაგრამ მაინც დიდი შეღავათია, სანამ შენს გზას და საქმეს იპოვი. დაახლოებით 6 თვე გავატარე იმ სახლში. სამსახური ვიპოვე მერე, ირანელი ტურისტებისთვის გიდად დავიწყე მუშაობა. რადგან შემოსავალი გამიჩნდა, ბინა ვიქირავე და ცალკე გადავედი.
თუ არ მეკითხებიან, მე არ ვამბობ, რომ ფერეიდნელი ქართველი ვარ. აქცენტით რომ ვლაპარაკობ, დიალექტი მაქვს, მაგაზე ხვდებიან ხოლმე. როცა მეკითხებიან: საიდან ხარ? ირანიდან, ვპასუხობ ხოლმე. თუ ცოტა ისტორია იცის, ჩემს სახელს და გვარს როცა გაიგებს, მაშინვე ხვდება, რომ ფერეიდნელი ვარ. ძალიან ემოციურია ხოლმე ჩვენი შეხვედრა. ღია გულით მიღებენ.
ჩემს თავს ფერეიდნელების ელჩად მივიჩნევ საქართველოში, ამიტომ სახელს ძალიან ვუფრთხილდები. ვერ გავაფუჭებ.
10 წელია თბილისში ვცხოვრობ. დედა ისევ ირანშია, ჩემი დაც და ძმაც. მეორე ძმა ექვსი წელია აქ ცხოვრობს.
ბევრი მეგობარი არ მყავს აქ. ალბათ უფრო ახალგაზრდა რომ ჩამოვსულიყავი, გამიადვილდებოდა დამეგობრება. ამ ასაკში უკვე რთულია ახლო მეგობრების შეძენა. ენაც მიჭირს მაინც, სხვა კულტურიდან მოვდივარ.
ირანში დიდი სამეგობრო დავტოვე. ამას ყველაზე მეტად განვიცდი. მათთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი დრო მაქვს გატარებული და ეგ მენატრება. თუმცა ამ ქვეყანას ვეკუთვნი. ფიქრიც ქართულად დავიწყე. მაგალითად, საჭესთან რომ ვზივარ და მივდივარ, ქართულად შემიგინებია. ამ ენაზე ვბრაზდები უკვე.
გამოფრენა
15 იანვარს დავბრუნდი საქართველოში. ხუთშაბათს, დილას 7 საათისკენ აეროპორტში ვიყავი. უამრავი ხალხი დამხვდა. ტევა არ იყო. არასოდეს ამდენი ხალხი აეროპორტში არ მინახავს. ყველა მიმართულებით რეისზე უდიდესი რიგი იდგა. ბევრს გაუქმებული ეწერა. ცოტა კი მეშინდა, მაგრამ უპრობლემოდ ჩამოვედი.
ძალიან ემოციური რა იყო აეროპორტში ჩემთვის იცით? ხალხი იყო მოსული, რომელიც არსად არ მიფრინავდა, მაგრამ სხვა ტელეფონში გადასაწერად ვიდეოები ჰქონდათ მოტანილი. მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ უცნობებს: თუ გადიხართ ქვეყნიდან, წაიღეთ, გაავრცელეთ ეს ვიდეოებიო.
მე ვერაფერი გადავიღე. აქციაზე ტელეფონი თან არ მიმქონდა. სახიფათოა. სიმბარათით შეიძლება, გიპოვონ, ამიტომ უმეტესობა ტელეფონს სახლში ტოვებდა. ერთ აქციაზე, მაგალითად, ვიღაცა იღებდა, აქციის მონაწილეები კი ეუბნებოდნენ, გათიშე, არ გადაგვიღოო. პირბადეები კი ეკეთათ დემონსტრანტებს, მაგრამ მაინც ეშინოდათ, არ ამოეცნოთ მერე.
სული, ინგლისური ენის მასწავლებელი
6 წელია ცხოვრობს თბილისში.
დედაჩემი ცხოვრობს ქალაქ მაშჰადში. ირანში სიდიდით მეორე ქალაქია. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს, იქ ბევრი ხალხი დახოცეს. ინტერნეტი ახლაც არ მუშაობს გამართულად. იმდენი სევდიანი ამბავი გავიგე ბოლო დღეებში ჩემი მეგობრებისგან. ჩვენთან ასეთი ტრადიციაა: როდესაც ვინმე კვდება, როგორც წესი, სახლის წინ შავ ნაჭერს ჰფენენ. შეიძლება შავი დროშაც იყოს. ჩემმა მეგობარმა მომწერა, ქალაქში რომ გავდივარ ფეხით, თითქმის ყველა კარის წინ შავი ნაჭერია გადმოკიდებულიო. ზუსტი სტატისტიკა, რამდენი ადამიანია მოკლული არ გვაქვს, მაგრამ ფეხით სიარულისას ამ ნიშანს თითქმის ყველა კართან, პატარა ვიწრო ქუჩებშიც კი ვხედავთო.
ხაზის ტელეფონი მუშაობს. ინტერნეტი, როგორც ჩანს, მხოლოდ პერიოდულად ირთვება. ბოლო კომუნიკაცია დედასთან წინა პარასკევს მქონდა [ინტერვიუ ჩაიწერა 24 იანვარს]. 2 წუთზე მეტხანს ვერ დაველაპარაკე. 2 წუთის შემდეგ კავშირი ავტომატურად წყდება.
როგორც ვიცით, მთავრობა ამ სატელეფონო საუბრებს ისმენს და სპეციალურად თიშავს. ფაქტობრივად დედა ვერაფერს ვერ მეუბნება ტელეფონში.
არ ვიცი ზუსტად სისტემა როგორ მუშაობს, ან ეს ინფორმაციაც მართალია, თუ არა, მაგრამ როგორც გავიგეთ, ირანის მთავრობამ სამეთვალყურეო კამერები შეიძინა ჩინეთისგან.
ბოლო მესიჯში დედამ მომწერა — მე კარგად ვარ, გაზაფხული მოდის, მერე გაითიშა.
და-ძმები არ მყავს, აღარც მამაა ცოცხალი.
დღეს [24 იანვარი] ჩემს ბავშვობის მეგობარს ვემესიჯებოდი, ვთხოვდი, დედასთვის დაერეკა ქალაქის ნომერზე და მისი ამბავი მოეკითხა. ინტერნეტი ქვეყნის შიგნით კი მუშაობს, მაგრამ ქვეყნის გარეთ აღარ. ესეც იმიტომ, რომ ბანკებმა იფუნქციონირონ. სხვანაირად გაჩერდებიან.
კიდევ ერთი მეგობრების ჩატი გვაქვს. იქ ერთმა მოიწერა, ჩვენ ცარიელი ხელებით მეტს ვეღარაფერს გავაკეთებთო. გარეთ როგორც გავალთ, ჩაგვხოცავენ. დახმარება გვჭირდება, ასე ვეღარ გავაგრძელებთო.
ჩემმა სხვა მეგობარმა თეირანიდან მომწერა, რომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საღამოს გარეთ ვეღარავინ გადის. თუ ვინმე გაბედავს და გავა, უამრავი საკონტროლო პუნქტი უნდა გაიაროს და დიდი შანსია, დააკავონ.
ვისაც გამბედაობა ეყო და ტყვიებით გარეთ გავიდა, ისინი ჩახოცილები არიან უკვე. დანარჩენი კი შეშინებულია. ირანში ზუსტად ასეთი მთავრობაა, დაშინებით რომ მართავს ქვეყანას. ამიტომაც ვეღარ გადის ხალხი ქუჩაში. მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, დღისით საკვები პროდუქტების საყიდლად რომ გადიხარ გარეთ, გრძნობ, რომ გარშემო ყველა ძალიან გაბრაზებული და განრისხებულიაო. მაგრამ ვერ გამოხატავენ ღიად. კბილებს მაგრად უჭერენ, რომ არაფერი წამოსცდეთ. დაძაბულობა ძალიან შესამჩნევიაო.
როგორც ვიცი, ექთნები და ექიმებიც დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. ბევრი დააკავეს იმიტომ, რომ პროტესტის დროს დაჭრილებს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ირანში უკიდურესად გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბოლოს უკვე ისედაც პრობლემა იყო წამლების ყიდვა. ანტიბიოტიკს, მაგალითად, ვერსად ვერ იშოვი დღეს ირანში.
თუ საკონტროლო პუნქტზე გაგაჩერეს, შენს სხეულსაც ამოწმებენ თურმე და ნატყვიარები თუ გიპოვეს, ესე იგი პროტესტსში იღებდი მონაწილეობას და მაშინვე გიჭერენ. ამიტომაც ყველა ერიდება საღამოს გარეთ გასვლას და აღარც გადიან პრინციპში.
სპარსულში ასეთი გამოთქმა გვაქვს: Death Dust [სიკვდილის მტვერი]. მთელ ქალაქში ზუსტად ეს არის გამეფებული. დისტოპიურ ქალაქს ჰგავს მაშჰადი ახლა, თურმე. გეგონება ცოცხალი აღარავინ არის დარჩენილი. ყველა მკვდარია და მთელი ქალაქი ერთ დიდ სასაფლაოდ გადაქცეულა. მაშჰადი ყველაზე რელიგიური ქალაქია ირანში.
დღეს მესიჯი მივიღე ჩემი მეგობრისგან. მთხოვდა, თუ სოციალურ ქსელებში ხარ და დახოცილ ხალხზე ვიდეოებს ნახავ, გაუგზავნე ვინმეს გაეროში, ან რომელიმე ჰუმანიტარულ მისიას, მათ უნდა ნახონ და იცოდნენ, რა ხდება აქ. დაგვეხმარონ. ჩვეულებრივი გენოციდიაო. ეს იყო ბოლო გზავნილი.
ნიკო
ჩემი დისგან მივიღე გუშინ მესიჯი. მწერდა, ახლა ქალაქში [ქომი] სიჩუმეა, შეშინებულია ხალხიო.
რაც ჩამოვედი, ჩემს შვილთან არ მილაპარაკია. ისპაჰანში ინტერნეტი ამ დრომდე გათიშულია.
ინტერვიუ ჩაიწერა 24 იანვარს.