შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთ | დევნილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა
ფოტოგრაფი: ვახო ქარელი
ზამირ კვეკვესკირის ოჯახს შემზარავი ტრაგედიიდან 9 თვის თავზე ბინა გადასცეს.
ვიდეოში, რომელშიც ფონად დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო და მოქალაქეთა მისაღები ჩანდა, ცეცხლმოკიდებული კაცის სასოწარმკვეთი გამოსახულება საზოგადოებამ სამუდამოდ დაიმახსოვრა. „შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთ” — ეს ხმაც ალბათ დიდხანს გაჰყვათ ექოდ მოქალაქეებს, რომლებმაც ვიდეოს სიმძის გამო შესაძლოა, ვერც შეხედეს.
29 ოქტომბერს კვეკვესკირების ოჯახს 60 კვადრატული ფართობის ბინა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, გადასაცეს. ბინის გასაღებს ნოემბრის ბოლოს მიიღებენ.
„როგორ აღვწერო არც ვიცი ეს განცდა, თან გაგვიხარდა და თან საშინელი გულისტკივილია, ზამირი რომ ვერ მოესწრო, მის გარეშე რომ უნდა შევიდეთ ჩვენს ბინაში. როცა ეს ამბავი შემატყობინეს, მთელი დღე მეტირებოდა. სამსახურში მითხრეს, სახლში წადი და დამშვიდდიო. საფლავზე წამოვედი და სანთელი ავუნთე. მან გვაჩუქა ეს ბინა. ჩვენთვის ადამიანური პირობებისთვის მსხვერპლად შეეწირა. ეს ტკივილი სიტყვებით არ გადმოიცემა”.
ოჩამჩირეში ვცხოვრობდით მეც და ჩემი მეუღლეც. 12 წლის ვიყავი აფხაზეთიდან რომ წამოვედი. ზუგდიდში ჩავედით, ჩემი მეუღლის ოჯახი ჯვარში [წალენჯიხის მუნიციპალიტეტი] წავიდა. სანამ გავთხოვდებოდი, 20 წლამდე, ზუგდიდში ვიცხოვრე.
ძალიან მძიმე წლები გავატარეთ ზუგდიდში. საჭმელიც არ გვქონდა. ყველა დევნილი ვწვალობდით, ვშიმშილობდით. მერე მამამ მუშაობა დაიწყო ზუგდიდის პოლიციაში და ცოტა ამოვისუნთქეთ. 20 წლის ვიყავი ზამირს რომ შევხვდი. ერთად ცხოვრება თბილისში, ზაჰესში, დავიწყეთ სხვის ბინაში. მოგვიანებით გადმოვედით აქ, თემქის ყოფილი გამგეობის შენობაში, გვითხრეს მიტოვებულიაო და გავტეხეთ. 2013 წელი იყო. სხვა გზა არ გვქონდა, ან აქ უნდა შემოვსულიყავით, ან ქუჩაში დავრჩენილიყავით.
ანა კვეკვესკირი, 21 წლის, ზამირ კვეკვესკირის შვილი
დედასგან მესმოდა ხოლმე, რომ დევნილები ქალაქში არ უყვარდათ. ხალხისგან მე ცუდი დამოკიდებულება არასოდეს მიგრძვნია. საჯარო სკოლაში დავდიოდი, კარგად მექცეოდნენ.
დედას ასთმა აქვს, ვერ ახერხებს მუშაობას. მე რომ სკოლას ვამთავრებდი, იმ წელს მოიტეხა მამამ ფეხი, ამიტომ სწავლა ვეღარ გავაგრძელე. ფინანსურად ამის შესაძლებლობა ოჯახს არ ჰქონდა. მე და ჩემს ძმას უნდა გვემუშავა. სწავლის სურვილი ახლაც კი მაქვს.
21 წლის ვარ და 16 წლიდან სულ ვმუშაობ. მე-9 კლასიდან გამოვედი. კოვიდიც დაემთხვა. კოლეჯისთვის რესტორანში პრაქტიკას გავდიოდი და პანდემიის გამო დაიხურა. არადა, პროფესიულ კოლეჯში კულინარია მინდოდა, მესწავლა. საკონდიტრო მაღაზიაში დავიწყე მუშაობა მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე და დღესაც იქ ვმუშაობ, მე-5 წელია.
ჩემი ძმაც 17 წლიდან მუშაობს. მასაც ძალიან უნდოდა სწავლა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ვერც მასწავლებლებთან ვერ ვემზადებოდით. მეხანძრე-მაშველობა უნდოდა ჩემს ძმას, მე — ფარმაცევტობა. თუ ბინას მივიღებთ, აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას.
მაკა კვირაია, ზამირ კვეკვესკირის ცოლი
ზამირსაც ეგ უნდოდა: შვილები ბედნიერები ჰყოლოდა. სანამ ფეხს მოიტეხდა, ის იყო ჩვენი პატრონი. სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობდა. შვილებს მისი ტრავმის მერე მოუწიათ ფინანსური პასუხისმგებლობის აღება.
პერიოდულად მეც ვმუშაობ. რესტორანში დიდი შეკვეთა თუ აქვთ, მრეცხავად მეძახიან. თვეში, საშუალოდ, 700 ლარამდე ადის ჩემი ხელფასი. ყოველ დღე ისედაც ვერ ვმუშაობ, ფიზიკურად არ შემიძლია, ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. ასთმა მაქვს, ალერგია.
სოციალური შემწეობა თვეში 150 ლარია. დევნილობის დახმარება 135 ლარი გამოდიოდა, ამიტომ სოციალური შემწეობა ვარჩიეთ. ორივე ერთად არ შეიძლებაო.
შვილები რასაც გამოიმუშავებენ და მეც პერიოდულად თუ ვიმუშავე, ეგ არის ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი. ბიჭს სტაბილური სამსახური არ აქვს, მშენებლობაზე მუშაობს ხოლმე. დამხმარე როცა სჭირდებათ, მაშინ ეძახიან.
გაზის ბალონს ვტენი ხოლმე, ამაზე ვაკეთებ საჭმელს. ერთი ოთახი რომ მაქვს, სხვა გამათბობლის უფლება არ მომცეს, საძინებელი უნდა გქონდეს და ცალკე ოთახი საჭმლის გასაკეთებლადო.
ამ შენობაში საცხოვრებლად ვინც შემოვედით, ყველა დევნილი ვიყავით.
***
სველი წერტილი ამ ოთახებს არ ჰქონდათ. ინდივიდუალურად მოვიშენეთ. ჩვენ წინ მეზობლებმა მოგვცეს ნებართვა, 2 მეტრი დაგვემატებინა და ტუალეტი გაგვეკეთებინა.
როგორც კი ითქვა, დევნილებს ბინით უზრუნველვყოფთო, მაშინვე დავწერეთ განცხადება 2012 წელს. მას მერე წერილები იგივე მოთხოვნით კიდევ სამჯერ დავწერეთ. წინა ხელისუფლების დროსაც ვითხოვდით ბინას. ჩემს მშობლებსაც მოთხოვნილი აქვთ ფართი, მაგრამ არც მათ მიუღიათ ჯერ რამე.
ჩემმა მშობლებმაც გატეხეს კომბინატის საავადმყოფოს შენობა ზუგდიდში და იქ დასახლდნენ. დეიდაჩემიც იქ ცხოვრობს. სახელმწიფოსგან ბინა არც მას მიუღია.
მოკლედ, ყველა მთავრობის დროს ვითხოვდით ჭერს, მაგრამ არც ერთის დროს არ მიგვიღია. მამა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა სიცოცხლის ბოლომდე. ბინის მოლოდონში იყო სულ და ვერ მოესწრო. აფხაზეთში ომობდა. სიმსივნე დაემართა და ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ბოლოს რომ ვიყავი სამინისტროში, წერილი დავწერე და ვითხოვდი, ადგილზე მოდით და შეამოწმეთ, თქვენი თვალით ნახეთ, რა პირობებში ვართ-მეთქი. არც მოსულან და არც წერილობით პასუხი დაუბრუნებიათ. სიტყვიერად გვეუბნებოდნენ — დაელოდეთო.
არასწორად ითვლიან ქულებს. ხომ უნდა მოვიდნენ პირადად და შეამოწმონ, საკუთარი თვალით ნახონ, ვინ რა პირობებში ცხოვრობს. მთავარი კრიტერიუმი ხომ ეს უნდა იყოს?!
ზამირმა ფეხი 4 წლის წინ მოიტეხა. მუხლის მოტეხილობა ჰქონდა. აქ გავუკეთეთ ოპერაცია. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ, მე მგონი, არასწორად ჩატარდა ოპერაცია, მუხლის ძვლის ამოღება გახდა აუცილებელი. ეს ოპერაცია სხვა კლინიკაში გაუკეთეს. სახელმწიფომ დააფინანსა, ჩვენ არაფერი გადაგვიხდია. გვითხრეს, გერმანიაში დაგეხმარებიანო და დევნილად ჩაბარდა იქ, რომ დამატებით ემკურნალა ამ ფეხზე. ჩემმა გოგო შვილმა ბანკში სესხი აიღო და ამ ფულით გავუშვით გერმანიაში. 3000 ლარზეა ლაპარაკი. დაახლოებით 6 თვე იყო, იქ დამატებით ოპერაცია ჩაუტარდა. მერე დეპორტით გამოუშვეს საქართველოში. გერმანიიდან ბევრი ხალხი რომ დააბრუნეს უკან სამშობლოში, იმ ტალღაში მოყვა ზამირი.
გერმანიიდან რომ დაბრუნდა, 6 თვეში ტკივილები დაეწყო. ვერ დადიოდა. მთელი სხეულის სიმძიმე მეორე ფეხზე რომ გადადიოდა, ის ჯანმრთელი ფეხიც ასტკივდა. აქ ექიმთან რომ მივიყვანეთ, იმპლანტი, რომელიც თქვენ გჭირდებათ, არ გვაქვსო. ან თურქეთში უნდა წახვიდეთ, ან გერმანიაშიო, ასე გვითხრეს.
ემიგრაციაზე არასოდეს გვიფიქრია. არც ჩვენს შვილებს. საქართველოში გვინდოდა ცხოვრება.
ამ ტრაგედიამდე, წინა დღეებში, ძალიან განერვიულებული იყო. არ ამბობდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ფეხი ძალიან სტკიოდა. ჩემთვის არავინ არ არისო, კი წამოსცდა. არც სახლი არ გამოიძებნაო. ტკივილებიც აწუხებდა და დარდობდა.
დილით ადრე ადგა. ქვასავით იყო. რომ ვკითხე, რა ხდება-მეთქი, არაფერიო და გავიდა სახლიდან. დამიბარა — მალე მოვალო. დიდი დრო რომ გავიდა და არ დაბრუნდა, ძალიან ვინერვიულეთ. პოლიციას დავურეკეთ, მათ მოძებნეს.
შეხვედრას ითხოვდა გადაწყვეტილების მიმღებ პირთან ბინის თაობაზე. არავინ რომ არ შეხვდა, გამწარდა. იქიდან ვიდეო აქვს გადაღებული და გამოქვეყნებული: მიშველეთ ვინმემ, შეხვედრას ვითხოვო. ძალიან განერვიულებულია.
ამ ტრაგედიის დღეს, არ ვიცი ზუსტად ვინ დამირეკა, მაგრამ ვიღაცამ დამირეკა და მითხრა: თქვენი საბუთები ხელში მიჭირავს, თქვენ მოხდვით ბინის მიმღებთა სიაში, ამ წელს თქვენ ბინა უნდა მიიღოთო. თურმე, ამ დროს ზამირი საავადმყოფოშია უკვე დამწვრობით შეყვანილი. ამის შესახებ მე მაშინ არაფერი ვიცოდი. სამსახურში ვიყავი მაგ დღეს, სახლში არ ვყოფილვარ. დევნილთა სამინისტროდან გიკავშირდებითო, სახელი და გვარი არ უთქვამს. მას მერე აღარავის დაურეკავს. ვერც ჩვენ გადავურეკავდით, დაშიფრული ნომერი იყო. Unknown number-ი [უცნობი ნომერი].
სახლში რომ მოვედი და ჩემი ქმარი ისევ არ დამხვდა, პანიკა ავტეხეთ. შემოსული ზარის დროს დავხედეთ და როგორც გამოვთვალეთ, ზუსტად მაგ საათზეა ზამირი საავადმყოფოში შეყვანილი. ჩვენ მოგვიანებით, დაახლოებით 9 საათისკენ, გავიგეთ პოლიციელისგან, რომ ზამირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვალებაც ტელევიზიით შევიტყვეთ. ჩვენთვის არავის არაფერი ჰქონდა ნათქვამი. საავადმყოფოდან სახლში გამოგვიშვეს, ამდენი ხალხის აქ ყოფნა არ შეიძლებაო. ჩემს მულს, ზამირის დას, ჰქონდა მხოლოდ ექიმთან კომუნიკაცია. ჩემმა მულმაც ტელევიზიით გაიგო. ჩვენ დედამთილის კივილი გავიგეთ, ზამირის მშობლებიც და მაზლიც აქვე ცხოვრობენ, სხვა ოთახში.
ზამირ კვეკვესკირის გარდაცვალების შემდეგ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე, ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს. დაკითხვაზე ვიყავით ოჯახის წევრები. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.