ვის მიიჩნევს სახელმწიფო მდიდარ მოქალაქედ?
ავტორი: მზია საგანელიძე
მაგალითისთვის ოთხსულიან ოჯახს გაგაცნობთ: დედა-მამა და ორი საჯარო სკოლის მოსწავლე შვილი. ბავშვები ცურვას სწავლობენ და კრივში ვარჯიშობენ. ცურვა ოჯახს თვეში 175 ლარი უჯდება, კრივი — 150 ლარი. ამას ემატება „ტყის სკოლის” გადასახადი — თვეში 250 ლარი. წელიწადში ორჯერ ბავშვებისთვის ჰაერის გამოცვლაც მშობლების სავალდებულო სიაშია.
ნუცას საკუთრებაშია 1000 კვადრატული მიწა თიანეთში, რომელიც მას მეგობარმა ბავშვებისთვის ბანაკის მოსაწყობად და მცირე მეურნეობისთვის აჩუქა დაბადების დღეზე. ოღონდ, ეს ჯერ შორეული გეგმაა. ლევანის საკუთრებაში კი ის ბინაა, რომელშიც ოჯახი ცხოვრობს.
ნუცა ცქიმანაური 39 წლისაა. სათავგადასავლო ტურიზმში გამყოლი გიდია, სერტიფიცირებული. ეს სეზონური სამუშაოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი წელი ნუცას სტაბილური ანაზღაურება არ აქვს. მუშაობას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომაზე ასრულებს.
ამ წლის ოქტომბერში შემოსავლების სამსახურიდან მოქალაქეებს შეტყობინება გაეგზავნათ: ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურებოდა, გადასახადის გადახდის ბოლო ვადა კი 17 ნოემბერი იყო. ეს შეტყობინება ნუცამაც მიიღო. ოჯახი ქონების გადასახადს დაექვემდებარა, მათ შორის, მიწის გადასახადსაც.
ვინ იხდის ქონების გადასახადს?
ქონების გადასახადი ეხება ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს დასაბეგრ ქონებას და მათი ოჯახის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავალი აჭარბებს 40 000 ლარს. თუ ადამიანის საკუთრებაშია დასაბეგრი მიწა, მაშინ მიღებულ შემოსავალს მნიშვნელობა არ აქვს. თუ ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, მაგრამ ფიზიკური პირი არ ფლობს არც ქონებას და არც მიწას, მას დეკლარაციის შევსება არ უწევს.
გამოდის, თუ ოჯახს ერთობლივად თვეში 3300 ლარი აქვს შემოსავალი, წყვილს თითოს თვეში დარიცხული 1660 ლარი, მას უკვე ქონების გადასახადის ვალდებულება უჩნდება.
„უცნაურია ეს, საქართველოში 1600 ლარი არის საშუალო ხელფასზე დაბალი, 2200 ლარია ჩვენთან საშუალო ხელფასი და ფაქტობრივად, გადასახადი, რომელიც ითვლებოდა, რომ საზოგადოების შეძლებულ ნაწილს უნდა გადაეხადა, ახლა უკვე თითქმის ყველამ უნდა გადაიხადოს”,- გვიხსნის გიორგი ხიშტოვანი, ეკონომისტი, „ილიაუნის” სრული პროფესორი.
ნუცა ცქიმანაურის ოჯახის ერთობლივი შემოსავალი სცდება წელიწადში 40 000 ლარს. თუმცა, ოჯახი ყოველდღიურ საჭიროებებს ბოლო წლებში სულ უფრო რთულად უმკლავდება.
„ბავშვებს კარგი კვება სჭირდებათ, რომელიც ძალიან გაძვირდა. ტანსაცმელიც, თვალის დახამხამებაში იზრდებიან. მშობლები მეორადებშიც ჩავიცვამთ და ერთ ქურთუკს და ფეხსაცმელს სამი წელი ვიმყოფინებთ, მაგრამ ბავშვებთან ასე ვერ მოვიქცევით. აღარაფერს ვამბობ, მათ დასვენებაზე. როგორ უნდა ვიმყოფინოთ ჯამში 3300 ლარი ოჯახმა?! ამ შემოსავალზე დამატებით კიდევ სახელმწიფო გადასახადს გაჭრის, არ მგონია ეს სამართლიანი”, - გვეუბნება ნუცა.
გიორგი ხიშტოვანს ამ უკმაყოფილების მიზეზი კარგად ესმის. სახელმწიფოს აღქმა, რომ ნუცას მსგავსი ოჯახები ,,მდიდრად” მიიჩნიოს და დამატებით გადასახადი დააკისროს, უსამართლობის შეგრძნებას იწვევს.
გიორგის განმარტებით, ქონების გადასახადის შემოღებისას, სახელმწიფომ გვითხრა — თუ გაქვს უძრავი ქონება და ხარ მაღალშემოსავლიანი, მაშინ ვალდებული ხარ, გადაიხადო.
ვინ მიიჩნევა მაღალშემოსავლიანად, ეს სტატიკური ვერ იქნება, რადგან ფულის ღირებულება ითვლება დროში.
„ის, რაც პირობითად მაღალი შემოსავალი იყო 2005 წელს, დღეს, 20 წლის შემდეგ, მაღალ შემოსავლად შეიძლება საერთოდ აღარ ითვლებოდეს. ბევრი ფაქტორი განაპირობებს ამას. მათ შორის, ერთ-ერთია ინფლაცია. მეორე შეიძლება იყოს ხელფასების ზრდის დინამიკა. მაშინ ქონების გადასახადის გადამხდელი „მდიდრად” ითვლებოდა. ახლა ეს დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. რამდენად ადეკვატურია, დღეს „მდიდრად” ჩათვალო ოჯახი, რომლის საერთო წლიური შემოსავალი ჯამში 40 000 ლარია და ფლობს ქონებას, მაგალითად, ერთადერთ საცხოვრებელ ბინას?!”- ამატებს ხიშტოვანი.
ნუცა ფიქრობს, რომ წლიური შემოსავლის ზღვარი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.
„ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 100 000 ლარი მაინც უნდა იყოს, 40 000-ის ნაცვლად. მე და ჩემი ქმარი თუ 5-6 წლის წინ საშუალო ფენად ვითვლებოდით, ახლა უკვე სიღარიბისკენ მივდივართ, იმიტომ რომ ვეღარ ავუდივართ ამხელა ხარჯებს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ გადასახადები გადავიხადოთ და უბრალოდ საჭმელი ვჭამოთ. დანარჩენი არაფრისთვის თანხა აღარ გვრჩება”.
ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანიც ადასტურებს, რომ ეს ზღვარი გადასახედია, რადგან ინფლაციის გათვალისწინებით, 40 000 ლარს დღეს და 40 000 ლარს თუნდაც ერთი წლის წინ განსხვავებული მსყიდველუნარიანობა აქვს:
„2005 წელთან შედარებით, მინიმუმ, 2.5/3-ჯერ შემცირდებოდა. 40 000 ლარი 2005-ში, დღეს, დაახლოებით, იქნება 15 000 ლარი. ამიტომ გაუჩნდა ხალხს პროტესტიც. გარდა ზღვრისა, კანონმდებლობაც არ არის ადეკვატური. ქონების გადასახადის კრიტერიუმად შენი შემოსავალია განმსაზღვრელი და არა შენი ქონება. 2000-იანების დასაწყისში ამ მიდგომას აზრი ჰქონდა, რადგან 15-20 წლის წინ არაფერი არ იყო შენი საკუთრება, მაგრამ დღეს უკვე ქონების დაგროვების 35-წლიანი ისტორია გვაქვს. ამიტომ, ეს მიდგომაც შესაცვლელია”.
ირაკლი რაზმაძე მეორე წელია ქონების გადასახადს იხდის. შემოსავლების სამსახურიდან მობილურზე შეტყობინება მის გაზრდილ ხელფასს დაემთხვა. ირაკლიმ ჩათვალა, რომ ქონების გადასახადის ვალდებულება გაუჩნდა, ამიტომ rs.ge-ზე მაშინვე დარეგისტრირდა და დეკლარაცია შეავსო.
„მარტო წლიურ 40 000 ლარზე არ არის ლაპარაკი. სულაც რომ თვეში 200 ლარი მქონდეს ხელფასი, თუ ვთქვათ, მამაჩემმა მიწა მაჩუქა, ქონების გადასახადი უნდა გადავიხადო. ეს კარგად ახსნილი არსად არ არის. ბოლომდე ვერც ახლა ვერკვევი”.
ირაკლი პენსიონერ მშობლებთან ერთად ცხოვრობს სამოთახიან ბინაში, რომელიც სესხით აქვს ნაყიდი და საბანკო ვალდებულებები ჯერ არც დაუსრულებია. ოჯახს საკუთრებაში აქვს მიწა სოფელ ბაზალეთთან ახლოს.
ირაკლი ამბობს, რომ დეკლარაციის შევსება მოქალაქის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შეიძლება, ერთსა და იმავე ქონებაზე ერთმა ადამიანმა 50 ლარი გადაიხადოს, მეორემ — 500.
„დეკლარაციაში შენ უთითებ ქონების ფასს. ოღონდ, იმას კი არა, რაც გადაიხადე, არამედ საბაზრო ფასს. ფანტაზიორობ. ხომ არ მევალება, საბაზრო ფასი ვიცოდე. თუ ცოტა აფერისტი ხარ, ისეთ ფასს ჩაწერ, რომ ქონების გადასახადი შეიძლება 20 ლარი გამოგივიდეს. მოკლედ, შენს პატიოსან ქცევაზეა”, გვიხსნის ირაკლი.
მისთვისაც 40 000 ლარი წლიური შემოსავალი ქონების გადასახადისთვის გონივრული ზღვარი არ არის. მით უმეტეს, ინფლაციის გათვალისწინებით და კიდევ იმის გათვალისწინებით, რომ არ იცი, რას ხმარდება.
„ევროპაშიც მაღალი გადასახადებია, მაგრამ სამაგიეროდ, იცი, რომ თუ ავად გახდები, კარგი ჯანდაცვის სისტემა მოგემსახურება. ან, თუ ქუჩაზე ცუდი გზაა, გააკეთებენ; ინფრასტრუქტურას გამართავენ. მე მაგალითად, დიდი გადასახადი არ მიწევს, მაგრამ მაინც გადახდის დრო რომ მოდის, იმ თვეს რაღაცები უნდა მოვიკლო. არ ვიშიმშილებ ნამდვილად, მაგრამ უნდა გავითვალისწინო. უფრო რაციონალური და სამართლიანი იქნება, თუ წლიური შემოსავლის ზღვარი 80 000 ლარამდე გაიზრდება”, გვეუბნება ირაკლი.
2023 წლიდან ფინანსთა სამინისტროში ქონების გადასახადის რეფორმას აანონსებდნენ. ლაპარაკი იყო ესტონურ მოდელზე, სადაც ქონების გადასახადი მიწის ღირებულების მიხედვით ანგარიშდება. კანონპროექტი პარლამენტში ამ დრომდე არ დაუინიციირებიათ.
„ეს სახელმწიფოსთვის სენსიტიური საკითხია. მაშინ მან უნდა თქვას: ვინ არის მდიდარი და ვინ ღარიბი. ანუ მან უნდა თქვას, რომ პირობითად, შენ თუ X თანხას გამოიმუშავებ და 2 ბინა გაქვს, მდიდარი ხარ, მაგრამ თუ ერთი ბინა გაქვს, არ ხარ მდიდარი. ამის მოტივაცია და პოლიტიკური ნება სახელმწიფოს ახლა არ აქვს, ამიტომ არ ერევა. მისი მიდგომა ასეთია: შენ თვითონ შეაფასე, შენ თვითონ გადაიხადე”, ასე ხსნის გიორგი ხიშტოვანი რეფორმის გაჭიანურების მიზეზს.