30 წლის იყო ანა, პირველად მშობლების სახლი რომ დატოვა და ქირით გადავიდა დამოუკიდებლად საცხოვრებლად. ახლა 37 წლის არის, უკვე მეხუთე ჭერი გამოიცვალა და თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ერთოთახიან ბინას ქირაობს. ყოველთვიურად 850 ლარს იხდის, როგორც თვითონ აღწერს — „ძლივს ნაშოვნ, მხოლოდ ერთი ადამიანისთვის რომ საკმარისია იმხელა ბინაში“.
ანა გამონაკლისი არ არის. საქართველოში დამოუკიდებლად ბინის შეძენა საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ყოველთვის ფუფუნებას წარმოადგენდა.
რამდენად შეუძლია საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახს საცხოვრებელი სახლის ყიდვა, ამის დასაანგარიშებლად ეკონომიკაში საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობის ინდექსს იყენებენ. საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს, საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობის ინდექსს ასე განმარტავს — ინდექსი ხელფასისა და ყოველთვიური გადასახდელის ფარდობაა და იგი უძრავი ქონების ფასების, იპოთეკური სესხის ვადიანობისა და საპროცენტო განაკვეთის საშუალო მაჩვენებლების გათვალისწინებით გამოითვლება.
ამ განმარტების თანახმად, ინდექსი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ესენია: უძრავი ქონების ფასი, ხელფასი, იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი და ვადა. Chai Khana სწორედ ამ კომპონენტების დინამიკის ცვლილებას დააკვირდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობისთვის საჭირო ყველა კომპონენტი, გარდა ხელფასისა, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის გაუარესდა. ამას ემატება ისიც, რომ გაზრდილი ხელფასის პირობებშიც, საშუალო ხელფასი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, ბინის სესხით ყიდვის შემთხვევაში, ბანკში ყოველთვიურად შესატანი თანხის ოდენობას.
როგორ შეიცვალა უძრავი ქონების ფასი ბოლო წლების განმავლობაში?
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საცხოვრებელი ქონების ფასების ინდექსი 59.4%-ით გაიზარდა. საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში უძრავი ქონების ფასი გაორმაგდა — კვადრატული ბინის ფასი საშუალოდ 511$-ით გაძვირდა, თუ 2021 წელს თბილისში საცხოვრებელი ფართის ერთი კვადრატული მეტრი საშუალოდ 862 $ ღირდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 1 373 $ გახდა.
„გალტ ენდ თაგარტის“ კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ მართალია, უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 59.4%-ით გაიზარდა, თუმცა ცენტრალური უბნების ფასების ზრდა კიდევ უფრო დრამატულია, მაგალითად, 2021 წელთან შედარებით 2025 წელს ვაკეში ახალაშენებული ბინის კვადრატული მეტრის ფასი 61.2%-ით გაიზარდა და 5 876 ლარი შეადგინა, ხოლო მთაწმინდაზე კვადრატული მეტრის ღირებულება 63.7%-ით გაიზარდა და 6 724 ლარი გახდა.
ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებზე (ss.ge და myhome.ge) თბილისის სხვადასხვა უბანში
50 კვადრატულობის, ერთსაძინებლიანი, გარემონტებული, მეტ-ნაკლებად ერთნაირი პირობების მქონე გასაყიდ ბინებს გადავხედეთ. ბროკერებისა და მესაკუთრეების მიერ ვებგვერდზე განთავსებული ბინები, საშუალოდ, უხეში გამოთვლით, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, მაგალითად, მთაწმინდა-სოლოლაკის მიმდებარედ — 130 000$, საბურთალოზე — 110 000$, დიდ დიღომში — 75 000$, ვარკეთილში კი — 70 000$ ღირს.
სოციალურ ქსელებში ბინების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში 2020 წელს გამოქვეყნებულ განცხადებებს თუ შევხედავთ, ამავე კვადრატულობის მსგავსი ბინების ფასი დღევანდელთან შედარებით 2.5-3-ჯერ ნაკლები იყო — ერთსაძინებლიანი 50 კვადრატულობის ბინის საბურთალოზე ყიდვა დაახლოებით — 45 000$-ად, გარეუბნებში კი 30 000$-ზე ნაკლებადაც იყო შესაძლებელი.
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ბუმი 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მიგრანტების დიდი ტალღის შემოსვლას უკავშირდება, რამაც ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა და ფასების ზრდა განაპირობა. ფასები ზრდის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ ბინებს ყოველწლიურად უფრო მეტი მყიდველი ჰყავს.
2025 წელს დასრულებულ საცხოვრებელ პროექტებში ბინების 94% უკვე გაყიდულია. 2026 წლის პროექტებში კი, ბინების 70%-ზე მეტია გაყიდული.
როგორ შეიცვალა საშუალო ხელფასი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში?
ანას 19 წელია, ერთდროულად რამდენიმე სამსახური აქვს. არ შეუსვენია. კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტია. მაგისტრის ხარისხი შვეიცარიაში მოიპოვა. ახლა საკუთარი პროფესიით რამდენიმე პროექტზე პარალელურად მუშაობს. მანამდე რა აღარ სცადა:
„18 წლიდან სულ მაქვს დამატებით სამუშაო. ხან წიგნის მაღაზიაში ვმუშაობდი, ხან ბარში, ხან რესტორანში, კლუბშიც მიმუშავია. ვთარგმნიდი კიდეც. ძირითადად, მაინც მომსახურების სფერო იყო ჩემთვის დამატებითი შემოსავლის წყარო. რადგან ჩემი პროფესია შემოსავლიანი არ ყოფილა, თითქმის სულ მქონდა ორი სახის ცხოვრება: დღისით ვსწავლობდი, პროფესიით ვმუშაობდი, საღამოს დამატებით საქმეს ვაკეთებდი“.
შვეიცარიიდან რომ დაბრუნდა, ანა სამხატვრო აკადემიაშიც ასწავლიდა 6 წელი. როგორც ამბობს, დღეს ადეკვატური ანაზღაურება აქვს, თუმცა საკუთარი ბინის ყიდვა ამ დრომდე მაინც ვერ შეძლო. მისი შემოსავალი ცხოვრების ვერც ერთ ეტაპზე ვერ დაეწია თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ზრდის ტემპს.
რა ითვლება ქვეყანაში ნორმალურ, ადეკვატურ შემოსავლად, რთული სათქმელია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი მუდმივად მზარდია და ბოლო, 2025 წლის IV კვარტლის მონაცემებით, 2 466 ლარია. ამ რიცხვს ხშირად იყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის დასტურად. თუმცა, ნომინალური ხელფასი რეალურ სურათს არ აჩვენებს. ეს მეთოდი გულისხმობს დასაქმებულთა ხელფასის საშუალო არითმეტიკულით გამოთვლას — ანუ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საერთო ხელფასი იყოფა რაოდენობაზე და ასე მიიღება შედეგი. უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მაგალითად, თუ ერთ ადამიანს ხელფასი 200 ლარია, ხოლო მეორეს — 1 800, გამოდის, რომ ნომინალური გამოთვლით მათი საშუალო ხელფასი 1 000 ლარია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მედიანური ხელფასის მაჩვენებლებსაც ითვლის, რაც უფრო ზუსტი და რეალობასთან მიახლოებულია. თუმცა, მედიანური ხელფასი უფრო იშვიათად ქვეყნდება. ამ დროისთვის ბოლო 2024 წლის მონაცემია ხელმისაწვდომი, რომლის მიხედვითაც დასაქმებულის მედიანური ხელფასი 1 332 ლარია. გამოთვლის მეთოდიდან გამომდინარე, დასაქმებულთა ხელფასები ლაგდება ზრდადობის მიხედვით, ყველაზე დაბალი ხელფასიდან ყველაზე მაღალ ხელფასამდე და ზუსტად შუაში მოქცეული რიცხვი აჩვენებს მედიანურ ხელფასს, შესაბამისად ეს რიცხვი უკეთ ასახავს საერთო სურათს. 2024 წელს გამოქვეყნებული მედიანური ხელფასი 640 ლარით ნაკლები იყო ნომინალური წესით გამოთვლილ საშუალო ხელფასზე.
როგორ შეიცვალა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში?
პერიოდულად ამოწმებს ვებგვერდებზე გასაყიდი ბინების და მშენებარე პროექტების ფასებს ნუკა ღამბაშიძე, 34 წლის, მარკეტინგის მენეჯერი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნე: „ბანკისთვის არ მიმიმართავს, მაგრამ ონლაინ კალკულატორით ხშირად გამომითვლია იპოთეკური სესხის თანხა. დავტესტავ ხოლმე, მაგრამ ყველა ჯერზე წარმოუდგენელი მგონია ბინის ყიდვა. თან თითქოს მჯერა, რომ შეუძლებელიც არ არის, მაგრამ არ ვიცი, რა მსხვერპლის ხარჯზე იღებს ხალხი 20-წლიან იპოთეკურ სესხს“.
ბოლო 5 წელში გაზრდილია იპოთეკური სესხის პროცენტიც. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით კი, თუ 2020 წელს ეროვნულ ვალუტაში აღებული გრძელვადიანი (5-დან 20 წლამდე) იპოთეკური სესხის საბაზრო პროცენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის საშუალოდ 10% იყო, წელს ეს რიცხვი 12%-ს აჭარბებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის რუკაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში 10 წელზე ხანგრძლივი, საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტის ზრდის დინამიკას დავაკვირდით და აღმოჩნდა, რომ საბაზრო პროცენტი თითქმის 2%-ით არის გაზრდილი და 12%-ს აჭარბებს. ეს პროცენტი კიდევ უფრო მაღალი გამოდის, როდესაც ბანკი გასცემს იპოთეკურ სესხს და ამატებს უძრავი ქონებისა თუ სიცხოცხლის დაზღვევის პროცენტს, საკომისიო და ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ლარში სესხებს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა განსაზღვრავს და პროცენტი დამოკიდებულია ქვეყანაში ინფლაციის დონესა (სამომხმარებლო ფასების ზრდა) და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო, 2026 წლის მაისის მონაცემებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ია. რეფინანსირების განაკვეთს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის გაცემულ სესხზე აწესებს, შესაბამისად, ეს მინიმალური საპროცენტო განაკვეთია და კომერციული ბანკის საპროცენტო განაკვეთის ოდენობასაც რეფინანსირების განაკვეთი განსაზღვრავს.
რეფინანსირების განაკვეთის ოდენობა ასევე დაკავშირებულია ინფლაციასთან. დღეს ინფლაციის მაჩვენებელი 5.9%-ია. ინფლაციის დონის ზრდისას, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთსაც ზრდის და როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იცვლება, პარალელურად კომერციულ ბანკებში ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთიც იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი ბოლო წლებში შედარებით შემცირებული იყო, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-ზე ინარჩუნებდა, 2026 წლის მაისიდან კი 8.25%-მდე გაზარდა.
„რა თქმა უნდა, არის სხვა მნიშვნელოვანი შიდა და გარე ფაქტორებიც, რისკები, რომელიც განაპირობებს სესხის საპროცენტო განაკვეთს. საპროცენტო განაკვეთზე მოქმედებს სესხის ვერდაბრუნების რისკი, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური გარემოც. ხვალინდელი დღის იმედის შემცირება - მე ამას დავარქმევდი“, ამბობს გიორგი კეპულაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკები“ დამფუძნებელი.
ნაწილობრივ პოლიტიკურმა გარემომ უკარნახა ნუკას, რომელიც 8 წლის მანძილზე ქირით ცხოვრობდა, 2023 წელს ისევ მშობლების სახლში დაბრუნებულიყო:
„იმ პერიოდში პირველად შემოიტანეს [„ქართულმა ოცნებამ“] „რუსული კანონი“ და ქვეყანაში უცებ ისეთი ვითარება შეიქმნა, ბინის ყიდვაზე თუ ქირაზე ფიქრი დიდად აღარც მაინტერესებდა. ოჯახთან ერთად ყოფნა პირიქით, შვება იყო, ერთნაირად განვიცდიდით ამბებს. ახლა ისევ ვფიქრობ, ვიქირავო ბინა, ძებნა მაინც დავიწყო, მაგრამ ამ პოლიტიკურ ვითარებაში ეგეც რთულია, მუდმივად არასტაბილურობის შეგრძნება მაქვს“.
ნუკა კულტურის სფეროში მუშაობს, ახლა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაშია. ლიტერატურისა და მედიის მიმართულებით სადოქტორო პროგრამაზეც სწავლობდა, მაგრამ სრულგანაკვეთიან სამსახურთან შეთავსება გაუჭირდა, ამიტომ დროებით სტუდენტის სტატუსი შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ნუკას ბოლო ათი წელია, მეტ-ნაკლებად სტაბილური სამსახურები აქვს და მისი ხელფასიც პერიოდულად იზრდებოდა, შემოსავლით მაინც ვერასოდეს ვერ დაეწია ქვეყანაში უძრავი ქონების მზარდ ფასს.
„თუ საფინანსო სექტორში არ მუშაობ, ან აზარტული თამაშების ბიზნესში არ ხარ, ამ ფასებს როგორ უნდა დაეწიო, არ ვიცი“, - ამბობს ნუკა და იმასაც იაზრებს, თუ სამუშაო სფეროს არ შეიცვლის, ან ორი სრულგანაკვეთიანი სამსახური არ ექნება პარალელურად, ან ემიგრაციაში არ წავა, დამოუკიდებლად ბინის ყიდვა მისთვის შეუძლებელია.
როგორ იცვლებოდა საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობის ინდექსი?
„სახლის ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდა უძრავი ქონების ხელმისაწვდომობაზე აისახა და 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით უძრავი ქონების ხელმისაწვდომობის ინდექსი მცირედით გაუარესდა“, ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ, 2025 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში.
შეგვიძლია ხელმისაწვდომობის დინამიკა კონკრეტული მაგალითის საფუძველზეც ვნახოთ. შევარჩიეთ საბურთალოზე 45 კვადრატული მეტრის ერთსაძინებლიანი საცხოვრებელი ბინა, რომელიც, ვებგვერდზე განთავსებული მსგავსი ბინების საშუალო ფასთან შედარებით, უფრო იაფი — 242 000 ლარი (90 000$) ღირს. საქართველოში მოქმედი ორი მთავარი კომერციული ბანკი იპოთეკური სესხის მინიმალურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად 14.21% - ს და 16.55%-ს განსაზღვრავს. წინასწარი შენატანის გარეშე, ყველაზე ხანგრძლივი, 20 წლიანი, იპოთეკური სესხის დახმარებით, ეს ბინა რომ შეიძინოს ნუკამ ერთ ბანკში ყოველთვიურად 2 681 ლარი, ხოლო მეორე ბანკში 2 944 ლარი უნდა გადაიხადოს.
იგივე ბინა უფრო ნაკლებ ვადიანი, 15 წლიანი სესხით რომ შეიძინოს ნუკამ მისი ყოველთვიური საშუალო შენატანი 2 920 ლარიდან 3 162 ლარამდე იმერყევებს. სესხის ვადას თუ კიდევ შევამცირებთ და 10 წლით განვსაზღვრავთ, ყოველთვიური შენატანი კიდევ უფრო გაიზრდება და 3 486 ლარიდან 3 703 ლარამდე იმერყევებს.
ყველა ამ მონაცემს თუ გავასაშუალოებთ, 45 კვადრატული ბინის სესხით შესაძენად, ადამიანს საშუალოდ 3,150 ყოველთვიური შენატანი ესაჭიროება. დღეს საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი 2 466 ლარია, რაც ნიშნავს, რომ ბინის საყიდლად საჭირო ყოველთვიური შენატანი საშუალო ხელფას 684 ლარით აჭარბებს. თუ შეფარდებას მედიანური ხელფასით გამოვითვლით, კიდევ უფრო დრამატულ სურათს მივიღებთ — რადგან 2025 წლის მედიანური ხელფასის რაოდენობა ხელმისაწვდომი არ არის, ნომინალურ და მედიანურ ხელფასებს შორის არსებული სხვაობა აჩვენებს, რომ მედიანური ხელფასი დაახლოებით 1 975 ლარი გამოდის. მედიანური ხელფასსა და ბანკში შესატან თანხას შორის სხვაობა კი 1 175 ლარია.
ამ დინამიკის პარალელურად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი სულ უფრო მეტად მორგებული გახდა მაღალშემოსავლიან ადამიანებსა და ინვესტორებზე. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ალექსანდრე ჩომახიძე, რომელიც უძრავი ქონების სფეროში 8 წელია მუშაობს, ამბობს, რომ ბოლო წლებში, საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისთვის საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა უფრო გართულდა.
„ადამიანს შეიძლება შემოსავალი გაეზარდა, მაგრამ ბინის ფასები, სესხის ტვირთი, საწყისი შენატანი ბევრისთვის უფრო მძიმე გახდა. არჩევანი, თითქოს, უფრო მეტია, მაგრამ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახისთვის ბინის ყიდვა სტრუქტურულად უფრო გართულდა“, - ამბობს ალექსანდრე.
სწორედ ამ ტემპს ვერ უმკლავდებიან ყოველთვიურ, თუნდაც, საშუალოზე ცოტა მაღალ ხელფასზე მცხოვრები ადამიანები. ამიტომ არჩევენ მაინც ქირით გადასვლას და გაძვირებული ფასების გამო, ხშირად არაერთი უბნისა და ბინის გამოცვლა უწევთ. ან, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ისევ მშობლების სახლში ბრუნდებიან.
ასე მოიქცა ნინო კიკნაძე გასულ წელს. მასთან შრომითი ხელშეკრულება აღარ გააგრძელა თბილისის მერიამ, სადაც ნინო 2019 წლიდან იუნესკოს პროექტს „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ხელმძღვანელობდა. ახლა მუდმივი სამსახური არ აქვს, ცალკეულ პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობს. ნინოს 13-წლიანი გამოცდილება აქვს შემოქმედებით ინდუსტრიაში მუშაობის. სხვადასხვა პერიოდში თბილისისა და საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს უწევდა ორგანიზებას. თანამშრომლობდა და ხელმძღვანელობდა არაერთ საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროექტს.
„სანამ უმუშევარი დავრჩებოდი, ბოლო წლებში უფრო სტაბილური შემოსავალი მქონდა, მაგრამ ამ ქვეყანაში თავი ისე მყარად და დაცულად მაინც არასოდეს მიგრძნია, რომ იპოთეკური სესხი ამეღო და საკუთარი ბინა მეყიდა, ვერ გავრისკე“, - გვიზიარებს ნინო. მისი თქმით, შემოქმედებითი სფერო არც მაღალშემოსავლიანია საქართველოში და არც სტაბილური.
ალექსანდრე ჩომახიძე განმარტავს, რომ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი, განსაკუთრებით ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებში, ძირითადად, მაღალი შემოსავლის მქონე მოსახლეობასა და ინვესტორებზეა მორგებული. საშუალო ფენისთვის არჩევანი მხოლოდ გარეუბანია, სადაც კვადრატულის ფასი ჯერ კიდევ 1000 - 1 200 $-ის ფარგლებში მერყეობს.
„დეველოპერების დიდი ნაწილი პრემიუმ და „აპარტ-ოტელ“ ტიპის პროექტებზე ფოკუსირდება, რაც ადგილობრივი საშუალო კლასისთვის ხშირად ხელმისაწვდომი არ არის“.
მაშინ ვინ ყიდულობს ამდენ აშენებულ, თუ მშენებარე საცხოვრებელ ბინას თბილისში? ამ შეკითხვას ჩვენი სტატიის რესპონდენტებიც სვამენ.
„გალტ ენდ თაგარტის“ 2025 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში უცხოეთის მოქალაქეების წილი უძრავი ქონების შეძენის სტატისტიკაში 8%-ით გაიზარდა. 2025 წელს თბილისში გაყიდული უძრავი ქონების 23% უცხოეთის მოქალაქეებს უკუთვნით.
კომპანიის უფროსი ანალიტიკოსი ოთარ ცუხიშვილი განმარტავს, რომ „გალტ ენდ თაგარტის“ გამოთვლები, კვლევის ფარგლებში გამოკითხული დეველოპერების გაყიდული ბინების რაოდენობას ეყრდნობა და ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რეალურად, 77%-ზე უფრო მაღალია.
თუ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ადრე მხოლოდ ერთი-ორი ქვეყანა დომინირებდა, ახლა მოთხოვნა უფრო მრავალგეოგრაფიული გახდა:
„მაგალითად, 2022-2023 წლებში დომინირებდნენ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები, 2024 წლიდან მათი წილი მკვეთრად შემცირდა (2%-მდე ჩამოვიდა). სამაგიეროდ, გაიზარდა ინტერესი ისრაელის მოქალაქეების მხრიდან (ისინი ხშირად ლიდერობენ უცხოელ მყიდველებში), ასევე აქტიურდებიან მყიდველები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ევროპიდან (მაგ. პოლონეთი, გერმანია), რომლებიც საქართველოს მაღალშემოსავლიან საინვესტიციო ჰაბად განიხილავენ“, - ამბობს ალექსანდრე ჩომახიძე.
ემიგრაციაში მყოფი ქართველების წილი ბინის მყიდველთა სტატისტიკაში ცალკე არ ჩანს, თუმცა სამშენებლო ბაზარზე სტაბილურ მოთხოვნას საცხოვრისზე სწორედ ემიგრანტების გზავნილები განაპირობებს მეტწილად. ალექსანდრე ჩომახიძის დაკვირვებით, ქართველი ემიგრანტები საცხოვრებელს უმეტასად სამომავლო დაბრუნების პერსპექტივით ან ოჯახის წევრებისთვის ყიდულობენ და არა საინვესტიციოდ.
გიორგი კეპულაძის დაკვირვებით, ბოლო წლებში ბანკებმაც გარკვეული ტაქტიკური გადაადგილება სცადეს და უფრო გააქტიურეს ემიგრანტების სეგმენტი - შექმნეს ცალკე დეპარტამენტები, რომელთაც უშუალოდ ემიგრანტებთან კომუნიკაცია ევალებათ და ბიუროკრატიულად უფრო გაამარტივეს ემიგრანტებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გაცემა.
ანას მართალია გაუმართლა და ხელსაყრელ ფასად იპოვა ბინა პლეხანოვზე, ჩუღურეთის რაიონში, მაგრამ თავს მშვიდად მაინც ვერ გრძნობს. ჯერ ერთი წელია, რაც ამ სახლშია, მანამდე კიდევ 5 ბინა გამოიცვალა, ამიტომ სტაბილურობის შეგრძნება დაკარგული აქვს. არადა, საცხოვრებელი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, რადგან ფიზიკური სივრცის გარდა, სახლი ფსიქოლოგიური, ემოციური და სიმბოლური თავშესაფარია ადამიანისთვის, სადაც ის სიმშვიდეს, სიმყუდროვეს და კეთილდღეობისთვის უსაფრთხო ადგილს პოულობს.
სტატიაზე მუშაობისას 32-დან 40 წლამდე ასაკის ათამდე ადამიანს ვესაუბრეთ - სპორტის ინდუსტრიაში, კომუნიკაციებისა და მედიის სფეროში, ტურიზმში, იურიდიულ და საჯარო სექტორში დასაქმებულებს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, რომლებიც მინიმუმ 15 წელია უწყვეტად მუშაობენ და მაინც ქირით ცხოვრობენ, ან ჭერს ოჯახის წევრებთან იყოფენ. უმრავლესობა საჯაროდ საუბარს მოერიდა. სოციალურ პრობლემებზე ხმამაღლა ლაპარაკი საქართველოში ჯერ კიდევ ტაბუდ რჩება.
*ანას სახელი სტატიაში შეცვლილია.