loading

როცა ქალი პირველი ამბობს, რომ უყვარს

როცა ქალი პირველი ამბობს, რომ უყვარს როცა ქალი პირველი ამბობს, რომ უყვარს
როცა ქალი პირველი ამბობს, რომ უყვარს როცა ქალი პირველი ამბობს, რომ უყვარს

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე ბევრი გამოწვევა უკვე გადალახე, სკოლაში ბეჯითად სწავლობდი, უნივერსიტეტში გრანტით ჩააბარე, საკუთარი თავის მიმართ არსებულ ეჭვებს აჯობე, ლექციებსა და სემინარებზე თავის გამოჩენა შეძელი, სამსახურიც დამოუკიდებლად დაიწყე, ყველა ეტაპზე ცხოვრებას აჩვენებდი, რომ ბევრ რამეს შეძლებ, მაგრამ ერთი რამ არასდროს გაგიკეთებია — არასდროს გითქვამს პირველს ისეთი მარტივი რამ, რომ ვიღაც მოგწონს, ან შეყვარებული ხარ, ყოველთვის პირიქით ელოდები, ამას როდის გეტყვიან.

ეს გადაჭარბებული აღწერა მოიაზრებს იმ ქალებს, ვისი გამოცდილებაც აღწერილთან ახლოსაა, მათაც, ვინც რომანტიკულ ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს და მათაც, ვისაც რომანტიკული შეხვედრების ეტაპი უკვე გადაფურცლული აქვს.

ქალებმა მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, უფლებების მოსაპოვებლად და გასამტკიცებლად — ხმამაღლა ლაპარაკობენ უთანასწორობაზე, ძალადობრივ გარემოზე, რეპროდუქციულ უფლებებზე, გენდერული მიზეზებით ნაკარნახევ სახელფასო სხვაობაზე, პოლიტიკურ მონაწილეობაზე, თუმცა ბრძოლა, რომელიც საჯარო სივრცის ნაცვლად, პირად ცხოვრებაზე კონტროლის მოსაპოვებლად უწევთ, კიდევ უფრო რთული ჩანს.

პატრიარქალურ კულტურაში, როგორიც, მათ შორის, საქართველოა, როლები ფემინური და მასკულინურია. ნაკლები ინიციატივა ქალურობასთან და სინაზესთანაა დაკავშირებული. ყურადღების გამოხატვა კაცისთვის განკუთვნილი როლია.

„როცა პირველ ნაბიჯს ქალი დგამს, ის არამხოლოდ პატრიარქალურ და გენდერულ ნორმებს არღვევს, ასევე ჰეტერონორმატიული ურთიერთობების ჩარჩოდან გადის. ჰეტერონორმატიული ურთიერთობები სპეციფიკურად ქალური და კაცურია”. - ამბობს გენდერის მკვლევარი და სოციოლოგი მარიამ ჭანჭალეიშვილი.


მომავალი ქმარი თამთამ წიგნის ფესტივალზე გაიცნო. თვითონ გამომცემლობაში მუშაობდა, ის მკითხველი იყო. დღეს ზუსტად ვერ იხსენებს, ურთიერთობის ინიციატივა ვისგან წამოვიდა — უბრალოდ ილაპარაკეს და ასე გაგრძელდა. სამსახურის გამო სხვადასხვა ქვეყანაში უწევდათ ცხოვრება და მათი ურთიერთობაც ამ მოცემულობაში ვითარდებოდა. 

თამთა ქმარზე 4 წლით უფროსია. 36 წლის როდესაც გახდა, შვილის ყოლასა და ოჯახის შექმნაზე სერიოზულად დაფიქრდა. ფიქრი პარტნიორსაც გაუზიარა  — ოფიციალური ქორწინება და შვილის ყოლა შესთავაზა. უკვე 6 წელია, ცოლ-ქმარი არიან, მათი შვილი 5 წლისაა. 

„მკითხა, რატომ გადაწყვიტეო. ვუთხარი, რომ ოჯახზე მეტად შვილი მინდოდა, მყოლოდა იმ ადამიანისგან, ვინც ჩემი დიდი ხნის მეგობარია და მიყვარს. იმაზეც მქონდა ნაფიქრი, თუ ოდესმე დავშორდებოდით, ჩვენს შვილს ეყოლებოდა ორი სრულფასოვანი მშობელი და ჩემ გარდა, კიდევ ერთი ადამიანი, ვისი იმედიც ყოველთვის მექნება. მითხრა, რომ ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რომელიც ცხოვრებაში მიუღია, ეს იყო”. 

ამ ნაბიჯამდე დიდი გზა გაიარა. ყველაზე სტრესული 25-დან 30 წლამდე პერიოდი იყო და იმის განცდა, რომ ცხოვრებას აგვიანებს. შფოთს საზოგადოებრივი წნეხი განაპირობებდა მნიშვნელოვნად — გაშორებული ხარ? ბავშვი გყავს? გარემო თავისი შეკითხვებით მთავარ კითხვას ასე აყალიბებდა — აქამდე მარტო როგორ ხარ? 

„მერე უცებ მიხვდები, რომ არა, არ აგვიანებ, მაგრამ ამას შფოთის, ანტიდეპრესანტის, 24-საათიანი მუშაობის, მუდმივად თავის მართლების შემდეგ ხვდები”. 

ამ ნაბიჯამდე სახელდაურქმეველი ურთიერთობებიც იყო. ბევრი ქალის მსგავსად, ვერც თამთა ბედავდა ურთიერთობების გარკვევას, შეკითხვების დასმას, ინიციატივის გამოჩენას. ასაკთან, გამოცდილებასთან და თავდაჯერებასთან ერთად მიდგომები შეეცვალა, იმაზე დაფიქრდა, რომ ადამიანებს ბევრი არჩევანი არ აქვთ — სად იბადები, მშობლად ვინ შეგხვდება, როგორი იქნებიან შენი დედმამიშვილები, ამაში, რომც გაგიმართლოს და თამთას გაუმართლა, ეს მისი არჩევანი მაინც არ ყოფილა. უნივერსიტეტში ჩაბარებისასაც კი, მისთვის სასურველ ფაკულტეტს თავისუფლად ვერ აირჩევდა, ზოგიერთს ჩაწყობა სჭირდებოდა.

„ერთადერთი შემეძლო, ამერჩია, ჩემ გვერდით ვინ იქნებოდა. დიდხანს შვილიც არ მინდოდა. რაღაც დროს, მივხვდი, რომ მინდა და ეს არის მეორე შანსი, როცა არჩევა შემიძლია. ამიტომაც შევთავაზე საყვარელ ადამიანს შვილის ყოლა. უარი რომ ეთქვა, აუცილებლად დავშორდებოდი და ბავშვს მაინც გავაჩენდი”. 

ფემინურობა ბევრნაირია, ის მასკულინურიც შეიძლება იყოს. რომანტიკულ ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენა ფემინურობის გაგებას აფართოებს და როგორც გენდერის მკვლევარი მარიამ ჭანჭალეიშვილი ამბობს, ქალის სექსუალობის ძალასაც უსვამს ხაზს:

„ქალების სექსუალობის ერთგვარი გასაღებიც შეიძლება იყოს. როცა პირდაპირ ამბობ, რომ მე ამ ურთიერთობის სუბიექტი ვარ, მე ვიღებ გადაწყვეტილებას. როცა ქალი იჩენს ინიციატივას, ის საკუთარი პირობებით შედის ურთიერთობაში, აჩვენებს, რომ საკუთარი თავი საკმარისად მიაჩნია ამ ურთიერთობის დასაწყებად. ეს მნიშვნელოვანია ქალისთვის, სხეულებრივად, აფექტურადაც”. 

ლელა თავს მორცხვ და თავშეკავებულ ადამიანად ახასიათებს. რეგიონში გაიზარდა, გარესამყაროსგან იზოლირებულ სოფელში და დახურულ საზოგადოებაში. გარემოდან წამოსული წნეხის მიუხედავად, სიხარულის იოლად გამოხატვა შეუძლია. მეოცნებე ვარ და ემოციების აფეთქება მჩვევია, ხოლმეო, ამბობს. 

10 წლის წინ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში მეგობართან ერთად წავიდა. ცოცხალი მუსიკა უკრავდა. ლელა მომღერალ ბიჭს გამოელაპარაკა. მოეწონა. თავისი ნომერი ქაღალდზე დაწერა და ჯიბეში ჩაუდო, არც ბევრი უფიქრია და არც უნანია. აღმოჩნდა, რომ ბიჭი მარტო არ იყო და მისი და ლელას ურთიერთობა არ გამოვიდა. კარგ ნაცნობებად დარჩნენ და ეს ამბავიც კარგად ახსენდება: 

„თითქოს ყოველთვის მქონდა შინაგანი ვალიდაცია, რომ ჩემი ემოციები ღირებული იყო. თუ მომწონს ადამიანი, განცდა მაქვს, რომ ვიმსახურებ ვიყო ამ ურთიერთობაში, არ მივიჩნევ, რომ ნაკლები ვარ, ან არ შემიძლია, რამე მნიშვნელოვანი შევთავაზო”. 

ლელა ისეთ ურთიერთობაშიც ყოფილა, სადაც ინიციატივა მეორე ადამიანისგან მოდიოდა. ეს ურთიერთობა ცუდად დაიწყო, ცუდად გაგრძელდა და ასევე ცუდად დასრულდაო. როცა თავად იჩენს ინიციატივას თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განცდა აქვს. მისთვის ეს შეგრძნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გაოცება, რომელსაც გარემოცვისგან აწყდება ხოლმე ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენისთვის საჭირო სითამამის გამო.

რომანტიკულ ურთიერთობებში თავშეკავების მომხრე ქეთი არასდროს ყოფილა, როცა მოსწონდა, ეუბნებოდა რომ მოსწონს, როცა ენატრებოდა, მონატრებასაც ღიად გამოხატავდა. არც ის ესმის, როდის არის სწორი დრო გრძნობების გამოსახატად — პირველ პაემანზე, მესამე პაემანზე, თუ როცა კაცი გამოხატავს გრძნობებს, მხოლოდ ამის შემდეგ. 10 წელია, რაც ურთიერთობაშია, ქმარი და ორი შვილი ჰყავს, ურთიერთობის ინიციატივა ქეთიმ გამოიჩინა, პირველმა უთხრა, რომ უყვარს და ხელის მოწერაც პირველმა შესთავაზა:

„თითქოს დროს არ ვკარგავდი — სანამ ის გადმოდგამდა ნაბიჯს. დროს ვზოგავდი. გააზრებული მქონდა, რომ უარყოფა არ არის ჩემი პრობლემა. თუ ვიღაცა ჩემზე უარს იტყვის, არ ნიშნავს რომ ცუდი ვარ. მეც შეიძლება, ვიღაც არ მომეწონოს და ეს აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. საბოლოოდ ეს მიდგომა პირველი ნაბიჯის გადადგმას მიადვილებდა”.

არაერთგვაროვან რეაქციებს ვაწყდებიო — ამბობს ქეთი, როცა გარშემომყოფები იგებენ, რომ იმ ურთიერთობის ინიციატორი, რომელიც უკვე მეათე წელია გრძელდება, თავად იყო. ზოგი მისი გამბედაობით აღფრთოვანებულია, ზოგი კი პირიქით მოთმინების გამოჩენის მიზანშეწონილობაზე მიანიშნებს. ურთიერთობების განვითარების შესახებ პატრიარქალურ კულტურაში არსებული წარმოდგენები მეტწილად განსაზღვრავენ ადამიანების გადაწყვეტილებას, როგორ მოიქცნენ რომანტიკულ ურთიერთობებში.

„საზოგადოების პირველი რეაქცია ასეთ დროს არის ინტერესი, ეს ქვეყნიერების დასასრული, რა თქმა უნდა, არ არის, თუმცა უცნაურად ნამდვილად მიიჩნევა. თუნდაც ქალ მეგობრებს შორისაც იშვიათად ხდება, რომ  ერთმა ქალმა მეორეს ინიციატივის გამოჩენა ურჩიოს. პირიქით, ფარულ გზებს შეიძლება, ასწავლიდნენ, როგორ მიიქციოს სასურველი პარტნიორის ყურადღება“.- ამბობს მარიამ ჭანჭალეიშვილი, გენდერის მკვლევარი. 

ეს ამბავი 21 წლის წინ მოხდა. ლიკა 19 წლის იყო და ოთხთვიანი შეხვედრების შემდეგ ბიჭს პირველმა უთხრა, რომ უყვარს. ეს ის დროა, როცა ქალები რომანტიკულ ურთიერთობებში არ აქტიურობენ. მსგავსი რამ რომ ვინმეს გაეკეთებინა, ლიკას ასეთი შემთხვევაც კი არ ჰქონდა გაგონილი. 

„გრძნობა ჰაერში დაფრინავდა და პირველი ვინ იტყოდა, ეს იყო. მე მოვიკრიბე მაშინ ძალა და პირველმა ვთქვი, რომ მიყვარს. მე რომ არ გამეკეთებინა, ალბათ თვითონ იტყოდა. სოციალური ნორმის წინააღმდეგ წასვლაც მნიშვნელოვანი იყო — იმის ჩვენება, რომ უფლება მაქვს, რასაც ვგრძნობ, გამოვხატო”. 

ეს სიყვარული ქორწინებით დასრულდა. ლიკა 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ქმარს დაშორდა და კვლავ აღმოჩნდა ახალი რომანტიკული ურთიერთობის ძიებაში. ამისთვის გაცნობის აპლიკაცია Bumble-საც იყენებდა, რომელიც სხვა პლატფორმებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ქალებს ანიჭებდა ექსკლუზიურ უფლებას პირველებს მიეწერათ პოტენციური პარტნიორებისთვის. მისი დრო არასასურველი ადამიანების მოგერიებაში, უსიამოვნო შეტყობინებაზე პასუხის გაცემაში აღარ იხარჯებოდა: 

„ძალას ვგრძნობდი. მივხვდი, რომ მე ვაკეთებ სინამდვილეში არჩევანს და ის კაცებიც, ვისთვისაც მისაღებია, რომ პირველმა მივწერო, უფრო დარწმუნებული არიან საკუთარ თავში, თუ ამ პირობაზე თანხმდებიან. ბევრად უფრო მშვიდად ვაკეთებდი არჩევანს. ვისთან ვილაპარაკებდი, აბსოლუტურად ჩემს ხელში იყო”.

აღნიშნული პოლიტიკა Bumble-მა 2024 წელს შეცვალა, როდესაც აპლიკაციას ახალი ფუნქცია „პირველი ნაბიჯი“ დაემატა, რომლის მეშვეობითაც საუბრის დაწყება კაცებსაც შეეძლოთ. კერძოდ, ცვლილების შემდეგ ქალი მომხმარებლები საკუთარ ანგარიშზე აქვეყნებდნენ შეკითხვას, მათ მიერ მოწონებული კაცები კი სწორედ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემით იწყებდნენ მიმოწერას.

„როდესაც გვითხარით, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმის ვალდებულებას დამატებით ტვირთად გრძნობდით, ჩვენ გაგიგეთ” — ასე ახსნა კომპანიამ შეცვლილი პოლიტიკა, თუმცა 2026 წლიდან მექსიკასა და ავსტრალიაში პლატფორმა „პირველი ნაბიჯის“ ფუნქციას კვლავ აუქმებს და ამ ქვეყნებში დიალოგის დაწყების ექსკლუზიური უფლება კვლავ ქალებს დაუბრუნდებათ. 

რომანტიკულ ურთიერთობებში ინიციატივის გამოჩენა ყოველთვის სასიამოვნო შედეგით არ სრულდება. ლიკასაც ჰქონია ნეგატიური გამოცდილება: 

ერთი ბიჭი დავპატიჟე პაემანზე. ვიფიქრე, მინდა და რატომაც არა?! შედეგად, თავიდანვე უთანასწორობა გაჩნდა ჩვენს ურთიერთობაში და ვინანე. მერჩივნა, ის თუ ვერ გაბედავდა, საერთოდ არ ყოფილიყო არაფერი. თავის სასარგებლოდ გამოიყენა ჩემი ინიციატივა. შემდეგ პაემანზე მივხვდი, ასე ხედავდა, რომ ძალაუფლება მის მხარეს იყო. ამიტომ მხოლოდ ის არ არის მნიშვნელოვანი, ვინ აქტიურობს და ვინ პასიურობს. მნიშვნელოვანია ისიც, მეორე მხარეს ვინ გხვდება. თუ ადამიანი აშკარად პატრიარქალურ ღირებულებს იზიარებს, მასთან ალბათ არ ღირს აქტიურობა“.


საქართველოში შესაბამისი კვლევების არარსებობის გამო, რთულია ზუსტად იმის განსაზღვრა, რამდენად ხშირად არიან ქალები ურთიერთობის ინიციატორები, თუმცა Cornell-ის უნივერსიტეტის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ტენდეცია საერთაშორისო მასშტაბითაც იმაზე მიანიშნებს, რომ ურთიერთობის დაწყების ინიციატივას მეტწილად კაცები იჩენენ. კვლევის ფარგლებში, გაცნობის აპლიკაციების 400 000 მომხმარებლის მიმოწერების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დიალოგის ინიციატორები 79%-ში კაცები იყვნენ.

რომანტიკული ურთიერთობის ძალაუფლებრივი დინამიკა ზედაპირული აღქმების მიღმა უფრო რთული და კომპლექსურია. ურთიერთობებში ინიციატივის ხელში აღება, ხშირად ურთიერთობის განვითარებაზე ზრუნვას სულაც არ ნიშნავს. გენდერის მკვლევარი მარიამ ჭანჭალეიშვილი რომანტიკული ურთიერთობების პრაქტიკაში არსებულ დინამიკას ასე აღწერს — კაცი ცდილობს ქალის ყურადღების მოპოვებას, ურთიერთობის დაწყებას და ამის შემდეგ ამ ურთიერთობის მართვის, მისი შენარჩუნების პასუხისმგებლობა ქალს ეკისრება. 

„პირველი ინიციატივა მათ ეკუთვნით თუ არა, ურთიერთობის გაღვივების და შენარჩუნების მძიმე ემოციურ შრომას მაინც ქალები წევენ, ამაში დიდ ენერგიას დებენ. დღევანდელ ნეოლიბერალურ და კაპიტალისტურ წესრიგში ისე დალაგდა, რომ ქალები არიან ყველგან. ისინი არიან სამსახურშიც, ეწევიან შინშრომას, და მიუხედავად იმისა, პირველი ინიციატივა მათ ეკუთვნით თუ არა, ურთიერთობებშიც მაინც წამყვანი როლი აქვთ”.