როცა ქარი ქრის

ავტორი: მანო სვანიძე

10.11.17

რეზო და ლია თეთრიწყაროდან ახალ სამგორში 1956 წელს ჩამოასახლეს. „(თეთრიწყაროში) გზა არ იყო, არაფერი არ იყო, ახალგაზრდობისას გვეგონა, რომ გადაგვასახლებდნენ და ყველაფერი იდეალურად იქნებოდა.”

1950-იან წლებში, თეთრწყაროში, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საცხოვრებელი პირობები არ იყო, სოფლამდე მიმავალი გზა არ არსებობდა. იმ პერიოდში მთავრობის გადაწყვეტილებით სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ბარში - სოფელ ახალ სამგორში ჩამოასახლეს. რეზო და ლიას მსგავსად, ბევრი ადამიანისთვის ეს ახალი დასაწყისი იყო.

„ეს სოფელი რომ დაარსდა მევენახეობა, მებაღეობა, მესაქონლეობა, მერძეეობა, მებოსტნეობა, ყველაფერი მოქმედებდა. ადრე ყველაფერი მშვენივრად იყო. არავითარი საჩივარი არ იყო. ხეხილიც გვქონდა და წყალიც. ნელ-ნელა გაუბედურდა ყველაფერი.”

სოფელი ახალი სამგორი, სადაც 1,850 მოსახლე ცხოვრობს, რუსთავიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
რეზო(75 წლის), ტაქსის მძოლი იყო. ლია (76 წლის) კი სახელმწიფო მოხელე. ისინი ამბობენ, რომ ნაგავსაყრელმა სოფელი დააბინძურა. „როცა ქარი ქრის, ნაგავსაყრელიდან სუნი ყველგან დგას.”
რეზო და მისი შვილიშვილი ხშირად ერთად უყურებენ ტელევიზორს. ისინი ერთმანეთს ხშირად არ ხვდებიან. რატის მშობლები დიდი ხნის წინ რუსთავში გადასახლდნენ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალმა სამგორმა იზარალა. სოფლის 1,850 მოსახლეს სუფთა წყალი არ მიეწოდება. მათი უმეტესობა წყალს ყიდულობს, თუკი ამის შესაძლებლობა აქვს.  სასმელი წყლის არქონასთან ერთად, მოსახლეობას სოფელთან არსებული ნაგავსაყრელით გამოწვეულ პრობლემებთან უწევს გამკლავება.

2011 წელს, ახალი სამგორიდან დაახლოებით სამი კილომეტრის დაშორებით ნაგავსაყრელი გააკეთეს და მას შემდეგ, ძლიერი ქარისა და წვიმის დროს სახლიდან გარეთ გასვლა შეუძლებელი ხდება, იმდენად უსიამოვნო და მომწამვლელი სუნი დგას. ნაგავსაყრელის გარშემო არ არის განთავსებული სათანადო სიმაღლის ღობე, რომელიც სოფელს ნარჩენებისგან დაიცავს.

76 წლის ლია, წლების განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. ახალა იგი პენსიონერია და ახალი სამგორის მეორე უბანში ცხოვრობს. „ქარის დროს სუნი ყველგან იგრძნობა. დიდი ორმო უნდა იყოს ამოთხრილი და  4-5 მეტრიანი სიმაღლის ღობე, ქარის დროს ნარჩენები რომ შეაკავოს. ღობე სიმბოლურად არის შემორტყმული, საქონელი რომ არ შევიდეს.”

თუმცა, მაღალი ღობე ნაგავსაყრელიდან წამოსული სუნის პრობლემას ვერ მოაგვარებს. მოსახლეობის თხოვნას, რომ ნაგავსაყრელი სოფლიდან უფრო მოშორებით გადაეტანათ, არავინ ითვალისწინებს - პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ დაპირებებს იძლევიან, მაგრამ არჩევნების შემდეგ მათგან არაფერი ისმის.

ნაგავსაყრელი, რომელიც სოფლიდან დაახლოებით სამი კილომეტრით არის დაშორებული, 2011 წელს გაიხსნა, იგი 7.4 ჰექტარს იკავებს.
ლია და მისი 22-წლის შვილიშვილი რატი.
ლიას და რეზოს მეზობლის გამხმარი ბაღი. წყალი, სოფლის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. მოსახლეობის უმეტესობა სასმელ წყალს ყიდულობს, ხოლო მოსარწყავად, წყალი მკაცრი გრაფიკით მიეწოდებათ, რაც მოსავალზე ცუდად აისახება.

2016 წლიდან,  ნაგავსაყრელს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”  მართავს, რომელიც 2012 წელს დაარსდა. კომპანია სახელმწიფო მფლობელობაშია  და თბილისისა და აჭარის გარდა, საქართველოში არსებულ ნაგვასაყრელებს განკარგავს.

მას შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. ნაგავსაყრელის გარშემო დარგული ხეები, რამდენიმე წელიწადში დამცავ საფარს შექმნიან. 2017 წელს კი ნაგავსაყრელის მენეჯმენტმა, საგანგებო ჯგუფი გამოყო იმისათვის, რომ სოფელი ნარჩენებისგან დაესუფთავებინათ, მათ შორის კი ადგილობრივი სასაფლაო, სადაც საფლავის ქვები პლასტმასის ნარჩენებით იყო დაფარული, რომელიც ხშირად ქარს მოჰყვება.

გარდაბანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელის ლევან აფციაურის მიხედვით, უახლოეს მომავალში ნაგავსაყრელზე შემაკავებელი ბადეები დამონტაჟდება. როგორც იგი ამბობს, ავზი, რომელიც სოფელს წყალს აწვდის არ ბინძურდება. 

წარწერა ახალი სამგორის ერთ-ერთი სახლის კედელზე „საქონელს აქ ნუ გააჩერებთ, გადარეკეთ ხევებისკენ, დაიცავით სიჩუმე და სისუფთავე”.
ახალი სამგორის სასაფლაო, რომელიც ნარჩენებით იყო დაფარული 2017 წელს გაწმინდეს.
სოფელში, საქონელი თითქმის ყველას ჰყავს სახლში.

სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ასეთ გარემოში ცხოვრება მომწამვლელია. თუმცა, დამატებითი კველვაა საჭირო იმის დასადგენად, თუ რა ტიპის ჯანმრთელობის რისკის წინაშე დგას მოსახლეობა. ექიმი, მარინა საბაშვილის მიხედვით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის ნარჩენები გროვდება ნაგავსაყრელზე და თუ რამდენად ტოქსიკურია ნარჩენების მიერ წარმოქმნილი ჰაერისა და აირის ნარევი.

გარემოს დაცვის ორგანიზაცია იუწყება, რომ ნარჩენების მართვის მხრივ, საქართველო ზედმიწევნით არ იცავს ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მიერ გაწერილ მოთხოვნებს, რომელიც 2014 წელს შედგა.

„მწვანე მოძრაობა საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ჩხიბლაძის მიხედვით, ნარჩენების სეპარირებაც პრობლემას წარმოადგენს. „ნარჩენების სეპარირება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც მოქალაქე ყრის ნაგავს.” უკვე მიტანილი ნარჩენების გადარჩევა არ არის გამართლებული.

48 წლის ვალერი მთელი ცხოვრებაა ახალ სამგორში ცხოვრობს. იგი რუსთავში ტაქსის მძღოლად მუშაობს.
ქარის მოტანილი ნარჩენები ღობეებზე რჩება.
ცხრა წლის გორგი ახალ სამგორში იზრდება. სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ მძაფრი სუნი და ნარჩენები, რომელიც ქარს სოფელში მოაქვს, მათი შვილების ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს.
ლიას და რეზოს შვილიშვილების სათამაშოები.

ახალი სამგორის მოსახლეობა კვლავ გამოსავალს ეძებს. 48 წლის ვალერი სოფლის იმ ნაწილში ცხოვრობს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ნაგავსაყრელთან.

„ოდნავ ქარი ან ნიავი დაუბერავს და საშინელი სუნი მოდის სოფელში. მერე ეს მომავალი თაობაც ხომ ცოდოა, ბავშვები. მოზარდი ბავშვებია ცოდო და ასაკიანებიც, მაგრამ ბავშვები განსაკუთრებულად ცოდოა ამას რომ სუნთქავენ,“ ამბობს ვალერი.

„ქარს ცელოფნები მოაქვს და მოდებულია მთელს მინდორში. საქონელი ჭამს, მერე ამაზე იქმნება პრობლემები. ვერ ამუშავებს ამ ცელოფანს საქონელი და ზოგი კვდება, ზოგი ავად ხდება.“

 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია