სკამები

ავტორი: ელენა მიქაბერიძე

20.06.18
გამოცემა: იდენტობა

როცა ბელგიაში გატარებული 23 წლიანი ცხოვრების შემდეგ პირველად დავბრუნდი თბილისში, შევეცადე მომეძებნა იმ ქალაქის სახასიათო ნიშანი, რომელიც ხუთი წლის ასაკში დავტოვე. ძებნისას წარმოუდგენელი რამ ვიპოვე - ქუჩებში მიმოფანტული სკამები.

თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ისინი უსარგებლოები იყვნენ და მათი გადაყრა ვიღაცას დაავიწყდა. თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ თითოეულ სკამს თავის ისტორია ჰქონდა და საერთო ჯამში, საქარველოს სოციალურ გარემოს ასახავდა.

ქუჩაში შემხვედრი ადამიანებისგან შევიტყვე, რომ ეს სკამები  იმ სირთულეების სიმბოლოებია, რომლებსაც თბილისის მაცხოვრებლები და ქართველები ყოველ დღე აწყდებიან: გაჭირვება, უმუშევობა, გარემოს დაბინძურება და ომის ტრავმა. 

ჩემთვის ისინი (ნაპოვნი სკამები) ყველაზე უკეთ გამოხატავენ საქართველოს არსს.

ჩემი ბავშვობის მოგონებები ისეთივე ტკბილია, როგორც ის მარწყვი, რომელსაც ჩვენი სახლის აივანზე ვჭამდი და თან ვაჟა ფშაველას გამზირს გადავყურებდი. მთელი თბილისი სავსე იყო ხეებით და გაჟღენთილი ფიჭვის სუნით. დღეს, როცა ქალაქში დავდივარ, ბენზინისა და მტვრის ნაერთის სუნის მეტს ვერაფერს ვერ ვგრძნობ. ფიჭვის ხეები მანქანის გამოსაბოლქვმა მაყუჩებმა ჩაანაცვლეს.

ავტოსადგომის ხელმძღვანელს ვეკითხები, თუ რას ფიქრობს დღევანდელ თბილისზე. "ქალაქი იხრჩობა“, - ამბობს იგი. “საფეხმავლო ბილიკიც კი ავტოსადგომი გახდა. მანქანები დადიან ეზოებში, აივნებზეც კი. მანქანებმა ქალაქი წალეკეს.”

ქალაქში ხალხის ადგილი აღარ არის, მითუმეტეს მანქანების. ამიტომ ადამიანები მიწისქვეშ ჩადიან.

ყოველდღიურად გვირაბის მსგავსი მიწისქვეშა გადასასვლელით მიწევს სარგებლობა, ქუჩის მეორე მხარეს რომ მოვხვდე. ყველგან არ არის შუქნიშნები და გადასასვლელები ფეხითმოსიარულეებისთვის, რათა მათ მიწის ქვეშ ჩასვლა არ მოუწიოთ.

მიწისქვეშა გადასასვლელები ცალკე სამყაროა, სადაც ყველაფერი ერთად არის თავმოყრილი - ქსეროქსის მანქანები, სამკერვალო ნივთები, ნამცხვრები, ხაჭაპური, ყავა და ტუალეტები.

ერთ-ერთი გამყიდველი ქალი მიწისქვეშა გადასასვლელიდან მიხსნის თუ როგორია მუშაობა ისეთ ადგილას, სადაც ნეონის განათება მზეს ცვლის.

“ჩვენი ცხოვრების ძირითად ნაწილს მიწის ქვეშ ვატარებთ”, - ამბობს გამყიდველი. “ჩვენ სეზონები არ ვიცით. წვიმა ჩვენთან არ მოდის, მაგრამ არც მზეა. ჩვენ ვცდილობთ ცოტა ფული გავაკეთოთ. ვერ წარმოგვიდგენია რა მოხდება თუკი აქედან გამოგვაგდებენ”.

ზოგიერთი გამყიდველი შიშობს, რომ მიწისქვეშა ავტოსადგომის გაკეთების შემთხვევაში მათ წასვლა მოუწევთ, თუმცა ჯერჯერობით შიში უსაფუძვლოა.

ბარათაშვილის ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელში, 55 წლის მოხდენილი ქალი ქსეროასლებს იღებს და ღილებს ყიდის. მაღაზია, სადაც ის და მისი ქმარი მუშაობდნენ, ადრე დიდი იყო და მიწისქვეშა გადასასვლელის შუაში მდებარეობდა. დროთა განმავლობაში კი დაპატარავდა. 

გამყიდველი ქალი ქსეროასლის მანქანასა და ბატი-ბუტის აპარატს შორის ძლივს ჩანს. მას იმდენად მოსწონს  ბატიბუტის სუნი, რომ მის მოსამზადებელ აპარატს ჩართულს ტოვებს. შესვენების დროს, როცა თვალებს ხუჭავს, წარმოიდგენს რომ კინოთეატრშია.

თუმცა მისი შესვნება დიდხანს არ გრძელდება. ხალხი მინაზე უკაკუნებს და სთხოვს, რომ ქსეროასლები ძალიან სწრაფად გადაიღოს.

უმრავლესობას ლომბარდისა და ბანკის კრედიტების დოკუმენტების ქსეროასლები სურთ. “ჩვენ საქართველოში კრედიტით ვცხოვრობთ“, -ამბობს გამყიდველი. “თუმცა, ხშირად ვიზის დოკუმენტების ქსეროასლებსაც ითხოვენ”.

“მათ წასვლა უნდათ, რადგან ზოგიერთი იმედით უყურებს საზღვარგარეთ ცხოვრებას”, - აგრძელებს იგი. თუმცა “ყოველთვის ვეუბნები, რომ იქ უკეთესი გვგონია სადაც ჩვენ არ ვართ, მაგრამ ჩვენი ბედნიერება ჩვენზეა დამოკიდებული”.

მიუხედავად იმისა რომ ქალაქი განათებულია, თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სინათლე ვერ აღწევს.

როდესაც თბილისში პირველად დავბრუნდი ვფიქრობდი, რომ ქალაქი უკეთსობისკენ შეიცვალა: შეუფერხებლად მიეწოდებოდა ელექტროენერგია, მოძრაობდნენ დიდი მანქანები, იგებოდა ახალი გზები და მიმდინარეობდა დაუსრულებელი მშენებლობები.

მაგრამ ეს “თანამედროვე ქალაქი” მირაჟია.

„სამშენებლო უბნების უმეტესობა ცარიელია, ზოგიერთი მათგანი არ იყიდება და არც სრულდება,” - მეუბნება რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი 40 წლის მშენებელი.  „ეს მშენებლობები ქალაქს ანადგურებს. მეც მანადგურებს. ახალგაზრდა ვარ, მაგრამ მოხუცი კაცის სხეული მაქვს.”

“ქალაქი ნამდვილად შეიცვალა, ზოგიერთი რამ კარგი კეთდება, მაგრამ ზოგიერთი ანადგურებს მას და მის მცხოვრებლებს,” - აგრძელებს ლაპარაკს მშენებელი. “ყალბი სიმდიდირის ნიშნებით არის სავსე ქალაქი. მალე კი იგი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდება, საიდანაც გამოსვლა რთული იქნება”.

მშრალ ხიდზე, მეორადი ნივთების ბაზრობაზე, მოხუცი კაცი,  რომელიც ხალიჩებსა და სახლის სხვა ნივთებს ყიდის ფიქრობს, რომ იგი ამ ცვლილებების ნაწილი არ არის. “ქალაქი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ რაღაცები უცვლელი რჩება. ხალხი მოგონებებსა და ისტორიებს ეძებს და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ისტორიას. ჩვენ ყველა მოდერნიზმისა და ფუტურისტული სიზმრების წინააღმდეგ!“

ქალაქის მეორე მხარეს, ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული სამოძრაო წერტილის გვერდით, ბუკიას ბაღში პატარა ნაწილია შემოფარგლული, სადაც 45 წლის ქალბატონი გათენებიდან დაღამებამდე ყვავილებს ყიდის.

„მე მიყვარს ჩემი ქალაქი. ყოველთვის მიყვრდა და მეყვარება. მთელი დღეები ყვავილებს ვყიდი, რომ უფრო გავალამაზო იგი და დავუბრუნო ნამდვილი სურნელი.”

პეკინის გამზირზე, ყვავილების გამყიდველთან ახლოს ბავშები სხედან. ისინი ამბობენ, რომ ქალაქი მის მაცხოვრებლებს უნდა დაუბრუნდეს და ფიქრობენ, რომ ქუჩა მათი სათამაშო მოედანი უნდა იყოს.

ზოგიერთ ქართველს საქართველოს დატოვება სურს, არიან ისეთებიც ქვეყნის შეცვლას რომ ცდილობენ. მათ სურთ სწავლა, ცხოვრება, ყველაზე მეტად კი საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უნდათ.

26 წლის მეგობარი მეუბნება, რომ მისი თაობა „არ იჯდება და ბედს უბრალოდ არ შეეგუება”.

ახალგაზრდა ქართველები არაერთხელ გაერთიანებულან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ.

დღესდღეობით საქართველოს სურს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ევროპის ნაწილი გახდეს, მაგრამ ხშრად ის ძველ ტრადიციებს, როგორიც პატრიარქატი და ნაციონალიზმია, ვერ ივიწყებს. საზოგადოების აზროვნებაც თითქოს ერთ ყუთშია ჩაკეტილი. ასანთის ბნელ ყუთში. მაგრამ ასანთის ღერები სინათლისთვის იწვიან, ისევე როგორც ადამიანები იცვლებიან განათლების მიღების შემდეგ.

როდესაც ახალგაზრდა ქართველები იცავენ იმას, რისიც სჯერათ, ისინი გალიიდან გამოშვებულ ჩიტებს ჰგვანან.

„სახელმწიფო ამკაცრებს წესებს! ისინი სუნთქვას გვიშლიან!” ყვირის ერთ-ერთი გოგო, რომელიც კლუბში ბასიანი ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს. “მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით! მუქარა, დაჭერა, დასახიჩრება... ჩვენ ამის არ გვეშინია.”

„საქართველო ახლახანს გამოფხიზლდა ომიდან, რომელიც ბოლომდე ვერ იღვიძებს ტერიტორიული არეულობის გამო, იძულებულით გადაადგილებული პირების პრობლემების გამო, პოლიტიკური ნებისა და გამჭირვალობის არქონის გამო”, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.

“ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიხედა იმ ხალხს, ვინც ომის მსხვერპლია,” - ამბობს 40 წლის ქალი, რომელიც თბილისში ცხოვრობს და რომლის მამაც აფხაზეთის კონფლიქტს 1990 წელს გამოექცა. “ჩვენ ვერ მივდივართ ჩვენს საფლავებზე, ვერ მივდივართ ჩვენს ეზოებში, ვერ მივდივართ ჩვენს ნათესავებთან. ჩვენ ქვეყანას ისევე ტკივა როგორც ჩვენ“.

ეს ფოტო სოხუმშია გადაღებული, ცენტრალური მატარებლის სადგურთან ახლოს. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოა, რადგან იგი დიდ ბაბუს მახსნებს.

ბაბუაჩემი მხარს უჭერდა აფხაზეთში მშვიდობის დაცვის აუცილებლობას, რადგან არ სურდა წარსულის ცუდი გამოცდილების  განმეორება მომავალში. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის წინ იყურებოდა.

საქართველო ხშირად მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმას ვერ ახერხებს. მუდმივად წარსულში ბრუნდება. თუმცა, თუკი დამტვრეული სკამები მათ ხელში აღმოჩნდება, ვინც იცის როგორ ააშენოს სამართლიანი და ბედნიერი სახელმწიფო, ერთ დღეს შეიძლება ქვეყანამ მომავალ დროშიც გადაინაცვლოს.


ივნისი, 2018 იდენტობა

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია