ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

ავტორი: ელენე შენგელია, ლაშა შაყულაშვილი

01.02.19
გამოცემა: ახალგაზრდები

ორი საუკუნის შემდეგ, რაც რუსეთიდან დუხობორები (სულისთვის მებრძოლნი) კავკასიაში ჩამოასახლეს, საქართველოში მათი მომავალი ახალგაზრდა დუხობორების ხელში აღმოჩნდა.

1840 წელს დუხობორებმა მეფის რუსეთს თავი დააღწიეს და საქართველო საკუთარ სამშობლოდ აქციეს. საქართველოს ტერიტორიაზე ისინი რვა სოფელში დაფუძნდნენ, სადაც მრავალი თაობა აღზარდეს.

დღესდღეობით, მასობრივი მიგრაციის შედეგად, საქართველოში დუხობორების რაოდენობა შემცირებულია. სოფელ ორლოვკასა და გორელოვკაში, რომელიც მათი წმინდა ადგილია მხოლოდ 135-ნი დარჩნენ. 

დუხობორების მომავალი საქართველოში მეტწილად ისეთი ახალგაზრდების ბედზეა დამოკიდებული, როგორიც კრისტინა კრასნიკოვა და კრისტინა ბიჩახჩიანია.

მოდური, თანამედროვე და განათლებული ახალგაზრდა ქალები, მსოფლიოს წამყვანი მეტროპოლისის მაცხოვრებლებს ჰგვანან.

ორივე კრისტინა საკუთარი წარმომავლობით ამაყობს, მაგრამ სირთულეები, რომლის წინაშეც დუხობორები დგანან, მათ სხვადასხვა გადაწვეტილების მიღებას აიძულებს.

18 წლის კრისტინა კრასნიკოვა შიშობს, რომ მალე სოფლის დატოვება მოუწევს. მისი ბევრი თანატოლი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

24 წლის კრისტინა ბიჩახჩიანმა კი გორელოვკაში დარჩენა ამჯობინა. საკუთარი წარმომავლობით ამაყი კრისტინა, ქართულ საზოგადოებაში კარგად არის ინტეგრირებული. გარკვეული პერიოდით სწავლის გამო გორელოვკას მიტოვება მოუწია, მაგრამ უკან დაბრუნდა და ამჟამად გორელოვკას სკოლაში ასწავლის, სადაც თავად მიიღო განათლება.

ორი ახალგაზრდა ძირითად დროს გორელოვკას ქართულ-რუსულ სკოლაში ატარებს, სადაც დუხობორი, სომეხი და ქართველი ბავშვები ერთად სწავლობენ.

200 წლის წინ, სოფელში გატარებული პირველი ზამთარი დუხობორებისთვის დიდი ზიანის მომტანი გამოდგა. ბევრი მათგანი გარდაიცვალა და გაზაფხულს უამრავი ბავშვი ობლად შეხვდა. დუხობორებმა მათთვის ბავშვთა სახლი ააშენეს და ამ შენობის გარშემო ტრადიციული სამლოცველოებიც ააგეს.

წლებთან ერთად დუხობორებმა მშვიდობა და კეთილდღეობა სწორედ სამცხე-ჯავახეთში მოიპოვეს. თავდაპირველად რეგიონში 4,000 ოჯახი დასახლდა და მოგვიანებით მათ რვა სოფელი დაარსეს.

რეგიონის ცივ ზამთრებთან გასამკლავებლად თეთრი სახლები ააშენეს, რომელთა კარები ცისფრად შეღებეს.

ჩვენი სტუმრობის დროს კრისტინა კრასნიკოვას და კრისტინა ბიჩახჩიანს სალოცავ სახლში შევყავართ. გარშემო ყველაფერი თოვლით არის დაფარული, მხოლოდ სახლის ეზოში ცირცელის წითელი ნაყოფის ფერი გამოკრთის და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

დუხობორების რწმენის მიხედვით, ღმერთს ვერ დახატავ და მის სიტყვას ვერ დაწერ. ფსალმუნებსა და ლოცვებს ძალა აქვს მხოლოდ მაშინ, თუკი ისინი ზეპირად იცი.
დუხობორებს სჯერათ რომ გარშემო სილამაზე და ფერადოვნება მნიშვნელოვანია და რომ მშვიდობა ცხოვრების ყველა ნაწილში უნდა ჩანდეს.
დუხობორების სალოცავ სახლს ორი შესასვლელი აქვს. ერთი კაცებისთვის, ხოლო მეორე - ქალებისთვის. დუხობორები საკუთარი უნიკალური რელიგიით და ლოცვებით არიან ცნობილი, მათ შორისაა კვირა დილის ლოცვები.
დუხობორებს სჯერათ იმისა, რომ ადამიანი მშვიდობიანად უნდა თანაარსებობდეს გარემოსთან. თეთრი ყარყატები სოფლის მკვიდრები არიან. ისინი ზამთარში გორელოვკას ტოვებენ და გაზაფხულზე უკან ბრუნდებიან. დუხობორებს სჯერათ, რომ ისინი ვინც სოფლები მიატოვა, ყარყატების მსგავსად უკან დაბრუნდებიან.

დუხობორები მართლმადიდებელი კრისტიანები არიან, მაგრამ მათ განსხვავებული წეს-ჩვეულებები აქვთ. ისინი არ აღიარებენ სასულიერო პირებს, დაწერილ ლოცვებს, ჯვრებსა და ეკლესიებსაც კი.

„თავი უნდა შეიმოსოთ, დაიხაროთ და პატივისცემა ასე გამოხატოთ. მე ნახევრად დუხობორი ვარ, თუმცა ბებიასთან ერთად აქ ხშირად მოვდიოდი”- ამბობს კრისტინა ბიჩახჩიანი. კრისტინას დედა დუხობორი ჰყავს, ხოლო მამა - სომეხი. დუხობორების კულტურა შერეულ ოჯახშიც შეიძლება შენარჩუნდეს და კრისტინა ამის კარგი მაგალითია, მან სამი ფსალმუნი ზეპირად იცის.

კრისტინას ოჯახის მსავსად, გორელოვკაში ქართველების, დუხობორების და სომხების შერეული ოჯახები ცხოვრობენ. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დუხობორების გარდა სოფლებში სხვა ეროვნების ხალხიც გადმოსახლდა. 90-იან წლებში საქართველოში ნაციონალიზმის  გაძლიერებასთან ერთად დუხობორებმა სოფლების დატოვება დაიწყეს.

რეგიონში მცხოვრები სომხებიც საცხოვრებლად დუხობორების სოფლებში გადავიდნენ. შედეგად დუხობორებს ორმაგი ძალისხმევით უწევდათ საკუთარი კულტურის და ტრადიციების შენარჩუნება.

50 წლის რაისა ასტაფუროვა იხსენებს, თუ როგორ მიატოვეს დუხობორებმა საქართველო 1990-იან წლებში, რათა წინაპრების სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ იქ საკუთარი ტრადიციების შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ. 

სკოლაში სტუმრობისას მასწავლებლებმა საკუთარი გულისტკივილი გაგვიზიარეს იმის თაობაზე, რომ დუხობორების სოფლები ქართულ მედია წყაროებში ასახულია როგორც

“სოფლები, რომლებიც მიატოვეს და სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ”. 

„ნახეთ რამდენი ბავშვია აქ” - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.

ეთნიკური მრავალფეროვნება გორელოვკას N 1 სკოლის დადებითი მხარეა, თუმცა ამავდროულად იგი დუხობორების ერთ-ერთი პრობლემის, ქართული ენის სრულყოფილად არცოდნის სიმბოლოა; არაქართულენოვანი მოსწავლეები ნაკლებად თუ საუბრობენ ამ ენაზე სკოლის გარეთ. ქართველი მოსწავლეები სკოლაში, დუხობორი ბავშვებისთვის ქართული ენის სწავლების მხრივ ერთგავრი დახმარებაა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. სკოლის დასრულების შემდეგ დუხობორი მოსწავლეები ქართული ენას ვერ ფლობენ იმ დონეზე, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ.

„საქართველოში მინდა დარჩენა, მაგრამ ვშიშობ, რომ ქართული ცუდად ვიცი, ამიტომ სომხეთში - გიუმრიში მომიწევს გადასვლა,” - ამბობს კრისტინა კრასნიკოვა. მისი ორი კლასელი სომხეთში გადავიდა საცხოვრებლად, რუსულენოვან კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად.

კრისტინას 18 წლის ბიძაშვილ რომანს საქართველოში დარჩენა და ჯარში მსახური სურს. იგი ფიქრობს, რომ ჯარში ქართულ ენას უკეთ დაეუფლება და შემდეგ სწავლის გაგრძელებასაც შეძლებს.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ დუხობორებისთვის საქართველოს დატოვება და რუსეთსა ან სომხეთში საცხოვრებლად გადასვლა არჩევანი არაა, არამედ საშუალება, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ.

კრისტინა ბიჩახჩიანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ასეთი არჩევანის წინაშე დადგა. მან გორელოვკას სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა.  სწავლის დასრულების შემდეგ კი სოფელში დაბრუნდა, სადაც ახლა მასწავლებლად მუშაობს.

კრისტინა ბიჩახჩიანი სკოლაში ყოველ დღე საუბრობს რუსულად, სომხურად და ქართულად. „სომხური გვარი მაქვს, მაგრამ ბებიამ (დედის დედა), რომელიც დუხობორი იყო, ჩემზე დიდი გავლენა იქონია. იგი გარდაიცვალა, მაგრამ ყოველთვის როდესაც სალოცავთან ახლოს მივდივარ, მახსენდება თუ როგორ დავყვებოდი მას. სიყვარული ამ სოფლისადმი და დუხობორების ტრადიციები, რომელიც ჩემი ნაწილია, ბებიაჩემმა გადმომცა,”- ამბობს კრისტინა.

გორელოვკაში მიტოვებულ სახლებს შორის სეირნობისას, კრისტინა ბიჩახჩიანის ისტორია იმედის მომცემი გვეჩვენება.

თეთრი ყარყატები კიდევ ერთი იმედის მომცემი მოვლენაა სოფელში. ისინი დუხობორების მიტოვებული სახლების თავზე ბუდეებს კვლავ იკეთებენ.

ყარყატები ზამთარში სოფელს ტოვებენ, მაგრამ, დათბობასთან ერთად კრისტინას მსგავსად  უკან ბრუნდებიან.

გორელოვკას მცხოვრებთ ვემშვიდობებით და წასასვლელად ვემზადებით. მომავალში დაბრუნებას ვპირდებით.

ტრასაზე გამოვდივართ და ერთი წუთით დუხობორების ლამაზ სახლებს გავყურებთ. დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ასეთი უნიკალური კულტურა შეინარჩუნო ისეთ ადგილას, სადაც სიცივეში წყალი სწრაფად იყინება და ქარი მუდამ ქრის, თუმცა სოფლის მახლობლად საქონლის ზარების ხმა მაინც გაისმის და სიცოცხლეც ჩქეფს.

ადგილობრივ ქართულ-რუსულ სკოლაში ქართველები, რუსები და სომხები ერთად სწავლობენ. არსებობს იმის იმედი, რომ ახალგაზრდა დუხობორები საზოგადოებაში ინტეგრირდებიან, ქართულ ენას კარგად ისწავლიან და მომავალში საქართველოს არ დატოვებენ.
დღესდღეობით სომეხი, რუსი და ქართველი მასწავლებლები სკოლაში ერთად ასწავლიან, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, როდესაც ისინი გაყოფილები იყვნენ. სკოლა სოფლისთვის ერთ-ერთი ძირითადი დასაქმების წყაროა.
ბავშვთა სახლი და სალოცავი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 200 წლის წინ, როდესაც დუხობორები პირველად დასახლდნენ სოფელში. შენობა მაგალითია იმისა, თუ როგორ ინარჩუნებენ დუხობორები საკუთარ მემკვიდრეობას. 90-იანი წლების დასაწყისში ნაციონალისტური განწყობების მიუხედავად დუხობორების გარკვეული ნაწილი სოფელში მაინც დარჩა.

ახალგაზრდები, თებერვალი/მარტი 2019

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია