ფილმის ჩვენება : "ძიაპშიპად ყოფნის შესახებ" და დისკუსია რეჟისორთან
არ მახსოვს, რას უფრო მეტი დრო დავუთმე, სახლის მისამართის პოვნას თუ კარისთვის გასაღების მორგებას. კარის გაღებისთანავე, წლების განმავლობაში დაგუბებული მძიმე ჰაერი გარეთ გამოვარდა. ამ ჰაერმა მომწამლა. ჩემი ამნეზიური გონება ჰიპერმნეზიული გახდა, წამებში ამ სახლთან დაკავშირებული ყველა ამბავი გააქტიურდა. მას შემდეგ მოგონებების დალაგებას ვცდილობ.
ძალადობის პირველი აქტი ნეკა თითს უკავშირდება. დღემდე მახსენდება როგორ მოვუჭირე მეზობელ გოგოს წვრილ თითზე ხელი და ტირილამდე მივიყვანე. მას შემდეგ, რაც ყვირილი აუტანელი გახდა, სახლში გამოვიქეცი. დედა ჭურჭელს რეცხავდა და ხაზის რადიოს უსმენდა. მკითხა რა მოხდა. ვუპასუხე, რომ მეზობელ გოგონას თამაშისას თითი გადავუგრიხე, რომელიც ალბათ მოტყდა. თავი დამნაშავედ არ მიგრძვნია, ეს შეგრძნება ამოუხსნელი და ახალი იყო, თავდაცვით მკვლელობას გავდა. ზუსტად ვერც იმას ვხვდებოდი, რატომ გავბრაზდი იმაზე რომ ვიღაც ჩემსკენ თითს იშვერდა და იმას მეძახდა რაც მართლა ვარ.
ყოველთვის ვიცოდი, რომ განსხვავებული გვარი მაქვს. ყურადღების ცენტრში მოსახვედრად დიდი ძალისხმევა არასოდეს მჭირდებოდა, მხოლოდ რთულად გამოსათქმელი ასოების ერთობლიობით ერთ წამში ყველას ყურადღება ჩემი ხდებოდა. ყველა ერთვებოდა ჩემი გვარის სწორად წარმოთქმის მარათონში, მასწავლიდნენ, მისწორებდნენ, იმეორებდნენ, ცდილობდნენ და მაინც არ გამოსდიოდათ. წლების განმავლობაში, ჩემი ჰობი არასწორად დაწერილი გვარის ვერსიების შეგროვება გახდა. ეს ხარვეზიანი დოკუმენტაცია ჩემი იდენტობის გარანტია გახდა. მე არასწორად დაწერილმა გვარმა ჩამომაყალიბა.
დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მეპოვა ის ადგილი, სადაც ჩემი გვარის წარმოთქმა ბუნებრივი იქნებოდა, ისეთი ადგილი სადაც წლების განმავლობაში შეგროვილ ფურცლებს ამოვალაგებდი და კედლებზე გავაკრავდი, დავჯდებოდი და იქამდე ვუყურებდი სანამ ასოები მნიშნვნელობას არ დაკარგავდნენ.
მაშინ, როდესაც მე ამ დოკუმენტაციას ვაგროვებდი, ჩემი მშობლები პერიოდულად კვალს შლიდნენ. ისინი, ჩემგან დამოუკიდებლად, ყველა კრიზისის დროს, პირველ რიგში გვარს ანადგურებდნენ. წარმომავლობის გაქრობის უძველესი ამბავი, ყოველი ახალი კონფლიქტის დროს ჩემს ოჯახში ექოსავით მეორდებოდა, მშობლები და მათი მეგობრები მალულად შლიდნენ, ფხეკდნენ და კაწრავდნენ სადარბაზოს კარზე არსებულ გვარს და ანაცვლებდნენ მას ყველასთვის გასაგები, მისაღები ვარიანტით.
ერთხელ მეც შემომთავაზეს გვარის გადაკეთება. ხელის მოწერისას გვარის შეცვლაზეც უნდა მომეწერა ხელი, წამით დავფიქრდი, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ უნდა მეთქვა უარი ამ მაზოხისტობამდე მისულ სიამოვნებაზე, როგორ უნდა მეცხოვრა საკუთარი არასწორად წარმოთქმული გვარის გაგონების გარეშე.
მოგვიანებით ქორწილში თქვეს, დღეს ჩვენი წილი აფხაზეთი შემოვიერთეთო. პოზიტიური რევანში - როგორც ჩემმა მეგობარმა მოგვიანებით ამიხსნა. მას შედმეგ სულ ვფიქრობ ამ სიტყვებზე. ჩვენი წილი აფხაზეთი. აფხაზეთი ჩვენი ტკივილი. ჩემი სხეული როგორც დაკარგული ტერიტორია. შემოსაერთებელი. ჩემი არასწორი გვარი როგორც ჩემი დაცული ტერიტორია.
ცოტა ხნის წინ ერთი უცნაური სიზმარი ვნახე. დამესიზმრა, რომ ვითომ მართლა ვიპოვე ჩემი სახლი. კიბეებზე ასვლისას პატარა, 9-10 წლის გოგო შემხვდა. ძალიან მეცნო, მომიახლოვდა და მიყურებდა, სახელი ვკითხე, როდესაც ჩემი სახელი და გვარი მითხრა, მივხვდი რომ ეს პატარა გოგო მე ვარ.
გამოღვიძების მერე მხოლოდ ერთ რამეს ვფიქრობ, როგორ მივაგნო ამ სახლს სინამდვილეში და რა უნდა ვქნა თუ ოდესმე შემთხვევით ვიპოვე.