ის, რაც არ ითქვა "ყვითელ ავტობუსზე"
ის, რაც არ ითქვა "ყვითელ ავტობუსზე" ვიდეოინსტალაცია | 15-არხი | 2017 ფერადი | 16:9 | ხმა | 20:08‘ (Loop) რეალიზაცია: სოსო დუმბაძე
შესავალი
შტეფან ვაკვიცი, გოეთეს ინსტიტუტის თბილისის ბიუროს ყოფილი დირექტორი, ამიერკავკასიაზე დაწერილ თავის წიგნში ამბობს, რომ როცა 2013 წლის 17 მაისს თბილისში, ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის სასტიკი დარბევის შემდეგ რუსთაველის ქუჩაზე გავიდა, იქაური ობსკურანტული გარემო ისე განიცადა, რომ ტირილი დაიწყო.
მე, მართალია, ამ მოვლენებზე ტირილი არ დამიწყია, მაგრამ ერთდროულად შემრცხვა კიდეც და თან ძალიან გავბრაზდი.ეს ნეგატიური ენერგიები ჩემში წლების განმავლობაში უფრო და უფრო ფორმირდებოდა, თუმცა, მისი რაციონალური მართვა შევძელი. 2017 წელს გადაღებული ფილმი „მზიანი ღამე“ და ვიდეოისტალაცია „ყვითელი ავტობუსი“ ამ მოვლენებზე ჩემი საპასუხო რეაქციაა.
ვიდეოინსტალაციის შექმნის მოტივაცია
დაახლოებით ათი წელზე მეტია Found Footage-ზე ვმუშაობ და სხვადასხვა შინაარსით და ფოკუსით ვაგროვებ საარქივო მასალას – ვიდეოებს, ძირითადად, იუთუბიდან და სხვა ონლაინ-პლატფორმებიდან. ჩემი სადიპლომო ფილმი „მზიანი ღამე“ (რეალიზირებული ლეა ჰარტლაუბთან ერთად) სრულად აგებული იყო ინტერნეტში მოძიებული ვიდეომასალებისგან.
ამ მოძიებულ მასალაში, მის მედიალურ მეორად დამუშავებაში დავინახე პოტენციალი მოვლენაზე რეაგირების. ზოგადად, მე ვიკვლევ საბჭოთა ავანგარდს, განსაკუთრებით სერგეი ეიზენშტეინის შემოქმედებას, რომელიც მუშაობდა თეორიებზე, სადაც ისეთ ენერგიებს, როგორებიც არის: ბრაზი, აღფრთოვანება, შიში ა. შ., თავის თეორიაში პროდუქტიულად შემოქმედებით ენერგიად გარდასახავდა, რაც ამ კონკრეტული თემისადმი მიდგომაშიც აისახა. მართალია, გერმანელი ფილოსოფოსი თეოდორ ადორნო ამბობს: ბრაზი სულელების თვისებააო, თუმცა, ჩემი ბრაზი, არ არის ერთჯერადი, რომელსაც ხალხი მიტინგებზე გაჰყავს, არამედ სისტემური ბრაზია, რომელიც წარსულში ქართულ საზოგადოებაში გატარებული დროით საზრდოობს და წლების მანძილზე ჩემი საქმიანობის კატალიზატორი გახდა. მეორე, რითაც ჩემი შემოქმედებითი ენერგია საზრდოობს, ეს არის სირცხვილის განცდა.
ვიდეოინსტალაციის მოკლე აღწერა
უპირველეს ყოვლისა, შევთანხმდეთ მთავარ ცნებაზე: არსებობს ცნება ლგბტქი+-ის ვარიანტი, რომელიც სრულფასოვნად ასახავს საზოგადოების ამ ჯგუფის იდენტობებს. მე ვიყენებ ყველაზე გავრცელებულ ფორმას, ლგბტ-ს და ამით არ ვბოჭავ ამ სოციალურ ჯგუფს. 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღეს, თბილისში 40-მდე ლგბტქ თემის წამომადგენელი შეეცადა ჩაეტარებინა მშვიდობიანი აქცია, რასაც დაუპირისპირდა 20.000-ზე მეტი მოქალაქე. აქციის მონაწილეებმა სცადეს თავი დაეღწიათ ყვითელი ავტობუსებით, რომლებზეც იერიში მიიტანეს კონტრდემონსტრანტებმა (ეს იურიდიული ტერმინი გამოიყენებოდა სასამართლოში ამ საქმის განხილვისას და მეც ამ ტერმინს ვიყენებ). 15-არხიანი ვიდეოინსტალაცია ამ მოვლენის ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე განვითარებული ეპიზოდის დროსა და სივრცეში რეკონსტრუირებას ახდენს და მის ერთ ფაზას 15 სხვადასხვა კამერის პერსპექტივიდან წარმოადგენს.
ეს კადრები სამი ხასიათისაა და გადაღებულია ჟურნალისტების, თავდამსხმელებისა და თავად დაზარალებულების მიერ. გადამღებთა პოზიციები კონსტრუირებენ ქუჩის გეგმას და გადმოსცემენ ამ მოვლენის სხვადასხვა პერსპექტივასა და ნარატივს. სერგეი ეიზენშტეინი თავის სარეჟისორო სემინარებზე სტუდენტებს ურჩევდა ქმედების რეკონსტრუქციის ტექნიკად კრიმინალისტიკის მეთოდები გამოეყენებინათ. მაგალითად, დაკითხვის მეთოდი, ადგილმდებარეობის დეტალური ხედვა და აღწერა, ინფორმაციის განსაზღვრა, ცდომილებების თავმოყრა და მათი პროტოკოლირება. 2013 წლის 17 მაისის დანაშაულის ადგილის მოძრავი სურათებით რეკონსტრუქციამ, კრიმინალისტის მსგავსად, პოლიციური ხერხით მოვლენის აღწერამ მშრალი პროტოკოლის ფორმით, ამ ნამუშევარს სამართლებრივი ასპექტიც მიანიჭია. ის შეიძლება საინტერესო იყოს ძალადობის ფაქტის პოტენციური იურიდიული გამოძიებისთვის.
ვიდეომაგალითები
ნამუშევრის ესთეტური და ფორმალური არტიკულაცია
როგორც აღვნიშნე, დაახლოებით 2007 წლიდან ინტერნეტიდან ვაგროვებ სხვადასხვა მედიალურ ფორმებს, რომელთა რეპროდუქციის ესთეტიკა არასუფთა / ჭუჭყიან, ე. წ. პიკსელებიან სურათებად აღნიშნება. „ყვითელი ავტობუსის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დანიშნულება და კრიტიკული ამბიცია ვლინდება არა მარტო ვიდეომასალების მეორად გამოყენებაში, არამედ ამ კადრების პოლისტილისტური და პოლიმატერიალისტური ესთეტიკის განსაზღვრებაშიც. განვმარტოთ ეს ორი ცნება: პოლისტილისტურში იგულისხმება: ვიდეოინსტალაციაში გამოყენებული მასალის სხვადასხვა ჟანრი და დანიშნულება. მაგალითად, მათ შორის არის ახალი ამბების სიუჟეტები, სამოყვარულო კადრები, ჩანაწერები სატელევიზიო გადაცემებისთვის და სხვა. ხოლო პოლიმატერიალისტური მასალა გულისხმობს: სხვადასხვა კოდირების, ფორმატებისა და გაფართოების გამოსახულებას. ციფრული სურათების პიქსელური რეპროდუქციის ესთეტიკა – აქ იგულისხმება, როგორც არასუფთა, ზოგჯერ „Second Hand“-ად ნახსენები მედიები – გამოსახულების კომენტირებას იმითაც ახდენს, რომ მედიუმის მატერიალურობის რეფლექსიას არსად წარმოადგენენ.
აქვე მინდა გავიხსენო კურიოზული შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა პოპულარულმა ქართველმა კინომცოდნემ კრიტიკის, სინამდვილეში კი, დამცირების მიზნით, ჩვენი ფილმის „მზიანი ღამე“ ფესტივალზე ჩვენების დასრულების შემდეგ, ფილმს გაბრაზებით „სექონდ ჰენდის“ ფილმი უწოდა და ფაქტობრივად, თავისი თავის ლუსტრაცია მოახდინა იმით, რომ ფილმის ესთეტიკურ და ფორმალურ მხარეზე რეფლექსია ვერ მოახდინა). ნამუშევრის პოლიტიკური სათქმელი არა მხოლოდ მისი შინაარსით, არამედ ესთეტიკითაც განისაზღვრება. მიზანი მედიალური ტოპოსების (ანუ სურათების, რომლებიც საზოგადოების მეხსიერებას განაპირობებენ) მეორადი, ახალ კონტექსტში გამოყენებაა და ამით გაუცხოების ეფექტის მიღწევა მაყურებელში, რომელიც ამ სურათების ახლებულ რეცეფციას ახდენს. შედარებით ახალი ფენომენით, რასაც მედიალური პროდუქციის დემოკრატიზაციას ეძახიან – განსაკუთრებით სოციალური მედიების მეშვეობით; მაგალითად, გავიხსენოთ არაბული რევოლუციების ორგანიზაცია იუთუბით და ფეისბუქით, ინტერნეტში ცირკურილებული შინაარსების მეორად გამოყენებაზე რეაგირებაა. ნამუშევარს კონკრეტული ფორმა გამოფენის არქიტექტურით ენიჭება და ამით ხდება, ჩემი, ავტორისეული, არტიკულაცია; ანუ ნამუშევრის აქცენტი ნამუშევრის აშენების არქიტექტურით გამოიკვეთება და ამით შემდგარ ფორმას განსაზღვრავს. ამაზე ქვევით კიდევ განვავრცობ.
დროსა და სივრცეში ყველა რეკონსტრუქცია, ამავე დროს, არის გამოგონება და აქ მიზნობრივად არის გამოყენებული, რათა მოვლენებზე რეაგირება მოახდინოს. დაუმუშავებლად წარმოდგენილი სურათები დისტანცირებენ, თავიანთ მინიმალისტურ, სადა გამოყენებაში, ოპერატიული ზემოქმედებით შოკის მომგვრელ სიკვენსებს: მასალის არცერთი კადრი არ იყო შეცვლილი და გადამონტაჟებული. ამით მასალის შოკისმომგვერელი ინტენცია უქმდება და ტრანსფორმირდება, რითაც გამაოგნებელი სურათების ეფექტს თავს ვაღწევთ და თავიდან ვიცილებთ. სურათების პედაგოგიკით – მათ მინიმალისტურ გამოყენებაში, რომელიც თავის კითხვადობის დისკურსს ქმნის – ამ შოკის ეფექტის სურათების რეცეფციის პოზიცია ინაცვლებს კომენტარის მიმართულებით. სიკვდილის შიშის გრძნობას, რომელიც ამ სურათებში დევს, მე გააზრებული დისტანციით, მათი ინსტრუმენტალიზაციისგან გათავისუფლებით, თავს ვარიდებ და გვერდს ვუვლი. სურათების ახლებული წარმოდგენით – ოპერატიული მონტაჟით და გამოფენის (დახურულ სივრცეში) აშენების არქიტექტურით, მიზნობრივად ამ აზრის ფოკუსის ხაზგასმა ხდება და ჯამდება. ამ ფოტოების სამი თხრობითი პერსპექტივა: დაზარალებულები, მაყურებელი, მოძალადე – გამოფენის დროსაც იქნა იდენტიფიცირებული და ამით ეს ჯგუფები ემოციონალურ, ფსიქიკურ და ისტორიულ დონეზე დაუკავშირდნენ გამოფენას: აქტორებმა – საჯარო სივრცეში ამ გამოფენაში პერფორმატიული ჩართვით – გააცნობიერეს და ყურადღება მიაქციეს, რომ მათ 2013 წელს ქვეყნის ისტორიის შექმნის ტოლფასი მოვლენა განიცადეს და ამის ინიცირებაც კი მოახდინეს.
ვაჩნაძის ქუჩაზე გამოფენის დოკუმენტაცია და იქ მიღებული გამოცდილება გამოფენაზე მოსული მოწინააღმდეგეების ფონზე: მოწინააღმდეგეების (ვიდეო)მოწოდებები
ჩემი ცნობით, ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე გამოფენის უსაფრთხოებისთვის 200-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული.
როგორც უკვე აღვნიშნე, მონიტორები განთავსებული იყო იმ წერტილებში, საიდანაც გადაღებული იყო ესა თუ ის კადრი.
ვაჩნაძის ქუჩაზე გამოფენა გრძელდებოდა შუადღიდან შუაღამემდე.
დაახლოებით 17 საათისთვის მოვიდნენ კონტრდემონსტრანტები.
მამა-შვილ ფალავანდიშვილების ორგანიზებით, ასევე, შეიკრიბნენ კონტრდემონსტრანტები პუშკინის მოედანზე. ისინი თავიანთი Facebook-არხით მოუწოდებდნენ თანამოაზრეებს მობილიზაციისკენ:
2:48-წუთიდან – გურამ ფალავანდიშვილი ამბობს: „ფიზიკურათაც ჩავახშობთ გამოფენას თუ საჭირო გახდება!“.
15:34-16:45 – გურამ ფალავანდიშვილი ამბობს: „ავკეცავთ და სახლში გავატანთ“ (იგულისხმება – მონიტორებს).
ამის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, იგი გადაყავთ პოლიციის განყოფილებაში. იმავე დღეს, საღამოს ლაივში გამოსვილისას, ამბობს, რომ პოლიციელებიც ქართველები არიან და არასწორი მთავრობის გამო უწევთ ასე მოქცევა; და რომ მას განყოფილებაში ყავაც კი დაალევინეს. შემდეგი Live-ვიდეო გვიჩვენებს ხანშიშესულ ქალს, რომელიც დაესწრო ვაჩნაძის ქუჩაზე გამოფენას:
აღსანიშნავია მისი გამოთქმული აზრები 2:29-წუთამდე, სადაც იგი ჰიტლერის გლორიფიკაციას ახდენს და ავრცელებს მითს, თითქოსდა „ჰიტლერმა ყველა ჰომოსექსუალი გემზე აიყვანა და ჩაძირა“. ეს ქალი კიდევ ერთხელ აჩვენებს შეშლილი ჰომოფობიური ქართული საზოგადოების უმრავლესობის სახეს. იგი ამბობს: „საზოგადოება არ ღებულობს მათ“ და მთელი საზოგადოების სახელით საუბრობს, რაც ტიპიური ნაციონალისტული რიტორიკაა. აგრეთვე, იგი აღნიშნავს, თუ საერთოდ „რა უფლებით დადის ქუჩაში“ ლგბტ-თემის წარმომადგენელი.
ვაჩნაძის ქუჩაზე გამართული გამოფენის შემდეგ, ნამუშევარი კულტურის ცენტრ „ფაბრიკის“ ერთ-ერთ გალერეაში გადავიტანეთ. იქაც მოვიდნენ კონტრდემონსტრანტები. „ფაბრიკა“ თავისი არსებობის ისტორიაში, პირველად გადაიკეტა 2 საათით და სტუმრების იქ შესვლა შეუძლებელი გახდა.
სივრცის დანიშნულება
ვაჩნაძის ქუჩაზე გამოფენის ადგილმდებარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე (რომელიც, როგორც აღვნიშნე, დროში შეზღუდული იყო), თემატიზირდება ლოკალიზაციის ინტერვენცია გამოფენის არქიტექტურაში მინიმალური ჩარევით და, აგრეთვე, თავად გამოფენის სივრცის კანონები. მაშინ, როცა ტრადიციული ორგანული ხელოვნების ნიმუშები, კონტექსტიდან დამოუკიდებლად, ბურჟუაზიულ საგამოფენო სივრცეებში ერთი გალერეიდან მეორეში, ან ერთი მუზეუმიდან მეორეში გადადიან, ადგილმდებარეობით შემოსაზღვრული სპეციფიკური ნამუშევრები თავიანთ კონკრეტულ სივრცესთან არიან მიბმულები. ამით ცენტრალური ძალაუფლების ფაქტორი მოდერნიზმის კულტურულ ეკონომიკაში – ინსტიტუციონალიზებული მუზეუმი – სახელოვნებო კრიტიკის საგანი ხდება. შესაბამისად, ჩვენ ამ ნამუშევრით არაპრივილეგირებულ პუბლიკას დავუკავშირდით. გავიხსენოთ, რომ ვაჩნაძის ქუჩა თბილისის ცენტრში მდებარეობს, რომელსაც ესაზღვრება ყვავილების ისტორიული ბაზარი. ამ ფაქტითაც ეს ადგილი უკავშირდება არა მარტო არაელიტარულ და არჩევით კლასს, არამედ მეურნეთა და მუშათა კლასსაც.
ხელოვნების ავტონომიისა და კორპორაციული სპონსორობის და აქედან გამომდინარე, ნამუშევრის სიძლიერის შესახებ
რეფლექსია ხელოვნების ავტონომიაზე, მის დამოუკიდებლობაზე ინდუსტრიულ კულტურაში, მისი მმართველი კლასისგან გამოცალკევებაზე, პრივილეგიაზე კორპორატიული სპონსორობის პირობებში, რომ ვერ შეწინააღმდეგება სოციალურ კლასს და, მარკეტინგისა და კონკურენციის პირობებთან ადაპტაციას ახდენ, ჩემთვის ცხადი იყო.
(შეგახსენებთ ვიდეოინსტალაციის რეალიზაცია შესაძლებელი გახდა ერთი გერმანული პოლიტიკური ფონდის ფინანსური დახმარებით და სამი ქართული არსამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით). ნამუშევრის რევოლუციური, ავტონომიური პათოსისაგან დაშორება, ნამუშევრის კრიტიკას კი არ ასუსუსტებს, არამედ უფრო აზუსტებს.
ყვითელი ავტობუსი, როგორც სიმბოლო
2013 წლის 17 მაისისგან დამოუკიდებლად, ყვითელმა ავტობუსმა მსგავსი ფუნქცია შეიძინა 2018 წლის 13 მაისსაც, როდესაც 3000-მდე ახალგაზრდამ თბილისის ერთერთი ღამის კლუბის დახურვა მთავრობის სასახლესთან გააპროტესტა. მათ დაუპირისიპირდა რამდენიმე ასეული ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი. სახელმწიფომ ისევ გამოყო ყვითელი ავტობუსები, რათა დემონსტრანტების ევაკუაცია მომხდარიყო მთავრობის სასახლის, პარლამენტის შიდა ეზოდან, რაზეც ახალგაზრდები დათანხმდნენ. ამდენად, ყვითელი ავტობუსი, რომელიც თბილისის ყოველდღიურობაში დღემდე ქუჩაში საზოგადოებრივი ტრანსპორტად გვხვდება, გახდა ჩაგრულთა სიმბოლო და, ამავე დროს, ამ ჩაგრულთა კომპრომისის ნიშანი.
ნამუშევრის სახელოვნებო მეთოდები
მართალია, მე არ ვუკავშირდები სოც-არტს, მაგრამ ჩემს სახელოვნებო მეთოდებს განვსაზღვრავ მისი თეორიიდან შემდეგნაირად:
არაოფიციალური პოსტსაბჭოთა კულტურა, რომელსაც სოც-არტს უწოდებენ, იაზრებს ავანგარდისტულ და შემდგომ სტალინისტურ უტოპიებს. ბორის გროისის აზრით, ეს ერთი მეორის ლოგიკური გაგრძელება იყო და საკუთარი თავის თვითგანადგურების გამო, არსებითად აცდენილია დასავლურ მოდერნთან, რომელიც უტოპიურს უარყოფს. 1968 წლის მოძრაობის შემდეგ დასავლეთი შეთანხმდა დაშორებოდა უტოპიას ავტორიტარული მოდელებს რომ ასცდენოდა და დასავლურ კულტურაში შექმნა „ღია ხელოვნების ნიმუში”.
მე ვიკვლევ საბჭოთა კინოავანგარდს, სადაც სათქმელი აგიტაციური ხერხებითაც არ გამოირიცხება, და თანამედროვე ესეი ფილმის ფორმებს, რომლებსაც ერთმანეთთან ვაკავშირებ. ესეი ფილმში ვმიჯნავ ორ სხვადასხვა მიმდინარეობას:
ეს განსხვავება აისახება ლიტერატურის მეცნიერებაშიც, სადაც ფრანგულ ასოციაციურ სალიტერატურო ესეი ფორმას ეწინააღმდეგება ინგლისური ლინეარული, მიზნობრივი ესეი ფორმა.
ლიტერატურიდან წამოსული ინგლისური ესეისტიკა ახლოსაა ჰარუნ ფაროკის და ჰარტმუნდ ბიტომსკის არგუმენტატიულ სტილთან, რომელიც აზროვნების სიცხადეს ანიჭებს უპირატესობას.
მათ ეწინააღმდეგება ფრანგული ესეისტიკა, რომელიც ახლოსაა კრის მარკერის (და გვიანი ჟან-ლუკ გოდარის) სუბიექტივისტურ-რეგრესულ, ფრაზულ, კოლაჟურ-ასოციაციურ სტილთან (გავიხსენოით მაგალითად, გოდარის გვიანდელ ფილმები „JLG / JLG, autoportrait de décembre“, „Ici et ailleurs“ და სხვა). ჩემი სახელოვნებო მეთოდი უფრო ფაროკის და ბიტომსკის არგუმენტატიულ მეთოდს უკავშირდება და „ყვითელ ავტობუსშიც“ ისახება.
გამოყენებული ვიდეოების დანიშნულება
„ყვითელ ავტობუსში“ ჩემ მიერ გამოყენებულ ვიდეოებს რამდენიმე ფუნქცია აქვთ:
1. LGBT-თემის სტიგმატიზაციისა და დევნის ფონზე, რომლებიც დღემდე არსებობის ლეგიტიმაციას ვერ აღწევენ, ამ კადრებით თვითგამოხატვის ფორმას პოულობენ.
2. ამ კადრებს თერაპიის ფუნქცია აქვთ. დაზარალებულები და თავდამსხმელებიც თავს გადამხდარი ძალადობის გამოსახულების საშუალებით, ხელმეორედ განიცდიან ამ მოვლენას, რაც მათ საკუთარი თავის გააზრებაში, იარების მოშუშებასა და განკურნებაში ეხმარება. ტრავმების ფიქრებიდან განდევნისა და ტაბუიზირების შემთხვევაში, გამოსახულება ადამიანთა ამ ჯგუფის რეტრავმატიზაციას ახდენს.
3. იურიდიულ კონტექსტში, ბრალის წაყენების ან დემოკრატიული ტრიბუნალის გამართვის შემთხვევაში, ამ კადრებმა შესაძლოა მტკიცებულებებისა და სამხილებელი ფაქტების დანიშნულება შეიძინონ.
ვაჩნაძის ქუჩაზე გამოფენაში მონაწილე ჯგუფების შესახებ
დაზარალებულები, მოძალადე, დამკვირვებელთან ერთად ვაჩნაძის ქუჩის გამოფენაზე გამოიკვეთა ერთი ახალი ჯგუფი – კერძოდ, დამხმარე, ანუ პოლიცია.
გამოფენის მსვლელობისას, ვიდეოებში ზოგიერთმა პოლიციელმა საკუთარი თავი იცნო და თვითგააზრებისა და თვითანალიზის პროცესში აღმოჩნდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო კაპიტან ზურა რუხაძესთან საუბარი, რომელიც, როგორც ერთ-ერთი კამერის პოზიციაში კარგად ჩანს, დაზარალებულების დახმარებას ცდილობს. 2013 წლის 17 მაისის მოვლენების შემდეგ, ამ ადამიანს LGBT თემი კარგად იცნობს.
ამ ნამუშევრის დახურულ სივრცეში გამოფენის სპეციფიკა
გარდა იმისა, რომ დახურულ სივრცეში გამოფენა იმეორებს მასშტაბში ვაჩნაძის ქუჩაზე კამერების განლაგების პოზიციებს, აშენებულია ისე, რომ ადამიანები ერთ ჯგუფად, ჯოგის მსგავსად წარმოგვიდგება და ამ ერთგვარი კლაუსტროფობიული განლაგებით და კაკაფონიური ხმით, რომელიც ღია სიგნალით მიეწოდებოდა მონიტორებიდან, საფრთხის განცდას კიდევ უფრო მეტად სტიმულირებს.
ნამუშევრის მიზნის შესახებ
ამ ნამუშევრის ცენტრალური მიზანია რეაგირება დანაშაულზე და კითხვების დასმა, რადგან ორივე მხარეს (მოძალადეს და ლგბტ-თემს) უკვე ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, „გაქვავებული“, ტაბუიზირებული აზრი აქვს ამ მოვლენაზე, რაც რეფლექსიას აფერხებს. მეორე მიზანია, განათლება. 17 მაისზე დღემდე თითქმის არცერთი პოლიტიკოსი არ ლაპარაკობს. ის, რომ ამ მოვლენის გამო დღემდე არავინ დასჯილა, თუ არ ჩავთვლით ერთჯერად სახელმწიფო კომპენსაციას დაზარალებულებისთვის, ბევრის მეტყველია.
ნამუშევარში გამოყენებული, ონლაინ პლატფორმებიდან მოპოვებული ვიდეოების დედანი დასახელებების სრული სია ინგლისურად:
ვიდეოს დასახელებიდანაც შეგვიძლია განვსაზღვროთ აღბეჭდვის მიზანი და პერსპექტივა.
“ყვითელი ავტობუსის” გამოფენებში მონაწილოების ამსახველი სია:
– 02.06.-17.07.2017 alpha nova & galerie futura Berlin;
– 08.06.-10.06.2018 Nato Vachnadze str Tbilisi; Galerie Fabrika Tbilisi;
– 15.11.-15.12.2019 Künstlerhaus Bethanien Berlin;
– 30.06.-06.09.2020 Art and Exhibition Hall of the Federal Republic of Germany (Bundeskunsthalle) Bonn
გააკეთე დონაცია