შევხვდებით თეატრში | სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის, ოჯახი

შევხვდებით თეატრში | სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის, ოჯახი

Chai Khana ამ ფოტო პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.

2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან.  მე-5 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.

ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათელბლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.

ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.

ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რისიც ალბათ ყველაზე მეტად გვეშინია — თავისუფლების დაკარგვის — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.

ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

Chai Khana თითოეული ოჯახის პორტრეტს ცალკე სერიად წარმოგიდგენთ. საბოლოოდ კი, ერთ ნამუშევრად გააერთიანებს

ესეთი გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, რომელიც სამაგალითო იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი.
მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ასევე, დიდი მადლობა მაყურებელს.

შევხვდებით თეატრში!

ანდრო ჭიჭინაძე

თეატრისა და კინოს 28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ერთ-ერთია 11-კაციანი ჯგუფიდან, რომელსაც თბილისის საპროტესტო აქციების დროს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი და მისი დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა, პროფესიით მსახიობი და ბალერინა.

ოთარ ჭიჭინაძე, ანდრო ჭიჭინაძის მამა, ექიმი

ანდრომ პროექტი მოიფიქრა: მენტალური ჯანმრთელობა და შვიდი მთა. უნდა დაეპყრო შვიდი მთა მთელ მსოფლიოში და ფილმი გადაეღო. ამბობდა, ეს ფილმი ჩემზე იქნება, როგორც არაპროფესიონალ მთასვლელზე, რომელიც იმიტომ შეეცდება მთაზე ასვლას, რომ ადამიანებს დაანახოს, როგორი შვებაა ბუნება მენტალური ჯანმრთელობისთვისო. თავისი ამბავი უნდა მოეყოლა. 5 დეკემბერს სახლიდან დააკავეს. დაკავებიდან 10 დღეში კილიმანჯაროს მთაზე უნდა ასულიყო. გუნდი შეკრიბა: პროდუსერები, ოპერატორი, რეჟისორი, მთასვლელები. ვერ მოასწრეს, თუმცა გუნდმა პროექტზე მუშაობა გააგრძელა. ბერლინალეს ფესტივალზე დიდი დაინტერესებაც მოჰყვა ამ პროექტს. მალევე გავიგეთ, რომ ანდროს მიღება ევროპის კინოაკადემიაში უნდოდათ. 

ეს იყო თანადგომის აქტი. მანამდე ღია წერილი გამოაგზავნეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაეთავისუფლებინა ანდრო ჭიჭინაძე.

ციხეშიც მაგ პროექტზე მუშაობს ანდრო. ცხოვრების ამ ეპიზოდსაც დაუმატებს სცენარს. დატყვევების ამბავი ფილმში აუცილებლად მოხვდება. 

როგორ შეარჩიეს ეს ხალხი ციხისთვის?! არც ერთს არ აქვს კრიმინალური წარსული. ყველას მშობელი გავიცანი და დავმეგობრდით. სხვა თემაზე ვერსად ვეღარ ვლაპარაკობ და სულ მათთან ურთიერთობა მინდა. ეს ხალხია ახლა ჩემი ოჯახი.

სულ რომ ერთმანეთს არაფერი ვუთხრათ, ერთად რომ ვართ, უკვე მშვიდად ვართ. საერთო დარდმა და ტკივილმა ძალიან დაგვაახლოვა.

მსახიობობას თავი დავანებე. დიდი ხანია ბალეტის, დრამისა და პლასტიკის სტუდია მაქვს. ძალიან მიყვარს რასაც ვაკეთებ. ბავშვებთან ურთიერთობაზე ვგიჟდები. ახალგაზრდებისგან იმდენ რამეს ვსწავლობ. სულ ვამბობ, რადგან მათთან დიდ დროს ვატარებ, ჯერ არ დავბერდები-მეთქი. 

ანდროს 10 წლით უფროსი ძმა ჰყავს. მის მეგობრებთანაც ძალიან ვმეგობრობ. სხვათა შორის, სანამ პატარები იყვნენ, მკაცრი დედა ვიყავი. დიდ თავისუფლებას არ ვაძლევდი, ვაკონტროლებდი. რთულია ორი ბიჭის გაზრდა საქართველოში. 

ძალიან ვცდილობდი, რომ ორივე შვილისთვის კარგი განათლება მიმეცა. ესწავლათ უცხო ენები. წიგნი ჰყვარებოდათ, სხვადასხვა ინტერესი გასჩენოდათ. ასაკში სხვაობის მიუხედავად, ძმები ძალიან მეგობრობენ. ვასკას დიდი ამაგი აქვს ანდროზე. 

ანდრო ცელქი ბავშვი იყო. სკოლაში დიდად კარგად არ სწავლობდა. გარდატეხის ასაკში ჩაიკეტა და ძალიან მორცხვი გახდა. როცა ეტყოდნენ, რა ლამაზი ბიჭი ხარო, საშინლად ეუხერხულებოდა. 

მე-11 კლასში დავუსვი შეკითხვა - რა პროფესია გინდა აირჩიო-მეთქი. მსახიობობაო როცა მიპასუხა, ძალიან გამიკვირდა. ამ პროფესიას დიდი გაბედულება სჭირდება. ძლიერი ხასიათი უნდა გქონდეს, კარგი ჯანმრთელობა, უდიდეს შრომას მოითხოვს.

- შეძლებ-მეთქი? - ვკითხე
- ბავშვობიდან მინდოდაო - მიპასუხა

ლევან წულაძის სახელოსნოში ჩააბარა. ძალიან უყვარს თავისი საქმე. 10 საათი რომ ყოფილიყო რეპეტიცია, ან 12 საათი გადაღება, არ დაიღლებოდა.

მერიდება ამის თქმა, მაგრამ მგონია, რომ ანდრო საინტერესო მსახიობია. მომწონს ჩემი შვილის ნამუშევრები. ძალიან გაუმართლა, რომ დათო დოიაშვილთან მოხვდა თეატრში. გაუმართლა, რომ ჭოლა (ლევან წულაძე) იყო მისი პედაგოგი. გაუმართლა, რომ ცხოვრებაში შეხვდა რეჟისორ მიშა ჩარკვიანს, რომელთანაც ძალიან მეგობრობს.

ანდრო კარგი შვილი და კარგი მეგობარია. ახლა მივხვდი, თურმე როგორ ჰყვარებიათ ანდრო მეგობრებს. ვერასოდეს დავივიწყებ, რაც თეატრმა და მისმა კოლეგებმა ანდროსთვის გააკეთეს. ეს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია. ანდროსაც გულს უჩუყებს ამხელა მხარდაჭერა.

ციხიდან ყველას კითხულობს ხოლმე და მთხოვს, ყურადღება არავის მოვაკლო. კვირა არ გავა, მისი მეგობრები ჩემთან არ მოვიდნენ. ეს იმხელა ძალას მაძლევს. ვლაპარაკობთ, ვიხსენებთ რაღაცებს, ანდროზე მიყვებიან. ისინი ჩემი მეგობრებიც არიან. ეს თანადგომა რომ არ მქონოდა, მარტო ვერც გავუძლებდი. გაკვირვებული ვარ ანდროს სიძლიერით. არ მეგონა, ასეთი ძლიერი თუ იყო. 

წერილებში სულ ამას მწერს: არ ინერვიულო შენ, მხნედ ვარ, ბევრს ვკითხულობ. მეუბნება, რომ მის საკანში ძალიან კარგი ბიჭები არიან.

ციხეში კარგად ექცევიან. შეურაცხყოფას არ აყენებენ.

ანდროს წერილები ციხიდან

 

მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს!

 

მინდა ვთხოვო, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ის ძლიერად და მხნედ სჭირდება ყველას!

 

28.02.2025

აუცილებლად ცალკე უნდა ვახსენო მზია ამაღლობელი, რომელიც სამაგალითოდ იბრძოდა სიმართლით ყველა რეჟიმის წინააღმდეგ. მზიას პროფესიონალიზმი და მებრძოლი ხასიათი არის მისი პატიმრობის მიზეზი.

ესეთი გვერდში დგომა, რასაც თქვენგან ვხედავ არის მეგობრობის და სიყვარულის მაგალითი, რომელიც სამაგალითო იქნება კიდევ ძალიან დიდი ხანი.

 

მალე ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ასევე, დიდი მადლობა მაყურებელს.

 

შევხვდებით თეატრში!

ანდრო ჭიჭინაძე

უდიდესი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთი სოლიდარულები არიან. განსაკუთრებით, ხელოვნების სფეროს, რომელმაც მართლაც რომ ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.  დღეს სამწუხაროდ არამარტო საქართველოში დადგა იმ ფასეულობების დაცვის დრო, რომელიც გვეგონა რომ დაცული და მყარი იყო, ამას ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა, საჭიროა ფხიზლად და მყარად დგომა იმ მონაპოვრისთვის, რასაც ევროპული ფასეულობა ჰქვია.

პირველად ,,რუსული კანონი” [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] რომ წარადგინეს პარლამენტში, მაშინ გამოვედით მე და ანდრო აქციაზე. ერთ წელზე მეტი გავიდა. მერე ირაკლი კობახიძის განცხადებამაც ქუჩაში გამოგვიყვანა, როცა თქვა, ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნას კიდევ 4 წელი ვავადებთო. თავზარდაცემული იყო იმ დღეს მთელი ქვეყანა. მე მგონია, რომ მათი მომხრეებიც კი გააკვირვა. მაშინ აფეთქდა სიტუაცია. ანდრო მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად გადიოდა აქციაზე. იდგა იქ, სადაც ნამდვილად უნდა მდგარიყო.

ერთ მშვენიერ დღესაც პოლიცია მოგვადგა. 5 დეკემბერი იყო. ნიღბიანებით გაივსო ეზო. ალბათ, 70 კაცი იქნებოდა ანდროს დასაჭერად მოსული. სადარბაზოდან ბორკილდადებული რომ გამოჰყავდათ მაშინ მოვუსწარი მე. 

საშინელი სანახავი იყო. ანდროს მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თქვენთან პოლიციაა მოსული, ანდროს იჭერენო. ამ სიტყვების მერე აღარფერი გამიგია, გამოვიქეცი სახლისკენ. ეზოში ყვირილი დავიწყე, ჭკუაზე არ ვიყავი. ამ დროს გამოიყვანეს ბორკილებით. ეს მითხრა: დედა, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება! ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. სახლში ვერც შევდიოდი, მეზობელთან ამიყვანეს. იქ მომასულიერეს ცოტა. ის დღე ჩემმა მეხსიერებამ დაივიწყა, ბევრი ხალხი მოვიდა იმ საღამოს ჩვენთან, მაგრამ ვინ იყვნენ ვერ ვიხსენებ. 

მეორე დღეს ვკითხე ჩემს ქმარს: როგორ წაიყვანეს, როგორ იქცეოდნენ-მეთქი.

ისე უშიშრად გაყვა თურმე ანდრო. მას მერე ველოდები მე.

რადგან ახალგაზრდა მსახიობები აქტიურად და ჯიუტად აპროტესტებდნენ ამ ხელისუფლების პოლიტიკას, მგონია, რომ ანდროს დაკავება მათთვის მესიჯი იყო, რომ თქვენც იგივე გელოდებათ. არ გამოუვიდათ. ვერავინ შეაშინეს ამით. ის ხელოვანები ისევ ქუჩაში დგანან და იბრძვიან.

ანდრო ჩართული იყო სიცილის თერაპიაში.  ,,ექიმი ჯამბაზები” ასე ჰქვიათ. საქველმოქმედო ფონდია, ეს ექიმი ჯამბაზები მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს სიცოცხლის ბოლო თვეებს უმსუბუქებენ და ართობენ. ამისთვის მათ სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი. გუნდში ძირითადად მსახიობები არიან.  ძალიან კეთილშობილურ საქმეს აკეთებენ. ცნობილმა ამერიკელმა ექიმმა, პეჩ ადამსმა, რომელმაც შექმნა არტ თერაპიის ეს ახალი ფორმა, ანდროს მხარი დაუჭირა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

არ დავდივარ სასამართლო პროცესებზე, სახლიდან ვადევნებ ხოლმე თვალს. ბრალდებულების სიტყვით გამოსვლაზე ცხარე ცრემლით ვტირი ხოლმე.

მოწმე პოლიციელებზე ხალხს აგრესია უჩნდება, მე კიდე ისე შემეცოდა ერთი. ანდრომაც მომწერა წერილში, დედა, არ გაბრაზდე, ერთი მაინც განსაკუთრებით შემეცოდაო. 

ამ დროს სულ ამ ხალხის შვილებს წარმოვიდგენ ხოლმე. ტელევიზიით მაინც ხომ უყურებენ თავიანთ მამებს?!

2 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო. სასამართლო სხდომებს თავიდან ინტერესით ველოდებოდი, ახლა მაგის იმედიც აღარ მაქვს. სასამართლო სისტემა უბრალოდ აღარ გვაქვს. იმაზეც ვფიქრობ, ანდროს პატარა შვილს ნიკოს და მასთან ერთად ჩემს მეორე შვილიშვილს რა მომავალი აქვს?!

რთული მდგომარეობაა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ გავიმარჯვებთ.

იმ გარემომ, რაც ახლანდელ საქართველოშია, იმდენად გააგიჟა ანდრო, რომ გადაწყვიტა წინააღმდეგობაში ჩართულიყო.  აქციებიდან ტელევიზიებსაც აძლევდა ინტერვიუებს. რადგან გამოცდილება მაქვს, ვურჩევდი, სულ წინა პლანზე არ ყოფილიყო. საშიშროებას ვხედავდი.

მე ფეხები მტიკვა და დიდხანს აქციაზე ვერ ვჩერდები, ფეხზე დიდხანს დგომა მიჭირს. მაგრამ ისე გამამწარა ირაკლი კობახიძის გამოსვლამ ევროინტეგრაციაზე და მერე რასაც აკეთებდნენ იმანაც, რომ 2-ჯერ თუ 3-ჯერ მეც გავედი ქუჩაში.

დაჭერის დღეს სახლში ვიყავი.  ზარი დარეკეს. ანდრომ გაუღო კარი. 
სასამართლოს განჩინება აჩვენეს. 29 ნოემბერს აქციაში მონაწილეობის ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა დაგაკავოთო. 

ამ დროს ოთახში 6-7 პოლიციელია. ანდროს ტელეფონი მაშინვე ჩამოართვეს. სახლში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. 

ტელეკომპანია ,,იმედს”  ელოდებოდნენ გადასაღებად. თავიანთი ოპერატორის თვალწინ კამერაში ანდროს წაუკითხეს და განუმარტეს მოსვლის მიზეზი. რაღაც შეეშალათ, ამიტომ თავიდან წაკითხვა დასჭირდათ და მერე დაადეს ბორკილები. ამ დროს მოვიდა ,,იმედის” ოპერატორიც, მას გაყვანის სცენა უნდა გადაეღო ეტყობა.  

სანამ ამ ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს ელოდებოდნენ, ოთახში ანდროსთან ერთად ისხდნენ და საუბრობდნენ კინოზე, თეატრზე, მის პროფესიაზე. ეკითხებოდნენ, რა სპექტაკლებში და ფილმებში მონაწილეობო. 

ისიც კითხეს, შენ მიტინგზე რამე დაზიანება ხო არ მიგიღიაო. ანდრომ უთხრა, თქვენი ნასროლი წყლის ბოთლით ფეხი დამიზიანდა, სისხლჩაქცევა მაქვსო. აჩვენა ფეხი ანდრომ და ეს კამერაზე დააფიქსირეს. ძალიან გამიკვირდა. სხვათა შორის, ეს საქმეში არ შეუტანიათ.

ოჯახში ძაღლები ძალიან გვიყვარს. ერთი კი არა, სულ სამი ძაღლი გვყავდა. სამივე ქუჩიდან ავიყვანეთ. ანდროც ასეა გაზრდილი: მისი პრინციპული გადაწყვეტილება იყო, რომ ჯიშიან ძაღლს არასოდეს იყიდდა. მხოლოდ მიტოვებულ, მიუსაფარ ძაღლებზე იზრუნებდა.

ბავშვობაში ვცდილობდი ანდროსთვის ბუნება შემეყვარებინა, სოკოების საკრეფად დამყავდა ხოლმე. მთაზე პირველად რომ ავიდა, ეტყობა ისეთი ემოციები გაუჩნდა, მთასვლელობამ გაიტაცა. სიმაღლის შიში დაძლია და ავიდა. ფანჯრიდან ვერ იხედებოდა ხოლმე. ისე, მის ხასიათშია, რომ რისიც ეშინია, ის უნდა გადალახოს. 

ბოლო ექვს თვეში ანდრო თითქოს თავიდან გავიცანი. არ მეგონა, ამდენის ატანა თუ შეეძლო. 

სპორტულია, კარგად ცურავს,  კარგად სრიალებს, ჩოგბურთსაც თამაშობდა. წაგება არ უყვარს.

ყველა პროცესზე, თვალებით რომ ერთმანეთს შევხვდებით, ანდრო მეკითხება: დედიკო როგორ არის? ეს აწუხებს ყველაზე მეტად ახლა. თავისი შვილი როგორ ენატრება, ხომ წარმოგიდგენიათ?!

რა მაგარი ბიჭები ჰყავთ დატყვევებული. არც ერთი არ გატყდა. პირიქით, ერთმანეთს აძლიერებენ და მაგალითს აძლევენ. თუ ერთი უძლებს, დანარჩენებიც უძლებენ.

ანდროს ისეთი ფასეულობები აქვს, რომ მათ უცებ ვერ გადააბიჯებს. ჩემს შვილში ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან ეცადნენ მის გაშავებას, მაგრამ არც ამან შეაშინა. არავის არაფერი დაუთმო. მადლობა ანდროს ამისთვის. მისი ღირსეული საქციელი მშობლებსაც გვაძლიერებს.

საქართველოს დამოუკიდებლობიდან 107-ე წლისთავზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან დამოუკიდებლობის დეკლარაციის ტექსტი წაიკითხეს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს მიიღო.
26.05.2025