სინდისის პატიმრების ოჯახები | გური მირცხულავა
Chai Khana ამ ფოტო პროექტში სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს გაგაცნობთ. მათ დედებს, დებს, ძმებს, შვილებს, ბებიებს, რომელთა სახეებიც საპროტესტო აქციებიდან, ალბათ, ყველაზე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. პატიმრის დიდი პორტრეტებით ხელში რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, მეტროში, ავტობუსებში, ტელეეკრანზე სასამართლო დარბაზიდან ან მისი დერეფნიდან ისინი ერთხელ მაინც შეგინიშნავთ.
2024 წელს „რუსული კანონის” წარდგენიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანია დაკავებული. ისინი წინასწარ პატიმრობაში არიან. მე-5 თვეა თბილისსა და სხვა ქალაქებში საპრტოტესტო გამოსვლები უწყვეტად გრძელდება. საბოლოოდ ორი მთავარი მოთხოვნა გამოიკვეთა: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ხალხი მათ სინდისის პატიმრებად მოიხსენიებს. ამ ცნებას საერთაშორისო სამართალი კარგად იცნობს. სინდისის პატიმარია ყველა, ვინც სასჯელს თავისი რწმენის, შეხედულების, იდენტობის, ან ხელისუფლების მიმართ გამოხატული პროტესტის გამო იხდის. ეს ის შემთხვევაა, როცა მათ არც თავად ჩაუდენიათ დანაშაული და არც სხვა წაუქეზებიათ ძალადობისკენ.
ასეთი რეალობა სულ უფრო მეტად შეიცავს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის მახასიათელბლებს. რეჟიმის პირობებში ინფორმაცია თავისუფლად ვეღარ ვრცელდება, ადამიანები მუდმივად შიშის და საფრთხის განცდით ცხოვრობენ.
ეს რეალობა განსაკუთრებით მძიმე და აუტანელი სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვისაა. თითოეული ბრალდებულის უკან ოჯახია, თავისი ისტორიით და გამოცდილებით. მათი ხასიათიც სწორედ ამ წიაღიდან გამოიწრთო.
ამ ფოტო პროექტით გვინდა დავინახოთ, ვინ არიან და რა გზას გადიან ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც და ყოველდღიურობაც ბოლო თვეებში თავდაყირა დადგა. რისიც ალბათ ყველაზე მეტად გვეშინია — თავისუფლების დაკარგვის — ამ ოჯახებმა უკვე გამოსცადეს და ამ ფასის მიუხედავად, არ იციან, როგორ დასრულდება პროცესი.
ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.
Chai Khana თითოეული ოჯახის პორტრეტს ცალკე სერიად წარმოგიდგენთ. საბოლოოდ კი, ერთ ნამუშევრად გააერთიანებს.

8 აპრილი, 2025
„დედა არ ინერვიულო, მე კარგად ვარ. მხნედ ვარ. ხომ ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ყველაფრისთვის მზად ვარ. შენც ყველაფრისთვის იყავი მზად. გააგრძელე ისეთი ცხოვრება, როგორც აქამდე. ამის გამო, თავს ნუ დაიტანჯავ. იბრძოლე, როგორც შეგიძლია” — 34 წლის გურამ მირცხულავა, ისტორიკოსი
გური საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თერთმეტ ადამიანს შორის ერთ-ერთია. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

14 აპრილი, 2025

„ჩვენი ოჯახიდან გური მე-4 თაობაა, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია. მამაჩემის ბაბუა დახვრეტილია. მეთოდე ჭანტურია ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორი იყო. ის სოციალ-დემოკრატებთან — ნოე ჟორდანიასთან და ნოე რამიშვილთან — მეგობრობდა. გერმანიიდან დაბრუნდა საქართველოში და მას მერე აღარსად წასულა. ქვეყნის იძულებით გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკურ ხელისუფლებას თანამშრომლობაზე უარი უთხრა. კი არ გადაასახლეს, უბრალოდ გააქრეს ადამიანი. მის კვალსაც ვერ მივაგენით. მეთოდე ჭანტურიას ფოტოს საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში ნახავთ”, ინგა ესვანჯია, გური მირცხულავას დედა.
დაიბადა გური და მაშინ დაიწყო მძიმე წლები, 90-იანები. უცებ აბსოლუტურად სხვა რეალობაში აღმოვჩნდი. გამოსავალსაც ვერ ვხედავდი. დაბნეული ვიყავი ძალიან, მარტო მე კი არა, მთელი საქართველო.
ჩვენც იგივე გვინდოდა, რასაც დღეს ჩვენი შვილები მოითხოვენ, ჩვენც ქუჩაში ვიდექით და ვაპროტესტებდით. რეპრესიებიც გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე დამთავრდა, რომ ათასი დაპირისპირების, პოლიტიკური პერიპეტიების ფონზე, თაობის ნაწილი დაკარგული აღმოჩნდა. მე გადავრჩი.
ახლა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვმუშაობ. ჩემი ცხოვრებაა ჩემი სამსახური. საინტერესო საქმეა ძალიან, უშუალო მონაწილე ვარ ბევრი აღმოჩენის, ჩემ თვალწინ იშლება ცივილიზაციები, ძველი ნამოსახლარები… გრაფიკულ დოკუმენტაციას ვაკეთებ. გათხრების ისტორია ნახაზებზე ინახება. ამ დოკუმენტებს ვქმნი მე.

ძალიან ვცდილობდი, 90-იანი წლების მძიმე ყოფა გურის კისერზე არ გადასულიყო. ერთად ვიზრდებოდით თითქოს. ერთად ვთამაშობდით. მახსოვს, მთელი წელი კამფეტის ფერად ფურცლებს ვაგროვებდით, ახალ წელს ფიფქები გამოვჭერით და კედლებზე გავაკარით. ისე გვიხაროდა, შუქს რომ ავანთებდით და აბრდღვიალდებოდა. იმ პერიოდში ურთულესი იყო, შეუძლებელიც კი, მაგრამ მაინც ვცდილობდი, დღესასწაულის შეგრძნება არ დაგვეკარგა.
გური ჭკვიანი და წყნარი ბავშვი იყო. თავისთვის ერთობოდა. კარგად სწავლობდა. ფეხბურთი უყვარდა. უბნის გუნდის მეკარე იყო. გუნდურობა მემგონი მანდ ისწავლა.
სკოლა რომ დაამთავრა, პროფესიად ბიზნესის მართვა და საბანკო საქმე აირჩია. ერთი წლის მერე გადაიფიქრა. ისტორიამ დააინტერესა, განსაკუთრებით შუა საუკუნეების სამართლის ისტორიამ. ილიას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
მე არასოდეს ჩავრეულვარ არც მის პროფესიულ არჩევანში და არც მის პირად ცხოვრებაში. სულ მინდოდა, რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო თავის გადაწყვეტილებებში. ჭიპლარი გავწყვიტე, ასე ვთქვათ. მეგობრები გავხვდით. როცა მოიზრდება შვილი, „გაშვება” რთულია, მაგრამ ძალიან შევეცადე.
გურის ციხეში წერილი მივწერე: ახლა იქ ხარ, სადაც უნდა იყო-მეთქი. ციხე არ მიგულისხმია ოღონდ. საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ვიგულისხმე. ეს იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ერთხელაც არ მითქვამს გურისთვის: დედა, ხომ ხედავ რა ხდება, მოდი, ფრთხილად იყავი და არ წახვიდე-მეთქი. ვიცოდი, რომ იქ იდგებოდა.
ერთხელაც მოვედი სახლში, ყველაფერი არეული და გადმოყრილი დამხვდა. გურის მამა ფერდაკარგული. რომ ვიკითხე, რა მოხდა-მეთქი — გური დაიჭირესო. ვისხედით ორივე და კარგა ხანს ხმას ვერ ვიღებდით. გამომძიებლის ზარმა გამომაფხიზლა. მითხრა, თქვენი ვაჟი დიღმის იზოლატორშია გადაყვანილი და ამა და ამ მუხლით დანაშაულს ედავებიანო. მადლობელი ვიყავი, რომ გავიგონე: ქალბატონო, ფიზიკურად ჯანმრთელად არის, დაზიანებებიც არ აქვსო.
ხანდახან ძალიან დავსევდიანდები ხოლმე. მერე ვფიქრობ, ამდენი რეპრესია გამოვიარეთ, ამასაც გავუძლებთ.
„მე და გური ერთად გავიზარდეთ სოლოლაკში. ბიძაშვილია, მაგრამ ნამდვილი უფროსი ძმაა ჩემთვისაც და ჩემი უმცროსი ძმისთვისაც. რუსთაველის გამზირზეც აქციებზე ერთად ვიდექით. ეს იყო ერთად ბრძოლა, ერთად დგომა. მართლა არაფერია მართალი, რაც გურის ბრალდებაში ჩაუწერეს. არ შეუძლია, ვინმეს ავნოს, ვინმეს რამე ესროლოს. საქართველოს დროშა ეჭირა ხელში, წყლის ჭავლს რომ უმიზნებდნენ, წინ იდგა და არ იცვლიდა ფეხს. ბოლომდე გაილუმპა იმ სიცივეში. ეტყობა, ასე მოხვდათ თვალში გური.
ჩვენგან ერთ-ერთი რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით, მოსალოდნელი იყო. აქციიდან სახლში ერთად ამოვდიოდით, ვჭამდით და ისევ ვბრუნდებოდით. გური ამას „დატენვას” ეძახდა.
ბოლო დროს მუსიკამ გაიტაცა. მე როკსტარს ვეძახი. ახლა ბას-გიტარა მაჩუქეს და ეს რომ იცოდა, მეუბნებოდა, მიდი, ისწავლე და მერე ერთად დავუკრათო. დავპირდი ვისწავლი-მეთქი. ახლა წერილში მივწერე, ბას-გიტარას სტრუნები გავუმართე და ვიწყებ სწავლას-მეთქი. როგორ გაუხარდა, იცი? მომწერა: დამავიწყდა, რომ ციხეში ვარო.
აი, რომ გამოვა ერთად დავუკრავთ. ნასწავლი მექნება მანამდე და იქნებ, პატარა ჯგუფიც/ბენდი ჩამოვაყალიბოთ?!”- სანდრო მირცხულავა

„ლარსი ჰქვია. ეს კნუტი გურიმ იპოვა, სველი, გაუბედურებული იყო. მოიყვანა, უვლიდა. ესეც ძალიან ელოდება. უფრო გურის კატაა. მას უჯერებს, მე არა”.

გურის მამა, ილია მირცხულავა, აფხაზეთში იბრძოდა. მას პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა. ვირუსს ვეღარ მოერია და გულის უკმარისობით გარდაიცვალა. გური უკვე ციხეში იყო. მამის დაკრძალვაზე მისი გამოშვება ვერ მოხერხდა. ახალი წელი იყო. ციხის ადმინისტრაცია ისვენებდა. ჯობდა, მაშინ გამოეშვათ, სანამ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში ენახა მამა. გარდაცვალებამდე წინა დღეს საავადმყოფოში ვიყავი და ბედნიერი დამხვდა, გურიმ დამირეკა და ველაპარაკეო.
გააკეთე დონაცია