შიში და გაუცხოება

ფოტოგრაფი: სოფი მდივნიშვილი

03.02.21
გამოცემა: უცხო

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავიბადე 1980-იან წლებში, ტრადიციულ და მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. ჩემი იდენტობა ჩემს სოციალურ ვალდებულებებთან სულ წინააღმდეგობაში იყო. არასოდეს მიგრძვნია თავისუფლება,  ჩემი ცხოვრების წესს მე ვერ ვირჩევდი.

აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში ვიზრდებოდი. სტერეოტიპები, ფსევდო-ტრადიციები ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობა იყო. ჩემს სამეზობლოში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხალხი რას იტყოდა მათზე. მხოლოდ  ეს ადარდებდათ. შეუძლებელი იყო  ჩემი მშობლებისთვისაც რამე ამეხსნა, ისინიც საზოგადოებრივ აზრს უფრო ითვალისწინებდნენ. ამის გამო სულაც არ განვსჯი მათ. უბრალოდ, სულ დათრგუნული და შებოჭილი ვიყავი. გავიაზრე, რომ ჩემი მშობლებისთვის ჩემს სიყვარულზე ძვირფასი ხალხში დამკვიდრებული პრინციპები და წესები იყო.

იმ გარემოში, სადაც ვიზრდებოდი, ოჯახში ძალადობა, სმა, აზარტული თამაშები, ქალების ჩაგვრა ძალიან ჩვეულებრივი რამ იყო. უფრო მეტიც, მხოლოდ ასეთი ქცევა აღიქმებოდა “კაცურად”. 

გოგოების გარემოცვაში ყოველთვის გაცილებით კარგად ვგრძნობდი თავს. მათთან ურთიერთობებსაც  უფრო ადვილად ვაწყობდი, ვუმეგობრდებოდი. თუმცა, არასოდეს მიგრძვნია მათ მიმართ ლტოლვა, ვნება, სულ პირიქით. ვოცნებობდი მათსავით ლამაზი ვყოფილიყავი. ამ სურვილების და ფიქრებისაც კი ძალიან მეშინოდა. მრცხვენოდა. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ამიტომ ვცდილობდი, ეს ინსტინქტი ჩემში დამეთრგუნა.

ჩემი მშობლები მთელი დღე მუშაობდნენ. მე სახლში ბებოსთან ვრჩებოდი ხოლმე. ერთხელ, როცა მეგონა, რომ მარტო ვიყავი, დედაჩემის კაბა და “კალგოტკები” ჩავიცვი. ზუსტად ამ დროს ბებომ შემომისწრო ოთახში. სიცილი დაიწყო. მახსოვს მითხრა, ვიცი რას გრძნობ, მაგრამ იცოდე, თუ სხვებიც შეგამჩნევენ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიო. თვითონ დამპირდა, რომ არავის ეტყოდა. მამას რომ გაეგო, მომკლავდა. ერთხელ დამინახა სიგარეტს რომ ვეწეოდი და იმ საღამოს ელექტრო კაბელით მცემა. 

ბებოს სიტყვებმა კიდევ უფრო დამაფიქრა და შემაშინა. ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. მაშინ პატარა ვიყავი და ტრანსგენდერებზე საერთოდ არაფერი მსმენოდა. ალბათ, ვინმეს გულს ვტკენ-მეთქი და საშინელი ადამიანი მეგონა თავი. ისე, დღესაც მჯერა, რომ ბებო არჩევანის თავისუფლებას პატივს სცემდა. სამწუხაროდ, იმ ამბის შემდეგ, მალევე გარდაიცვალა. მაშინ გადავწყვიტე, რომ აღარასდროს გავამჟღავნებდი ჩემს სურვილებს. 

ნელ-ნელა გავაცნობიერე რომ ამ სასტიკ სამყაროში სულ მარტო ვიყავი. ვერც ისე ცხოვრებას შევძლებდი, როგორც მინდოდა. არ მეყო გამბედაობა სახლიდან გავქცეულიყავი და ქუჩაში მეცხოვრა. მოთმინება ვარჩიე. კაცად ყოფნას უნდა შევგუებოდი, ამიტომაც ვერ ვუთხარი მამას უარი, როცა ჯარში გამიშვა.  

ერთი წელი იარაღის დაშლას მასწავლიდნენ, ამან თითქოს ჩემი ტკივილები შემიმსუბუქა. ჯარში ექთნებს ძალიან დავუმეგობრდი. პრინციპში, მხოლოდ მათთან ვმეგობრობდი. დარწმუნებული ვარ, დღემდე ვახსოვარ.

ჯარიდან რომ დავბრუნდი, სამართლის სწავლა მინდოდა. ვიცოდი, ჩემი მშობლები სწავლის ფულს ვერ გადამიხდიდნენ, ამიტომ ძალიანაც არ შევიცხადე, როცა მამამ სამხედრო სამსახურში დამაბრუნა. 

თანამშრომლებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ნამდვილი მეგობრები იქ ვერ შევიძინე. მუშაობა რომ დავიწყე, ყველა როგორც პატარა ბიჭს ისე აღმიქვამდა და სულ ჭკუას მარიგებდნენ. თან სულ რაღაცას მავალებდნენ, მაგალითად, ჭურჭელს ხშირად მე მარეცხინებდნენ. სკოლაში ბიჭები გოგოებს ყოველთვის პატივს სცემდნენ, მაგრამ სამსახურში ბიჭები სულ გოგოებზე ჭორაობდნენ. უხეშები იყვნენ და თან მუდმივად ერთმანეთს დასცინოდნენ. 

მუშაობა რომ დავიწყე, ყველაფერი მასკულინური მაღიზიანებდა. სამუშაო გარემო ისე მსტრესავდა, რამდენჯერმე წამოსვლაც გადავწყვიტე, მაგრამ მამაჩემი დარჩენას მაიძულებდა.  ძალიან ვცდილობდი ყველას მოლოდინი გამემართლებინა. მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი ჩემს თავს და ბოლოს საშინელი, აუტანელი ტკივილი ვიგრძენი.  თითქოს ჩემს სულსა და სხეულს ანაწევრებდნენ.

2000-იანი წლების დასაწყისში, გაზეთებსა და სატელევიზიო შოუებში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ტრანსგენდერ ადამიანებზე. ამბობდნენ, რომ კაცები ქალად კეთდებოდნენ; მამაკაცებს გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მათი არავის სჯეროდა. 2007 წლამდე მე არაფერი ვიცოდი ლგბტქ თემის წევრებზე. პირველად რომელიღაც სატელევიზიო შოუში დავინახე ტრანსგენდერი ქალი და მაშინვე მივხვდი, მეტი უნდა გამეგო.

ორი წლის წინ ვცადე, სულ ცოტათი მაინც შემეცვალა ჩემი გარეგნობა, ხელებიდან თმა მოვიშორე. ჰომოფობიურ ისტერიას არ დაუყოვნებია არც სამეზობლოში და არც სამსახურში. “არ გრცხვენია ქალს რომ დაემსგავსე?” “ლგბტქ თემის წევრი გახდი”? მოკლედ, ძაან დამცინეს.

2012 წელს ჩემს მეგობარს გავუმხილე, რომ თავს ქალად აღვიქვამდი და მამაკაცურობა არ მანაღვლებდა. ჩემს შიშებზეც მოვუყევი. ვაღიარე, როგორ ვიტანჯებოდი წარსულში და არ ვიცოდი, რა გავლენა ექნებოდა ამას ჩემს მომავალზე. თვითონ თბილისში ცხოვრობდა და მასთან ვრჩებოდი ხოლმე. ერთხელ ქუჩაში ვსეირნობდით,  კაბა იყიდა. ძალიან ვთხოვე და ცოტა ხნით მათხოვა. მაგრამ გამაფრთხილა, თუ როგორც ტრანს ისე გინდა იცხოვრო, შეეგუე, რომ სულ დაიჩაგრებიო.

სამსახურში როცა დავბრუნდი, უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა ჩემზე: სად ვიყავი, ვისთან ერთად და რას ვაკეთებდი. მალევე გადავედი თბილისში საცხოვრებლად. თანასწორობის მოძრაობის ოფისში მივედი. მოგვიანებით, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის თანამშრომლებიც გავიცანი. ძალიან მინდოდა სხვა ტრანსგენდერ ქალებთან შეხვედრა.

სოციალურ ქსელში ანგარიში როგორც ქალმა ისე გავხსენი. 2018 წლის მარტში, ადამიანთა მცირე ჯგუფთან ხმამაღლა დავიწყე ჩემს იდენტობაზე ლაპარაკი. ძალიან მადლიერი ვარ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის. ისინი რომ არა, ამდენს ვერ შევძლებდი. ჩემს გარდა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. დღეს ნაკლები კონფლიქტი მაქვს საკუთარ თავთან, უფრო მშვიდად ვარ. გავძლიერდი. ხანდახან მგონია, რომ სულ ჩემს არსებობას ვამტკიცებ. სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ ვგრძნობ. ჩემი ადგილის პოვნას ვცდილობ. სხვების თანასწორი მინდა ვიყო,  ვისწავლო, პროფესია მქონდეს. მაგრამ ვიცი, რომ ეს საბრძოლველი მაქვს. ცვლილებებს დრო დასჭირდება.

2019 წელს ერთი ტრანსგენდერი ქალი გავიცანი, ერთი თვე მასთან ერთად ვიცხოვრე. გვინდოდა გადასახადების ხარჯები დაგვეზოგა, მაგრამ ბოლოს ყველაფერი მაინც ჩემი პასუხისმგებლობა გახდა. მაღაზიაშიც კი არ ჩადიოდა. თან მეუბნებოდა, მშიშარა ხარ და ზედმეტად მასკულინური ქალად ყოფნისთვისო. ვეღარ გავუძელი და სახლში დავბრუნდი. მოგვიანებით გავიგე, რომ სახლიდან ყველა ჩემი ნივთი გადაუყრია. დღემდე არ ვიცი მართალია, თუ მომატყუეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის?! ფაქტია, რომ ყველაფერი დავკარგე.

ძალიან დიდხანს სოციალურ მედიაში ტრანს თემზე მხოლოდ ჰომოფობიურ განცხადებებს ვამჩნევდი. მაგრამ ნელ-ნელა ყურადღება იმ ხალხსაც მივაქციე, რომელიც მხარდაჭერას მთავაზობდა. ასე გავიცანი ჩემი ახლო მეგობარი. თურმე ჩემს უბანში ცხოვროდა.  ჩვენი გაცნობიდან მალევე, იძულებული გახდა თავის შვილთან ერთად ოჯახი დაეტოვებინა. ჩემს მეზობლად გადმოცხოვრდა. ეს გოგო იყო ჩემი იმედი. ჩემს ნივთებსაც მასთან ვინახავდი. ზოგჯერ გადავიდოდი, მის კაბას ჩავიცვამდი, პარიკს გავიკეთებდი და რამდენიმე საათი მაინც ჩემს თავს ვიბრუნებდი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მან გადამარჩინა. ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილია. 

არ მაქვს იმედი, რომ ერთხელაც ჩემი მშობლები ჩემს იდენტობას შეეგუებიან. როგორც ტრანსგენდერს მაღიარებენ. რამდენჯერმე ვცადე ლგბტქ თემზე მათი აზრი გამეგო, მაგრამ ეს სიძულვილი არ იცვლება. ჩემი ოჯახის წევრები რადიკალური მემარჯვენეები არიან. მათ არც რწმენა აძლევთ იმის საშუალებას, რომ თავისუფლება დააფასონ და ისეთი მიმიღონ, როგორიც ვარ. 

სტატია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია