ებრაული ენა და ლიტერატურა - სპეციალობა, რომელიც შეიძლება გაქრეს

ჟურნალისტი: მარადია ცაავა

12.02.21

თორნიკე ფსუტურის ებრაულ ენასთან ურთიერთობა რთულ სასიყვარულო გამოცდილებას ჰგავს.

ენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი ბიბლიის გაცნობის სურვილმა გაუღვიძა. ახსოვს ის პერიოდი, დღეში 8 საათს რომ კითხულობდა ბიბლიას.  2014 წელს სკოლა რომ დაამთავრა, ბევრი არ უფიქრია, ისე გააგრძელა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაისტიკა-არამეისტიკის საბაკალავრო პროგრამაზე. სტუდენტობისას გიდად მუშაობდა ებრაელ ტურისტებთან.

“ებრაელ ხალხს  დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენს ქვეყანაზე, ჯერ კიდევ ბევრი რამეა აღმოსაჩენი ამ მიმართულებით ლიტერატურაში, ტრადიციებსა და არქეოლოგიაში,” გვეუბნება თორნიკე. 

პირველი ებრაული დასახლებები საქართველოში 2600 წლის წინ გვხვდება, ებრაული თემი ერთ-ერთი უძველესია ჩვენს ქვეყანაში. ისრაელი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და სავაჭრო პარტნიორია საქართველოში. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში (2010-2019) ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 320.5 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ისრაელმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით საქართველოში 120 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

“ჩვენ ნამდვილად ბევრი რამ გვაკავშირებს ებრაელ ხალხთან და ისრაელთან, ისტორიულადაც და აკადემიური თვალსაზრისითაც. მე მგონია, რომ ეს კარგად გააზრებული დღემდე არ გვაქვს,” ამბობს თორნიკე, რომელიც წლების განმავლობაში მოხიბლული იყო იმ მსგავსებებით, რომლებსაც ძველ ებრაულ კულტურასა და საქართველოს მაღალმთიანი სოფლების ტრადიციებში აღმოაჩენდა ხოლმე.

“ამ პროფესიას დიდი ისტორია აქვს, შესაძლებლობებიც დიდია მომავალში. რაც უფრო მეტი პროფესიონალი გვეყოლება, მით უფრო მეტ გაუმჟღავნებელ ამბებს აღმოვაჩენთ.”

თორნიკეს დღესაც კარგად ახსოვს ებრაული ანბანის სწავლა რომ დაიწყო და პირველად თავისი და მეგობრების სახელები რომ დაწერა. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამამ მისი მოლოდინები არ გაამართლა, ენთუზიაზმიც ნელ-ნელა გაუქრა.

თორნიკე ამბობს, რომ პროგრამა, რომლითაც უნივერსიტეტში ებრაული ენა ისწავლება, ძალიან ზოგადია. ყველაზე მეტად იმაზე წუხს, რომ ებრაული ენის სწავლას კვირაში მხოლოდ 6 საათი ეთმობა, არადა, უცხო ენის შესასწავლად 8 აკადემიური საათი მაინც უნდა იყოს გამოყოფილი კვირაში. თორნიკეს კურსელებიც ჩივიან, რომ პროგრამის ფარგლებში იუდაიზმს სიღრმისეულად არ სწავლობენ.

25 წლის ნინო ალიმბარაშვილის წინაპრები ებრაელები იყვნენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმიტომ ჩააბარა, რომ ებრაული ენა კარგად ესწავლა. 

“მეგონა ისე მაინც ვისწავლიდი ებრაულს, თარჯიმნად ან მთარგმნელად დამეწყო მუშაობა. არ გამოვიდა. ენის გარდა, არც სხვა საგნები უსწავლებიათ ჩვენთვის სრულფასოვნად. მაგალითად, ისრაელის სახელმწიფოს ან ებრაელი ხალხის ისტორია,” იხსენებს ნინო.

თორნიკე მაინც არ დანებდა. ენა კარგად რომ ესწავლა, რეპეტიტორებთან დაიწყო მომზადება. დამოუკიდებლადაც ბევრს მუშაობდა, თარგმნიდა. თუმცა, თორნიკეც და მისი მეგობრებიც ძალიან განიცდიან, რომ ისინი შეიძლება ამ პროგრამის ბოლო სტუდენტები იყვნენ. 

“მე გულწრფელად მჯერა, რომ ამ პროფესიას აქვს მომავალი, მაგრამ იმასაც კარგად ვხედავ, რომ ნელ-ნელა შეიძლება საერთოდ გაქრეს,” ამბობს თორნიკე.

თორნიკეს სხვა სტუდენტებიც ეთანხმებიან.

25 წლის თეკლე ექვთიმიშვილი მაგისტრანტია. გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში ებრაელთა ისტორიასა და კულტურას სწავლობს. სანამ გერმანიაში წავიდოდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.  ამბობს, რომ მისი ახლანდელი პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს ბევრი მიმართულებით იკვლიონ თემა.

“სწავლის პროცესი ნამდვილად განსხვავებულია. აქ (გერმანია) ჩვენ უკვე კვლევას ვატარებთ. ლექტორებს ვეხმარებით, ასისტენტები ვართ და ამ პროცესში დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ახლა მაგალითად, ჩემს ორ ლექტორს ერთდროულად ვეხმარები. ერთ-ერთი პროექტი იტალიაში გამოცემულ ებრაულ ლოცვათა წიგნებს ეხება,”გვეუბნება თეკლე.

კუსრდამთავრებულებიც და ახლანდელი სტუდენტებიც ფიქრობენ, რომ ამ ხარვეზების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ საქართველოს უნივერსიტეტებში ებრაული ენა ძირითად პროფესიად არ ისწავლება და ის არამეისტიკის პროგრამის ნაწილია, მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, ებრაული ენა საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამაშია.

თსუ-ს სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს, რომ აკადემიური სემესტრის მესამედი  ებრაული ენის ნაცვლად, არამეული უნდა ისწავლონ. მათთვის ასევე პრობლემურია, რომ საკმარისი საათები არ ეთმობა ხალხებს შორის ურთიერთობების ისტორიის სწავლას, არც ისრაელის სახელმწიფოს ისტორიის შესწავლას. ამბობენ, რომ  ისრაელის უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამები ძალიან დაეხმარებოდათ. 

“ეს კავშირი საერთოდ არ არის, არც ერთი გაცვლითი პროგრამა არ არსებობს, არადა, ისრაელის განათლების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტუდენტები კვლევით საქმიანობაში საერთოდ არ არიან ჩართულები,” გვეუბნება 25 წლის დავით გრძელიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ადასტურებს, რომ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები ამ ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის არ არის, თუმცა ამბობს, რომ სწავლის თვალსაზრისით, ბევრი სხვა შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის ისრაელში.

“ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, საელჩოს იმის რესურსი არ აქვს, რომ სამთავრობო სტიპენდიები დააწესოს, ისეთი როგორიც გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის ან ბრიტანეთის საელჩოებს აქვთ. ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომ საქართველომ და ისრაელმა  კულტურისა და განათლების სფეროში უნდა ითანამშრომლონ, თუმცა ისრაელში პოლიტიკური სიტუაციის გამო, ეს ჯერ ვერ სრულდება,” გვეუბნება ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი. 

“ისრაელში ბევრი უნივერსიტეტია, რომელიც სტიპენდიებს გასცემს. არ ვიცი, დამოუკიდებლად რატომ არ იღებენ ქართველი სტუდენტები ამ კონკურსში მონაწილეობას.”

მამუკა ბუცხრიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ის ფიქრობს, რომ ებრაული ენის კარგი აკადემიური პროგრამა შემდეგი თაობის სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ენა პირველია, რაც პროფესიონალმა კარგად უნდა იცოდეს. მისთვის ეს ძირითადი ინსტრუმენტია. ბევრი სხვა მნიშვენელოვანი საგანია, რომელიც ცოდნას გაძლევს, მაგრამ ამ საგნებმა მთავარი არ უნდა დააზიანოს,” გვიხსნის მამუკა.

“მე ვფიქრობ, რომ სასწავლო პროგრამა კონცენტრირებული უნდა იყოს თანამედროვე ებრაული ენის სწავლებაზე, საქმიანი ურთიერთობების განვითარებაზე ისრაელთან, მრავალმხრივ ცოდნას უნდა აძლევდეს სტუდენტს. მოკლედ, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს ახლანდელ პროგრამაში თუ გვინდა, რომ სტუდენტები შევინარჩუნოთ.”

მამუკა ბუცხრიკიძე გვეუბნება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ებრაული ენის სწავლების კარგი გამოცდილება და ისტორია აქვს. სხვათაშორის, თსუ  იმ იშვიათ უნივერსიტეტებს შორის ყოფილა, სადაც საბჭოთა პერიოდში აკრძალვის მიუხედავად ებრაულ ენას მაინც ასწავლიდნენ. 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ებრაულ ენას მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობების - ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის პროგრამის ფარგლებში ასწავლიან. პროფესორი ლალი გულედანი სასწავლო გეგმის განახლებაზე მუშაობს.

“ჩვენთანაც ვამჩნევ, რომ კარგი, ინტერესიანი სტუდენტების რაოდენობა ნელ-ნელა იკლებს.  ყველაზე სწორი იქნება, თუ ამ რეალობას ვაღიარებთ და ახალი მოთხოვნების შესაბამისად ვიმოქმედებთ,” - გვეუბნება ლალი გულედანი.

ბოლო 5 წლის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 32-მა სტუდენტმა აირჩია ებრაული ენა, მაშინ როცა ამავე დეპარტამენტში თურქული ენის სწავლის მსურველი 95 სტუდენტი იყო. 

ლალი გულედანი გვიხსნის, რომ პოპულარიზაციას, წახალისებას  ნამდვილად მოაქვს შედეგი. მაგალითად, თურქული ენის მიმართ ინტერესი გაიზარდა, როცა ტელევიზიებმა საქართველოში თურქული სერიალების მაუწყებლობა დაიწყეს. იგივე შეიძლება ითქვას არაბული ენის სწავლებაზე. ირანის საელჩომ როგორც კი გაცვლითი პროგრამები დაიწყო, სტუდენტების რაოდენობაც გაიზარდა.

დარეჯან გარდავაძე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამბობს, რომ ეს პროგრამა განსაკუთრებით პოპულარული არასოდეს ყოფილა. ბოლო 30 წელია საბაკალავრო საფეხურზე, ყოველწლიურად, 10 სტუდენტზე ნაკლებია და მათგან მხოლოდ ნახევარი განაგრძობს სწავლას სამაგისტრო პროგრამაზე.

სტუდენტების უკმაყოფილებას თვითონ პროგრამის დიზაინით ხსნის და ამბობს, რომ ებრაული ენის აკადემიური პროგრამა ყოველთვის ორიენტირებული იყო ლინგვისტური თეორიის სწავლებაზე და ნაკლებად სთავაზობდა სტუდენტებს კვლევაზე დაფუძნებულ, პრაქტიკულ განათლებას.  თუ უნივერსიტეტს  მეტი სტუდენტი უნდა რომ  მოიზიდოს, მაშინ ალბათ,  ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. 

“ჩვენს ფაკულტეტზე ისრაელის ცენტრი შეიქმნა. აკადემიური სტატიებისა და  ნაშრომების პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და დისკუსიებს ვაწყობთ, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობის მრავალწლიანი ტრადიცია გავაგრძელოთ. ვთანამშრომლობთ ისრაელის საელჩოსთან და წამყვან უნივერსიტეტებთან ისრაელში, რომ ქართველმა სტუდენტებმა სტიპენდიები მოიპოვონ და სწავლა იქ გააგრძელონ,” გვეუბნება დარეჯან გარდავაძე.

“დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე ახალი ინიციატივა, რომელიც უფრო პრაქტიკულ სწავლებას გულისხმობს, ნამდვილად პოპულარულს გახდის ამ პროგრამას ახალგაზრდებში.”

ლალი გულედანიც ადასტურებს, რომ  სასიკეთო ცვლილებები უკვე შეიმჩნევა. 

“ახალგაზრდა პროფესიონალებთან ერთად მეც ჩართული ვიყავი გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის კვლევაში, რომელიც  ქართველ ებრაელებში ებრაული ენის სწავლებას ეხებოდა. გულწრფელად ვამბობ, რომ კიდევ ბევრი რამეა აღმოსაჩენი, შესასწავლი და გასაანალიზებელი. ამიტომ ძალიან ვცდილობთ, რომ  ეს დარგი, რომელიც მალე  შეიძლება გაქრეს, რაღაცნაირად გადავარჩინოთ.”

 

პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

სრული  პროექტის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია