ქართველი ებრაელების პორტრეტები

ფოტოგრაფი: მანო სვანიძე,

მკვლევარი: ქეთი ჩიქვილაძე

17.02.21

ეს ფოტო ისტორიები საქართველოში მცხოვრებ ებრაელებზე გვიყვება. 30 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში 24 800 ებრაელი ცხოვრობდა, დღეს მათგან დაახლოებით 4000-მდეა დარჩენილი. მათი პორტრეტები ებრაული თემის მრავალფეროვნებაზე მიანიშნებს. ისინი ცხოვრების წესით, რელიგიის მიმართ დამოკიდებულებით, წარსულით და გამოცდილებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამის მიუხედავად, ისინი ერთად ქმნიან და ავითარებენ ქართულ-ებრაული ურთიერთობის უნიკალურ ისტორიას.

დავით ბებერაშვილი, 58, ახალციხე 

დავითის მშობლები, ბენიამინ და ლუბა ბებერაშვილები მრეწველები და იურისტები იყვნენ. ახალციხიდან თბილისში 1940-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდნენ. დღეს ახალციხეში ერთი ებრაული ოჯახია დარჩენილი. მთელ საქართველოში კი, სულ რამდენიმე.

დავითი პროფესიით ფიზიკოსია. ბავშვებს ფიზიკას და მათემატიკას ასწავლის. მუსიკას წერს და სიმღერის ტექსტებსაც.

 იაელ დავარაშვილი, 27, თბილისი

იაელი დანიელისა და დავიდ ისრაელის დედაა.  ის ცვი ჰერცის სახელობის (ბრიტანეთის იმპერიის მთავარი რაბინის, დოქტორ იოსებ ცვი ჰერცის საპატივსაცემოდ) თორის სკოლაში სწავლობდა. სკოლა თბილისის ძველ უბანში, შაუმიანის ქუჩაზე იყო. დღეს ეს სკოლა აღარ არსებობს.  სავალდებულო საგნებთან ერთად, იაელი სკოლაში ებრაულ ტრადიციებს, კულტურას და ივრითს სწავლობდა. მისი ქმარი იოსები მასწავლებელია. იეშივაში, რომელიც სინაგოგასთან არსებული სასწავლებელია ბიჭებისთვის, ებრაულ ტრადიციებს ასწავლის. ოჯახი რელიგიურია. მკაცრად მისდევენ ტრადიციებს, იცავენ ქაშრუთს (საკვების აკრძალვის წესი იუდაიზმში), მარხვებს.  თორაში დაწერილი კანონების შესრულება იაელმა ოჯახის შექმნის შემდეგ დაიწყო. მაშინ ის 18 წლის იყო. მე-10 კლასში უკვე იცოდა, რომ ებრაულ ოჯახს შექმნიდა. 

დღეს ის ინსტაგრამ ბლოგერია. გვიყვება შვილებზე, სწორ კვებაზე, თავის მოვლის საშუალებებზე.

 მიშა შაველაშვილი, 26,  თბილისი 

მიშა აშქენაზი ებრაელების შთამომავალია. მისი დიდი ბებია - სურა მოშკოვნა მილშტეინ თავის ქმართან ერთად უკრაინიდან თბილისში საცხოვრებლად 30-იან წლებში ჩამოვიდა. უკრაინაში დარჩენილი ოჯახის წევრები ჰოლოკოსტის მსხვერპლები გახდნენ. მიშა ორგანიზაცია “ჰილელში” საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორია. ორგანიზაცია 1923 წლიდან არსებობს ამერიკაში. ორგანიზაციას წევრები ჰყავს კანადაში, ისრაელში, ავსტალიაში, სამხრეთ აფრიკაში. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ორგანიზაცია არც პოლიტიკური და არც რელიგიური მიზნით არ შექმნილა. მათი მთავარი მისია ებრაელი ახალგაზრდების განათლებაა. უფრო კონკრეტულად, ებრაელ ხალხზე, კულტურაზე, მემკვიდრეობაზე, ტრადიციებსა და რელიგიაზე ცოდნის გადაცემა. ამის შემდეგ ისინი უფრო აქტიურები არიან სათემო ცხოვრებაშიც.                                                                                               

მიშა თავს რელიგიურად არ მიიჩნევს. ამბობს, რომ ამ ეტაპზე რელიგია უფრო კულტურული და ისტორიული თვალსაზრისით აინტერესებს.

ეთერ თოფჩიაშვილი-გიგინეიშვილი, თბილისი

ეთერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის კათედრის ასოცირებული პროფესორი იყო 2005-2009 წლებში. დღეს ის თბილისში, ებრაულ სათემო სახლში, საქველმოქმედო ორგანიზაცია “ხესედ ელიაჰუსში” მუშაობს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-ს ებრაელთა კომიტეტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში “ხესედები”, ანუ  საქველმოქმედო ცენტრები შექმნა. ებრაულ ენაზე “ხესედი”წყალობას, სიკეთეს ნიშნავს. მათ მუშაობას ებრაელების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია უდევს საფუძვლად: თემის კეთილდღეობაზე ზრუნვა და კოლექტიური პასუხისმგებლობის აღება (ებრაელი პასუხს აგებს სხვა ებრაელზე).  “ხესედ ელიაჰუ” ხანდაზმულ ებრაელებს ეხმარება საკვებით, სამედიცინო კონსულტაციით, წამლებით, თბილი ტანსაცმლით. ხესედი ურთიერთობის სივრცეც არის.

2003 წლიდან ეთერი თანახის შემსწავლელ ებრაელ ქალთა საზოგადოების “ეც ხაიმ” (სიცოცხლის ხე) დამაარსებელი და ლექტორია.

ნიკუშა ბებერაშვილი, 22, თბილისი 

ნიკუშა ახალციხელი ებრაელების შთამომავალია. თავის ოჯახში ის ერთადერთია, ვინც ივრითს სწავლობს. საბჭოთა კავშირში, ანტისემიტური განწყობების გამო, ენას არ სწავლობდნენ, ზოგჯერ მალავდნენ კიდეც ებრაულ წარმოშობას. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში ივრითის შემსწავლელი რამდენიმე ცენტრი გაიხსნა. ნიკუშა ებრაული ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია. პროფესია ჯერ არ შეურჩევია. მუსიკა უყვარს. 

პირველად ის ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა, თუმცა გაცილებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისთვის ათდღიანი შემეცნებითი ექსკურსია ისრაელში, რომელსაც ორგანიზაცია “სოხნუთი” უწევს ორგანიზებას. სააგენტოს მიზანია დიასპორაში მცხოვრებ ებრაელებს ისრაელში გამგზავრებასა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმაროს. მოგზაურობისას მან ბევრი ებრაელი ახალგაზრდა გაიცნო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებთანაც დღემდე მეგობრობს.

ანი შათაშვილი, 23, თბილისი 

ანის ორი სამშობლო აქვს. ის ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეა. თავის ცხოვრების დიდ ნაწილს ისრაელში ატარებს. მან ქართულ-ებრაული სკოლა “ორ ავნერი” დაამთავრა თბილისში, ებრაულ ენაზე ის ცოდნის სინათლეს ნიშნავს. ივრითიც სკოლაში შეისწავლა. უმაღლესი განათლება ანიმ საქართველოში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო. დღეს ის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია.

ანი ყველა ებრაულ დღესასწაულს აღნიშნავს. მას გამორჩეულად უყვარს ხანუქის დღესასწაული. ეს დღე ახსენებს, რომ სასწაულების უნდა სჯეროდეს. ამ დღეს ებრაელები ტაძრის კერპებისგან გათავისუფლებას ზეიმობენ. ანის ოჯახის წევრები ამ დღესასწაულს ერთად აღნიშნავენ, სანთლის ანთების შემდეგ, საღამოობით ტრადიციულ ტრაპეზს მართავენ.

რაფაელ მესენგისერი, 89, სოხუმი

რაფიელ მესენგისერი ქოენია. ქოენებს ებრაელ ხალხში დიდ პატივს სცემენ. ისინი უმაღლესი სასულიერო მოღვაწეები არიან. სტატუსის გადაცემა მემკვიდრეობით ხდება, მამის ხაზით.

რაფიელ მესენგისერი სოხუმში დაიბადა და სკოლაც ოქროს მედალზე იქ დაამთავრა. ახსოვს, როგორი რთული იყო ოჯახისთვის მეორე მსოფლიო ომის წლები. მამის გარეშე დარჩენილები, შიმშილისა და სიცივის მიუხედავად, ძმებთან ერთად თორას სულ კითხულობდა და რელიგიურ კანონებსაც სწავლობდა. 

სკოლის დასრულების შემდეგ მოსკოვში წავიდა. ფერადი მეტალებისა და ოქროს ინსტიტუტში ისწავლა. პროფესიით ინჟინერ-მეტალურგია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჯერ ქუთაისში, მანქანათმშენებლობის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით კი, ფოთში, გემთმშენებლობის ქარხანაში. კარგი მუშაობისთვის დააწინაურეს და თბილისში გადმოიყვანეს. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს.

დღეს რაფიელი ებრაულ სათემო სახლში “ხესედ ელიაჰუში” მუშაობს. ის მაშგიახია, ანუ სამზარეულოში კვების სწორად მომზადების წესებს მეთვალყურეობს. “აშგახა” ებრაულ ენაზე მეთვალყურეობას ნიშნავს.

ყველა დილას ლოცვით იწყებს. დღის განმავლობაში კითხულობს თორას, თალმუდს, დავით მეფის ფსალმუნებს. საღამოს კი მაარივს, ანუ საღამოს ლოცვას. შაბათი ებრაელი ერისთვის ყველაზე წმინდა დღეა. ამ დღეს რაფიელი ყოველთვის ფეხით მიდის სინაგოგისკენ, რომ ებრაელი თემი  დალოცოს.

ქეთი ჩიქვილაძე, 31,  რუსთავი 

ქეთის დიდი ბებია რახელი და ბაბუა ბენიამინი ერთმანეთს ვილნიუსში შეხვდნენ. ბაბუა კავკასიელი ებრაელების ოჯახში დაიბადა და ქალაქი ნალჩიკიდან რელიგიური განათლების მისაღებად წავიდა. ნიჭიერი ყოფილა, კარგად სწავლობდა და ადგილობრივ რაბინს თავისი ქალიშვილი მიუთხოვებია.                                        

ქეთის ბებია  ბავშვთა სახლში იზრდებოდა, საბჭოთა იდეოლოგიით. ანტისემიტურ განწყობას სულ გრძნობდა, ამიტომ თითქმის არასოდეს ლაპარაკობდა თავის ებრაულ წარმოშობაზე. ოჯახმაც ბევრი არაფერი იცოდა. შესაბამისად, არც ქეთიმ. 16 წლამდე არ მქონდა ებრაული იდენტობაო, გვეუბნება ქეთი.  ისრაელში ათდღიანმა ექსკურსიამ ყველაფერი შეცვალა. იქ მოისმინა ებრაელ ხალხზე ისტორიები, მათ გამგზავრებაზე ისრაელში, რომელსაც “ასვლას” უწოდებენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქეთი სწავლობს ივრითს, ტრადიციებს, ისტორიას, კულტურას. ბევრი შეკითხვით ჩამოვიდა ისრაელიდან; უმეტესობაზე პასუხი უკვე იპოვა, ბევრზე დღემდე ეძებს პასუხს. 

ქეთი დღეს ებრაული სტუდენტური ორგანიზაცია “ჰილელის” აღმასრულებელი დირექტორია. თავისი ქმარი მიშაც ამ ორგანიზაციაში გაიცნო. შვილს ქეთის დიდი ბაბუის სახელი ბენიამინი დაარქვეს.

პროექტი საქართველოში ისრაელის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.

სრული  პროექტის სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია