“ამ ერთ წელში უფრო დავბერდი, ვგრძნობ, წლები როგორ მომემატა” - ხანდაზმულები პანდემიის პირისპირ

ავტორი: მარიამ ალიხანაშვილი, , ფოტოგრაფი: საბა გორგოძე
05.05.21

“მოხუცები ყველას ავიწყდება,” გვეუბნება ინგა ჩხეიძე, საქველმოქმედო ფონდი “კარიტასის” სოციალური მზრუნველობის პროგრამის მენეჯერი. თბილისში სულ ორი ორგანიზაციაა, რომელიც უფასო კვებას და სოციალურ მხარდაჭერას სთავაზობს ხანდაზმულ ადამიანებს.

ერთი წლის წინ, როცა პანდემია დაიწყო, მოხუცებმა, რომლებიც “კარიტასისა” და “კათარზისის” ხშირი სტუმრები იყვნენ, ერთადერთი იმედი დაკარგეს. ამ ორგანიზაციებმა მაშინვე ცხელი საკვებით მომარაგება დაიწყეს და სასადილოები დროებით დაკეტეს. შემოდგომაზე, როცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, მოხუცებისთვის მათ მშრალი საკვების დარიგება დაიწყეს.

მართალია, საკვებითა  და წამლებით დახმარება დიდი შეღავათი იყო მოხუცებისთვის, მაგრამ სოციალური ურთიერთობების გარეშე ძალიან გაუჭირდათ. ვეღარ ხვდებოდნენ მეგობრებს, სამაგიდო თამაშებს  ვეღარ თამაშობდნენ, სამედიცინო კონსულტაციებზეც ვეღარ დადიოდნენ.

“კარიტასში ყოველ დღე მოდიოდნენ, ზოგი შორი მანძილიდან დადიოდა ჩვენთან. დღეს კი კარის გასაღებად უჭირთ ადგომა, იზოლაციამ მათი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია,”გვიხსნის ინგა.

მაგალითად, 79 წლის მაისო გურეშიძისთვის “კარიტასი” ერთდაერთი ადგილი იყო, სადაც თბილი საჭმელი ხვდებოდა და თანატოლებს ესაუბრებოდა.

“თუ კი ვინმეს ძალიან დააკლდა აქ სიარული, მე ვარ. ჩემი სახლი აქ არის, ჩემი ოჯახიც ეს არის. ძალიან მეხმარებიან. ამ ერთ წელში უფრო დავბერდი, ვგრძნობ, წლები მომემატა,”გვეუბნება მაისო.

 

ნონა კაჭარავა, 78,  ვეტერანი, ჯილდოს მფლობელი მძღოლი

19 წლის ვიყავი, როცა მანქანის მართვა ვისწავლე. რას ვმართავდი იცით? BelAZ-ის სამოც ტონიან სატვირთო მანქანას, ენგურჰესს აშენებდნენ მაშინ. დედაჩემმა ეს ამბავი რომ გაიგო, გლოვის ნიშნად შავები ჩაიცვა. აღარ მელაპარაკებოდა. მოგვიანებით, გაზეთებში მნახა, კარგი გოგოაო იქ ამბობდნენ და შემირიგდა. მამაკაცებზე კარგად ვმართავდი მანქანას. 44 წელი ვიყავი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. ეს პერიოდი ყველაზე ბედნიერად მახსენდება. კარგი ხელფასი მქონდა, 1200 რუბლი თვეში. შემეძლო დილას ტანსაცმლის საყიდლად სხვა ქვეყანაში გავფრენილიყავი და საღამოს უკვე სახლში ვყოფილიყავი. ახლა მოვხუცდი და ყველაფერი სულ სხვანაირად არის.

ერთი გოგო მყავს და ერთი ბიჭი. ბედნიერი ოჯახი ვიყავით, თუმცა ერთ დღესაც აფხაზეთის დატოვება გვაიძულეს. სვანეთის გზით წამოვედით. საშინლად რთული იყო. მე ომშიც ვიყავი, ფეხში დამჭრეს. ექიმმა ამპუტაციას გადამარჩინა. მითხრა, რომ ტყვია რბილ ქსოვილში მქონდა მოხვედრილი და სერიოზულ დაზიანებას არ გამოიწვევდა. მართალი აღმოჩნდა, თუმცა ზამთარში ხანდახან მაინც ამტკივდება ხოლმე.  

ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ძალიან გავღარიბდით, პრაქტიკულად მშივრები ვიყავით. კათარზისის შესახებაც მაშინ გავიგეთ, ჩვენს მეზობლად იყო. სულ ვლოცავ ხოლმე მის დამფუძნებელს და ყველა მის თანამშრომელს. ძალიან თბილად მიმიღეს. 

ახლა დაკეტილია. ხანდახან შენობაც კი მენატრება. ყოველდღე დავდიოდი, დილიდან იქ ვიყავი ხოლმე. ერთად მართლა უკეთესად ვგრძნობდით თავს, კონცერტებსაც კი ვაწყობდით. დღესაც გვეხმარებიან. “კათარზისიდან” კურიერს ჩვენთვის საჭმელი მოაქვს.

ძალიან კარგი რძალი და სიძე მყავს. შვილიშვილიც  მყავს. მაგრამ მათთან ერთად არ ვცხოვრობ. ჩემთვის მშვიდად და დამოუკიდებლად ყოფნა მირჩევნია. სახლიდან წამოვედი და კარგად ვგრძნობ თავს. ეს სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობ, როგორც ომის ვეტერანს, მაჩუქეს. უკვე სამი წელია აქ ვარ. 

პენსია, ასე თუ ისე, საკმარისია. ჩემი ოჯახიც მეხმარება. “კათარზისი” საჭმელს გვიგზავნის. ვეტერანთა გაერთიანებაც მაქცევს ყურადღებას. იცით, უკვე ვიცი სად დამკრძალავენ, უფასოდ გამომიყვეს ადგილი (იცინის). როგორც ვეტერანი, წამლებსაც შეღავათიან ფასში ვყიდულობ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ მაინც არ ვწუწუნებ. 

სახსრები მაწუხებს, ვკოჭლობ ხოლმე, მაგრამ არაფრისაც არ მეშინია, არც კორონავირუსის, სხვათაშორის. გულწრფელად ვამბობ. ძლიერი იმუნიტეტი მაქვს. თუმცა, ბოლო ერთი წელი ნამდვილად ყველასთვის  რთული იყო.

 

გიორგი ჩიტეიშვილი, 95, ვეტერანი

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ჯარში რომ გამიწვიეს. უკრაინაში, ქალაქ ქერჩში ვიბრძოდი. ფეხში დამჭრეს. 1947 წელს ბათუმში გამაგზავნეს კომენდატურაში. იქ ერთი წელი ვიმუშავე. მალევე შემომთავაზეს უფრო გრძელვადიანი სამუშაო, მაგრამ სამხედრო სამსახურში ყოფნა აღარ მინდოდა. 1949 წელს ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავაბარე, ძირითად სპეციალობად გეოგრაფია ავირჩიე. შემდეგ სტუდენტთა საბჭოში ამირჩიეს და როგორც შემეძლო ვეხმარებოდი სტუდენტებს. აბაშაში სკოლის მასწავლებლად ვიმუშავე, მერე ამავე სკოლის დირექტორი გავხდი.

ცოლი და უფროსი ვაჟი გარდამეცვალა. 83 წლის იყო ჩემი მეუღლე. ხშირად მიფიქრია, ნეტავ მის ნაცვლად მე მომვკდარიყავი-მეთქი. დღე არ გავა, არ გამახსენდეს. 60 წელი ვიცხოვრეთ ერთად. 

ახლა მარტო არ ვარ, ჩემი შვილია ჩემთან, 62 წლისაა. კორონა ვირუსის გამო თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება მოუწია. ძალიან ვცდილობ, სხვებს არ ვთხოვო დახმარება. რაც მაქვს, საკმარისია ჩემთვის.

ჩემი ფული მთლიანად მედიკამენტებზე მეხარჯება. გულით ავადმყოფი ვარ. მკერდი მაქვს მოკვეთილი, სიმსივნე მქონდა. გუშინ მაგალითად, ანალიზები ავიღე და 14 ლარი გადავიხადე. აქ რასაც ხედავთ ექიმის დანიშნული წამლებია, ერთი კვირის სამყოფი გამომიწერე-მეთქი ექიმს ვთხოვე და ფასდაკლებით, 60 ლარი მიანგარიშეს. ვერ ვიყიდე. როგორ ვიყიდიდი, ჭამაც ხომ მინდა? პენსიას როცა ავიღებ, წამლებს მაშინ ვიყიდი.

“კათარზისში” ყოველდღე დავდიოდი. ძალიან კარგი ხალხია იქ. ზოგი პროფესორია, ზოგი აკადემიკოსი, ზოგი ექიმი, ზოგი ვეტერანი და კიდევ ბევრი სხვა, რომელსაც გაუჭირდა. კარგი პირობებია. ახლა დაკეტილია. პანდემია როგორც დაიწყო, საჭმლის სახლში დარიგება დაიწყეს. სიტუაცია როცა გაუარესდა და ინფიცირებულთა რიცხცი ათასობით გაიზარდა, თვეში ერთხელ  მშრალი საკვების დარიგებაზე გადავიდნენ. 

“კათარზისში” მისვლა არ მიჭირდა, ავტობუსით დავდიოდი ყოველდღე. უკან გზაზე, მარჯანიშვილის მეტრომდე ფეხით მოვსეირნობდით ხოლმე ერთად. კარგია ჯანმრთელობისთვის ფეხით სიარული. დღეს მხოლოდ ტელეფონით ვკითხულობთ ერთმანეთს. 

 

მანანა ზაზიკაშვილი, 83, პოეტი, მასწავლებელი

პირველ მარტს 83 წლის გავხდი. წარმოშობით ხაშურიდან ვარ. მძიმე ბავშვობა მქონდა. როცა საკმარისი საჭმელი არ გვქონდა ხოლმე სახლში, ვსივდებოდი, ფეხები მიშუპდებოდა. ზოგჯერ ახლაც მემართება. კარგი ქმარი არ შემხვდა. ერთხელაც 70 რუბლი მივეცი და ვუთხარი, სამუდამოდ წადი-მეთქი. ორი შვილი (გოგო და ბიჭი) მარტომ გავზარდე.

დღეს ამ პატარა სივრცეში ვცხოვრობთ ყველა. ოჯახის ექვსივე წევრი აქ ვართ რეგისტრირებული: მე, ჩემი შვილი, მისი სამი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი. ყველა ვერც ვეტევით, ამიტომ აქვე ახლოს პატარა ბინა იქირავეს. 

ვორონცოვზე მქონდა სახლი. ჩემი შვილის ოჯახს სასწრაფოდ ფული დასჭირდა და გაყიდვა მომიწია. დარჩენილი ფულით მხოლოდ ეს პატარა ოთახი მომივიდა და აქ გადმოვედი. ჩემი სიძე ავად გახდა, სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობისთვის საჭირო ფული რომ შეეგროვებინათ, თავიანთი სამოთახიანი ბინა გაყიდეს და უსახლკაროდ დარჩნენ. მაინც ვერ გადაარჩინეს. მკურნალობის დაწყებიდან მალევე გარდაიცვალა. ჩემი შვილი თავის შვილებთან ერთად აქ გადმოვიდა. მერიას ვთხოვე, ერთი ოთახი მაინც დაემატებინა, მაგრამ ჯერჯერობით არავის არაფერი შემოუთავაზებია. 

ცოტა ხნის წინ ცუდად გავხდი, სუნთქვა ძალიან მიჭირდა. მთელი ღამე ვიჯექი, ვერ დავიძინე. სასწრაფო დახმარება გამოვიძახეთ და საავადმყოფოში გადამიყვანეს. 5 დღის შემდეგ უკეთ ვიყავი და სახლში გამომწერეს. მოვედი და იგივე პირობები დამხვდა: ბევრი ხალხი, არასაკმარისი ჟანგბადი, სივიწროვე…

ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია ეს. განსაკუთრებით კი, მწერლისთვის. არც სკამები გვაქვს, არც მაგიდა… რასაც ვერ გამოიყენებდნენ, ყველაფერი გადაყარეს. მარტო რომ ვცხოვრობდი, გავლა მაინც შემეძლო...გეფიცებით, ძალიან რთულია…

“კათარზისი” კურიერის დახმარებით გამზადებულ საჭმელს გვიგზავნიდა. ახლა კვირაში ერთხელ მხოლოდ პროდუქტი მოაქვთ. “კათარზისი” ძალიან დიდი შვება იყო ჩემთვის, არა მარტო ფინანსურად. ყოველდღე დავდიოდი.

ჩემი ლექსების კრებული “ათინათში” იბეჭდებოდა. სხვა გაზეთებშიც, სხვათაშორის. “კათარზისიც” გამოსცემს გაზეთს  “აისიდან დაისამდე” და მათაც დამიბეჭდეს ლექსები.  

ჩემი ავტორობით ორი მოთხრობა და რამდენიმე ლექსი დღეს საჯარო სკოლებში ისწავლება. პირველი და მეორე კლასის მოსწავლეების სასწავლო გეგმაშია შეყვანილი. ერთ-ერთი ჩემი ლექსი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამაც დაბეჭდა და 50 ლარი გადამიხადეს ჰონორარი. ჩემს ანგარიშზე ჩამირიცხეს. ამის გამო, სოციალურ სამსახურში მითხრეს, რომ ყოველთვიურად, 60 ლარის ნაცვლად, 30 ლარს მივიღებდი. 

ჩემი შვილიშვილი ექვსი წლისაა. მასაც დავუწერე პოემა, 70 ლარი გადავიხადე რომ დაებეჭდათ. ილუსტრაციებად  ჩემი ნახატები გამოიყენეს. პენსიას სულ ჩემი წიგნების გამოცემაში ვიხდი. ჩემი შვილი ამის გამო ხშირად მსაყვედურობს და მეუბნება, რომ ფულს ვფლანგავ.

 

დიანოზ გობეჯიშვილი, 90

სვეტლანა თეიმურაზოვა, 74

სამკერვალო ატელიეს ვხელმძღვანელობდი 60 წელი.

დღეს ჩემი შემოსავალი მხოლოდ ჩემი პენსიაა.  ქალიშვილიც მეხმარება ცოტას. ყველაზე მეტად მაინც “კარიტასი” (საქველმოქმედო ფონდი). 

50 წლის ბიჭი გარდამეცვალა. სამხედრო მოსამსახურე იყო, გენერალი. ცოლი და შვილი დარჩა. ჩემი შვილიშვილი ახლა უკვე 30 წლისაა. ჭკვიანი და წარმატებული ბიჭია. ერთი ქალიშვილი თავის შვილთან ერთად ბელგიაში ცხოვრობს. ძალიან მენატრებიან. მეორე ქალიშვილი საქართველოშია. ახლა მის ოჯახს რთული პერიოდი აქვს და არ მინდა შევაწუხო. ხშირად მეკითხება, რა მჭირდება, რა მიყიდოს, რა მომიტანოს, მაგრამ სულ ვცდილობ, არაფერი ვთხოვო. რაც გვაქვს, ის ვიმყოფინოთ. ჩემი და ჩემი ცოლის პენსიით და კიდევ, “კარიტასის” დახმარებით ამას როგორღაც ვახერხებთ. 

ყველა იმ წამალს, რომელიც გვჭირდება, ვერ ვყიდულობთ. ამ წელს მთავრობამ სამი თვის კომუნალური გადასახადი დაგვიფარა და დიდი შეღავათი იყო. გაზაფხულზე ეს დახმარება შეგვიწყდება და ალბათ, გაგვიჭირდება.

პანდემიამდე “კარიტასში” დავდიოდით. ახლა თვეში ორჯერ პროდუქტების მარაგს გვიგზავნიან.  ვერც წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ეს დახმარება. სულ მზად არიან მხარდაჭერისთვის. ორგანიზაციამ თვითონ გვიპოვა. დაგვირეკეს და დახმარება შემოგვთავაზეს. მახსოვს, როგორ გამიკვირდა თავიდან. სამი წელი გავიდა უკვე. 

პანდემიამ ძალიან გაგვირთულა ცხოვრება. ვერც ძმისშვილები და ვერც შვილიშვილები ვეღარ მოდიან, ჩვენც ვერსად გავდივართ. სულ ის გვესმის, რომ მოხუცებისთვის ეს ვირუსი განსაკუთრებით საშიშია, ამიტომ ფრთხილად ვართ. 

ძალიან კარგი ცოლი მყავდა, 67 წლის იყო, ინსულტით რომ გარდაიცვალა. არც მიფქრია, თუ კიდევ მოვიყვანდი ცოლს. სვეტლანა “კათარზისში” გავიცანი. “კარიტასამდე” იქ დავდიოდით. ძალიან იღბლიანი ვყოფილვარ მას რომ შევხვდი.

ერთი წელი ჩემს სასიყვარულო წერილებს უარით პასუხობდა. მერე ახალი წლის სამზადისში დახმარება ვთხოვე და ჩემთან დავპატიჟე. მოვიდა და ნახა, რომ არ ვიყავი ცუდი ბიჭი. მაშინვე გამომიტყდა, რომ მასაც მოვწონდი. ოთხი წელია უკვე ერთად ვცხოვრობთ.

დიანოზი: გახსოვს, რა გითხარი პირველად რომ ერთმანეთს შევხვდით?

სვეტლანა: კი, მახსოვს - შენი თვალები მზის სხივებივით ანათებსო.

 

70 წლის ასაკში პირველად შემიყვარდა.

ჩემთვის ის პირველი და უკანასკნელი სიყვარულია. ჩემი სხეულის ნაწილია. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ გავთხოვდებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი ცხოვრება თავისუფალი ვიქნებოდი. ჩემი და გათხოვდა და მისი ორი ვაჟი, როგორც საკუთარი ისე გავზარდე. ბედნიერებისთვის ეს საკმარისი მეგონა, თუმცა მართალია, როცა ამბობენ, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება.

რა არის ადამიანის ცხოვრება, თუ ის მარტოა? სიმარტოვეში არ არის ბედნიერება. ზოგჯერ შუაღამისას, დიანოზს ეღვიძება, თუ მეც მღვიძავს, ცოტას ვილაპარაკებთ და მერე ერთად ჩაგვეძინება ხოლმე. ბედნიერებაა ერთმანეთი რომ გვყავს.

 

ტატიანა სოსანაშვილი, 71, მუსიკის მასწავლებელი

მუსიკალური სკოლა დავამთავრე, მუსიკის მასწავლებელი ვარ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩავაბარე, მაგრამ იმავე წელს გავთხოვდი. პირველი შვილი მალევე მეყოლა, მერე მეორეც გავაჩინე და ვეღარ შევძელი სწავლის დასრულება. თან ჩემი ქმარი ძალიან ეჭვიანი იყო. მე 18 წლის ვიყავი, ის ჩემზე 15 წლით უფროსი. დიდხანს აღარ გვიცხოვრია ერთად, დავშორდით.

ბევრი წელი მუსიკალურ  სკოლა-პანსიონში ვასწავლიდი ლოტკინზე. სახლშიც ვამეცადინებდი მოსწავლეებს, მაგრამ მერე შევწყვიტე.

ორი ქალიშვილი მყავს, შვილიშვილებიც, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ. ერთი შვილი რუსეთშია, არასოდეს მირეკავს, არც ტელეფონით და არც ინტერნეტით. არც მეორე შვილი მელაპარაკება. ვერ მაპატია, რომ მისი არჩევანი არ მოვიწონე. მე სხვანაირად გამზარდეს. ჩემი სიძე ჩემს შვილზე ბევრად უმცროსია. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ, მაგრამ ერთმანეთს არ ველაპარაკებით.

არადა, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია. ბედნიერი ვარ, როცა ვინმეს ვჭირდები. სიხარულით დავეხმარები ყველას, რითიც შემიძლია. ბევრს უტკენია გული, მაგრამ ვისწავლე, როგორ არ უნდა მივაქციო ყურადღება.

სამსახურის გარეშე რომ დავრჩი, ჩემმა მეგობარმა “კარიტასში” წამიყვანა. ჩემი ისტორია რომ მოისმინეს, მიმიღეს, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ძალიან მადლობელი ვარ. პანდემიის დროს პროდუქტების მარაგი და ჰიგიენური საშუალებები მოჰქონდათ. წამლებსაც ყიდულობდნენ. 

ძალიან ძნელია ჩემთვის სახლში გამოკეტვა. “კარიტასში” ყოველდღე დავდიოდი. ცხოვრებისთვის კარგი მოტივაცია იყო. ხალხს ვნახულობდი, ეზოში ვისხედით და ვლაპარაკობდით. რაღაც პერიოდი დღის ცენტრშიც დავდიოდი, ფორტეპიანოს ვუკრავდით. მოხუცებისთვის შესანიშნავი ადგილია, მოკლედ. 

კორონავირუსიც გადავიტანე. არჩევნების დროს საარჩევნო კომისიაში ვიმუშავე. ყველა რეგულაციას ვიცავდი, მაგრამ მაინც დავინფიცირდი. სახსრების ტკივილით დამეწყო. მოგვიანებით, ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დავკარგე და მაღალი სიცხეც მქონდა. ავიღე ტესტი და დამიდასტურდა ვირუსი. სახლში მარტო ვიყავი, ცოტა მეშინოდა. გარდაცვალების იმდენი შემთხვევა მესმოდა, მაგრამ ბოლოს ვიფიქრე, თუ მაინც უნდა მოვკვდე, სახლში სიკვდილი მირჩევნია-მეთქი. რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ სრულად ვერ გამოვჯანმრთელდი, ჯერ კიდევ სუსტად ვარ.

 

მაისო გურეშიძე, 79, მასწავლებელი, მეთოდისტი

ჩემი ქმარი სამი წლის წინ გარდაიცვალა, ერთი წელი ლოგინად ჩავარდნილს ვუვლიდი. სახლიდან გამომასახლეს. ამ ოთახის გვერდით იყო ჩემი სახლი. კიდევ ორი ოთახი მეკუთვნოდა პირველ სართულზე, მაგრამ ყველაფერი დავკარგე. ნაწილი თაღლითმა წაიღო, ნაწილი ბანკმა. იპოთეკით დავტვირთე, ფული მჭირდებოდა, რომ ჩემი დისშვილი ციხიდან გამომეყვანა.

სადაც ახლა ვარ, ეს საერთო ოთახი იყო, სამივე ოჯახი სამზარეულოდ ვიყენებდით. ჩემი მეზობლების მადლობელი ვარ, რომ ქუჩაში არ დამტოვეს და ეს დამითმეს. ისე, რეგისტრირებული არსად არ ვარ, თითქოს არც ვარსებობ. 

გვიან გავთხოვდი. სულ სწავლასა და კარიერაზე ვფიქრობდი. სამი სპეციალობა მაქვს, მაგისტრის ხარისხიც. აღარც მეგონა ოჯახს თუ შევქმნიდი. 40 წლის ვიყავი ჩემს მომავალ მეუღლეს რომ შევხვდი. ქობულეთში ვისვენებდით ორივე.

მხოლოდ ჩემი სახელი იცოდა და კიდევ ის, რომ ქართული ენის მასწავლებლად ვმუშაობდი კახეთში, სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში. წარმოშობით კახეთიდან ვარ. ერთ დღესაც სკოლაში მომაკითხა, ძალიან გაკვირვებული კი ვუყურებდი. ელეგანტური იყო. მოკლედ, 45 წლის მომხიბვლელ და განათლებულ კაცზე ვიქორწინე. 40 წელი ვიცხოვრეთ ერთად. არასოდეს დავუდანაშაულებივარ, რომ მისი სახლი ჩემ გამო წაგვართვეს. 

ძალიან მიყვარდა წერაც და კითხვაც. ახლა ვეღარ ვხედავ. როცა მხოლოდ ჩემი პენსიის იმედად დავრჩი, ამ საოცარ ადგილას დავიწყე სიარული. თუკი ვინმეს ძალიან დააკლდა “კარიტასი”, მე ვარ. ჩემი სახლია ფაქტობრივად. ძალიან დამეხმარნენ. ახლაც კი გვიგზავნიან პროდუქტებს, მაგრამ გაზქურა არ მაქვს, რომ საჭმელი მოვამზადო. დილიდან საღამომდე იქ ვიყავი ხოლმე.

თეატრის დასის წევრიც ვიყავი და სპექტაკლებში ვთამაშობდი. რაც “კარიტასი” დაიკეტა, უფრო დავბერდი. სარკეში ჩახედვაც აღარ მინდა.

მთლიანი პენსია 2005 წლიდან არ ამიღია. 2023 წლამდე ბანკში სესხი უნდა ვიხადო. ნეტა, იქამდე თუ ვიცოცხლებ საერთოდ. მე ისედაც ვალში ვარ ჩემს ქვეყანასთან, რომ შვილი ვერ გავუჩინე, ამიტომ ამ ვალის დატოვებაც არ მინდა. 


ისტორია მომზადდა „ფრიდრიხ ებერტის ფონდის” სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს. 

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია