ხვალინდელი სიმღერა

ავტორი: მანო სვანიძე

28.04.17
ეს ამბავი არის ორ ოციოდე წლის ქალზე—მწერალსა და სექს მუშაკზე. ერთი ლიტერატურითაა გატაცებული, მეორე, კი კულინარიით. ერთი თავისი პირველი რომანის გამოქვეყნებაზე ოცნობებს, მეორე—მოხუცთა თავშესაფრის გახსნაზე.
 
სესილი და ნატა—22 წლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელსაც ყველა თორნიკედ მოიხსენიებს, და 25 წლის სექსმუშაკი, რომელიც უკვე 10 წელია მარტო ცხოვრობს, იმის მიუხედავად, რომ თავისი გენდერული იდენტობის გამო ოჯახთან კონფლიქტი არასდროს მოსვლია.
 
სავარაუდოდ, ორი დაახლოებით ერთი და იმავე ასაკისა და ერთ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალის ცხოვრება ძალიან უნდა ჰგავდეს ერთმანეთს. მაგრამ მათი ისტორიები, ისევე როგორც მათი ოცნებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

სესილი

თავის გენდერულ იდენტობაზე სესილი მხოლოდ რამდენიმე მეგობართან საუბრობს. დანარჩენები მას თორნიკედ იცნობენ. ცოტა ხნის წინ მან თავის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მხოლოდ ის გაუმხილა, რომ ბიჭები მოსწონს.

სესილი ახალგაზრდა მწერალია, რომლის პერსონაჟებს შეუმჩნეველი ბრძოლისუნარიანობა და ბედნიერებისკენ გაუცნობიერებელი სწრაფვა აერთიანებთ.  ამჟამად სესილი მუშაობს თავის პირველ წიგნზე, რომელსაც პირობითად „სარკის მიღმა“ ჰქვია. მასში მოთხორბილია ერთი ტრანსგენდერი ქალის ამბავი—საკუთარ თავში სხვა პიროვნების აღმოჩენა და თვითტრანსფორმაცია. ის აღწერს ტრანსგენდერი ქალის სექსუალურ გამოცდილებებსა და, ზოგადად, მის ურთიერთობას გარე სამყაროსთან. წიგნი პირად გამოცდილებას ეფუძნება. „სარკის მიღმა“ ახლო მეგობრების გარდა ჯერ არავის წაუკითხავს, თუმცა სესილს იმედი აქვს, რომ მალე წიგნად გამოსცემს.

სესილი თბილისში გაიზარდა. ოცნებობს, გახდეს დამოუკიდებელი და თავისი მშობლების სახლიდან საცხოვრებლად გადავიდეს მარტო, საზღვარგარეთ, სადაც თავისი გენდერული იდენტობის დამალვა აღარ მოუწევს. იქ ბედს ჟურნალისტიკაში სცდიდა და სოციალურ საკითხებზე დაწერდა სტატიებს.

“მთელი ჩემი ცხოვრება ოცნებაა”,—ამბობს სესილი. პატარა ყოველდღიური საქმე თუ რიტუალები, რომლებიც ტიპიურად “ქალურად” აღიქმება, არის ის რაც მას ბედნიერებას ანიჭებს. სწორედ მაშინ შეუძლია შეწყვიტოს ოცნება და უბრალოდ იყოს სესილი.

„ბავშვობიდან მომწონდა დედაჩემის შუბები, ქუსლიანი ფეხსაცმელი, მძივები და მსგავსი რამეები.  მაგრამ, როცა ბავშვი ხარ, არ იცი ეს ნორმალურია თუ არანორმალური. უბრალოდ შენია და მორჩა. სოციუმი გამუდმებით გიტენის თავში იმას, თუ რა არის სწორი და რა არასწორი, რა ქალური და რა კაცური. პრობლემებიც მაშინ ჩნდება, როცა აღმოაჩენ რომ ვინც ხარ, თურმე არასწორია”.

„ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ამორალური არსება და შეცდომა ვარ. ხშირად  მქონდა ფიქრები, რომ მოდი აბა იქნებ უფრო ნორმალური გავხდე, იქნებ ნაკლებად ვიფიქრო ამაზე, იქნებ რაც უფრო ნაკლებად ვიფიქრებ, უფრო ნაკლებად ვიქნები ესეთი და იქნებ გამოვსწორდე და ასე შემდეგ. დიდი ძალა და დრო დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი გადამელახა.  თვითმკვლელობაზე არ მიფიქრია, ალბათ ამის მიზეზი ის იყო, რომ მიუხედავად ჩემი შინაგანი ბუნებისა, ყოველთვის ვიქცეოდი იქიდან გამომდინარე, რა ბიოლოგიური სქესიც მაქვს. მე რომ გამოხატულების კუთხით უფრო მეტად ფემინური ვყოფლიყავი, დარწმუნებული ვარ, რომ  მიმღებლობაც გაცილებით დაბალი იქნებოდა.  უფრო თვალში მოვეჩხირებოდი ადამიანებს და შესაბამისად რეაქციებიც უფრო მწვავე იქნებოდა“.

„ჩემს ცხოვრებაში, ყოველდროურობაში, მაბედნიერებს, მაგალითად, ჭურჭლის რეცხვა. ჭურჭლის რეცხვის დროს ჩემს თავს აღვიქვამ როგორც სესილის და ასეთ დროს ბედნიერებისა და თავისუფლების მცირე დოზას ვგრძნობ ხოლმე. ნებისმიერი ისეთი საქმის კეთება მაბედნიერებს, რომელიც შაბლონურად ქალის საქმეა”.

„ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს, როგორც სესილის—როგორ ვზივარ ხალათით, გრძელ თმებში, ჩემთვის, მყუდროდ, წყნარად, როგორ ვწერ და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ოცნებაა. ყოველთვის და ყველგან ვოცნებობ. წარმოვიდგენ ხოლმე როგორ ვიღვიძებ, ჯინსის შარვალზე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ, თავზე თავშალს ვიგდებ, პომადას ვისვამ, ქუჩაში გავდივარ და ზედმეტად არავინ მიყურებს”.

„სიმართლე გითხრა, ძალიან მეშინია. არც ერთი ჩემი პარტნიორისთვის არ გამიმხელია ჩემი გენდერული იდენტობა ...
„სიმართლე გითხრა, ძალიან მეშინია. არც ერთი ჩემი პარტნიორისთვის არ გამიმხელია ჩემი გენდერული იდენტობა. მეშინია. ჩემი ბიოლოგიური სქესიდან გამომდინარე, ვარ მამრი, რომელსაც მოსწონს კაცები. შესაბამისად, ვარ გეი მამაკაცი. ვინმეს რომ ვუთხრა, იცი რა, კაცი კი ვარ ბიოლოგიურად და კაცები კი მომწონს, მაგრამ თავს ქალად ვგრძნობ, დიდი შანსია, უბრალოდ აღარ მოუნდეს ჩემთან ურთიერთობა. არ ვიცი, ვიპოვი, თუ არა ისეთ ადამიანს, ვინც ისეთად მიმიღებს, როგორიც ვარ.”

ნატა

ნატას საოცარად პოზიტიური და გადამდები ენერგია აქვს. მისი ცხოვრება და აქტივიზმი ერთმანეთისგან განუყოფელია. ტრანსგენდერებისა და სექსმუშაკთა უფლებებზე მედიაშიაც ვრცლად უსაუბრია. სექსმუშაკად მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც მზარეულის სამსახური დაკარგა. ეს არ იყო თავისუფალი არჩევანი—თავისი გენდერული იდენტობის გამო  ბევრჯერ გაისტუმრეს უარით სხვადასხვა ვაკანსიაზე. ამიტომაც, ბოლოს, სექსმუშაკობა არჩია “შიმშილსა” და “მათხოვრობას”.

ნატას სახლში არასდროს უგვრძვნია ის წნეხი, რომელსაც გარეთ განიცდის. იმერეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში მას მოსიყვარულე ბებია-ბაბუა ზრდიდა. 14 წლისას, ბებიის გარდაცვალების შემდეგ, ნატა ყველაზე დიდი მოკავშირისა და დამცველის გარეშე დარჩა. ბავშვობაში ბებიის მძივებსა თუ მანტოში გამოწყობილს, არასდროს ეშინოდა ქუჩაში გასვლა, რადგან იცოდა, რომ სახლში ჰყავდა ბებია, რომელიც კბილებით დაიცავდა ყველასგან და ყველაფრისგან.

ცოტა ხნის წინ ნატამ და მისმა მეგობრებმა ახალი ბინა იქირავეს თბილისში, მას შემდეგ, რაც მოახერხეს ისეთი ბინის მეპატრონე ეპოვათ, რომელიც მათ მდგუმრებად მიიღებდა. საყვარელ და სანდომიან მეგობრებთან ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ნატასთვის. მას საქართველოს დატოვება მაინცდამაინც არ სურს.

ნატას ოცნებობს, გახსნას მოხუცთა თავშესაფარი, რადგან ფიქრობს, რომ სწორედ ხანდაზმულებს სჭირდებათ ყველაზე მეტი სიყვარული და სითბო. სახლი ქალაქგარეთ იქნებოდა, ყველას უფასოდ მიიღებდა და ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს შეუქმნიდა. ნატაც ერთერთ მომვლელად იმუშავებდა.

„ბედნიერებას მაშინ ვგრძნობ ხოლმე, როცა ჩემთვის რომელი ძვირფასი ადამიანი უცებ მწერს, რომ ვუყვარვარ. მყოფნის მთელი დღე გაბადრულმა ვიარო. მიხარია ხოლმე, როცა ვიღაცას ვუყვარვარ.  მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ვუყვარვარ. ეზოში ძაღლებსაც კი ვუყვარვარ, გაჩერებაზე 30 ძაღლი მაცილებს ხოლმე”.

„მინდა რომ მოხუცებმა სრულ კომფორტში იცხოვრონ. ყველაფერი ჰქონდეთ, რაც სჭირდებათ და სიყვარული არ მოაკლდეთ. მოხუცებს არ შეუძლიათ თავიანთ თავებს ახალი შანსები მისცენ და თავიდან დაიწყონ ცხოვრება. ამიტომ მათ განსაკუთრებული სიყვარული სჭირდებათ. ჩემი თავშესაფარი იქნება ღია ყველასთვის, ვისაც ჩემი შეღებილი თვალები არ შეაწუხებს”.

„მახსოვს, მიმტანად მინდოდა ერთ ადგილას მუშაობის დაწყება და გასაუბრებაზე ისე დამცინეს, აღარც მიფიქრია იქ მეორედ მისვლაზე. სამი წელია, რაც სექსმუშაკად ვმუშაობ. პარალელურად კულინარიის შესწავლა დავიწყე. საღამოს სექსმუშაკად ვმუშაობდი და დღის განმავლობაში სასწავლებელში დავდიოდი. საკმაოდ წარმატებული მოსწავლე ვიყავი. წელიწადნახევარი სამზარეულოშიც კი ვმუშაობდი, სანამ კონტრაქტი არ შემიჩერეს, ისიც ჩემი გენდერული იდენტობის გამო. როცა მზარეულად ვმუშაობდი, იმ დროს სექსმუშაკობა აღარ მიწევდა, მაგრამ სამსახურის დაკარგვის შემდეგ, ქუჩაში დარჩენას და შიმშილით სიკვდილს მერჩივნა, სექსმუშაკი ვყოფილიყავი”.

„სექსმუშაკობა, რა თქმა უნდა, დიდ საფრთხესთან არის დაკავშირებული, იქნება ეს ჯანმრთელობა, თუ ფიზიკური საფრთხე.  ნებისმიერ დროს შეიძლება თავს დაგესხას ვიღაც, კაიფში, მთვრალი თუ უბრალოდ ცუდ ხასიათზე მყოფი. ხშირად მამტყუნებენ ხოლმე ამ სამუშაოს გამო. უთქვამთ - „გემათხოვრა!“ „ჩემთვის გეთხოვა“.  მაგრამ რამდენი ხანი უნდა მეთხოვა სხვისთვის. სუნელების გამყიდველადაც კი ვიმუშავე, მაგრამ არ გამოდგა მომგებიანი. სამსახურს რომ ვკარგავ, აღარ ვნერვიულობ. ვიცი, რომ ასეთ დროს სექსმუშაკად შემიძლია ვიმუშაო. ეს ის სამსახურია, რომლიდანაც ვერავინ გამომადგებს”.

„როცა ქუჩაში მამაკაცურად ჩაცმული დავდივარ, პრობლემები არ მექმნება, თუმცა უარყოფითი რეპლიკები ხშირად ...
„როცა ქუჩაში მამაკაცურად ჩაცმული დავდივარ, პრობლემები არ მექმნება, თუმცა უარყოფითი რეპლიკები ხშირად მესმის ხოლმე. იშვიათად, მაგრამ არის თავდასხმებიც. ხშირად ხდება ისეც, რომ პირადი ინტერესი ამოძრავებთ კონკრეტული ტრანსგენდერის მიმართ. როგორც წესი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ არაფერი დაგიშავებია. მთავარია, ტრანსგენდერი ხარ, და ამიტომაც გირტყამენ”.
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია