ცოცხალი არქივი - ხელოვნური ინტელექტი ქორეოგრაფიაში

ავტორი: სალომე ჯიშკარიანი
09.06.21

დღეს ციფრული პროგრამები დამოუკიდებლად ქმნიან ორიგინალურ ნამუშევრებს, მათ უკვე ცეკვის ახალი მოძრაობების პროგნოზირებაც კი შეუძლიათ. არადა, შემოქმედებითობა ყოველთვის კაცობრიობის განსაკუთრებულ და უნიკალურ შესაძლებლობებს უკავშირდებოდა. საინტერესოა, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში?  საერთოდ, თუ შეგვიძლია ნამუშევარს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის, ხელოვნება ვუწოდოთ? რა როლი აქვს მას შემოქმედებით პროცესში? რა მომავალი აქვს მას ხელოვნებაში?

თანამედროვე მეცნიერები მიიჩნევენ, რომ შემოქმედებითი საქმე მისტიური პროცესი კი არ არის, რომელიც მეცნიერული კვლევების მიღმაა, არამედ ის იმიტაციის, დაკვირვების, შემეცნების შედეგად იქმნება. მოკლედ, ტექნიკური თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის მიერ შექმნილ ნამუშევრებს შორის, მკვეთრი განსხვავება არ არის. გარკვეული რაოდენობის მონაცემების დამუშავების შემდეგ, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი და ორიგინალური ფორმების შექმნა. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოქმედებით პროცესში, ხელოვანებისთვის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დამხმარე იარაღი კი აღარ არის, არამედ დამოუკიდებელი კონტრიბუტორია. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიცით, რომ მუშაობისას მხოლოდ საბოლოო შედეგი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ თავად შექმნის, კომპოზიციის აგების, დრამატურგიის, რეპრეზენტაციის მთელი პროცესია გასათვალისწინებელი. რადგან ამის უნარი ხელოვნურ ინტელექტს არ აქვს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შემქმნელის უპირატესობა ადამიანს არ დაუკარგავს. 

მონაცემების დამუშავების შედეგად ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სრულიად ახალი ნამუშევრების შექმნა, თუმცა, ერთი კითხვა მაინც ღიად რჩება: სად არის უკუკავშირი, ადამიანის ემოციური რეაქციის შედეგი?

შემოქმედებითი პროცესი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ფაქტების რაციონალური ანალიზი. ის ირაციონალურ პასუხსაც გულისხმობს რაიმე მოვლენაზე, ღონისძიებაზე, მოსაზრებაზე. ინტუიციაც საჭიროა... როგორ შეიძლება, ეს მხოლოდ ალგორითმა შექმნას?

მაგალითისთვის, ქორეოგრაფია ავიღოთ. ის ცეკვის მოძრაობებს, მათ მიმდევრობას ავითარებს - ცოცხალი სხეულის მოძრაობებს სწავლობს. ეს მოძრაობები ხან სპონტანურად იქმნება, ხან წინასწარ ირჩევა. ამ პროცესში კი, ემოციურის გარდა, ფიზიკური კავშირიც მნიშვნელოვანია. 

ქორეოგრაფიაში, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ცეკვის სფეროში, განსხვავებული ტექნიკები არსებობს. მათ ყველას ერთი ფუნდამენტური მიზანი აერთიანებთ: სხეულის პლასტიურობის დახვეწა წარმოსახვის, ექსპერიმენტებისა და ვარჯიშის საშუალებით. ზოგიერთი ეს ტექნიკა შეისწავლის სხეულებს შორის მიმართებებს და ამას შეხების, ინფორმაციის გაცვლის გზით აღწევს. ამ პრაქტიკას ფიზიკური კავშირი წარმოშობს, რომელიც სხეულის მოძრაობებში გამოიხატება. როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ამის გამეორება? ან მათი დახმარებით ახალი, ორიგინალური მოძრაობების შექმნა?

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქორეოგრაფი უეინ მაკგრეგორი Google-ის ხელოვნებისა და კულტურის ლაბორატორიასთან თანამშრომლობდა, რომ ეს ინოვაციური მიდგომა პრაქტიკაში გამოეცადა. პროექტის მიმდინარეობისას, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ისეთი ხელსაწყო შეიქმნა, რომელმაც ქორეოგრაფის ათასობით ვიდეო დაამუშავა და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სრულიად ახალი და განსხვავებული მოძრაობები იწინასწარმეტყველა. საბოლოოდ, ამ მოძრაობებით უეინმა შექმნა პერფორმანსი, რომელსაც “ცოცხალი არქივი” უწოდა.

გარდა იმისა, რომ პროგრამამ უეინ მაკგრეგორის ცეკვის დადგმების ასობით ვიდეო დაამუშავა და შეისწავლა, დეველოპერებმა სისტემისთვის დამატებით მასალაც შექმნეს, რომელსაც ზუსტად შეეძლო ამ დასის 10 მოცეკვავის სხეულის მოძრაობის ტექნიკა და ხელწერა გაემეორებინა.

თვითონ ქორეოგრაფიც გაოცებული იყო ამ შედეგით და ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც Google-ის ხელოვნებისა და კულტურის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, ამბობს: 

“რაღაც თვალსაზრისით, შეგიძლიათ ერთი დიდი ზომის ატლასი წარმოიდგინოთ,  რომელიც საშუალებას გაძლევთ ჰორიზონტზე ნებისმიერი ახალი მოძრაობა დაამატოთ ან სხეულის მოძრაობები სურვილისამებრ ცვალოთ. ამ გზით სხეულის ისეთ ინტერპრეტაციებს ხედავთ, რომლებსაც მანამდე ვერასოდეს შეამჩნევდით.  ჩემი აზრით, ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ბრწყინვალე შესაძლებლობა, როცა ის ახალი, ორიგინალური იდეების  დაბადებისკენ გიბიძგებს. “

ჯაკობ ო’კონელი და ეილეიჰ მუირი, ვეინ მაკგრეგორის სტუდიის მოცეკვავეები არიან.  პროგრამასთან თავიანთ გამოცდილებას საინტერესო სიახლედ აფასებენ.

ცოცხალი არქივი”-ი ძალიან განსხვავებულია მაკგრეგორის სხვა ნამუშევრებისგან. კონცეპტუალურად ახალია, ამიტომ ვფიქრობ, ნამდვილად ღირდა ცდად,” ამბობს მოცეკვავე ეილეიჰ მუირი.

ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ჯაკობისთვის ნიშნავს “მოცეკვავის ძველი ჩვევებისგან” გათავისუფლებას.

“როგორც მოცეკვავე ხშირად ერთ ტექნიკას ირჩევ, ამ დროს რაღაც ხელსაწყო ახალ მოძრაობებს გთავაზობს… გარკვეულწილად უკვე იმპროვიზირებულს, თუმცა, იმისიც მჯერა, რომ მოცეკვავის იდეებიც ძალიან საინტერესოა ამ პროცესში.”

ორივე რესპონდენტი ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ქორეოგრაფიისთვის  ახალი იდეების, ინსპირაციის ამოუწურავი წყაროა, “დამხმარე” ძალაა, მოკლედ. თუმცა, რამდენად მდიდარი და მრავალფეროვანია პროგრამის მიერ შექმნილი ორიგინალური მოძრაობები, მოცეკვავეებისთვის საეჭვოა.

“შექმნის პროცესი მოგზაურობას ჰგავს. გიჩნდება იდეა, ავითარებ და ბოლოს უკვე რასაც სცენაზე ხედავ, ბევრი ფიქრისა და მუშაობის შედეგია. თუ ჩვენ ამ მოგზაურობიდან რაღაც ნაწილს ავიღებთ და ხელოვნურ ინტელექტს გავუზიარებთ, განსხვავებულ ფორმას მივიღებთ, მაგრამ ის ვერაფრით იქნება ისეთი სრულყოფილი და დახვეწილი, რადგან მასზე იდეის დაბადებიდან, ჯერ კიდევ ჩვენს წარმოსახვაში არ დაგვიწყია მუშაობა,” გვიხსნის ეილეიჰი.

“ხელოვნური ინტელექტი ნედლ მასალას გვაძლევს. მას არ შეუძლია ემოციების გაღვიძება, ამბის გადმოცემა. ის შესაძლებლობების დიდ სურათს გვიშლის მხოლოდ,”ამატებს ჯაკობი.

ხელოვნური ინტელექტი ადამიანს, ჩვენ შემთხვევაში, ქორეოგრაფს, ახალი მოძრაობების დიდ არჩევანს სთავაზობს. მისი განვითარება, კომპოზიცია, სტრუქტურა, რეპრეზენტაცია კი უკვე პროფესიონალის პასუხისმგებლობაა. მომავალში შესაძლოა საერთოდ ახალი ტიპის სამუშაო პროცესი მივიღოთ.

ქორეოგრაფი და მოცეკვავე ნათია ბუნტური ფიქრობს, რომ ხელოვნური ინტელექტი ქორეოგრაფიაში შემოქმედებითი პროცესის გამარტივებაა. მას შესაძლებლობა ჰქონდა ამ პროგრამაში ემუშავა და ახალი გამოცდილება მიეღო. ვორქშოფების სერიას თბილისში უეინ მაკგრეგორის სტუდია უძღვებოდა, ორგანიზატორი “კირკე - ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა “ იყო.

მონაწილეებმა ხელოვნური ინტელექტი მუშაობის პროცესში გამოიყენეს. სისტემა მოცეკვავეებს ყოველ შემდეგ მოძრაობას კარნახობდა.  ეს პროგნოზები 25-წლიანი შემოქმედებითი პროცესის ამსახველი ვიდეოების შესწავლის შედეგია. პროგრამა აანალიზებდა, როგორ რეაგირებდა სხეული.

“როდესაც ახალ მოძრაობაზე ვმუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა ინსპირაციას იდეისგან ვიღებ, თუ მუსიკისგან, საწყის წერტილად ყოველთვის ერთ კონკრეტულ მოძრაობას ვიღებ და მერე ვავითარებ, რამდენიმე განსხვავებულ ვარიაციას ვიგონებ,” გვიხსნის ნათია.

“ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაში ორმაგ ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე. წარმოიდგინეთ, სისტემა ჩემს მოძრაობას ჯერ იმახსოვრებს, შემდეგ აანალიზებს და თავის ვერსიას მთავაზობს, რომლესაც მე ჩემი ინტერპრეტაციისთვის ვიყენებ. მე ვფიქრობ, რომ ქორეოგრაფისთვის მაინც კარგი შესაძლებლობაა. ცხადია, შენ არჩევ მოძრაობას, შენ ავითარებ, შენ აძლევ საბოლოო ფორმას, მაგრამ ნამდვილად კარგი ბაზისია.” 

ხელოვნურ ინტელექტს შეეძლო ვებკამერის საშუალებით, სამიდან ხუთ წამამდე მოძრაობა დაეფიქსირებინა და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, 30-მდე ახალი მოძრაობა შემოეთავაზებინა. მოცეკვავეები და ქორეოგრაფი იმას ირჩევდნენ, რაც მოეწონებოდათ. ამ მოძრაობებს ადამიანის სხეულის ფორმის წვრილი ფიგურები გამოსახავენ, რომლებსაც თავი, ხელები და ფეხები აკლიათ… თუმცა, ზუსტად ეს აძლევთ მოცეკვავეებს იმპროვიზაციის საშუალებას და მათ ახალი იდეებისკენ უბიძგებთ.

“ჩემი აზრით, უნიკალური შესაძლებლობაა იმ თვალსაზრისით, რომ გაიაზრო რა შეუძლია სხეულს, რამდენი ახალი მოძრაობა შეგიძლია თურმე შექმნა ერთი კონკრეტული მოძრაობისგან…რამდენი ინტერპრეტაციის საშუალებას გაძლევს…ალბათ, კიდევ რამდენი რესურსია, რომელსაც არ ვიყენებთ; რომელიც ჯერ არც კი გვიცდია…ამ დროს, უცებ, ხელოვნური ინტელექტი გეხმარება უფრო მეტი აღმოაჩინო, განვითარდე, შეცვალო, გარდაქმნა…”გვეუბნება ხოსილიტა, ვორქშოფის მონაწილე, მოცეკვავე და პერფორმერი. 

რადგან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მოძრაობები ემოციურ უკუკავშირს არ ეფუძნება ქორეოგრაფებს და მოცეკვავეებს სჯერათ, რომ ამ პროცესში ადამიანს ცენტრალური ადგილი უჭირავს. 

“ხელოვნურ ინტელექტს უპირატესობა აქვს მაშინ, თუ ჩვენ მკაცრად განსაზღვრულ, მხოლოდ წინასწარ დამუშავებულ მოძრაობებზე ვლაპარაკობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ახალი შესაძლებლობა  შეგვიძლია ჩვენი იმპროვიზაციისთვის გამოვიყენოთ როგორც საწყისი, კარგი საფუძველი,”აზუსტებს ნათია.

“მოცეკვავის მოძრაობა, მისი იმპროვიზაცია, ძალიან ინდივიდუალურია. არ მგონია, რომ ვინმეს ინდივიდუალიზმი შეიძლება მეორე ადამიანის იმპროვიზაციით ჩანაცვლდეს,” ამბობს ხოსილიტა. 

“ჩემთვის თვითონ პროცესი ძალიან ინტიმური და პერსონალურია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს ჩაანაცვლებს. არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ შეძლებს, უბრალოდ, ორი სხვადასხვა რამეა. ადამიანებს სხვა ცოდნა, სხვა გამოცდილება გვაქვს. ხელოვნური ინტელექტი ამუშავებს და ავითარებს მონაცემებს, შეიძლება იდეალურიც კი შექმნას რამე, მაგრამ მაინც განსხვავებული იქნება.”

“ხელოვნური ინტელექტი, როგორც ის ვითარდება, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს ცეკვის სფეროში საბოლოოდ,” გვეუბნება ხოსილიტა.

“ჩვენ არც ვაპირებთ მას შევეჯიბროთ. პირიქით, მე მას როგორც დამხმარე ძალას, ისე აღვიქვამ. რაღაცები უნდა გაგვიმარტივოს.

მან შეიძლება უფრო მეტი არტისტი დააინტერესოს და მუშაობის პროცესში ჩართოს. რა ცოდნა, რა გამოცდილებაც ჩვენ ახლა გვაქვს, პრინციპში, რაც საუკუნეების მანძილზე დავაგროვეთ, თითქოს უკვე ძალიან მოსაწყენია. მართალია, ყოველდღიურად ვვითარდებით, მაგრამ საზღვრები მაინც სულ იგრძნობა და იქნებ, ხელოვნურმა ინტელექტმა ერთ დღესაც შეძლოს და გაარღვიოს ეს საზღვრები.”

 


გამოცემულია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის, COBERM-ის, ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის  შინაარსზე  პასუხისმგებელია მხოლოდ ორგანიზაცია Chai Khana. გამოცემის შინაარსის ევროკავშირისა (EU) ან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად აღქმა დაუშვებელია.
 
გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია