კოვიდის ფარული მსხვერპლები: ბავშვები საქართველოში დეპრესიასა და შფოთს ებრძვიან

ავტორი: მარადია ცაავა

ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე

12.09.21

16 წლის ანას ძალიან უყვარდა გარეთ ყოფნა, ხალხთან ურთიერთობა, თამაში და გართობა. თავის თავს ყოველთვის ექსტროვერტად ახასიათებდა.

16 წლის ანამ აღმოაჩინა, რომ იზოლაციაში მისი ხასიათი შეიცვალა. "ძალიან მიყვარდა ადამიანების გაცნობა, ახალი ურთიერთობები, მათი განსხვავებული ხასიათების შესწავლა. ახლა მივხვდი, რომ მირჩევნია მხოლოდ შორიდან დავაკვირდე."

“მეგობრებთან კომუნიკაციის გარეშე ვერ ვძლებდი, ძალიან სოციალური ვიყავი. როცა პანდემია ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, თავიდან თითქოს ჩემში ცვლილებებს ვერ ვამჩნევდი,” გვეუბნება ანა. 

“რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, რომ გარეთ გასვლა და მეგობრებთან შეხვედრა აღარ მინდოდა. ცოტა ხანში სამეგობრო წრეც ძალიან დავიწროვდა და აღმოვაჩინე, რომ ამასობაში, ინტროვერტი გავხდარვარ.”

ანას დღესაც სიამოვნებს ახლო მეგობრების ნახვა, თუმცა ახალი ურთიერთობების დაწყების სურვილი აღარ აქვს. 

“ახლა მირჩევნია ჩემს თავთან მეტი დრო გავატარო. შემიყვარდა ფიქრი, ანალიზი, შემეცნების პროცესი. ინტროვერტი გავხდი და ძალიან მომწონს ეს მდგომარეობა.”

ფიზიკური სიახლოვე, ემოციების გაცვლა, სოციალიზაცია, მიკუთვნებულობის განცდა, გართობა - ეს სურვილები თინეიჯერებისთვის ძალიან ბუნებრივია და კრიტიკულად მნიშვნელოვანიც, თუმცა 2020 წლიდან, პანდემიამ ეს ყველაფერი პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. 

პანდემიამდე, ანას და, 14 წლის მარი, თავის დისგან ძალიან განსხვავდებოდა. მაშინ როცა ანა გარეთ ერთობოდა, მას ყოველთვის სახლში მარტო დარჩენა ერჩივნა.
მარი ფიქრობდა, რომ იზოლაცია და ონლაინ სწავლა მისთვის კარგი გარდამავალი პერიოდი იქნებოდა. გეგმებიც დაისახა: ამ პერიოდში ნიშნები უნდა გაეუმჯობესებინა და სახლში ყოველდღიურად ევარჯიშა.

Covid-19 – ის დროს ბავშვებსა და მოზარდებში დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომების გლობალური გავრცელების შესახებ მეტა ანალიზი აჩვენებს, რომ ბავშვებში, მსოფლიოს მასშტაბით, დეპრესია 25%-ით გაიზარდა. ყოველ მე-4 ბავშვს კლინიკურად გამოხატული დეპრესიული სიმპტომატიკა აქვს, ყოველ მე-5-ს კი, შფოთვითი აშლილობა.

საქართველოში ჯერ არ უკვლევიათ, რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ბავშვები ამ პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდნენ.

“პანდემიამდე მომართვიანობას თუ შევადარებ, ახლა, დაახლოებით, სამჯერ მეტი მშობელი და ბავშვი მირეკავს,”გვეუბნება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი მზია დალაქიშვილი.

“იზოლაციაში ყოფნის გამო, მათ საკუთარი თავის გამოხატვა და თავიანთ წუხილზე ხმამაღლა ლაპარაკი უჭირთ. ემოციები, რომლებიც გარეთ უნდა გამოეშვათ, ჩაკეტეს.”

ფსიქოლოგი მაია ცირამუა თავისი გამოცდილებით გვეუბნება, რომ  პანდემიამ ყველაზე მეტად 12-დან 18 წლამდე, განსაკუთრებით კი, 14-18 წლის თინეიჯერი ბავშვები დააზიანა. მათში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დეპრესიული ფიქრები და შფოთვითი აშლილობა. ჩემს პრაქტიკაში მნიშვნელოვნად მომატებულია სუიციდური ფიქრებიც,”გვეუბნება მაია ცირამუა.

შფოთვები დამეწყო. მეგონა, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი. ზამთარში ერთ დღეს დედას საყიდლებზე გავყევი. გარეთ ყველაფერი ისეთი ცარიელი, აპოკალიპტური და ნაცრისფერი მომეჩვენა.

ანას და, 14 წლის მარი არ ელოდა, რომ პანდემია და ჩაკეტილობა მასზე ასე უარყოფითად იმოქმედებდა.  ის დისგან ყოველთვის განსხვავებული იყო. მაშინ, როცა ანა გარეთ ერთობოდა, მარის ყოველთვის სახლში მარტო დარჩენა ერჩივნა. შესაბამისად, მარის ძალიან გაუხარდა გაკვეთილები საკლასო ოთახების ნაცვლად,  2020 წლის მარტში ონლაინ,  Zoom-ში რომ გაგრძელდა.

"ის შეგრძნებები და გამოწვევები, რაც მარის პანდემიის დროს ჰქონდა, ხშირი იყო თინეიჯერებში,"გვეუბნებიან ფსიქოლოგები და თერაპევტები. "ამ ასაკში ძალიან არ უყვართ შეზღუდვები, ამიტომ განსაკუთრებით გაუჭირდათ," ამბობს ფსიქოლოგი მაიკო ნანიტაშვილი.

“საერთოდ არ ვიყავი ამის გამო მოწყენილი. პირიქით, გეგმაც დავსახე როგორ უნდა გამეუმჯობესებინა სწავლა და ვარჯიში ერთდროულად,” გვიყვება მარი. 

“მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. დისტანციურად სწავლა სინამდვილეში ძალიან გამიჭირდა. საერთოდ არ მესმოდა რა ხდებოდა კლასში, ცხრილს ვერ მივყვებოდი. ყოველდღიურად უფრო და უფრო ჩამოვრჩებოდი სასკოლო მასალას. მერე გაკვეთილების გაცდენაც დავიწყე. რაც მეტს ვაცდენდი, მით უფრო მიჭირდა დაწევა. მერე შიში გამიჩნდა, რომ კლასში ჩავრჩებოდი და ამის გამო დეპრესიული ფიქრები დამეწყო.”

"ჩემი პაციენტების შემთხვევაში, პრობლემები, ძირითადად, ონლაინ სწავლით იყო გამოწვეული. ზოგიერთს საერთოდ საკლასო ოთახში დაბრუნება და თანატოლებთან ურთიერთობა გაუჭირდა," გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა.

ანამ კი, ამასობაში, ონლაინ სწავლაში კომფორტი იპოვა. “გაკვეთილის დროს შემეძლო კაკაო დამელია და მასწავლებელი ვერაფერს მეტყოდა.  არ მადარდებდა რას იფიქრებდნენ ჩემზე კლასელები; არც ის, თუ რას ჩავიცვამდი. ამიტომ კარგად ვგრძნობდი თავს.”

"გულწრფელად ძალიან გამიჭირდა, როგორც მშობელს," გვეუბნება ირმა, ანას და მარის დედა. "მინდა, ჩემს შვილებს მრავალფეროვანი ცხოვრება ჰქონდეთ: ისწავლონ, ივარჯიშონ, გაერთონ... რომ ვუყურებ როგორ შეეზღუდათ ერთბაშად ყველაფერი, გული მიკვდება."

თუმცა, რთული პერიოდი ანასაც ჰქონდა. საკუთარ თავში გამუდმებით ეძებდა უარყოფით თვისებებს.  ეს დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდებოდა მისი პანდემიამდელი განწყობისგან.

“მანამდე სულ ოპტიმისტი ვიყავი. პანდემიის დროს აღმოვაჩინე, რომ თურმე პესიმისტიც ვყოფილვარ. ჩემი სევდა და დარდი მთლიანად ბას გიტარაზე გადავიტანე. როდესაც Smells Like a Teen Spirit-ს ვუკრავ, ან

მეტალიკას რომელიმე სიმღერას, ჩემს ტკივილს გამოვხატავ.“

ანამ აღმოაჩინა, რომ მუსიკა მისთვის შვებაა რთულ დროს. "როცა Smells Like a Teen Spirit-ს ვუკრავ ან Metallica-ს რომელიმე სიმღერას, ჩემს ტკივილს გამოვხატავ."

პარალელურად, მარის ძალიან უჭირდა მძიმე და დამთრგუნველ ფიქრებთან გამკლავება.

“ზოგჯერ არც ვებრძოდი საკუთარ თავს და არ ვბლოკავდი ნეგატიურ ფიქრებს. ზამთრის სემესტრი კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა, ძალიან გამიჭირდა სწავლა. შიშები დამეწყო. დავიჯერე, რომ ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი, რადგან ახლა სწავლა არ გამომდიოდა,” იხსენებს მარი.

13 წლის რეზის, პანდემიამდე რეალობიდან ყველაზე მეტად მეგობრებთან ურთიერთობა ენატრება. "მათი პირისპირ ნახვა მირჩევნია, მართლა ძალიან მომენატრნენ. კალათბურთს ვთამაშობდით ერთად, ახლა მარტო ონლაინ თამაში შეგვიძლია."

ონლაინ სწავლა 13 წლის რეზისაც გაუჭირდა. პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობას ვერ ეგუებოდა. ყოველთვის კარგ მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ მისი სკოლის ნიშნები მალევე გაუარესდა. როგორც თვითონ ამბობს, ახლო მეგობრებთან განშორება ყველაზე მეტად გაუჭირდა.

“ისე გადავედით ონლაინ სწავლაზე, ვერც მოვასწარი ჩემს კლასელებთან დამშვიდობება. Zoom-ში ცხრილი და დღის განრიგი აირია, ამიტომ ძალიან ძნელი იყო… ჩემს საყვარელ საგნებსაც ვეღარ ვიგებდი.  მოკლედ, ყველაფერი ამოყირავდა და კონცენტრაცია ძალიან მიჭირდა,” გვეუბნება რეზი.

"ონლაინ თამაშებს ვთამაშობდით, მაგრამ ეს ურთიერთობა არ შეედრებოდა იმას, რაც მანამდე გვქონდა."

რეზის დედა, ეთო ჯაფარიძე, ამბობს, რომ დასაწყისში რეზი თითქოს ყველაფერს კარგად ართმევდა თავს. “ნელ-ნელა შევატყვე, რომ მისი ხასიათი შეიცვალა. ყოველთვის კარგად სწავლობდა, მაგრამ  რაც ონლაინ სწავლაზე გადავიდნენ, სულ ცუდ ნიშნებს იღებდა. მოტივაცია საერთოდ დაეკარგა. თითებზე ითვლიდა დღეებს, როდის დაბრუნდებოდა საკლასო ოთახში.”

ფსიქოლოგი მაიკო ნანიტაშვილი გვეუბნება, რომ ბავშვებში სტრესის მომატების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი განათლების სისტემის სრული კოლაფსია. 

“მათ ონლაინ სწავლაზე გადასვლა პირდაპირ სკოლის მერხიდან მოუწიათ. არავინ იყო ამისთვის მზად. არც ბავშვები, არც მშობლები და არც მასწავლებლები. მოსწავლეებს სახელმწიფოს მხარდაჭერა არ ჰქონიათ, სრულიად მარტო აღმოჩნდნენ ამ გამოწვევის პირისპირ,”ამბობს მაიკო.

იზოლაციამ და დისტანციურად სწავლამ ბავშვებს წაართვა ის, რაც მათ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია: თანატოლებთან ურთიერთობა.

“თინეიჯერები თანატოლების აზრს ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პანდემიის დროს კი სამეგობროები დაიქსაქსა. მეგობრობამ მთლიანად სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა, თუმცა მათი სურვილი, რომ ვინმეს გაეპრანჭონ, ერთმანეთს დაეხმარონ, უთანაგრძნონ, ან თუნდაც კონფლიქტი ჰქონდეთ, უცვლელი დარჩა. ახალ რეალობაში კი ამ სურვილების რეალიზება ვერ მოახერხეს,”გვიხსნის ფსიქოლოგი მზია დალაქიშვილი, რომლის სპეციალიზაცია ბავშვებისა და ახალგაზრდების საჭიროებებია.

ფსიქოლოგი მაიკო ნანიტაშვილი გვეუბნება, რომ თინეიჯერებისთვის სოციალიზაცია და კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. "ამ ასაკში საკუთარ თავს სხვისი თვალით ვხედავთ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რას ფიქრობენ გარშემომყოფები ჩვენზე."

15 წლის ნილი დროის უმეტეს ნაწილს პანდემიამდეც ვირტუალურ სივრცეში ატარებდა. როცა ვირუსი გავრცელდა, ის დედასთან, ბებიასთან, დეიდასთან და დეიდაშვილებთან ერთად, სოფლის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მალევე აღმოაჩინა რომ პრობლემებს მხოლოდ ინტერნეტით ვერ უმკლავდებოდა.

ახალი გარემო, სახლში ბევრი ხალხი და ონლაინ სწავლა ერთდროულად მეტისმეტად რთული იყო. ნილის პანიკური შეტევები დაეწყო; ეჩვენებოდა, რომ მთელი მსოფლიო ინგრეოდა.

“ყველაფერი რაც ბედნიერებას მანიჭებდა, გაქრა - ჩემი ოთახი, ეზოში სეირნობა, საყვარელი საჭმლის გამოძახება,”გვეუბნება ნილი.

“როცა პანდემიაა მთელ მსოფლიოში, სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობ. სკოლაც ძალიან დამღლელი და მოსაწყენი გახდა. ოთახში ვიკეტებოდი და ვტიროდი ხოლმე. ეხლა უფრო მშვიდად ვარ. მაგრამ ცოტა მეშინია, როცა მახსენდება, რომ სწავლა ისევ ონლაინ უნდა დაიწყოს. ძალები უნდა მოვიკრიბო როგორმე და ნიშნები გავაუმჯობესო ამ წელს.”

14 წლის მარიც გეგმავს, რომ სექტემბრიდან უფრო მობილიზებული იყოს და უკეთესად სწავლა შეძლოს.

მან თერაპევტსაც მიმართა დასახმარებლად, რომ დეპრესიული ფიქრები თავიდან მოეშორებინა. “ძალიან დიდი შვებაა, როცა ელაპარაკები ადამიანს და ის გისმენს, რჩევას გაძლევს,” გვეუბნება მარი. “ახლა უფრო ადვილად ვპოულობ მოტივაციას; თითქოს დროა, გამოვფხიზლდე, დავიწყო მუშაობა,  გაცდენილი დრო ავინაზღაურო და ვისწავლო.”

როგორც ფსიქოლოგები და ბავშვთა უფლებების დამცველები ამბობენ, სამწუხაროდ, საქართველოში ცოტა თერაპევტი და რესურსია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც პროფესიონალების დახმარება სჭირდებათ. ქვეყნის მასშტაბით სულ 8 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრია, რომელიც 41 ფსიქოლოგს აერთიანებს. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო სამსახურში სულ 34 სოციალური მუშაკია. 

ლელი ყიფიანი ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თერაპევტია. გვეუბნება, რომ მან და მისმა კოლეგებმა დღე და ღამე იმუშავეს იმისთვის, რომ ბავშვებისთვის ონლაინ მომსახურება შეეთავაზებინათ.

“მართლა გაუჩერებლად, შესვენების გარეშე ვმუშაობდით. ახლა მომსახურების სრული პაკეტი გვაქვს ბავშვებისთვის, მაგრამ რეგულაციების გამო, მხოლოდ ონლაინ შეგვიძლია მათთან მუშაობა. თუ კრიტიკული სიტუაციაა, ასეთ დროს  პირისპირ შეხვედრებსაც ვნიშნავთ ხოლმე,”ამბობს ლელი. 

“დამატებით, ჩვენი ცხელი ხაზიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.”

ამის მიუხედავად, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მომსახურება არასაკმარისია. 

“ჩვენ არ ვიყავით მზად ასეთი კრიზისისთვის,”გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ცირამუა.  დაახლოებით ასე ვართ ახლა: ერთი ხელით ცეცხლს ვაქრობთ და მეორეთი სახლს ვაშენებთ.”

ქალაქის მერია აფინანსებს სერვისს “თბილისი კის”, რომელიც მხოლოდ თბილისში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს ეხმარება. გარდა ამისა,  სახელმწიფომ სუიციდის პრევენციისთვის ცხელი ხაზი შექმნა. თუმცა, ის ყოველთვის არ მუშაობს. განსაკუთრებით რთულია ღამის საათებში დარეკვა.

ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” იურისტი ანა არგანაშვილი ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობს. ის ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მათთვის რესურსები ძალიან მწირია. ხარვეზებით მუშაობს ცხელი ხაზიც.

ორგანიზაციამ სასამართლოსაც კი მიმართა, რომ მას მთავრობისთვის მოზარდებში სუიციდის პრევენციის სპეციალური გეგმის შემუშავება დაევალებინა. სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. პარალელურად, მშობლებმა და ფსიქოლოგებმა დაიწყეს ამ დანაკლისის შევსება.

რეზის დედამ, ეთო ჯაფარიძემ თავის შვილს, პანდემიის დროს, ცვლილებები შეატყო. ამიტომ გადაწყვიტა, რეზისთან ერთად გარეთ ბევრი ესეირნა და ამით დაპირისპირებოდა იძულებით იზოლაციას.

ფსიქოლოგი მზია დალაქიშვილი მშობლებთან მუშაობის გამოცდილებაზე გვიყვება და გვეუბნება, რომ ბავშვებში დეპრესიის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ მათ პანდემიის დროს ერთბაშად დაკარგეს ყველაფერი, რაც ბედნიერებას ანიჭებდათ.

“პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ბავშვებს ერთმანეთის ნახვის ნება დავრთოთ. პირბადეებით და დისტანციის დაცვით, თუმცა ერთმანეთთან კომუნიკაცია აუცილებლად უნდა შეეძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება,” ამბობს მზია. სიტუაცია ისეთი ცვალებადი და არასტაბილურია, რომ ძალიან რთულია მომავლის პროგნოზირება და კონკრეტული რჩევების მიცემა.

რეზის დედამ, ეთო ჯაფარიძემ, ძაღლისა და კატის სახლში მოყვანა გადაწყვიტა. იმედი ჰქონდა, რომ ცხოველებზე ზრუნვა მის შვილებს პანდემიით გამოწვეულ დანაკლისს ჩაუნაცვლებდა.

“მათ მაშინვე იგრძნეს პასუხისმგებლობა და დადებითი შედეგიც მალევე დავინახე,” გვეუბნება ეთო და იმასაც ამატებს, რომ ამის მიუხედავად, მაინც განსაკუთრებით აკვირდებოდა რეზის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.

“თუ დავინახე, რომ მისი ემოციური მდგომარეობა მძიმდება, აუცილებლად ჩავრთავ ფსიქოლოგს.”

ეთომ ძაღლი როკო და კატა სისი მიიყვანა სახლში, რომ ბავშვებს ვინმეზე ეზრუნათ.
ეთო ამბობს, რომ მის შვილებზე ცხოველებმა მაშინვე დადებითი გავლენა მოახდინეს.

ნილის დედა, ეკა გვეუბნება, რომ კარგად ესმის თავისი შვილის მდგომაროება.

“წარმოდგენა არ გვაქვს როგორი იქნება ხვალინდელი დღე. მეც ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც ნილი,”ამბობს ეკა და გეგმავს, რომ პერიოდულად ნილი თბილისში წაიყვანოს ხოლმე. უნდა, რომ მან ახალი მეგობრები შეიძინოს და ის აკეთოს, რაც ძალიან უყვარდა.  

“აქ, კახეთში ვირუსისგან თავს კარგად ვიცავთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ბავშვს სხვა აქტივობებიც სჭირდება. მინდა რომ სპორტით დაკავდეს, სოციალური ურთიერთობები შეინარჩუნოს, თავის თანატოლებთან იურთიერთოს,”გვიხსნის ეკა.

“პანდემია ზუსტად მაშინ დაიწყო, როცა მის ორგანიზმში  ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობდა. ასეთ დროს, მოზარდებს ხასიათიც ეცვლებათ. თუმცა, რადგან ნილი ამ პერიოდს მეტ-ნაკლებად წარმატებით გაუმკლავდა, მგონია, რომ მომდევნო სასწავლო წელს ბევრად უკეთესად იქნება .”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. ამ გამოცემაში Chai Khana იკვლევს რა გავლენა აქვს ჩვენს ყოველდღიურობაზე, ურთიერთობებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მობილურ აპლიკაციებს, ტაბლეტებს, კომპიუტერებს; ციფრული ტექნოლოგიების გარეშე თითქოს წარმოუდგენელია უკვე  არსებობა. თქვენი კონტრიბუციით ავტორებს ამ ამბების მოყოლაში ეხმარებით. 
გააკეთე დონაცია