ხანდაზმულები აფხაზეთიდან

ფოტოგრაფი: ანასტასია შუმიხინა
01.10.21

პირველად აფხაზეთში ბებოს საპატივსაცემოდ ჩამოვედი. მინდოდა ის მიწა აღმომეჩინა, რომელზეც ბავშვობაში სულ მიყვებოდა.

დღეები და კვირები გადიოდა და ნელ-ნელა ის სოფლები და ქალაქები, რომლებიც მხოლოდ მისი ნაამბობიდან ვიცოდი, კონკრეტულ ადამიანებში განსხეულდა.

გამაოცა იმ ხანდაზმულთა რაოდენობამ, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ და სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ვუსმენდი მათ და ვგრძნობდი, როგორი მხიარულები, ლაღები არიან, როგორ უყვართ თავიანთი საქმე. მივხვდი, როგორი ძვირფასია თურმე მათი ცოდნა და გამოცდილება. 

მალევე აღმოვაჩინე, რომ ქალაქის ქუჩებში 80 წელს გადაცილებულ ადამიანებს ვეძებდი და ცხოვრებაზე ვეკითხებოდი. განურჩევლად სქესისა და პროფესიული წარმატებისა, უმრავლესობა ბედნიერი იყო, რომ შეეძლო ისე ეცხოვრა, როგორც უნდოდა. 80 წლის ვალენტინამ მითხრა: “ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან იყო გულწრფელი, ადამიანად დარჩე.

სოხუმში ვალენტინას მაღაზიაში განსაკუთრებული ატმოსფეროა. თითქოს საბჭოთა დროის სასურსათო მაღაზიაში ვარ, 30 წლის უკან. გამყიდველის მაგიდაზე მაღალი თეთრი ყვავილებია და კედელზე დროშა ჰკიდია.  აქ ძირითადად ბევრი ხალხი ირევა. რამდენჯერმე მოსვლა დამჭირდა, რომ ვალენტინასთან გასაუბრება მომეხერხებინა.

 

“ვაჭრობაში ვარ 62 წელია უკვე. 30 მარტს, 80 წელი შემისრულდა. ამ მაღაზიაში 1976 წლიდან ვმუშაობ. სხვათაშორის, მაღაზიას ჩემი სოფლის სახელი ჰქვია - ლიხნაშთა.

მთელ ქალაქს ვიცნობ, ბევრი შემოივლის ხოლმე. შეიძლება დილას მოვიდნენ. დასხდნენ მაგიდასთან, ყავა დალიონ, დაისვენონ. ისინი ჩემი მეგობრებიც არიან და კლიენტებიც.  ერთი დღეც რომ არ მოვიდე, მაშინვე მომიკითხავენ - სად იყავიო.

 

აქ იმისთვის ვარ, რომ ადამიანებს დავეხმარო, თავი კარგად ვაგრძნობინო. ზოგჯერ ცუდ ხასიათზე მოდიან, მაგრამ ლაპარაკის დროს საერთო ენას ვპოულობთ. ჩემს ბიზნეს, ხალხს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობი.

არავინ იცის რა გველოდება წინ. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან გულწრფელები ვიყოთ.


ნიკოლაის თავის სახლში შევხვდით. მე და ჩემს მეგობარს ღვინის გასინჯვა გვინდოდა. მის ღვინოზე გვითხრეს, რომ აფხაზეთში საუკეთესოა.  

“სიმპატიური ვიყავი ახალგაზრდობაში, ხუჭუჭა თმით. სტილისტად ვმუშაობდი. ჩემი შეჭრილი თმა ხელოვნების ნიმუშს ჰგავდა. ყველა კლიენტი კმაყოფილი იყო.  რიგი მელოდებოდა ხოლმე. 70 წელი ვიმუშავე. ახლაც კი შეიძლება მოვიდნენ ჩემთან სახლში და მთხოვონ, თმა შეგვაჭერიო. 

ღვინოსაც ვასხამ, გასინჯეთ ხომ ჩემი ღვინო უკვე?

ბერძნულ მეთოდს ვიყენებ. მთელი ცხოვრებაა ამ სფეროში ვარ, 17 წლიდან… თმას ვჭრი და ღვინოს ვამზადებ. მთავარია, პატიოსნად იმუშაო და სიყვარულით აკეთო შენი საქმე.

ნიკოლაი ნიკოლაი, 87 წლის, სტილისტი, მეღვინე

ჩვენ მის პატარა, მოკრძალებულ და მყუდრო სახელოსნოში ვისხედით და ვსაუბრობდით. გარედან, ალბათ, ვერც შეამჩნევთ ამ შენობას. ნახევრად ჩამონგრეული ავტოფარეხი ან ფარდული შეიძლება გეგონოთ. თუმცა, როგორც კი შიგნით შეხვალთ, მაშინვე იგრძნობთ, რომ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდით. ცოტა მკრთალი განათება, ხის იატაკი,  ტექსტურირებული კედლები, და ყველა მხარეს ქანდაკება, რომლებიც ცოცხალს ჰგვანან. თითოეული მათგანი ამ კაცის ხასიათზე გიყვება, მის დახვეწილ სტილზე მიგანიშნებს.

ვიტალი ვიქტოროვიჩი დაუჯერებლად კეთილი ადამიანია, თან სიმპატიური და განათლებული. ასეთ კაცებზე, გამიგია, ამბობენ: “ძველი საბჭოთა სკოლა ეტყობათო.”

ვიტალი მასწავლებელია.  21-ე საუკუნის დასაწყისში, მან აფხაზი არტისტები მსოფლიოს გააცნო.

2001 წელი იყო. აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე გავხდი და პრეზიდენტს შევხვდი. ბევრი ვილაპარაკეთ და ვუთხარი, ხელოვნება ჩვენთან სავალალო მდგომარეობაშიამეთქი. შევთავაზე, მხატვრებისთვის თვეში 5000 რუბლი გადაგვეხადა, რომელიც იმ პერიოდში საკმაოდ კარგ ანაზღაურებად ითვლებოდა.  ომის შემდეგ ხალხს საერთოდ ვეღარ უხდიდნენ ხელფასს. დამთანხმდა. ასე გაუჩნდათ მხატვრებს მოტივაცია, გაეგრძელებინათ თავიანთი საქმე. ცოტა ხანში გამოფენებს მართავდნენ უკვე. პირველად გამოფენა სოჭში, რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში მოეწყო. შემდეგ იყო პეტერბურგში, მოსკოვში, იტალიაში, საფრანგეთში, პარიზში, თურქეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში. მანამდე ჩვენი მხატვრების სამუშაო არეალი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო.

სოხუმში თავს კარგად ვგრძნობ. ბევრი თავისუფალი სივრცეა გარშემო, სიმშვიდეა… როცა საჭიროა, სრული კონცენტრაციაც შეგიძლია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მხატვრისთვის, შეგიძლია ნებისმიერ დროს მოხვიდე სახელოსნოში და მშვიდად აკეთო ის, რაც გიყვარს. ეს ჩემთვის მართლაც უნიკალური შეგრძნებაა. ამიტომაც ვარ კარგად. ბევრს ვმუშაობ. ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა და სწორედ ამას ვგრძნობ ახლა აქ. 

ვიტალი ვიქტოროვიჩ დჟენია, 72 წლის, მოქანდაკე, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე

ფეხით მოვსეირნობდი სანაპიროზე და ამ ორმა ძლიერმა მოხუცმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. მეგობრები აღმოჩნდნენ, პროფესიით ორივე მხატვარი. მუშაობის გაგრძელებას კიდევ ბევრი წელი აპირებდნენ. 

ალბერტ შანავა, 70 წლის, კერამიკოსი
ვლადიმირ ბრანტოვი, 92 წლის, მხატვარი

ვლადიმირი:

წამყვანი გრაფიკული დიზაინერი ვიყავი სოხუმში. მთელი ცხოვრებაა ხელოვანი ვარ. 

სულ ვვარჯიშობდი. ყოფილი ჩემპიონი ვარ კრივში, კრასნოდარის მხარეში. დავრბოდი და ფეხითაც ბევრს დავდიოდი.  კარგად ყოფნის საიდუმლო სისტემატური ვარჯიშია. ყოველ დღე, ყოველ საღამოს აქტიურად უნდა  იყო. სამწუხაროდ, ყველა ჩემი მეგობარი უკვე იმქვეყნად არის…

ალბერტი:

ქალაქის ადმინისტრაციაში დირექტორის მოადგილე და მთავარი მხატვარიც ვიყავი. ჩვენი განყოფილება უწევდა ორგანიზებას ყველა ღონისძიებას.  სპორტსმენიც ვარ. თბილისში, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი კერამიკის მიმართულებით. 

ერთხელაც, შვებულებაში მთელი ღამე მუშაობა მომიწია. ერთ ღამეში 18 ადამიანი უნდა დამეხატა. მართლაც ყველა დავხატე. აქედან ექვსი ნამუშევარი სამი მეტრი იყო. ბევრი ვიმუშავე, მაგრამ კარგადაც გადამიხადეს.  მთელს რუსეთში ვიმოგზაურე მაგ ჰონორარით.

ვლადიმირი: რამდენი წლის ხარ ახლა?

ალბერტი: 70-ის.

ვლადიმირი: უჰ, ჯერ კიდევ ბავშვი ხარ.

ალბერტი: ხო, რავიცი, დაგეწევი. გგონია, ვერ შევძლებ?

ვლადიმირი: აწი უკვე ვეღარავინ დამეწევა.. რვა წელში 100 წლის გავხდები. კიდევ დიდხანს ვიცოცხლებ. ძლიერი ვარ, აქტიური, ფეხით ისევ ბევრს დავდივარ.

ალბერტი: საეტაპო ამბავია. მთავარია 80 წლამდე მიხვიდე ადამიანი. მერე უფრო დიდ ხანს იცოცხლებ. ბაბუაჩემი 102 წლის გარდაიცვალა, ბებიაჩემი 100-ის.  მეც ასე მინდა დაახლოებით.

ალბერტი: ყველაზე მნიშვნელოვანია ოპტიმისტურად იყო განწყობილი. არასოდეს უნდა შემოუშვა პესიმიზმი სულში.

ვლადიმირი: ცუდ ამბებზე არ უნდა იფიქრო. წუხილი უნდა დაივიწყო და ეცადო გააუმჯობესო საკუთარი თავი. ცხოვრება მუდმივი მოძრაობაა, მეტი არაფერი!

დაურ სუხუმსკი, ძლიერი, თავდაჯერებული და მშვიდი კაცი, თავს გვაცნობს როგორც უსინათლოთა ადგილობრივი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე.

“საავიაციო სკოლა დავამთავრე. დისპეჩერი ვიყავი. ორივეგან მომიწია ყოფნა - ჰაერშიც და ზღვაშიც. ბოლოს მხედველობის დაკარგვით დავასრულე.”

ახლა ვარ აფხაზეთის უსინათლოთა თემის თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს ვხელმძღვანელობ ერთადერთ ორგანიზაციას აფხაზეთში,  რომელიც მღვდელმსახურებას აღადგენს. ეს ეხება რელიგიას, კულტურას, რიტუალებს, ხალხურ მედიცინას. სხვათაშორის,  ჩვენთან [აფხაზეთში] ოთხი რელიგიაა აღიარებული: იუდაიზმი, ისლამი, ქრისტიანობა და ჩვენი ტრადიციული სარწმუნოება ანჩახასარანი, რომელიც აფხაზურ ენაზე “ღვთის სახელს” ნიშნავს.

 

ადამიანებს რომ ელაპარაკები, ყველაფერი იგრძნობა. მე მივხვდი, რომ ავადმყოფი ადამიანები არ არსებობენ. თუ დაავადებას აღიარებ, აუცილებლად ავად გახდები. როგორც კი მას გამოცდად მიიღებ, ან ჩააბარებ, ან ჩაიჭრები და განაგრძობ. იგივეა სიბრმავეც. უცნაური რა არის, იცით?

თქვენ, ვინც ხედავთ, ინფორმაციის 70%-ს თვალით იმახსოვრებთ. ვინც მხედველობას კარგავს, ის დაბრკოლებებს გრძნობს და ხმებიც უკეთესად ესმის. მაგალითად, მე მაქვს სმენის მხოლოდ 50%-ი, მაგრამ ძალიან კარგად მესმის ყველაფერი. ყველას ვურჩევ, მათ შორის მათ, ვინც ხედავს, რომ მუქი სახვევი ატარონ ყოველდღიურად. 5 წუთი მაინც, დასხდნენ ან იარონ ფეხით ამ სახვევით, რომ ის უნარები განუვითარდეთ, რაც ბრმებს აქვთ. იცით, რა საინტერესოა?!

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში საკუთარი თავის აღმოჩენაა. თუ შენ თავს არ იცნობ, როგორ შეძლებ სამყაროს შეცნობას? ყველა ცდილობს შეცვალოს სამყარო, მაგრამ ასე არ გამოდის. მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლით შეგიძლია ის უკეთესი გახადო. 


დისქლეიმერი: ეს ფოტო-პროექტი აფხაზეთთან მიმართებაში არ იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა: “დე ფაქტო,” “არაღიარებული,” “ნაწილობრივ აღიარებული.” ის არ გულისხმობს Chai Khana-ს პოზიციას მის სტატუსზე.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია