Chai Khana აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ახალგაზრდა ფოტოგრაფებს დაუკავშირდა და სთხოვა, პანდემიის პირობებში დედობის გამოცდილებაზე ქალების პორტრეტები მოემზადებინათ. გვაინტერესებდა იზოლაციის გავლენა ურთიერთობებზე, შეიცვალა თუ არა მათი, როგორც მშობლების იდენტობა. რა იყო მთავარი გამოწვევა, რა აღმოაჩინეს, რა გადააფასეს.
შედეგად, ძალიან პირადი და გულწრფელი პორტრეტები შეიქმნა. დავინახეთ, რას ნიშნავს დედობა ამ რთულ დროს, როგორი გავლენა ჰქონდა ოცთვიან შეცვლილ რეალობას მათსა და შვილების ურთიერთობაზე.
ზოგიერთისთვის ეს შვილებისგან, ან მშობლებისგან განცალკევებას ნიშნავდა, მხარდაჭერის დაკარგვას მათგან, ვისი იმედიც ყოველთვის ჰქონდათ; ზოგიერთისთვის იზოლაციის შიში ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, რომ შფოთისა და დეპრესიის რისკები გაჩნდა. იღბლიანებიც ვიპოვეთ. ტრანსპორტით გადაადგილებაზე რეგულაციებმა ზოგიერთი ცხოვრების რიტმზე დააფიქრა და ნამდვილი მშობლობა ყოველგვარი გარე გამღიზიანებლის გარეშე გამოაცდევინა.
ნარგიზ იბრაჰიმოვა, 30, ოლჯაი, 33, და შირინი, 4 თვის.
30 წლის ნარგიზ იბრაჰიმოვამ შარშან გააჩინა ბავშვი. ისე გამოვიდა, რომ კოვიდ-ვირუსი მთელი ამ ხნის მანძილზე მისი მუდმივი თანამგზავრი იყო. ორსულობის დროს დაინფიცირდა, ამან იმოქმედა ბავშვის ძუძუთი კვების გადაწყვეტილებაზეც.
“ყველაზე დიდი გამოწვევა იზოლაციის დროს ის იყო, რომ მაიძულეს ავცრილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია, ოფიციალურად, ნებაყოფლობითია. არ იყო ჩემთვის მარტივი გადაწყვეტილება, რადგან მაშინ ძუძუთი კვებაზე უარი უნდა მეთქვა. უკუჩვენებებზე კონკრეტული პასუხები ვერ მივიღე, ამიტომ ვერ გავრისკავდი. კოვიდმა და მისმა შედეგებმა მთელ კაცობრიობაზე, ფიზიკურადაც და მენტალურადაც, ძალიან იმოქმედა. ჩვენს შიშებთან ერთად გამოვიკეტეთ. თურმე რა უძლურები ვყოფილვართ სიმარტოვესთან. პატარა ბინებში დიდი ოჯახებით, სამსახურის გარეშე, ნათესავებისგან განცალკევებულად. პარკებში თუ გავისეირნებდით მხოლოდ. ისედაც ხომ მიჯაჭვულები ვიყავით სმარტფონებს, სოციალურ ქსელებს, სატელევიზიო შოუებსა და უსასრულო რეკლამებს, რომლებიც გვასწავლიან როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება.
კონულ მამადოვა, 32, ვიდადი, 35, ისმაილი, 5 და ჯამალი, 8 თვის
კონულ მამადოვას მეორე შვილი პანდემიის დროს გაუჩნდა. ამბობს, რომ ეს გამოცდილება ცხოვრების ხელახლა გადააზრებაში დაეხმარა.
“ამ პერიოდში თითქოს ცხოვრებამ ახალი საზრისი შეიძინა. ხანმოკლე ბედნიერი წუთები დავაფასე. ყველაზე დიდი საჩუქარი, რა თქმა უნდა, ჯამალის დაბადება იყო.
პანდემიის დროს 7-ჯერ მომიწია საცხოვრებლის შეცვლა (ჯერ აგარაკზე წავედით, მერე ისევ სახლში დავბრუნდით, მერე ჩემი დედამთილის სახლში გადავედით, მოგვიანებით, ჩემი მშობლების სახლში, მერე ისევ აგარაკზე და ბოლოს, ისევ ჩვენ სახლში)…სახლი? სად არის სახლი?
კოვიდ-ვირუსის გამო, ჩემი უფროსი შვილი ბაღში 2021 წლის თებერვალში მივიდა, არადა, 2020 წლის სექტემბერში უნდა დაეწყო იქ სიარული. იანვრის ბოლოს მეორე შვილი გავაჩინე. ისე დაემთხვა, რომ ამ დროს ისმაილი ბაღში წავიდა. მის ქცევაში მალევე შევამჩნიეთ ცვლილებები. ფსიქოლოგთანაც ვიყავით. გვითხრა, რომ საგანგაშო არაფერია, მის რჩევებს დღესაც მივყვებით.”
ნიგარ მამადოვა, 30, და კამილა, წლის და სამი თვის
ნიგარმაც ბავშვი პანდემიის დროს გააჩინა. ეს პერიოდი ძალიან დაეხმარა მას, რომ პრიორიტეტები კიდევ ერთხელ შეეფასებინა.
“ყველაზე რთული ჩემთვის ის იყო, რომ ძალიან უნდა გავფრთხილებოდი საკუთარ თავს, ცუდად არ უნდა გავმხდარიყავი. მშობიარობის შემდეგაც, მაქსიმალურად უნდა დამეცვა ბავშვი ვირუსისგან.
მთელი ეს პერიოდი საჩუქარი იყო ჩემთვის. უფრო დიდი დრო შემეძლო საკუთარი თავისთვის მიმეძღვნა. დავმტკბარიყავი სიჩუმით და საკუთარ სულში ჩამეხედა.
იცით, რომ კარგად აღარც მახსოვს, როგორ ვცხოვრობდი პანდემიამდე? ერთი რამ კი ცხადია - ადამიანებმა ბევრი რამის დაფასება უნდა ვისწავლოთ. რესტორანში და კაფეში სიარული ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. სახლიდან ვმუშაობ, და თითქოს გადავეჩვიე კიდეც მთელი დღე ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას. ბედნიერი ვიყავი, რომ ადამიანებთან დისტანციის დაცვა მიწევდა.
ცხოვრება ხანმოკლეა და ჩვენ ყველა წუთით ბედნიერი უნდა ვიყოთ. ფულის ფასიც სხვანაირად გავიგე. თურმე, რამდენ უსარგებლო ნივთს ვყიდულობდით აქამდე. დისტანციურად მუშაობაც ძალიან მომწონს. ოფისის ჭია არც მანამდე ვყოფილვარ. ყოველ დილას, ერთსა და იმავე დროს ოფისში მისვლა და ერთი და იგივე საქმის კეთება, დროის ფუჭი ფლანგვა მგონია. ამიტომაც, ერთ დღესაც ავდექი და სამსახურს თავი დავანებე. რაც მინდოდა იმის კეთება დავიწყე. ამ პერიოდმა და ბავშვის გაჩენამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ძლიერი ადამიანი ვარ.
იზოლაციის დროს, მე და ჩემს ქმარს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა ერთად დიდი დრო გაგვეტარებინა. მანამდე, მთელი დღე სამსახურებში ვიყავით და ერთმანეთს იშვიათად ვხედავდით. ამ ოთხი თუ ხუთი თვის მანძილზე უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, საქმისა და სამსახურის გარეშე, ფინანსურად გაგვიჭირდა, რამაც ჩვენს ურთიერთობაზეც იმოქმედა. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მადლობელი ვარ, რომ ცოტა ხანს ცხოვრების ამ საშინელ რიტმს და ხმაურს ჩამოვშორდი და სიჩუმის მოსმენა დავიწყე.
ვერა ახამეტოვა, 25, მურადი, 34, და სიბირხანი, წლის და ორი თვის
ვერამ პირველი ორსულობა პანდემიის პირობებში გამოსცადა. მაშინ, როცა ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იყო ქვეყანაში. იზოლაციაში ყოფნას ცუდ ამინდში ზღვაში შესვლას ადარებს. შეამჩნია, რომ ცხოვრების რიტმი შეიცვალა და თვითონაც გათავისუფლდა.
“მთელი მსოფლიო შენელდა და დამშვიდდა. ეს ნამდვილი საჩუქარი იყო. თურმე, შეგიძლია იმშობიარო და პირველი რამდენიმე თვე შვილთან ყოფნით ისიამოვნო, ყოველგვარი შფოთისა და ნერვიულობის გარეშე. ჩაფიქრდე, დააკვირდე, ნელ-ნელა მოირგო მშობლის როლი და გამოსცადო დედობა.
მთელი ორსულობა პანდემიას დაემთხვა, სულ ახალი რეალობა იყო. რა თქმა უნდა, ამან ჩემზეც იმოქმედა. შესაძლებლობა მქონდა ოცნება ამეხდინა და საკუთარ თავთან განვმარტოებულიყავი. ყველაფერ მატერიალურს გამოვეთიშე და ჩემი ფიქრებიც ზედაპირზე ამოტივტივდა.
კოვიდის დროს, სამყარო მაინც ფრთხილი იყო. ახალ მოგზაურობას ჰგავდა ეს ყველაფერი, ახალ ცხოვრებას რომ იწყებ და ნელ-ნელა ეჩვევი. ჩემს შემთხვევაში ორი როლი იყო: ორსული ქალისა და მშობლის. უნიკალური გამოცდილება მივიღე!”
გააკეთე დონაცია