როცა ომშია ადამიანი, მოკლე შეტყობინებებს გწერს: “გვბომბავენ,” “აბაზანაში ვართ ჩაკეტილები,”- გადარჩენილების ისტორიები საქართველოდან

ჟურნალისტი: მარადია ცაავა, , ფოტოგრაფი: თაკო რობაქიძე
11.03.22

ნასტია გრიჩკოვსკა, 19

[ზაპორიჟია]

კიევში საცხოვრებლად ორი წლის წინ გადავედი, კულტურის კვლევები უნდა მესწავლა. აქტივისტი ვარ. უსახლკაროებისთვის, მოხუცებისთვის და მარტოხელა დედებისთვის ფულს ვაგროვებთ. 

ჩემი მშობლები გაშორებულები არიან. აქ მამასთან ერთად ვარ. გუდაურში სასრიალოდ ჩამოვედით. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომი მართლაც დაიწყებოდა. მშვიდად ჩავალაგეთ ჩემოდანი და წამოვედით. 

დედაჩემი თავის ქმართან და ორ პატარა ბავშვთან ერთად კიევში დარჩა. კორპუსთან ახლოს მეტროსადგური არ არის, ამიტომ დაბომბვის დროს სახლში დარჩნენ, აბაზანისა და შემოსასვლელი ოთახის იატაკზე იწვნენ და ისე ემალებოდნენ ბომბებს. 

როცა ომშია ადამიანი, მოკლე შეტყობინებებს გწერს. “გვბომბავენ,” “კარგად ვართ,” “აბაზანაში ვართ ჩაკეტილები.” ამ დროს შენ აქ ზიხარ, ჭკუაზე აღარ ხარ და სასოწარკვეთილი ელოდები, რომ მეტი გაიგო.

დედაჩემს კიევის დატოვება არ უნდოდა, მაგრამ აბაზანაში დამალვა ძალიან სარისკო იყო, ამიტომ ბავშვებთან ერთად ჯერ ლვოვში გადავიდნენ, მერე ვარშავაში. მისმა ქმარმა კიევში მოხალისედ დარჩენა გადაწყვიტა. სხვებს ეხმარება.

მაიდანის რევოლუციის დროს 11 წლის ვიყავი. მაშინ კარგად არ მესმოდა, რა ხდებოდა. თითქოს მიჩვეულები ვიყავით, რომ პატარა სამხედრო დაპირისპირებები სულ იყო ქვეყნის რაღაც ტერიტორიაზე. ნორმალური იყო. 

მერე გავიზარდე და უკრაინის ხელოვნების ისტორიის სწავლა დავიწყე და მივხვდი, როგორი გადაჯაჭვულია ის ომთან. 

თუმცა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რაც ახლა ხდება, შესაძლებელი იყო. მშვიდობიანი კიევი დავტოვე მე. როგორც კი შფოთვა მემატებოდა, ჩემი თერაპევტი მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ომები ასე უცებ არ იწყებოდა. 

ამის მიუხედავად, ერთხელაც მკითხა, ევაკუაციის გეგმა თუ გაქვს, ომი რომ დაიწყოსო. ძალიან იმოქმედა, მაგრამ ამ მასშტაბის ომს მაინც  ვერავინ დავუშვებდით.

ახლა გადარჩენის სინდრომი მაქვს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ყველა ჩემი ახლობელი იბომბება და მე კიდევ მშვიდობიანი ცის ქვეშ ვარ. ნებისმიერს გავუცვლიდი ადგილს. ლვოვში მოხალისედ წასვლას ვფიქრობდი, მაგრამ არარაციონალურია. 

ნამდვილი წამებაა. ზიხარ ოთახში ტელეფონით ხელში და მოკლე შეტყობინებებს ელოდები: “ცოცხლები ვართ.” ან უყურებ ვიდეოს და არკვევ, შენი მეგობრის სახლი ხომ არ იყო, რომელიც აფეთქდა.  

წარმოიდგინეთ, მეგობარი გწერთ: “ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ 18 წლის მოვკვდებოდი.”


იური გრიჩევსკი, 40

[ზაპოროჟია]

17 თებერვალს ჩამოვედით და გუდაურში წავედით. სრიალი და დასვენება გვინდოდა. ჩემს ორ ქალიშვილთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი.

23-ში ჩემმა მეგობარმა მხარი მოიტეხა. თბილისში წამოვიყვანე საავადმყოფოში. სანამ ოპერაცია დასრულდა, კლინიკის მოსაცდელში, სკამზე ჩამეძინა.

ზუსტად ამ დროს გავიგე ახალი ამბავი და ჩვენი ჯოჯოხეთიც დაიწყო.

ჩემი მეგობარი უკეთ იყო, ამიტომ საავადმყოფოდან წამოვედი და გუდაურში დავბრუნდი. ყველა ჩემი ახლობელი შევკრიბე და თბილისში ჩამოვედით.

ორი დღე შოკში ვიყავით. თავიდან ვერც გავიაზრეთ, რა ხდებოდა. მერე ბრაზი და საშინელი აგრესია ერთდროულად წამოვიდა. ომში წასვლა გადავწყვიტეთ. ჩემი ცოლი და დედა ზაპორიჟიაში არიან. იქ ძალიან რთული სიტუაციაა. ატომური სადგურია და წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს თუ ამ იდიოტებმა ააფეთქეს? 6-ჯერ უფრო უარესი იქნება, ვიდრე ჩერნობილი.

მალევე გავიაზრე, რომ შვილებს აქ ვერ დავტოვებდი. ვერც ერთ შემთხვევაში. ამიტომ გეგმა შევიმუშავეთ.

მაშინვე ვიგრძენით, რომ ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაში ვართ. ყველა ჩვენს დახმარებას ცდილობს. ამიტომ ვიფიქრეთ, ჯობია ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ და ჩვენებს აქედან დავეხმაროთ მაქსიმალურად. მადლობა, რომ გვაქვს ინტერნეტი, საჭმელი და ღამის გასათევი. მუშაობა დავიწყეთ.

ჯგუფები შევქმენით. პასუხისმგებლობები გავინაწილეთ. მე ინფორმაციის კოორდინაცია მაბარია.  ჩემი მეგობარი, მაგალითად, მედიკამენტების შეგროვებაზე და უკრაინაში გაგზავნაზეა პასუხისმგებელი. ზოგიერთი ტელეგრამის ჯგუფებში ავრცელებს ინფორმაციას. ვიღაცები ბავშვებზე ზრუნავენ, გარეთ გაყავთ და მათთვის კულტურულ ღონისძიებებს გეგმავენ. მაქსიმალურად ვცდილობთ საინფორმაციო გამოშვებებს მოვარიდოთ. სამი დღე სულ ტიროდნენ. ბავშვები არ უნდა ტიროდნენ; ბავშვებმა ომი არ უნდა გამოსცადონ.

საქართველოს მთავრობამ 100 ლარი მოგვცა მედიკამენტებისთვის. შევაგროვეთ ეს ფული, ვიყიდეთ წამლები და უკრაინაში გავაგზავნეთ. ერთ-ერთმა აფთიაქმა ასლარიანი ვაუჩერი გვაჩუქა. ესეც რა თქმა უნდა, უკრაინაში გასაგზავნად გამოვიყენეთ. 

თავიდან ძალიან გაგვიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ უფასოდ გვაჭმევდნენ და გვაცხოვრებდნენ. გულწრფელად რომ გითხრათ, ცოტა შეურაცხმყოფელიც კი იყო. მოგვიანებით, გავიაზრეთ, რომ ეს შესაძლებლობა ომში ჩვენი ახლობელების დასახმარებლად უნდა გამოვიყენოთ.

დღე-ღამეში 3 საათი გვძინავს მხოლოდ. გაუჩერებლად ვმუშაობთ.

არასოდეს მდომებია ომი, არასოდეს მქონია ბრძოლის სურვილი. მაგრამ ახლა, აგრესია და ბრაზი მახრჩობს. რაღაცნაირად უნდა მოვერიო. არ შეიძლება კარგი საქმე გაბოროტებული გულით აკეთო. აგრესიით და ბრაზით ხალხს ვერ გადაარჩენ. ჩვენ კიდევ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ვუშველოთ.


ანასტასია შამრიცკაია, 22

[დნიპრო]

ყველაფერი გადასარევად იყო. ლამაზ ქვეყანაში ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობდით. ჩემი სამშობლო ახლაც ლამაზია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოვიგებთ.

სახელოვნებო კურსები გავიარე და სამსახიობო ოსტატობას ვასწავლიდი. ფოტოგრაფიითაც ვიყავი გატაცებული. ერთ არაჩვეულებრივ ბიჭს შევხვდი და დაქორწინებას ვგეგმავდით.

ფინანსური კომპანია აქვს. როგორც იქნა, შვებულება აიღო და საქართველოში წამოვედით. მას შემდეგ, ცხოვრება, რომელიც მანამდე გვქონდა, სამუდამოდ გაქრა.

24 თებერვალს, დილას ადრე გამაღვიძა ჩემმა შეყვარებულმა, ომი დაიწყოო მითხრა. “რომელი ომი, სად?”- ვკითხე. 21-ე საუკუნეში როგორ შეიძლება ნამდვილი ომი დაიწყოს? ახლაც არ მესმის. 

სასტუმროში ყველა ტიროდა უკვე. ვიღაცას შვილები ჰყავდა უკრაინაში, ვიღაცას მშობლები. საბედნიეროდ, დედაჩემი ვარშავაშია, მაგრამ დეიდაჩემია იქ. მოკიდა ბავშვებს, მშობლებს, ცხოველებს ხელი და დასავლეთ უკრაინაში წავიდა. იქ მთებში პატარა ხის სახლი გვაქვს. 

გზაში ხედავდა, როგორ იწვნენ და ეძინათ ადამიანებს სასტუმროების იატაკზე, ბავშვებს სკამებზე. ჩემი შეყვარებულის დედა დნიპროშია, სრულიად მარტო, იზოლაციაში. წარმოდგენა არ გვაქვს, როდემდე გაძლებს საჭმლის გარეშე იქ. 

ჩემი მეგობარი ხარკოვშია. მითხრა, რომ იქ ყველაფერი მის თვალწინ ნადგურდება.

ასე ხდება მაშინ, როცა 20 წელი მართავ ქვეყანას. გონება გიბნელდება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ომი რუს ხალხთან ომი არ არის, მაგრამ ეხლა უკვე აღარ ვიცი, რა ვთქვა.

ვიღვიძებთ და მაშინვე ახალ ამბებს ვკითხულობთ. ვსაუზმობთ და ისევ ახალ ამბებს ვკითხულობთ. სულ საინფორმაციო წყაროებზე ვართ მიჯაჭვულები. საღამოს ნომერში ვიკრიბებით და ცოტა ღვინოს ვსვამთ. გაუთავებლად ვლაპარაკობთ. 

უნდა გაგვიმართლოს, რომ ღვინის შემდეგ მალევე ჩაგვეძინოს. თუ არადა, გათენებასაც ახალი ამბების მოსმენაში ვხვდებით. 

იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ აქ ვართ, სამშვიდობოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქედან ფულით და მედიკამენტებით დავეხმაროთ ჩვენებს. ქართველები ძალიან გვიდგანან მხარში და ძალიან მადლობლები ვართ ამ მხარდაჭერის. 

სამსახურიც კი შემომთავაზეს - ჰოთდოგების გაყიდვა. ძალიან გამიხარდა. ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. ის რაც აქამდე იყო, სამუდამოდ დაიკარგა. 


 

სერჟეი რაგუზ, 21

[კიევი]

წარმოშობით დონბასიდან ვარ. სკოლიდან ჩვენი ევაკუაცია მახსოვს, 14 წლის ვიყავი. მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა. 17 წლის რომ გავხდი, საცხოვრებლად კიევში გადავედი.

მარტო ვცხოვრობ. პატარა ვიყავი მშობლები რომ გარდამეცვალნენ. სტიქაროსანი ვარ და თან ბარმენად ვმუშაობ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.

საქართველოს მონასტრებზე ბევრი რამ მქონდა გაგებული.  ავიღე შვებულება და წმინდა ადგილების სანახავად ჩამოვედი. კიევში ერთი თბილისელი გოგო გავიცანი. თან სასიამოვნო და თან საქმიანი მოგზაურობა დავგეგმე. მონასტრებსაც ვნახავდი და შეყვარებულთანაც ვიქნებოდი.

1 თებერვალს ჩამოვედი და 26-ში უნდა გავფრენილიყავი უკან. მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა.

მოღალატედ ვგრძნობ თავს. სანამ მე აქ უსაფრთხოდ ვარ, ხალხი ჩემს ქვეყანაში იბომბება.

ყოველდღე დავდივარ ეკლესიაში და ვცდილობ ვიმუშაო. ხატებს და კრიალოსანს ვამზადებ. მინდა გავყიდო და ამ ფულით უკრაინას დავეხმარო. ჩემი შეყვარებული მომეხმარა და ახლა უფასოდ ვრჩები ჰოსტელში. ერთი თვე შემიძლია აქ გაჩერება. ამისთვის ქართველი ხალხის ძალიან მადლიერი ვარ. 

კაფეშიც ვიპოვე სამსახური. მე რაღაცნაირად გადავრჩები, მაგრამ ჩემი ძმა ხარკოვშია და მასზე ძალიან ვნერვიულობ. თავშესაფარში ემალება ბომბებს. ხარკოვში მთავრობის ადმინისტრაციის შენობა მის თვალწინ დაბომბეს. 

ვოვა ჰქვია. ჩემზე ერთი წლით უფროსია და ერთადერთი ადამიანია, ვინც დამრჩა ამ სამყაროში. მისი სიცოცხლე სერიოზულ საფრთხეშია ახლა. თუ დავკარგავ, ვეღარ გავაგრძელებ ცხოვრებას. მის გარდა არავინ მყავს. მაპატიეთ ცრემლებისთვის, ვერ ვიკავებ თავს. 

რას ვგეგმავ? ველოდები, როდის შევძლებ უკრაინაში დაბრუნებას. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვნახო ჩემი ძმა. ახლა იქ ჩასვლა შეიძლება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ სინამდვილეში, შეუძლებელია. ჩემი სიკვდილი სხვებს როგორ დაეხმარება? 

აქედან ცოტათი სასარგებლო მაინც შემიძლია ვიყო. სულ მცირე, ცოტა ფული  გავუგზავნო. ჰუმანიტარული დახმარების შეფუთვაც მხარდაჭერაა. ვისაც როგორ შეუძლია, ისე ეხმარება ჩემს ხალხს უკრაინაში. ოკეანე წყლის პატარა წვეთებისგან შედგება. ჩვენც წყლის პატარა წვეთები ვართ, მაგრამ ერთად ოკეანედ გადაქცევა შეგვიძლია.


ნადია მუკოვოზ, 38

ირინა პროზორ, 46

[ზაპოროჟია]

ნადია:  აქ ჩემს ქმართან და შვილებთან ერთად ვარ. ჩემმა მეგობარმა ჯგუფი შეგვკრიბა და საქართველოში სტუმრობა შემოგვთავაზა. 24 თებერვლის დილამდე არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. 

დღემდე საშინელ სიზმარში მგონია თავი და ველოდები, რომ ვინმე გამაღვიძებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბრალი არ არის, მაინც დამნაშავედ ვგრძნობ თავს.  ჩვენთვის საყვარელი ადამიანები იბომბებიან, ჩვენ კიდევ ადვილად გადავრჩით. ცხადია, ძალიან მადლობელი ვარ ამის გამო ქართველების. როცა გველაპარაკებიან, თვალები სულ ცრემლიანი აქვთ. 

ირინა: როგორც ძმები ისე გვექცევიან. მოდიან და ჩვენი შვილები მუზეუმებსა და კინოში დაჰყავთ. ხალხს საჭმელი, ნამცხვრები და ტკბილეული მოაქვს. მაგრამ როგორ უნდა შევჭამო რამე, როცა ვიცი, რომ ხალხი იქ მშიერი და მწყურვალია?! ჩემი ბიჭი იქ არის. ვერაფერს ვჭამ, როცა ვიცი, რომ ის კიევშია. 

ნადია: ვიცოდით, რომ დაძაბული სიტუაცია იყო, მაგრამ ამ მასშტაბის ომი 21-ე საუკუნეში წარმოგიდგენიათ? ვერავინ დაუშვებდა ამას. როგორც კი საიდანღაც ძლიერი ხმა მესმის, ადგილზე ხტუნვას ვიწყებ. 

ირინა: პოლონეთში გვყავს ნათესავები და ცოტა ხანში იქ წავალთ. იმედი მაქვს, რომ მერე ჩემს ბიჭს სადმე, რამენაირად შევხვდები. 

ნადია: ვიწყებთ ტირილს და რამდენიმე საათი გაუჩერებლად ვტირით. მერე ცრემლი გვიშრება და სიცარიელეს ვგრძნობთ. მოგვიანებით, ისევ აგვივარდება ტირილი და ასე… 24 საათი ხაზზე ვართ ჩვენს მეგობრებთან და ნათესავებთან. 

ვიცით, რომ ჩვენი სახლები ზაპორიჟიაში ჯერჯერობით ისევ დგას.


ტატიანა კონონენკო, 41

[თბილისი]

ქალაქ კროპივნიცკიში დავიბადე.  უკრაინის გარდა, ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან. 

დედა და მამა გაშორებულები არიან, ცალ-ცალკე ცხოვრობენ. უკრაინის დატოვება არ უნდათ.

დედა 72 წლისაა, სულ მარტოა იქ.  წლებია სახლს არემონტებს. ჯერ ერთი სართული გააკეთა, მერე ფანჯრები, მერე ჭერი. სულ რაღაც არის სახლში გასაკეთებელი. როგორც იქნა დაასრულა. ეს სახლი მისი ცხოვრებაა. ამიტომ ვერ მიატოვებს იქაურობას. იცის, ახლა წასვლა, სამუდამოდ წასვლას ნიშნავს. 

მამაჩემს სხვა ცოლი ჰყავს. მამა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა. ავღანეთში იბრძოდა. მითხრა, არ დავტოვებ უკრაინასო. 

ზუსტად ვიცი, არც-ერთი არ წამოვა, ამიტომ გადავწყვიტე ისევ მე ჩავიდე. შეიძლება ვერ ვნახო, მაგრამ მათთან უფრო ახლოს მაინც ვიქნები. 

რამდენიმე დღის წინ თერაპევტს დავურეკე. ბომბსაცავიდან მელაპარაკებოდა. მე კიდევ ამ დროს ჩემს მყუდრო სახლში ვიჯექი თბილისში. დამნაშავედ და უსარგებლოდ ვიგრძენი თავი. 

აქ ვერაფერს ვაკეთებ. ქართველებს რუსეთთან ომი საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი, ამიტომ კარგად ესმით ჩვენი. უკრაინული ფილმები ვაჩვენეთ თბილისში, მაგრამ მგონია, რომ ახალი არაფერი გვითქვამს. ქართველმა ხალხმა ისედაც უკვე ყველაფერი იცის. 

რამე უფრო ხელშესახები მინდა გავაკეთო, რასაც გავლენა და შედეგი ექნება. ამ წუთების გაზიარება უკრაინელ ხალხთან ერთად მინდა. 

ვერ ვიტყვი, რომ არ მეშინია. რა თქმა უნდა, მეშინია. პირველ რიგში, შვილების გამო. მე მეომარი არ ვარ, ვერ ვიბრძოლებ. არც გმირი ვარ, სიცოცხლეს ვერ გავწირავ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, ჩემს შვილებს აქ ვჭირდები. თუმცა,

მეც შემიძლია დახმარება. ავიღებ კამერას და გადავიღებ. შეიძლება ვერც გადავიღო და უბრალოდ, საჭესთან დავჯდე და ადამიანები ერთი ადგილიდან მეორეში გადავიყვანო. რავიცი, შეიძლება ამანათები შევფუთო. არ აქვს მნიშვნელობა რას გავაკეთებ, მთავარია, რომ რაღაცას გავაკეთებ. 

ჩემს ხალხთან ახლოს ვიქნები; რაც უფრო ახლოს, მით უკეთესი. 

ახლა ყველა გადაწყვეტილება ერთდროულად სწორიც არის და არასწორიც. ომში წასვლა სწორიც არის და არასწორიც. ისევე, როგორც აქ დარჩენა. 

ამ სიტუაციაში, არაფერია აბსოლუტურად სწორი და აბსოლუტურად არასწორი. ამიტომ არის ომი სასტიკი. ომში ყველა სასტიკი და საზარელია. 


ანასტასია ვოსტოკოვა, 33

[კიევი]

ჩემთვის ომი 2014 წელს დაიწყო. მარიუპოლში დავიბადე. უკვე კიევში ვცხოვრობდით, დედაჩემმა რომ დამიძახა და მითხრა, დეიდაშენი სურსათის საყიდლად ჩავიდა და აღარ მოსულა სახლში, ვერ ვუკავშირდებიო.

მერე ტელევიზორში ვნახეთ. ქუჩაში მკვდარი ეგდო. დედაჩემმა ისე ინერვიულა, დაავადდა და ერთ წელში თვითონაც გარდაიცვალა. 

ახლაც მაქვს ურთიერთობა ჩემს კლასელებთან მარიუპოლიდან. ამ დღეებშიც სულ ვწერ, მაგრამ ინტერნეტი არ აქვთ. 

7 წელი ხარკოვში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი. ეს ქალაქი გაანადგურეს, აღარაფერია მისგან დარჩენილი. ჩემი კლასელები ბომბსაცავებში არიან ახლა ელექტროენერგიის, საჭმლისა და წყლის გარეშე.

ჩვენს სახლში, კიევში, ახლა დამხმარე ქალია, სულ მარტო, ცხოველებთან ერთად. გარეთ ვერ გადის. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენ ხანს გაძლებს საჭმლის გარეშე. 

ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავით აქ რომ ჩამოვედით. 23 თებერვალი იყო. კიევში უკვე ძალიან გადაღლილები ვიყავით ომის მუქარებით. არავის ეგონა, რომ დაიწყებოდა. 

ჩემს ქართველ მეზობელს ვეხუმრებოდი ამ თემაზე; ვაწყნარებდი, არაფერი მოხდება-მეთქი. ის კიდევ დიდი შეშინებული თვალებით მიყურებდა. ახლა მესმის, რატომაც.  საქართველოდან ერთხელ უკვე გამოქცეული იყო რუსულ ბომბებს უკრაინაში, 2008 წელს. ახლა მეორედ ბომბავენ. 

ახლა თავს ვიდანაშაულებ მაშინდელი გულუბრყვილობისთვის და სიმშვიდისთვის. ჩემი დედამთილის დაბადების დღე იყო. პოლიტიკური წნეხისგან და მოსალოდნელი საფრთხეებისგან ისეთი დაქანცულები ვიყავით, ბორჯომში წამოსვლა და დასვენება გადავწყვიტეთ. 

ტელევიზორი ჩავრთეთ და ეკრანზე ომის კადრები დავინახეთ. ვცდილობდით გაგვეგო, სად დაიწყო ომი და უცებ ქართველმა წამყვანმა თქვა: “უკრაინა.”

დავსხედით და მას შემდეგ ადგილიდან ვერ ვიძვრებით. ვერც ვჭამთ, ვერც ვიძინებთ. უკვე ვეღარც ვტირით. ცრემლები რომ მიშრება, სახეზე ვწითლდები. მერე ისევ ტირილს ვიწყებ…

აქ ჩემს უმცროს შვილთან, ქმართან და ნათესავებთან ერთად ვარ. იღბლიანები აღმოვჩნდით, რომ გადავრჩით, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ძალიან აუტანელია. რომ შემეძლოს, ფეხით ჩავიდოდი სახლში. მეორე მხრივ, იქ არიან დედები, რომლებიც თავს იდანაშაულებენ, რომ ვერ მოახერხეს თავიანთი შვილები ომს გაერიდებინათ. 

არც საჭმელში ვიხდით ფულს და არც საცხოვრებელში. თუმცა, ქართული სტუმართმოყვარეობით სამუდამოდ ვერ ვისარგებლებთ. რამენაირად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. სამსახური უნდა ვიპოვოთ.  მერე, ალბათ, უკრაინაში დავბრუნდებით. 

ამ ფსიქოპატმა მთელი ჩემი ქვეყანა მიწასთან გაასწორა, ჩვენ უნდა აღვადგინოთ.  მშენებლების ოჯახი ვართ,  ამიტომ ჩვენ, პირველ რიგში, დავჭირდებით.  

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია