ჩემი თერაპია

ავტორი: თინა ბაბაკიშვილი

18.05.22
თემა: ბავშვები

ეს პროექტი ჩემს მშობლებს ეძღვნებათ, რომლებმაც ყველაფერი მომცეს. მათ მიმართ სიყვარულის გარდა, არაფერი გამაჩნია.

ჩემს მშობლებს ერთმანეთი აღარ უყვართ. სიმართლე რომ ვთქვა, არც კი მახსოვს ის დრო, როცა ერთმანეთი უყვარდათ. ჩემს გაზრდასთან ერთად, მათ შორის დისტანციაც ნელ-ნელა გაიზარდა. თავიდან მათი საწოლები გვერდიგვერდ იდგა, მერე ორი მეტრის დაშორებით და ახლა კი, ორ სხვადასხვა ოთახში სძინავთ. ვიცი, ჩემი ბრალი არ არის, მაგრამ ჩემი სახლიდან გადასვლის შემდეგ, დედაჩემი ჩემს საძინებელში გადავიდა. შეგრძნება მაქვს, რომ კიდევ უფრო დაშორების საშუალება მათ მე მივეცი.

თავს დამნაშავედ მხოლოდ ამის გამო არ ვგრძნობ. მათგან განსხვავებით, იმდენი შესაძლებლობა და არჩევანის თავისუფლება მქონდა ცხოვრებაში, ზოგჯერ ესეც მაიძულებს თავი დავიდანაშაულო. რა იქნებოდა, უარი რომ ეთქვათ ყველა სოციალურ პასუხისმგებლობასა და ვალდებულებაზე და სანაცვლოდ, თავიანთ ოცნებებს გაჰყოლოდნენ? ისევ ერთად იქნებოდნენ? თუ დაშორდებოდნენ ერთმანეთს, არა მხოლოდ ემოციურად, ასევე ფიზიკურადაც? იქნებ შეეძლოთ ცხოვრებაში უფრო ბედნიერები ყოფილიყვნენ?

ყველაფრის მიუხედავად, რაც დრო გადის, ჩემი მადლიერება მათდამი იზრდება; ოჯახისადმი მათი ერთგულება ჩემში აღფრთოვანებას იწვევს. ძალიან ვაფასებ იმ ოჯახურ ფასეულობებს, რომლებსაც არ უღალატეს; იმ ზრუნვას, რომელსაც ამ წლების მანძილზე ჩემი და ჩემი ძმის მიმართ გამოხატავდნენ. რაც უფრო ვცდილობ გავუგო მათ და გავიგო მათი გადაწყვეტილებები, მით უფრო მეტად ვუღრმავდები ჩემს თავს და ვპოულობ ფესვებს იმ დამოკიდებულებებსა, თუ აღქმებზე, რაც ჩემს ცხოვრებაშიც პირად საკითხებთან მიმართებით არსებობს.

ემოციურად რაც უფრო მიჯაჭვული ვარ ჩემს მშობლებთან, მით უფრო მძაფრად ვგრძნობ საჭიროებას, გავწყვიტო ეს ჯაჭვი, ვიპოვო ჩემი ხმა, გავიგო რა მინდა, რატომ მინდა, ან საერთოდაც, რა არ მინდა.

არსებობს თაობის ტრავმები, რომლებიც ჩემს მშობლებსა და მე გადმოგვეცა, და გარკვეულწილად, ეს არავის ბრალი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს გავიაზროთ და დავსვათ კითხვა: როგორ შეგვიძლია ცხოვრებაში შევცვალოთ ის, რაც დიდი ხანია უკვე არაფერში გვემსახურება?

საოჯახო ტახტი, რომელსაც ჩვენი ოჯახის ყველა წევრი, დროდადრო, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისთვის და სიმშვიდისთვის იყენებს.


მზრუნველობის მაგალითები

მამა ჩემს ძაღლზე, ჯიჯიზე, ზრუნავს.                              

დედა მამას ფიზიკის ძველი ჟურნალების მოწესრიგებაში ეხმარება. დედას რომ შეეძლოს, ალბათ, წამში გადააგდებდა.

ჩვენ სამნი ერთად: 8 წლის წინანდელი ჩემი ყვავილები, დედას პერანგი და მამაჩემი


მსგავსებები

რამდენადაც ისინი განსხვავებულები არიან, მე მათ ერთნაირად ვხედავ, თითოეულს საკუთარ სამყაროში.

ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე.

მზრუნველობის მაგალითები

დედა ჩემთვის და ჩემი საქმროსთვის, ჩვენი დიეტისთვის საჭირო სიზუსტით, სადილს ამზადებს.

მამა მანქანას მირეცხავს.

ვუყურებთ ძველ საოჯახო ფილმს, რომელიც 16 მილიმეტრიანი კამერითაა გადაღებული.

ავტოპორტრეტი დედაჩემის ქურთუკში


ეს ფოტო ესსე მომზადებულია ფოტოგრაფ ჰება ხამისთან გავლილი ტრენინგ-კურსის ფარგლებში, ტომსონ როიტერსის ფონდის მხარდაჭერით.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია