ჯანოს რომ ეხება საქმე, ჩემში დემონი იღვიძებს | სინდისის პატიმრის, ჯანო არჩაიას, ოჯახი

ჯანოს რომ ეხება საქმე, ჩემში დემონი იღვიძებს | სინდისის პატიმრის, ჯანო არჩაიას, ოჯახი ჯანოს რომ ეხება საქმე, ჩემში დემონი იღვიძებს | სინდისის პატიმრის, ჯანო არჩაიას, ოჯახი

წელიწადზე მეტია ქვეყანა უწყვეტი პროტესტის რეჟიმშია. 2024 წლის 28 ნოემბერს მოქალაქეები „ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, განცხადებამ, რომ საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, ქუჩაში მასობრივად გამოიყვანა. მომდევნო დღეებიდან იწყება დემონსტრანტების სისხლის სამართლის წესით დაკავებებიც. 

დაკავებების, ჯარიმის თანხის გაზრდის, კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, წინააღმდეგობა დღესაც გრძელდება.

Chai Khana აგრძელებს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გადაღებას. ეს პროექტი პროევროპული აქციების დროს დაკავებულების ოჯახებზე ვიზუალური მეხსიერების შექმნის მცდელობაა.

შაბათის მარში
17 თებერვალი, 2026

შაბათის მარში
14 თებერვალი, 2026

შაბათის მარში
14 თებერვალი, 2026

9 აპრილს მამაჩემის გვერდით 14 წლის ბავშვი ვიყავი… იქიდან მოყოლებული იწყება ბრძოლა, ჩემი ცხოვრება დაიწყო ბრძოლით ჩემი ბავშვობიდან, 50 წლის კაცი ვარ და არ გამომიტოვებია არაფერი, ვიყავი აფხაზეთშიც.

ფრაგმენტი ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვიდან, რომელიც მან განაჩენის გამოცხადების დღეს, 2025 წლის 3 სექტემბერს, წარმოთქვა.


49 წლის ჯანო არჩაია 2024 წლის 5 დეკემბერს პოლიციამ სახლთან ახლოს გააჩერა და ბორკილები დაადო. ის ერთ-ერთია 11-კაციანი ჯგუფიდან, რომელსაც  თბილისის საპროტესტო აქციების დროს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ. ბრალდება მას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. მოსამრთლე ნინო გალუსტაშვილმა ამ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა [226-ე მუხლი] და თითოეულ ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. 

ჯანო არჩაია ბრალს არ აღიარებს. სასამართლო პროცესზე საჯაროდ აქვს ნათქვამი, ახლაც რომ გამათავისუფლოთ, ისევ რუსთაველზე დავბრუნდებიო.

ნანა არჩაია, სკოლამდელი აღზრდის პედაგოგი
ჯანო არჩაიას ცოლი

ჯანოზე ლაპარაკი მიყვარს. მისი დაჭერის დღიდან მოყოლებული მართლა ბევრი გადავიტანეთ, მაგრამ სატირალი არაფერი გვაქვს. ნია ძალიან ყოჩაღია. ჯანოს დაჭერის მერე, ისე ამომიდგა გვერდში. მამას დაპირდა: როგორი სახლიც და ოჯახიც დატოვე, ისეთს დაგახვედრებო. სამ ადგილას მუშაობს ერთდროულად. 

ჩემი მშობლები და და-ძმა გალის რაიონში არიან, აფხაზეთში. არც გადმოსულან. მე 1992 წელს გავთხოვდი, 3-4 დღეში დაიწყო ომი და მას მერე აქეთ ვარ. 17 წელია ჩემს სახლში არ ვყოფილვარ. საბუთები არ მაქვს და ვერ გადავდივარ.

პატარები ვიყავით რომ დავქორწინდით. ჯანო 16 წლის იყო, მე 18-ის. სადაც ამხელა სიყვარულია, 2 წელი სხვაობა რა სახსენებელია. სამ შვილს ერთად ვზრდიდით. დედამთილი და მამამთილი ძალიან გვეხმარებოდნენ. კარგი, თბილი, გემრიელი ოჯახი გვქონდა. გაჭირვებაშიც ვყოფილვართ, მაგრამ ერთად გადაგვიტანია. მე რომ არ გამაჩერო, სულ შემიძლია ჯანოზე ლაპარაკი და ამბების გახსენება, არ მომბეზრდება. 

თურმე ყველაფერს ეგუება და ეჩვევა ადამიანი. ერთი დღე თუ გავძლებდი მის გარეშე, ვერ წარმომედგინა. რომ დაიჭირეს, მაშინვე გავიფიქრე: მორჩა, თავზე დამემხო ყველაფერი-მეთქი.

9 აპრილი, 2025

ნანა არჩაია თბილისის საქალაქო სასამართლოში.
3 სექტემბერი, 2025
ამ დღეს ჯანო არჩაიას განაჩენი გამოცხადდა.


ნია არჩაია, 25 წლის

ჯანოს ყველაზე უმცროსი, გათამამებული შვილი — ასე წარადგენს ნია თავის თავს ინტერვიუს დასაწყისში. ისე მოხდა, რომ უმაღლესი განათლება ვერ მივიღე, მაგრამ მამა ციხიდან რომ გამოვა, სწავლა უნდა დავიწყო. სწავლისთვის გვიანი არასოდეს არ არის.

5 დეკემბერი ჯოჯოხეთურად მახსენდება. მთელი დღე ვეძებდი მამას, ვერ ვპოულობდი. მაგ დღის მერე ყველა დღე სტრესი და ნერვიულობაა. გვირეკავს და მხოლოდ მისი ხმის გაგონებაა ჩვენთვის შვება. 

მართლა დანაშაულის ჩადენისთვის ხომ არ არის მამა დაჭერილი?! არც ქურდობისთვის, არც მკვლელობისთვის, არც ნარკოტიკისთვის.

ჩვენ უნდა ვამხნევებდეთ, მაგრამ პირიქით არის. სულ აქეთ კითხულობს ჩვენს ამბებს: მაქსი [ძაღლი] როგორ არის, სამსახურში რა ხდება, დედა როგორ არის, რას ვჭამთ, რას ვსვამთ. ციხის საკნიდანაც კი ძალიან მზრუნველია. მამაზე რომ მეკითხებიან და ვყვები, ხანდახან მიფიქრია, ფანატიკოსი არ ვეგონო-მეთქი. ვის არ ყოლია მამა და ვის არ ჰყვარებია?! მაგრამ მართლა განსაკუთრებულია ჯანო.

მისი დაჭერა ძალიან რთულად გადავიტანე. ის მარტო მამა არ არის, ჩემი მეგობარია, ჩემი მესაიდუმლე. სულ გვერდით მედგა. მამისგან მოშორებით არასდროს ვყოფილვარ. 

ახლა სახლი დაცარიელებულია. ხალისი დავკარგეთ. მამის გარეშე ნაძვის ხეც კი არ ამიწყვია. მეორე წელია, ყველა დღესასწაული ჩვენს ოჯახში უღიმღამოა. ასეთი სიჩუმე სახლში არასოდეს ყოფილა. ამ ახალ წელსაც ციხესთან შევხვდით. 1 საათზე დავბრუნდით სახლში და დავიძინეთ.

დღეებს ვითვლით უკვე. 10 თვე დარჩა. მოვა 2026 წლის 5 დეკემბერი და დასრულდება ჩვენი ჯოჯოხეთი.

მამა სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. იამაჰაზე უკრავდა. კონცერტებსაც მართავდა. მაგრამ, სამწუხაროდ, თავისი პროფესიით ვერ შეძლო ცხოვრება.

90-იან წლებში სამი შვილის გაზრდა რთული იყო. ქორეოგრაფობით ამას ვერ მოახერხებდა. ამიტომ არაფერს თაკილობდა. ყველგან უმუშავია: მშენებლობაზე, მზარეულად, დისტრიბუტორად, ტაქსის მძღოლად.

დედა და მამა 33 წელია, ერთად არიან. აფხაზეთში ჩააკითხა მამამ და თბილისში წამოიყვანა.


ჯანო ახალგაზრდა ბაბუაა. 4 შვილიშვილი ჰყავს. პატარა შვილიშვილი მის ამბავს ასე მოიკითხავს ხოლმე: ბაბუა მაშინ გამოვა ხომ, მე რომ პირველ კლასში წავალ?!

ნათესავებმა რომ გაიგეს ჯანოს დაკავება და მირეკავდნენ, პირველი იმას კი არ კითხულობდნენ: რატომ დაიჭირესო, ნანა და ეგ ცალ-ცალკე როგორ გაძლებენო?!
რთულად, მაგრამ გაძლეს.



რეზი არჩაია, 32 წლის

მე და მამა ერთად ვმუშაობდით დისტრიბუციაში. ჩვენ მხოლოდ მამა და შვილი არ ვართ ერთმანეთისთვის. მასზე კარგი ძმაკაცი დღესაც არ მყავს. 

სამსახურიდან რომ მოვიდოდით სახლში, სულ მხიარულად ვიყავით ხოლმე. ერთად ვსადილობდით ყველა, სულ ცეკვის და მუსიკის ხმა გადიოდა ჩვენი ოჯახიდან. მეზობლებსაც უკითხავთ: რა ხდება თქვენს ოჯახში, სულ სიმღერის ხმა რომ გამოდისო?! 

1 მარტს 51 წლის ხდება. ახლაც ისევ ისეთი ლაღია მამა, როგორიც წლების წინ იყო.

გულით მინდა, მეც ისეთი მამა ვიყო ჩემი შვილებისთვის, როგორიც ჯანოა ჩემთვის.

ძალიან მოსიყვარულე ოჯახში გაგვზარდეს. არც ჩხუბი მახსოვს მამასგან, არც ხმამაღალი სიტყვა, ხელის დარტყმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. შენიშვნებს კი მაძლევდა ხოლმე, ცალკე ოთახში გამიყვანდა და ამიხსნიდა. 

ნია

თან ქირით ვცხოვრობთ, ამ დროში ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შეგვეძლო ასე მოლხენა. თუ უხასიათოდ იყავი, ჯანო არ მოგასვენებდა. მაინც გაგამხიარულებდა. 

ახლა ჩვენი ხმაც კი აღარ ესმით მეზობლებს. არაუშავს, ცოტაღა დაგვრჩა, გავუძლებთ. მის გასაცნობად იმდენი ხალხი გვყავს უკვე დაპატიჟებული, ალბათ, ავეჯის გატანა დაგვჭირდება სახლიდან. მაშინ დარწმუნდებით, რომ მასზე რასაც ვლაპარაკობთ, არც ერთ სიტყვას არ ვაჭარბებთ.

ნია არჩაია
ჯანო არჩაიას უმცროსი შვილი

სახლში ჩხრეკა რომ ჩაატარეს, მამიკოს ის ქურთუკი წაიღეს, რომელიც აქციაზე არასოდეს სცმია — ხაკისფერი ქურთუკი. ჯანოს ტელეფონიც 5 დეკემბრის მერე თვალით აღარ გვინახავს. ექსპერტიზის პასუხი არ ყოფილა. არადა, სააპელაციო სასამართლოში ბოლო ორი პროცესია მხოლოდ დარჩენილი. 

დაკავების დღეს სახლში რომ დავბრუნდი, წივილ-კივილი დავიწყე. ფორმაში ჩაცმულებს ვეუბნებოდი, რატომ არ მითხარით მამა ცოცხალი რომ იყო-მეთქი.

ჯანოს რომ ეხება საქმე, ჩემში დემონი იღვიძებს. 

სასამართლო პროცესებზე იმდენი ტყუილი და აბსურდი ვნახე, სულ ვფიქრობ, როგორ არ ეშინიათ. მჯერა, რომ ადამიანს უსამართლოდ რომ მოექცევი და ჯოჯოხეთს გამოატარებ, ის აუცილებლად დაგიბრუნდება უკან. 

მამა ლაჩარი არასოდეს ყოფილა. მთავარი ჩემთვის ეგ არის. ახლა კი არ დაუწყია სამშობლოსთვის ბრძოლა, მისი მშობლებისგან ჰქონდა მაგალითი. ბებია და ბაბუა ზვიად გამსახურდიას დიდი მხარდამჭერები იყვნენ. ჯანო აფხაზეთის ომში იბრძოდა.

31 მარტი, 2025
აქცია საქართველოს პარლამენტის წინ

19 აპრილი, 2025

რეზი 

მე და მამა სულ ერთად დავდიოდით აქციებზე. წყლის ჭავლისგან სველები, გაზით ლამის გაგუდულები, მაინც დღე არ გამოგვიტოვებია.

დაკავების დღესაც მე და მამა ერთად ვიყავით, საქმეზე მივდიოდით. მანქანაში დავტოვე, მე გადავედი. ხმაური რომ გავიგე და გამოვედი, მამას უკვე ხელბორკილები ედო. 

რა ხდება-მეთქი ვიკითხე და მეორე პოლიციელმა მე დამადო ბორკილები. სხვადასხვა მანქანაში ჩაგვსვეს. ავჭალის პოლიციის ეზოში ვიდექით. არ განუმარტავთ, რაზე ვიყავით დაჭერილები. ავჭალის პოლიციის უკან, 5-სართულიანი კორპუსების ჩიხში გადაგვიყვანეს. დილის 12 საათიდან საღამოს 8 საათამდე ამ ჩიხიდან არ გამოვუყვანივართ. ცალ-ცალკე მანქანაში ვისხედით მე და მამა და რა დავაშავეთ, არ გვეუბნებოდნენ. წყალიც კი არ მოუციათ. არც ტელეფონზე დაგვარეკინეს. არადა, ჩემი და გაუჩერებლად რეკავდა. აფეთქდა ტელეფონი. ვუთხარი, თქვენ მაინც უპასუხეთ და უთხარით, რომ დაგვიჭირეთთქო. 8 საათისკენ მანქანა გაგვიჩხრიკეს და სახლში წამოგვიყვანეს. დედამ რომ დაგვინახა, გული წაუვიდა. არ მიგვაკარეს. არც სასწრაფოში დაგვარეკინეს. დედას დიაბეტი აქვს. ჩემი და ამ დროს ჯერ სახლში მოსული არ იყო. 

მამა წაიყვანეს, მე ბორკილები მომხსნეს და დამტოვეს.

„ბათუმელების” სპეციალური გამოცემა სინდისის პატიმრებზე
ჯანო არჩაიას ამბავი

ნია

სიურპრიზების მოწყობა უყვარს ჯანოს ძალიან. ქორწინების 31 წელი რომ შეუსრულდათ, რომანტიკული საღამო მოუწყო დედას. 

მამა მებრძოლი კაცია. კობახიძემ რომ გამოაცხადა, ვწყვეტთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებსო, ჯანო ტელევიზორს უყურებდა. ეს რა ხდებაო თქვა და გააზრება ვერც მოვასწარით, უკვე ჩაცმული იყო და პარლამენტთან მიდიოდა.

ყოველ დღე აქციებზე იყო. არადა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვნერვიულობდი.  

ნია ჯანოს საყვარელ ძაღლთან - მაქსთან ერთად

მამა, სხვათა შორის, პრანჭია კაცია. შეამჩნევდით ალბათ სასამართლო პროცესებზე. სულ მოწესრიგებულია, საკანშიც კი. ისე არ ვუგზავნით ციხეში ტანსაცმელს, სუნამო რომ არ დავასხათ. დედას პროცესებზე როგორ ეპრანჭება, უნდა ნახოთ. დედაც სულ მაკიაჟით მოდის ხოლმე სასამართლოში. ჯვარი არ აქვთ დაწერილი და ციხიდან რომ გამოვა, ეგეც დაგეგმილი აქვთ. ქორწილს ეზოში გადაიხდიან. მოკლედ, 2027 წლიდან დიდი გეგმები გვაქვს. 

ამ მძიმე დროს დიდი ოჯახი შევიკარით. ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, ამ გადასარევ ხალხს, პატიმრის ოჯახის წევრებს, ვერ გავიცნობდით. ფუჭად როგორ უნდა ჩაიაროს ამ ხალხის ბრძოლამ?!

3 სექტემბერი, 2025

11 პირის საქმეზე ამ დღეს განაჩენი გამოცხადდა.

განსაკუთრებით მძიმე იყო 3 სექტემბერი, მისჯის დღე. ხომ ვიცოდით, რომ განაჩენი ჩვენს სასარგებლოდ არ იქნებოდა? 9 თვე ხომ ყველაფერს ჩვენ თვალით ვუყურეთ. თითქოს, მზად ვიყავით, მაგრამ მაინც უმძიმესი დარტყმა იყო. 

„ჯანო არჩაიას ვცნობ დამნაშავედ. პატიმრობა 2 წელი!” - ძლივს გადავიტანე ეს სიტყვები. მეხის დაცემასავით იყო. არასოდეს არ დამავიწყდება ეგ დღე. ვერც იმ ხალხის სახეს დავივიწყებ, ვინც პროცესს ესწრებოდა დარბაზში.
ჯანო ჩვენ გვიყურებდა ამ დროს და გვანიშნებდა, ნუ ტირითო.

იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ მამამ შეიძლება მართლა რამე დააშავა აქციაზე, მინდა, ვუთხრა ხოლმე, ერთხელ მაინც მოვიდეს სასამართლო პროცესზე. იქ ყველაფერი ისეთი ნათელია, კითხვები არ დარჩებათ. მოწმე პოლიციელების მოსმენა განსაკუთრებით საინტერესოა, ისე ააშკარავებენ აბსურდს.

17 იანვარი, 2026
შაბათის მარში

17 იანვარი, 2026
შაბათის მარში

17 იანვარი, 2026
შაბათის მარში