უსაფრთხო სივრცე: დრეგ კულტურა თბილისში

ავტორი: თინა კიკალიშვილი

27.07.22
თემა: LGBTQI+

“დრეგ-ქუინობა ჩემთვის იდენტობაა, ზოგიერთი ქუინისთვის კი, ხელოვნება,” ხსნის ჯერილინ სტოუნი*

“Ჩემი პერსონაჟი ჩემი ხასიათის ნაწილია, რომელიც დრეგ შოუებზე სხვადასხვა როლს ირგებს. ის ხარისხზეა ორიენტირებული, დიდი გოგოა უკვე და იცის რა უნდა. ის დივაა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მაძლევს ძალას წინ წავიდე.”

Სტოუნი თბილისის მზარდი Drag Ball სუბკულტურის დრეგ ქუინია. “Ეს პერფორმანსები საკუთარი თავის გამოსახატად უსაფრთხო სივრცეა ლბგტქ + ადამიანებისთვის,” გვეუბნება გენდერის სპეციალისტი მარიამ ჭანჭალეიშვილი.

“კვლევებმა გვაჩვენა, რომ ლგბტქ + ადამიანების მიმართ დამოკიდებულებები საქართველოში შეიცვალა და საზოგადოება უფრო შემწყნარებელი გახდა, ნაკლებად რადიკალურია,”ამბობს მარიამი და 2021 წელს სახალხო დამცველის აპარატისა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევას იშველიებს. Კვლევის მთავარი მიგნება იყო, რომ 2016 წლიდან მოყოლებული დღემდე, ლგბტქ+ ადამიანების მიმართ უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება 20%-ით შემცირებულია.

“მჯერა, რომ საზოგადოება მეტად ტოლერანტულია დღეს და მზად არის ცვლილებებისთვის. Ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია მთავარი დაბრკოლებაა ამ გზაზე,” ამბობს მარიამი და ამატებს:

“Დრეგ-ქუინობა, პირველ რიგში, თვითგამოხატვის საშუალებაა, თუმცა თუ ის ცვლილებებისთვის სტიმულს აღძრავს და მაყურებელზე გავლენას ახდენს, მას აქტივიზმამდე მივყავართ.”

Დრეგ-ქუინი ჰომო ერექტუსი* ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ დრეგმა შეიძლება ადამიანები მნიშვნელოვან საკითხებზე დააფიქროს და ცვლილებებსაც შეუწყოს ხელი.

“Დრეგი არის მედიუმი, რომლის საშუალებითაც შეგიძლია სოციალურ პრობლემებზე იფიქრო. Დაკარგული სამყარო რეალობაში დააბრუნო. Დრეგ-პერფორმანსი, როგორც ხელოვნების ფორმა, მაყურებლისთვის შესაძლებლობაა სამყაროს სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედოს. Როგორც დრეგ-ქუინს, შენ შეგიძლია ცვლილებების ინიციატორი გახდე.”

Დრეგ-ქუინი სოფიო მაკქუინი* ამბობს, რომ პერფორმანსი მისთვის კომფორტის ზონად იქცა და შეუძლია ის ხალხის გასაერთიანებლად გამოიყენოს.

“Დრეგ-პერფორმანსი საქართველოში არის პლატფორმა, სცენა, რომელსაც შეუძლია განსხვავებული სუბკულტურის, ინტერესების, წარმომავლობის, შეხედულებებისა და იდენტობის ადამიანები გააერთიანოს.”

“Ჩვენ შეიძლება ერთ აზრზე ვიყოთ, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფს მივაკუთნებდეთ თავს და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან ძალას ვკარგავდეთ. Ჩვენ მხოლოდ ერთად დგომით შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ და პრობლემებიც ამ გზით გადავჭრათ.”

Მაგრამ ძალიან რთულია დრეგ-ქუინებისთვის ხელოვნებაში ღიად გამოხატონ თავი. Არა მხოლოდ საზოგადოებაში, საკუთარ ოჯახებშიც კი არ აქვთ მიკუთვნებულობის განცდა.

2021 წელს ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქ + ადამიანების მიმართ ღიაობის ტენდენცია შესამჩნევია, ისინი მაინც ყველაზე დაუცველ ჯგუფად რჩებიან საქართველოში. Მაგალითად, მიუხედავად იმისა რომ დღეს ადამიანები მზად არიან მეგობარს სქესის შეცვლის გადაწყვეტილებაში მხარი დაუჭირონ, კვლევის რესპონდენტების თითქმის ნახევარს - 48.2%-ს - მაინც სჯერა, რომ ისინი თავიანთი პრივილეგიებისთვის იბრძვიან. 39.5%-ი კი დარწმუნებულია, რომ ლგბტქ+ ადამიანების უფლებები ქვეყანაში სრულად დაცულია.

კვლევის მიხედვით, კაცები საქართველოში ნაკლებად უჭერენ მხარს ლგბტქ+ თემს. Იმ ადამიანების რიცხვი,  რომლებსაც სჯერათ, რომ თემის წევრების უფლებები დასაცავია, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კაცებში 20-დან 23%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა ქალებში 22-დან 31%-მდეა ზრდა.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა რამდენი დრეგ-ქუინია საქართველოში, ან რამდენი ადგილია, სადაც დრეგ პერფორმანსების ნახვაა შესაძლებელი. Drag Ball-ების კონსულები (გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია) Drag Ball-ებს "თბილისი პრაიდის" მხარდაჭერით, კლუბ "მტკვარზე" მართავენ. უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორები ღონისძიებებს რეკლამას არ უკეთებენ. მათთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ აუდიტორია თემის მხარდამჭერია.

“ლგბტქ+ ადამიანებმა მეგობრული სივრცეები უნდა იპოვონ, სადაც თავიანთ თავს თავისუფლად გამოხატავენ. Მართალია, ასეთი ადგილების რაოდენობა თბილისში ბოლო წლებში იზრდება, მაგრამ მაინც ყველაფერი ცენტრალიზებულია და მიუწვდომელი მათთვის, ვისაც ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან კავშირი არ აქვს,”ამბობს მარიამ ჭანჭალეიშვილი.

მარიამს ჰგონია, რომ drag ball-ები შეიძლება იყოს კარგი შესაძლებლობა ქვიარ თემის უკეთ გასაცნობად. Თუმცა, პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა ესმოდეს რა გამოწვევების წინაშე არიან ისინი ყოველდღიურად; რა პრობლემები აქვთ. Ეს შოუები უნდა იყოს დასაწყისი, რომელიც თვითგამოხატვის პროცესში გზადაგზა დაიხვეწება.”

თემის ბევრი წევრისთვის საზოგადოებაში ღიად ყოფნა და drag ball-ებში მონაწილეობა ავტომატურად ნიშნავს ოჯახის წევრებთან დაძაბულ ურთიერთობას, რომელიც სრული გაუცხოებით შეიძლება დასრულდეს.

“არ მინდოდა დრეგის ნაწილი გავმხდარიყავი. Არ მინდოდა მასთან ასოცირებული ვყოფილიყავი. Არსებობს სტერეოტიპები და საზოგადოება მაშინვე იარლიყს გაწებებს,” გვიზიარებს ჰომო ერექტუსი. “Დედაჩემი საშინლად განიცდიდა, რომ საზოგადოება არასოდეს მიმიღებდა, როგორც ქვიარს. Კიდევ უფრო რთული იქნებოდა მისთვის იმის წარმოდგენა, რომ სამყაროს როგორც დრეგ-ქუინი ისე უნდა მივეღე.”

ვანილა აისი* ამბობს, რომ დრეგ საზოგადოებამ მას უსაფრთხოების განცდა დაუბრუნა, რომელიც თავისი ბიოლოგიური ოჯახისგან აკლდა. Მიუხედავად ამისა, დღესაც ვერ ბედავს თავისი რეალური ცხოვრება დედას გაუზიაროს. 

“როდესაც შოუსთვის ვემზადებოდი, წარმოვიდგინე დედა როგორ უყურებდა ამას. Ბედნიერი ვიყავი. Ცოტა დამაკლდა, რომ ერთ-ერთ შოუზე არ დამეპატიჟა. Მაგრამ როგორც კი დავინახე მისი რეაქცია, როცა გავუმხილე, რომ “ნეილ-მასტერობა” მინდოდა მესწავლა, გადავიფიქრე. მივხვდი რომ არ იყო მზად ჩემი დრეგ-ქუიონობის მისაღებად და Არც მე ვიყავი მზად მის თვალებში იმედგაცრუება ამომეკითხა.”

პუსეიდონიც* არ უზიარებს ოჯახს თავის დრეგ ცხოვრებას. “Ბოლო შოუზე, როდესაც გავიმარჯვე, ინსტინქტურად მაშინვე დედაჩემის ნომერი ავკრიფე, მინდოდა ეს სიხარული პირველი მისთვის გამეზიარებინა, მაგრამ გამახსენდა, რომ არაფერი იცოდა. Ვერც გაიგებდა და აღარ მინდოდა ენერვიულა.”

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია