ქუთაისის ახალი იდენტობა | ტურიზმისა და მშენებლობების ახალი (ეპი)ცენტრი
Მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო ბუმმა საქართველოში ორი ყველაზე დიდი ქალაქის - თბილისისა და ზღვისპირა კურორტის ბათუმის - იერსახე ფუნდამენტურად შეცვალა, ქუთაისი ადამიანის უხეშ ჩარევებს დიდწილად გადაურჩა. ყოველშემთხვევაში, ამ დრომდე.
Ქალაქი სავსეა ტურისტებით, სამშენებლო სამუშაოებიც ინტენსიურად მიმდინარეობს. ქუთაისის ცენტრში, Რუსთაველის გამზირზე სეირნობისას ადვილად შეამჩნევთ ძველ შენობებს, რომლებიც უკვე გაამზადეს მრავალსართულიანი კორპუსებით ჩასანაცვლებლად. იმის მიუხედავად, რომ მშენებლობები და ტურიზმი ქალაქში სამუშაო ადგილებს ქმნის, ადგილობრივები მაინც განიცდიან, რომ ქუთაისის ისტორიული უბნები და მისი უნიკალური არქიტექტურა თბილისისა და ბათუმის ბედს გაიზიარებს. ეჭვობენ, რომ ქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებს საბოლოოდ ინვესტორების ინტერესი გადაფარავს.
ამ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს 156-ბინიანი კორპუსი, რომელიც ქუთაისის ისტორიულ ხიდთან [ბალახვნის] ახლოს შენდება. ჯარისკაცმა ავთო ბერძენაძემ ამ კორპუსში ბინა მწვანე სივრცისა და ქალაქზე კარგი ხედის გამო იყიდა. Კორპუსი Iberia Star Group-ი ერთ-ერთი პირველი სამშენებლო პროექტი იყო ქუთაისში.
“2016 წელს სულ რამდენიმე კორპუსი შენდებოდა. თვითონ უბანი და ხედი ძალიან მომწონდა. Ბინის ფანჯრები მდინარესაც გადაჰყურებდა და ქუჩასაც. ამის გარდა, სათამაშო მოედნის მოწყობასაც გვპირდებოდნენ,”ამბობს ავთო.
“დაპირების მიუხედავად, ეზოში კიდევ ერთი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყეს.”
Ახალი მშენებლობა მდინარეზე ხედსაც დამალავს და ძველ კორპუსამდე მზის შუქიც ვეღარ მიაღწევს. Პროტესტის მიუხედავად, იქ მცხოვრებლებმა მშენებლობა ვერ შეაჩერეს.
ალექსანდრე ბასილაძე სამშენებლო კომპანია “პანორამა ქუთაისის” მარკეტინგის სპეციალისტია. ის ამბობს, რომ ქალაქში ახალ ბინებზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია, შესაბამისად, მრავალსართულიანი კორპუსები პოპულარულია. 2020-2021 წლებში კომპანიამ 106 ბინიდან 80 გაყიდა.
ყოველთვის ასე არ ყოფილა. Საბჭოთა კავშირის დროს, უძველესი ქალაქი ქუთაისი ქვეყნის ინდუსტრიული ცენტრი იყო. Მაგრამ, როცა ეკონომიკა ჩამოიშალა, ქარხნებიც დაიხურა და განვითარების პროცესიც შეფერხდა.
ინტენსიური მშენებლობის პირველი ნიშნები 2015-2016 წლებში გაჩნდა: ბოლო რვა წლის განმავლობაში, ქუთაისის მერიამ მრავალსართულიანი კორპუსის აშენებაზე 68 ნებართვა გასცა. Მაშინ როცა, 2003-2013 წლებში, როცა თბილისი და ბათუმი კორპუსებით მნიშვნელოვანად განაშენიანდა, ქუთაისში, ჯამში მხოლოდ 20 ნებართვა გაიცა. ვარდების რევოლუციის დროს, ქუთაისი ბეტონის ტირანიას რაღაცნაირად გადაურჩა, თუმცა ბოლო წლებია, ქალაქმა ტურისტულ ჰაბად ჩამოყალიბება დაიწყო. იაფი ავიაკომპანიის, ვიზეარის, ქუთაისში გამოჩენამ, ქალაქში სასტუმროების რაოდენობა და ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ბიზნესიც საგრძნობლად გაზარდა.
“Შედეგად, საფრთხე შეიძლება დაემუქროს ყველაფერს, რაც ქუთაისს უნიკალურსა და გამორჩეულს ხდის როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივებისთვის,”ამბობს კინომცოდნე თამთა თურმანიძე, რომელიც წელიწადის ნახევარს ქუთაისში ატარებს.
“ფილმებში ურბანული სივრცე, არქიტექტურა, ქალაქის კონტურები და გულისცემა ქმნის იმ ატმოსფეროს, როცა თავად ქალაქი ხდება მთავარი გმირი და სწორედ ის გვეხმარება ჩვენი ქვეყანისა და კულტურის აღმოჩენაში. ისტორიული იერსახე ქუთაისის სიმბოლოა. Ქალაქის სული და გული ძველ უბნებშია შემორჩენილი,”ამბობს თამთა და ძალიან წუხს, რომ ერთ დღესაც მისმა საყვარელმა ქალაქმა შეიძლება ეს უნიკალურობა დაკარგოს.
Მდინარე Რიონის ნაპირები ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მომხიბვლელია. Ქალაქში პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Best Western Kutaisi სწორედ მდინარის ნაპირზე აშენდა. Მას მოჰყვა დანარჩენი სასტუმროებიც, მაგალითად, 125-ნომრიანი ‘რამადა ქუთაისი’. ტურიზმის განვითარება მხოლოდ სასტუმროებით არ შემოფარგლულა. ქუთაისში ისტორიული სინაგოგის გვერდით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება.
“არავინ ჩამოდის ქუთაისში მაღალი შენობების სანახავად. ტურისტი ქალაქში ემოციას ეძებს, მიკუთვნებულობის განცდას, ადგილობრივი კი ბავშვობის მოგონებებს უფრთხილდება. ქალაქის ძველი უბნები ზუსტად ამ ემოციებს ბადებს. თუ ჩვენ ტურისტების მოზიდვა გვინდა, ქუთაისის ისტორიული ნაწილი უნდა შევინარჩუნოთ,”ამბობს თამთა.
ქუთაისის მერია თანხმდება იმაზე, რომ ქალაქის თვითმმართველობას მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს, რომ ერთი მხრივ, ქალაქი განვითარდეს და მეორე მხრივ, უნიკალური არქიტექტურა შეინარჩუნოს. ქუთაისს 1984 წლის შემდეგ განაშენიანების გენერალური გეგმა არ ჰქონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის მგეგმარებლები ზოგად სამშენებლო კანონს ემორჩილებიან. Მერიის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის უფროსი რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ ახალ გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გენერალური გეგმის საბოლოოდ ჩამოყალიბებას, დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.
“[ახალ] გენერალურ გეგმას ლაითმოტივად გასდევს, რომ ქუთაისს მაღალი კორპუსები არ სჭირდება. ქალაქის ისტორიული უბნები უნდა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ამ ზონაშიც იქნება ახალი მშენებლობები, მაგრამ აშენდება შესაბამისი იერსახით, ფასადით, მოსაპირკეთებელი მასალით, სიმაღლით.”
ამავდროულად, საქართველომ სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურისა და მშენებლობის შესახებ რეგულაციები გაამკაცრა. Სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს ახლა უკვე მას იყენებენ. Ნებართვები, რომლებიც 2019 წლამდე გაიცა, ამ წესებს არ ემორჩილებოდა.
“ახლა ჩვენ პროცესის გაკონტროლება შეგვიძლია. დაუშვებელია ეს მომენტი ხელიდან გავუშვათ და თბილისისა და ბათუმის ბედი გავიზიაროთ. ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ,”ამბობს თამთა.
გააკეთე დონაცია