შვიდიდან ერთი | ძალადობაგამოვლილი ქალების გამოცდილება

ჟურნალისტი: ემი ტუმე, , ფოტოგრაფი: ელენა ფიბიგი, ბასა მეტრეველი
27.12.22
თემა: ქალები

შვიდიდან ერთ ქალს ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გამოუცდია ოჯახში  ძალადობა საქართველოშო - ვკითხულობთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშში.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ამ პრობლემასთან ბრძოლაში პროგრესი აქვს, კულტურული ტაბუ და შეზღუდული რესურსები რეფორმას მნიშვნელოვნად აფერხებს. 

ოჯახში ძალადობის დაძლევა გამოწვევად იქცა, რადგან ტრადიციულად, ქართული პოლიცია ამ საკითხს მხოლოდ ოჯახში განსახილველ პრობლემად მოიაზრებდა და მის სამართლებრივ კატეგორიაში მოქცევა უჭირდა. ადამიანის უფლებათა ადვოკატი, ბაია პატარაია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პირველ საკანონმდებლო რეფორმას უჭერდა მხარს. ბაია იხსენებს, რომ პირველი ორი წლის მანძილზე, არც პოლიცია და არც სასამართლო, საქმეების გამოძიებით და სისხლისსამართლებრივი დევნით არ ინტერესდებოდა.

2014 წელს ეს შეიცვალა, რადგან მოძალადე მამაკაცებისგან მოკლული ქალების რიცხვი ძალიან გაიზარდა. ამან სისტემაში მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია.
“თითქოს ფემინიზმის ახალი ტალღა დაიწყო. ამის შემდეგ ჩვენ უკვე შევძელით ახალი რეგულაციებისა და კანონების მიღება, რაც ეფექტიან გამოძიებას დაეხმარებოდა. დღეს კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით მოწესრიგებული გვაქვს,” ამბობს ბაია პატარაია, ქალთა ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი.

თბილისში მსხვერპლი ქალებისა და მათი შვილებისთვის შექმნილი თავშესაფრის მენეჯერი გვანცა ბაქრაძეც ამჩნევს დადებით ძვრებს ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევის გზაზე. წმინდა ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრი ერთ-ერთია იმ თავშესაფრებს შორის, რომელიც კერძო საკუთრებაშია. 

გვანცა ბაქრაძე წმინდა ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრს ხელმძღვანელობს. მართალია ოპტიმისტურად უყურებს მომავალს, მაგრამ ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევისთვის გაცილებით მეტია გასაკეთებელი.
© ელენა ფიბიგი

“კანონმდებლობაშიც ბევრი რამ შეიცვალა,” ამატებს გვანცა. ის ოპტიმისტურად უყურებს მომავალს და ამბობს, რომ დადებით ცვლილებებს მსხვერპლი ქალების დამოკიდებულებაშიც ამჩნევს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ.

მსხვერპლი ქალების თავშესაფარი თბილისში. აქ ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
© ელენა ფიბიგი

“ვუყურებ ამ ქალებს და ვხედავ, როგორი ძლიერები არიან. უამრავი პრობლემით მოდიან, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, სიძნელეებს წარმატებით უმკლავდებიან. ახალ ცხოვრებას იწყებენ. არ მგონია, ეს პროცესი უკან შემოტრიალდეს,” ამბობს გვანცა. თავშესაფარში, რომელსაც კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაცია “კარიტასი” მართავს, საოცარი სიმშვიდე იგრძნობა: მისაღებ ოთახში სათამაშო ცხოველებია მიმოფანტული; სამზარეულოდან სახლში მომზადებული სადილის სუნი ყველა ოთახში აღწევს, ქალები ერთმანეთს გამოცდილებებს უზიარებენ და ჩვილებს უვლიან. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

ქოლ-ცენტრი თბილისში. 24 საათი მუშაობს და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს საჭირო ინფორმაციით ეხმარება.
© ელენა ფიბიგი

წმინდა ბარბარეს დედათა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრში ახალგაზრდა ქალი ახალშობილთან ერთად.
© ელენა ფიბიგი

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე, თავშესაფრების არსებობა უმნიშვნელოვანესია: ძირითადად, მსხვერპლი ქალები ფინანსურად მოძალადე ქმრებზე არიან დამოკიდებულები და ახალი საცხოვრებლის პოვნის საშუალება არ აქვთ. თავშესაფრების თვალსაზრისით საქართველოს რეგიონებში განსხვავებული მდგომარეობაა. დაფინანსება ყველგან ერთნაირად ხელმისაწვდომი არ არის.

საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ხუთ თავშესაფარს აფინანსებს. ის მართავს ხუთ კრიზისულ ცენტრსაც, სადაც ქალებს იქამდე დარჩენა შეუძლიათ, სანამ სხვა გამოსავალს/საცხოვრებელს იპოვიან. გარდა ამისა, შექმნილია ცხელი ხაზი, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ინფორმაციით ეხმარება. ყველა ამ სერვისს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ახორციელებს, თუმცა მისი დირექტორი მერი მაღლაფერიძე ამბობს, რომ მიმდინარე პროგრამებსა და დახმარების მიმღებებს შორის ხარვეზები მაინც არსებობს. მაგალითად, ქალების უმეტესობას თბილისში ჩამოსვლა ურჩევნიათ, იმიტომ რომ დედაქალაქში უფრო მეტი შანსი აქვთ დასაქმების.  ფინანსური დამოუკიდებლობა კი მათთვის გადამწყვეტია.

ამჟამად, სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლ ქალებს ახალი პროფესიის სწავლის შანსს აძლევთ. შეუძლიათ აირჩიონ სტილისტის, ან შეფ-მზარეულის საქმე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს მიდგომა არაეფექტიანია. “მსხვერპლ ქალებს, სწავლა კი არა,  სამსახური სჭირდებათ ყველაზე მეტად. შემოსავალი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუჩნდეთ,” ამბობს მერი მაღლაფერიძე.

© ელენა ფიბიგი

ამის მიუხედავად, მერი ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა უკვე გადალახულია. “2006 წელს, როდესაც ჩვენ პირველად მივიღეთ ოჯახში ძალადობის შესახებ კანონი, ყველას ეღიმებოდა. ყველას ეგონა, რომ ეს მხოლოდ ოჯახში გადასაწყვეტი პრობლემა იყო.”

სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებულთა რიცხვი გაზრდილია. თუმცა, სოციალური სამართლიანობის დემოკრატიისა და სამართლიანობის პროგრამის დირექტორი გურამ იმნაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიდგომა მაინც ფრაგმენტული და არაეფექტიანია. 

“2020 წელს, ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული 1287 ადამიანიდან მხოლოდ 379-ს მიესაჯა პატიმრობა.”

არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებების” ადამიანთა უფლებების იურისტი ანა არგანაშვილი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა კანონის პრაქტიკაში გამოყენებაა. მაგალითად, ოჯახში ძალადობის ბოლო გახმაურებული საქმე, რომელიც საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს, ნეკა დოროყაშვილს ეხება, ბოლოს დოროყაშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფის კამპანიაში გადაიზარდა.

ადამიანის უფლებების დამცველი ანა არგანაშვილი ბოლო რამდენიმე წელია ახალგაზრდებს თავიანთ უფლებებს აცნობს.
© ბასა მეტრეველი

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ორწლიანი პროცესის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი გაამართლა.

“მთელი საზოგადოება ფიქრობდა, რომ წარმატებული და ცნობილი ჩოგბურთელი მოძალადე ვერ იქნებოდა. მუქარის შინაარსის უამრავ წერილს ვიღებდით. ხალხს ეგონა, რომ რადგან ნიკა მსოფლიო ჩემპიონი იყო, მის ყოფილ მეუღლეს პრეტენზია არაფერზე არ უნდა ჰქონოდა; ჩუმად უნდა ყოფილიყო და ნიკასთვის საშუალება მიეცა ქვეყანა ესახელებინა,”ამბობს ანა არგანაშვილი.

“ქაღალდზე პროგრესი ჩანს, მაგრამ რეალურად, პრაქტიკაში ეს არ ითარგმნება.”

ბოლო წლებში ანა უფრო მეტ ძალისხმევას ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდების განათლებაში დებდა, რადგან მხოლოდ კანონის მიღება გამოსავალი არ აღმოჩნდა. რამდენიმე თვეა მას სპეციალურად ბავშვებისთვის სატელევიზიო გადაცემა მიჰყავს, სადაც ბავშვებს მათ უფლებებს აცნობს და კანონსაც უფრო გასაგებად, მათთვის პოპულარულ ენაზე ხსნის. მას სჯერა, რომ თუ გოგოები თავს დაცულად იგრძნობენ, ზუსტად ეს გამოიწვევს ცვლილებებს.

აქტივისტი და ადვოკატი ბაია პატარაიაც თანხმდება, რომ კანონის იმპლემენტაცია პრობლემურია.

“ჩვენ ნამდვილად გვაქვს პროგრესი,  უკეთესი კანონმდებლობა, თუმცა სასამართლო პრაქტიკა სუსტია. გენდერის თვალსაზრისით,  მართლმსაჯულების სისტემა არ არის მგრძნობიარე. საზოგადოება მაინც მოძალადეებს უფრო უჭერს მხარს, ვიდრე მსხვერპლებს, კაცების უფრო სჯერა, ვიდრე ქალების. განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს კაცი ცნობილია და მას ძალაუფლება აქვს. ქალს ამ დროს საკუთარი სიმართლის დაცვა ძალიან უჭირს.”


სტატია მხარდაჭერილია ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს  Deutsche Gesellschaft e. V.

გააკეთე დონაცია!
Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, სადაც ამბებს ვიზუალურად ვყვებით. ისტორიებს სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან: აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან გიზიარებთ. თქვენი ფულადი მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ და ადგილობრივი ჟურნალისტები, რეჟისორები და ფოტოგრაფები გავაძლიეროთ.
გააკეთე დონაცია